„კალიფსო“ – ტიხრული მინანქრის ნაკეთობები, რომლებიც მომხმარებლის „დატყვევებას“ აპირებს
ქართულ ბაზარზე ტიხრული მინანქრის ნაკეთობების წარმოება სიახლეს  არ წამოადგენს, თუმცა ვერცხლის, ტყავისა და ხის კომბინაციით შექმნილი და ქართული ორნამენტებით გაფორმებული სამკაულები მომხმარებლისთვის  ნამდვილად სიახლე იქნება. 

კომპანია, რომელიც ბერძნული მითოლოგიური  ნიმფის – კალიფსოს  სახელს ატარებს,  სულ ახლახან დააარსდა და უკვე უამრავი ერთგული მომხმარებელიც შეიძინა. კომპანიის მიზანიც თავის პროდუქციით ცნობილი ფერიის მსგავსად მომხმარებლის "დატყვევებაა". 

 „ბიზნესპოსტი“ სტარტაპის შექმნის იდეითა და მისი სამომავლო გეგმებით დაინტერესდა და კითხვებით მის ერთ–ერთ დამფუძნებელს მარიამ გელხაურს მიმართა:


„კომპანიის დაარსების იდეა  წლების წინ  გამიჩნდა, მაგრამ მისი განხორციელებისთვის დიდი დრო დამჭირდა. ამაში ჩემი მეგობრები გიორგი და მარიამ კოშაძეები დამეხმარნენ. სამხატვრო აკადემიის კინო-ტელე მხატვრობის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად  ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნოლოგიაც შევისწავლე, სხვადასხვა კომპანიაშიც ვიმუშავე ტიხრულ მინანქარზე, საჭირო  გამოცდილება დავაგროვე და ბოლოს საკუთარი ბრენდის შექმნაც გადავწყვიტე“

–სახელად „კალიფსოს“ დარქმევის იდეა საიდან გაჩნდა?

–ჩავთვალეთ, რომ კალიფსო უნივერსალური სახელი იქნებოდა და ზედმიწევნით მოერგებოდა ჩვენს ყველა პროდუქტს. კალიფსო ბერძნულ მითოლოგიაში გვხვდება როგორც ნიმფა, რომელიც  ზღაპრულ კუნძულზე ოგიაზე ცხოვრობდა და ამ კუნძულზე შეჩერებულ მეზღვაურებს  თავისი სილამაზით ნუსხავდა, ისე რომ საბოლოოდ მათ იქ სამუდამოდ ტოვებდა. ჩვენც მივისწრაფვით იმისკენ, რომ გავიჩინოთ ერთგული მომხმარებლები და მსგავს პროდუქტზე მოთხოვნა გავზარდოთ.

გარდა სამკაულებისა რა სახის პროდუქციას ქმნით?

სამკაულების გარდა ვმუშაობთ რამდენიმე პროდუქტზე, რომლის მხოლოდ სატესტო ვერსიები გვაქვს და ნაწარმი გაყიდვაში ჯერ არ არის ჩაშვებული. ესენია „კალიფსოს“ ჩანთები და საათები.

რით განსხვავდება თქვენი სამკაულები თქვენი კონკურენტების ნამუშევრებისგან?

–ჩვენ ვქმნით ყველასთვის ხელმისაწვდომ ხარისხიან ქართულ პროდუქტს. მინანქრის და ხის კომბინაცია სიახლეა, ასევე საათებისა და ჩანთების პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ბაზარზე ვიქნებით პირველები, ვინც მსგავს პროდუქციას წარმოადგენს. ჩვენ შევისწავლეთ ქართულ ბაზარზე არსებული მინანქრის ნივთები, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ მხოლოდ ვერცხლთან კომბინირებულ სამკაულებს. ასე რომ მინანქრის, ვერცხლის და ხის კომბინაცია ბაზარზე ნამდვილად  სიახლეა.
 
რამდენად მაღალია საზოგდოების მოთხოვნა თქვენს პროდუქციაზე?

–რადგანახლად შემქნილი კომპანია ვართ, ამ ეტაპზე ფართო მასებში ჩვენი ცნობადობა ასამაღლებელია, რაზეც ვმუშაობთ. თუმცა, გვყავს ერთგული მომხმარებლებიც. გვაქვს პროექტი „ცნობილი ნამუშევრების ასლები ტიხრულ მინანქარში“, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. ჩვენს  მომხმარებლებს შეუძლიათ შეარჩიონ თავის საყვარელი ნახატი და ჩვენ მას  მინანქარში დავუმზადებთ.

როგორ აწვდით თქვენს პოტენციურ მომხმარელებს  პროდუქტის შესახებ ინფორმაციას?

–მომხმარებელი ჩვენ შესახებ ინფორმაციას  სოციალური ქსელებიდან  იგებს, ინსტაგრამსა და ფეისბუქზე  შექმნილი გვაქვს ჩვენი ოფიციალური გვერდები. ყველა სიახლესა და პროდუქტს მომხმარებელი აღნიშნული გვერდებიდან ეცნობა.  სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა მარკეტებში და გამოფენა - გაყიდვებში მონაწილეობას. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ისევე როგორც სხვა დანარჩნის, ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებიდანაა შესაძებელი.

რა სირთულეები ახლავს მსგავსი ბიზნესის დაწყებას საქართველოში და  თქვენ რა გზის გავლა დაგჭირდათ?

ბოლო წლებია, რაც ამ სფეროთი უამრავი ადამინი თუ კომპანია დაინტერესდა, რის გამოც ხელნაკეთ ნივთებზე დიდი მოთხოვნაა და ხარისხიც საკმაოდ მაღალია, შესაბამისად კონკურენციაც დიდია. იმისათვის რომ მსგავსი კომპანიებისთვის კონკურენცია გაგვეწია, საჭირო გახდა უკვე არსებულის და კარგად ნაცნობი პროდუქტის მეტად დახვეწა, სიახლეების დამატება და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობა.

–რა საფასო სეგმენტი აქვს თქვენს პროდუქციას, ხელმისაწვდომია ის ფართო მასებისთვის?

–კალიფსო ქმნის ყველასათვის ხელმისაწვდომ პროდუქციას ამისთვის ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ვერცხლს , ხეს და უმაღლესი ხარისხის ხელოვნურ ტყავს,  ბუნებრივი ტყავის გამოყენებას ვეწინააღმდეგებით. კალიფსო მთლიანადაა მორგებული მომხმარებელზე,  ვცდილობთ სხვადასხვა გემოვნების ადამიანისთვის შევქმნათ ხელმისაწვდომი პროდუქცია. ასევე ვიღებთ კერძო შკვეთებსა და დამკვეთთან ერთად ვიფიქრებთ აქსესუარის დიზაინს, რაც კიდევ უფრო მეტ უპირატესობას გვანიჭებს.

–მომავალში რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლებისთვის, რა გეგმები გაქვთ?

–უამრავ პროექტს  ვგეგმავთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზი  ქართული ტრადიციული ტიხრული მინანქრის ელემენტებით . ჩვენი მიზანია დაინტერესება გავზრდოთ ქართული პროდუქციისადმი. როდესაც  ქართულ ბაზარს ავითვისებთ, შემდეგ უკვე  პროდუქტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანასა და მისი ცნობადობის გაზრდაზეც ვიფიქრებთ.







თარიღი: 2018/11/30