WiFi-ით აღჭურვილი ავტობუსი და ახალი გადახდის სისტემა – რა შეიცვლება მუნიციპალურ ტრანსპორტში?
თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი სრულად განახლდება. პროცესი ჯერ კიდევ  2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქის მერიამ  144 CNG საწვავზე მომუშავე MAN-ის ტიპის ლურჯი ავტობუსი შეიძინა.  როგორც კახა კალაძემ ჯერ კიდევ ზაფხულში დაანონსა ძველი, ყვითელი ავტობუსების ევროპული ტიპის ტრანსპორტით  ჩაანაცვლება 2018-2019 წლებში სრულად მოხდება, ოქტომბერში კი კალაძე კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. დედაქალაქის მერის თქმით, მომდევნო წლის ბოლომდე თბილისში ჯამში,  სხვადასხვა ზომის - რვა-ათი და 12-მეტრიანი,  500-550 ერთეული ავტობუსი  შემოვა.

დედაქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებულ ამ და სხვა სიახლეების შესახებ სასაუბროდ  „ბიზნესპოსტი“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს თამაზ რობაქიძეს ესაუბრა:

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მერიის მხარდაჭერით დაიწყო ავტოპარკის ჩანაცვლების პროცესი, რაც გულისხმობს ავტობუსების დამატებით ჩამოყავანას, რათა სრულად მოხდეს იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლება, რომლებიც ახლა გადაადგილდებიან თბილისში. პირველი ეტაპი ჩვენმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო. შესყიდვა კომპანია EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელდა და თბილისს 144 თორმეტმეტრიანი ახალი ავტობუსი შეემატა. მაშინ ტენდერში გერმანულმა კომპანიამ MAN გაიმარჯვა. ეს პროექტი, ცხადია, გრძელდება. წელს ჩატარებულ ტენდერშიც, ამჯერად 90 ათმეტრიანი ავტობუსის შეძენაზე, იგივე კომპანიამ მოიგო ტენდერი. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი დიზელზე მომუშავე ევრო 6-ის სტანდარტების ავტობუსებია"

–რამდენი ახალი ავტობუსით მოხდება ძველის  ჩანაცვლება და რამდენად მასშტაბურია ავტოპარკის განახლების პროცესი?

– წელს იგეგმება პატარა 8–მეტრიანი 220 ავტობუსის შეძენა. კომპანიას ამ მიმართულებით უკვე აქვს დაწყებული მოკვლევა და ტენდერიც მალე გამოცხადდება, ვფიქრობ უფრო მომავალი წლისთვის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საფინანსო ორგანიზაციებთან, მიმდინარეობს “EBRD”-თან მოლაპარაკებებიც და მისი წარმატებით

დასრულების შემთხვევაში იგეგმება 150 ათმეტრიანი ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსის შეძენაც. ამასთან დაკავშირებით EBRD-მა უკვე გამოთქვა დაინტერესება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გარდა ამისა, 2019 წლისთვის კომპანია გეგმავს 90 ელექტროავტობუსის ჩამოყვანას, თუმცა ეს საკითხი ჯერ  განხილვის პროცესშია.  რომ შევაჯამოთ, ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება 2019 წლისთვის, ფაქტობრივად, სრულად მოხდება, რაც ჯამში 45 მილიონი დოლარი დაჯდება.

ავტოპარკის განახლების გარდა, თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში სხვა ცვლილებებიც იგეგმება. კერძოდ, საზოგადოებაში ყველაზე დადებითი გამოხმაურება მოყვა ავტობუსებში

WIFI-ს დამონტაჟების იდეას.  სიახლეებია გადახდის სისტემასთან დაკავშირებითაც, თბილისის მეტრო მგაზვრობის საფასურის საერთაშორისო ბართებით გადაგხდისთვის საჭირო ტექნიკით უკვე აღიჭურვა, ანალოგიური  სამუშაოები მიმდინარეობს თბილისში არსებულ ავტობუსებშიც.

შეგახსენებთ, რომ საზოგადეობრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის მოდერნიზაციის 2017 წლის აუქციონზე "საქართველოს ბანკმა" გაიმარჯვა და პროექტის განხორციელების უფლება 10 წლის ვადით მიიღო. ახალი კონტრაქტის მიხედვით კი , მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ტიპის ბართით იქნება შესაძლებელი. ორივე პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მათი აქტივაცია მომავალი წლისთვის იგეგმება. 

 

 

თარიღი: 2018/11/14