ნინი მენაბდის „ჯადოსნური ზღაპარი“ და რჩევები დედებს, რომელთაც მცირე ბიზნესის კეთება სურთ
ბიზნესის წამოწყების ინსპირაციად დედობა იქცა,  შესაბამისად, მის მიერ შექმნილი პროდუქციაც სწორედ დედებისა და მათი პატარების გასახარებლად იქმნება. ნინი მენაბდის „ჯადოსნური ზღაპრი“  მისი შვილის ტაისიას დაბადებით დაიწყო და ახლა უკვე მცირე, მაგრამ დიდი მიზნებისა და გეგმების მქონე ბიზნესად იქცა…

„ბიზნესპოსტი“ ახალგაზრდა დედასა და სტარტაპერს დაუკავშირდა და არა მხოლოდ მის ბრენდზე, არმედ იმ სირთულეებზეც ესაუბრა, რაც დედობასა და ბიზნესმენობასთან  ერთდროულად შეჭიდებას ახლავს თან:

ნინი მენაბდე: ძალიან რთულია ერთდროულად იყო დამწყები ბიზნესმენი  და ახალგაზრდა დედა, მით  უმეტეს მაშინ,  როცა ამ სფეროში მანამდე არანაირი გამოცდილება არ გქონია. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თუმცა მას შემდგომ, რაც დედა გავხდი, გადავწყვიტე ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი. ასე ვთქვათ, დედობა ჩემი ინსპირაცია გახდა. ვცდილობ ორივე შევუთავსო ერთმანეთს და გამომდის კიდეც. რაც მთავარია, ტაისია ძირითადად ჩემი სამუშაო პროცესის დამკვირვებელი და გულშემატკივარია.

–საიდან და როდის გაჩნდა ბრენდის დაბადების იდეა?

-ბავშობიდან ვიცოდი, რომ მექნებოდა ჩემი საქმე, რომელსაც მე თვითონ ვმართავდი. ტაისიას დაბადების შემდეგ გამიმძაფრდა მოთხოვნილება, რაღაც ჩემი მეკეთებინა. დავიწყე ფიქრი და ფიქრის პროცესში მივხვდი, რომ რაღაც ნივთები ბავშვის ოთახის გასალამაზებლად, რომლებიც ძალიან მომწონდა, არ იყო ქართულ ბაზარზე. წავედი ხელოსანთან და ჩემი გოგონასთვის  გავაკეთებინე ჩემივე დიზაინით. ისე მომეწონა,  გადავწყვიტე, მარტო ჩემი შვილისთვის კი არა, სხვისი შვილებისთვისაც მეკეთებინა და სხვა დედებიც გამეხარებინა.

–ვის ეკუთნის ნივთების იდეა და ვინ მუშაობს დიზაინზე?

–იდეები ძირითადად მე მეკუთვნის, დიზაინზე ნაწილობრივ ვმუშაობ, ეს ხელობაც შევისწავლე და ვუთავსებ, მაგრამ რთულ დიზაინზე მეხმარება პროფესიონალი სპეციალისტი.

-როგორია“ჯადოსნური ზღაპრის“ შექნის პროცესი?

-სულ ცოტახანია, რაც სახელოსნო გავაკეთე სოფელ დიღომში და იქ ვაკეთებ ძირითად სამუშაოებს. პროცესი სასიამოვნოდ დამღლელია, ძალიან ბევრი შრომა იდება თითოეულ ნივთში, ყველა ნივთი პერსონალურად მზადდება მომხმარებლისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერს მარტო ვაკეთებ, მასალის ყიდვიდან დაწყებული, მუშაც, დურგალიც, მღებავიც, ამწყობიც, დიზაინერიც, მე ვარ. ბოლოს ნივთის ადგილზე მიწოდებით დამთავრებული ყველა პროცესი ჩემზე გადის.

–სად შეიძლება თქვენი პროდუქტის ყიდვა?

ჯერჯერობით პროდუქცია მხოლოდ ონლაინ, ფეისბუკის საშუალებით იყიდება, თუმცა უკვე ვაწარმოებ მოლაპარაკებას რამდენიმე მაღაზიასთან.

–რა სირთულეებთან არის დაკავშირებული საქართველოში სტარტაპის შექმნა?

–"ჯადოსნური ზღაპარი" პირველი კომპანიაა, რომელმაც წამოიწყო საბავშო ავეჯის დამზადება და გაამართლა. რა თქმა უნდა,  სირთულეები არის.  სანამ გავერკვეოდი  და გამოცდილებას დავაგროვებდი ძალიან ბევრი მატყუებდა, თუნდაც მასალაში, ხარისხში. ახლა ნელ-ნელა ვერკვევი ყველაფერში, ყოველდღიურად  ახალს ვსწავლობ და სირთულეებს ვლახავ.

–როგორ ახერხებთ ბაზარზე პოზიციონირებას?

–კომპანია ჯადოსნური ზღაპარი" ძირითდად ამზადებს საბავშვო ნივთებს, რომლისთვისაც მთავარი ღირებულებებია: ნატურალური პროდუქციის შექმნა, დაბალი ფასები და ბავშვებისთბის ცხოვრების გალამაზება. ძირითადად მომხმარებელები არიან მშობლები, ვისთვისაც ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია. კომპანიას აქვს მკაფიო მისია, ღირებულებები და ხედვა, რომელთა ერთგულიცაა, აქედან გამომდინარე ბაზარზე პოზიციონირებაც ადვილია, რადგან კომპანია ზუსტად იმას სთავაზობს მომხმარებელს რასაც ჰპირდება.

–რამდენად არის ბაზარი  მზად ახალი გამოწვევებისთვის?

–"ჯადოსნური ზღაპრის" დაარსებამდე არ არსებობდა ბრენდი, რომელიც შექმნიდა იმ ნივთებს, რასაც ახალ მე ვქმნი, ამიტომაც გადავწყვიტე ამეღო ეს საქმე ჩემს თავზე. მომხმარებელს შევთავაზე ხისგან და  ნატურალური საბავშო საღებავებისგან დამზადებული პროდუქცია. ჩემმა პროდუქციამ მაშინვე დაიმკვიდრა ბაზარზე თავისი ადგილი. სულ ვცდილობ ბევრი სიახლე შევიტანო პროდუქციაში და მრავალფეროვანი გავხადო. 

რახან მუდამ ვვითარდები და არ ვჩერდები, შესაბამისად მომხმარებლის ინტერესიც არ იკლებს, პირიქით, იმატებს.  ჩემი აზრით, ქართული ბაზარი დღეს ნამდვილად მზად არის გამოწვევებისთვის, მთავარია შესთავაზო ბაზარს რაიმე ახალი, საინტერესო და ღირებული, რომელიც გაუძლებს დროს და კონკურენციას.

–როგორ გეგმავთ ბრენდის განვითარებას და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

-ზოგადად, არ მიყვარს ერთ ადგილას გაჩერება. ახლო მომავალში მინდა კომპანია გავაფართოვო და თანამშრომლები ავიყვანო. მინდა, რაც შეიძლება მეტ მაღაზიას მივაწოდო პროდუქცია და რაც მთავარია, რეგიონებშიც გავიტანო .

შესაბამისად,  უკვე დიდი ხნით ადრე  ვიცი, ჩემი მომავალი სტრატეგია. ვიცი, რა დაემატება ჩემს პრიდუქციას და გეტყვით, რომ სია საკმაოდ ვრცელია.  

 

 

 

 

 

 

 

 

თარიღი: 2018/12/19