რას გულისხმობს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და როგორია მისი როლი კომპანიის წარმატებაში
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) თანამედროვე მსოფლიოში წარმატებული ბიზნესის სავიზიტო ბარათად იქცა. მდგრადი განვითარების მიზნებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, კომპანიები ცდილობენ საკუთარი საქმიანობა საზოგადოებისთვის სულ უფრო მეტად სასარგებლო გახადონ.

ამისთვის ბევრი მათგანი გაცნობიერებულად მიმართავს CSR კონცეფციის, როგორც სამუშაო პრაქტიკისა და სტრატეგიის, დანერგვის გზას. თუმცა, არსებობს  შემთხვევებიც, როცა ბიზნესის მიერ განხორციელებული კონკრეტული პროექტები პიარის ნაწილია და სხვა არაფერი. ამიტომ  მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების სოციალური საქმიანობა არ იყოს ქაოტური, მჭიდროდ იყოს დაკავშირებული მის პრიორიტეტებთან და მოექცეს გარკვეულ სისტემაში.

ევროპასა და ამერიკაში, სადაც CSR ბიზნესის წარმოების ჩვეულებრივი და გავრცელებული ფორმაა, გაძლიერებული კონკურენციის პირობებში, ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად ის აქტიური მარკეტინგული ინსტრუმენტია.

ქართულ რეალობაში კი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი ხშირად სათანადოდ გააზრებული არ არის და ძირითადად ქველმოქმედებაში და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაში გამოიხატება. სინამდვილეში, მისი არსი გაცილებით ღრმაა და ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს მოიცავს როგორიცაა: სამუშაო გარემო და ადამიანის უფლებები, დასაქმებულთა სოციალური დაცულობის დონე, გარემოზე ზრუნვა, მოსახლეობასთან ურთიერთობა და სოციალური პროექტები.  

რა სარგებლობა მოაქვს CSR -ს ბიზნესისათვის და რატომ არის მისი დანერგვა მნიშვნელოვანი? -  ჩვენს კითხვებს ბიზნესინფორმაციის სააგენტოს, " ბია"-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ზამთარაძე, პასუხობს:

“სოციალური პასუხისმგებლობა დღევანდელ ბიზნესგარემოში კომპანიის ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. პასუხისმგებლიანი კომპანიები თავიანთ სტრატეგიაში განიხილავენ მიმართულებებს თუ რა პროცესების განვითარებას შეუწყობენ ხელს თავიანთი საქმიანობით, ეს გარკვეულწილად შესაძლებელია იყოს კავშირში მათ საქმიანობასთან ან იყოს აბსოლუტურად განსხვავებული საკითხი, რომელიც მიმართულია საზოგადოებისთვის, გარემოსთვის სასარგებლო და საჭირო საკითხების ხელშეწყობისკენ. “ბიას” შემთხვევაში, განხორციელებული ყველაზე დიდი პროექტი იყო ბორჯომის ტყის რეაბილიტაციისთვის დაწყებული კამპანია “აღადგინე”, რომლის ფარგლებშიც ტყის ტერიტორიაზე 55 000-მდე ახალი ნერგი დაირგო“

-რამდენად აქტიურობენ ამ მიმართულებით ქართული კომპანიები?

-სოციალური პასუხისმგებლობის კულტურა საქართველოში 10 წლის წინ გამოჩნდა და დღითიდღე უფრო მეტი ბიზნესორგანიზაცია იძენს მას. კომპანიები წლის ბოლოს სისტემატიურად აქვეყნებენ ანგარიშებს თუ რა სარგებელი მოუტანეს ქვეყანას და რა მიზანს მიაღწიეს. ეს მიდგომა კონკურენტულ გაემოში მათ გარკვეულწილად უპირატესობას ანიჭებთ. მომხმარებელი ნელ-ნელა ეჩვევა, რომ თანაბარი შეთავაზების პირობებში გადაწყვეტილება სოციალურად აქტიური კომპანიის სასიკეთოთ მიიღოს. ეს კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც სხვა ღირებულებებზე იზრდება. ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო წაახალისებს ბიზნესს გახდეს უფრო პასუხისმგებლიანი. სოციალური კამპანიის ფარგლებში ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ძალიან ბევრ ქართულ ბიზნესს აქვს სურვილი იაქტიუროს ამ მიმართულებით და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში თუნდაც მცირე წვლილი შეიტანოს.

-CSR-ის მთავარი მიზნებიდან რომელს აქცევს საქართველოს ბიზნესსექტორი ყველაზე დიდი ყურადღებას და რატომ?

–დღესდღეობით საქართველოში ტრენდულია ბიზნესის მხრიდან სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები, ამის მიზეზად ამ კუთხით დაგროვილი უამრავი პრობლემა შეიძლება ჩაითვალოს. უპირველეს ყოვლისა, კომპანია თავისი საქმიანობით არ უნდა აყენებდეს ზიანს გარემოს ან საზოგადოებას. ბიზნესები სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებიდან ასევე ირჩევენ გამოწვევებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგალითად: განათლება, მეცნიერება და სხვა.

–არის თუ არა ქართველი მომხმარებელი საკმარისად ინფორმირებული და როგორია დაინტერესება მათი მხრიდან?

–რაც შეეხება ქართველ მომხმარებელს, ნაკლებად ინფორმირებულები არიან ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, ამ კუთხითაც უახლოესი 2 წლის განმავლობაში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. მიუხედავად ამისა, ბიზნესმა კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ მათ პროექტებს მართლაც მოაქვთ საზოგადოებისთვის სარგებელი.

CSR-სა და კომპანიის ფინანსურ წარმატებას შორის თუ არის კავშირი?

პირდაპირ კავშირს კომპანიის CSR-სა ფინანსურ წარმატებას შორის ვერ დავინახავთ, მაგრამ არაპირდაპირი კავშირი არსებობს. ეს გრძელვადიანი პროცესია და მხოლოდ ერთი აქტივობით არ გამოითვლება. თუმცა, სოციალურ აქტივობას ცალსახად პოზიტიური გავლენა აქვს კომპანიის რეპუტაციაზე და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზრდის მომხმარებლის ლოიალობას ბრენდის მიმართ. გარდა ამისა, CSR აქტივობა მხოლოდ მომხმარებელისკენ არ არის მიმართული და დიდი გავლენა აქვს კომპანიაში მომუშავე თანამშრომლებზეც. ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუშაობდეს ისეთ კომპანიაში, რომელსაც აქვს სოციალური პასუხისმგებლობა.

რა არის საჭირო კომპანიაში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის, როგორც პრაქტიკისა და სტრატეგიის ნაწილის დასანერგად?

–ყველაზე მთავარი, ალბათ, კომპანიის მენეჯმენტის კეთილი ნებაა. ასევე მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკა. ყველა თანამშრომელი პირველ რიგში მოქალაქეა, რომელსაც თავად უნდა ჰქონდეს სოციალური პასუხისმგებლობა და მისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს მსგავსი პრობლემები, ხოლო შემდეგ მოხდება ამის განზოგადება მთლიანად კომპანიაზე.

 

 

 

 

თარიღი: 2018/11/21