მეაბრეშუმეობა - თავისუფალი ნიშა ბიზნესში
 რატომ ვერ მოახერხეს ქართველმა ფერმერებმა აბრეშუმის წარმოების ბიზნესად ქცევა?

აბრეშუმი ძალზე ჰაეროვანი, ლამაზი ქსოვილია, რომელიც უხსოვარი დროიდან იყო ვაჭრობის და ყიდვა-გაყიდვის საგანი. გადმოცემის მიხედვით, აბრეშუმის წარმოება ჩინელებმა დაიწყეს, რომლებიც აბრეშუმის წარმოების საიდუმლოს დიდხანს ინახავდნენ.

საქართველოზე გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სავაჭრო-სატრანზიტო გზა, რომელსაც „აბრეშუმის გზას“ ეძახდნენ. დღეს ეს დარგი სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა საქართველოში მაინც შემორჩნენ ადამიანები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში შეძენილ მდიდარ ტრადიციას არ ღალატობენ და მომავალ თაობებს უნახავენ. მათ შორის უნდა დავასახელოთ აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, მეაბრეშუმე - ირინე ჩარგეიშვილი.

-ქალბატონო ირინე, რამ გამოიწვია თქვენი გატაცება აბრეშუმის წარმოებით?

-მეაბრეშუმეობის მიმართ ინტერესი სტუდენტობის დროიდან გამიჩნდა. აგრარული უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, სადაც მეაბრეშუმეობა, როგორც საგანი, ისე ისწავლებოდა. ამ საქმემ ძალიან დამაინტერესა დამეაბრეშუმეობა ჩემს მომავალ პროფესიად ავირჩიე, მაგისტრატურაშისწავლაც ამ განხრით გავაგრძელე. აბრეშუმი ეკოლოგიურად სუფთა, გამორჩეული ქსოვილია, აბრეშუმის ჭია კი - ერთ-ერთი ყველაზე  სასარგებლო მწერია.

-ამბობთ, რომ აბრეშუმის ჭიას ბავშვივით მოვლა და მოფრთხილება სჭირდება...

-აბრეშუმის ჭიას ჩვილი ბავშვივით უნდა მოუარო: ტემპერატურული რეჟიმი და ტენინოაბა უნდა დაიცვა, ყოველ 3 საათში ერთხელ საკვებით მოამარაგო, ექსკრემენტები უნდა გამოაცალო, რომ დაავადება არ გაუჩნდეს და ა.შ... სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს თუ არ დავიცავთ და ჭიებს მაქსიმალურკომფორტს არ შევუქმნით, აბრეშუმის ჭიებს ვერ გამოვზრდით. ეს ძალზეშრომატევადი საქმეა, რომელიც ძალიან უნდა გიყვარდეს, რომ თავი არ მიანებო. მეც ასე ვარ განწყობილი: ეს ჩემი პროფესიაა, მეაბრეშუმეობა ჩემი დიდი სიყვარულია, რომელსაც ვერ ვუღალატე. ამავე დროს, აბრეშუმის ჭიის მოვლა ადამიანს საოცარ, დადებით ენერგეტიკას ანიჭებს. ეს საქმე ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ. მე მაგალითად, ორი პატარა გოგონა მყავს - გვანცა და ელენე.ორივეს ძალიან უყვარს  აბრეშუმის ჭიები და მათი მოვლაც დიდ სიხარულს ანიჭებთ.

-სად მოგყავთ აბრეშუმის ჭიები?

-საქართველოში აბრეშუმის ჭიის მოსაყვანად პირობები არ არის და კიდევ კარგი, რომ ამ საქმეს საპატრიარქო მფარველობს. აბრეშუმის ჭიები მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გვყავს, რომელიც საპატრიარქოს ეკუთვნის და ეს საქმეც პატრიარქის კურთხევით დავიწყეთ.მე ამ სასწავლებელში მეაბრეშუმეობას ვასწავლი. საბედნიეროდ,გენოფონდი აგრარულ უნივერსიტეტშია დაცული და ქართული აბრეშუმი ჯერ კიდევ არ გადაშენებულა.

-ქალბატონო ირინე, გადავხედოთ წარსულს და ციფრების ენით ვისაუბროთ: რა რაოდენობით აბრეშუმის ჭია მოჰყავდათ საქართველოში?

-გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში 4 ათას ტონამდე აბრეშუმის პარკს, 450-500 ტონახამ ძაფს და4-5 მილიონ მეტრ ნატურალურ აბრეშუმის ქსოვილს აწარმოებდნენ. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით მილიონამდე თუთის ნერგი ხარობდა და თუთის პლანტაციები 8 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული. ბოლო მოსავალი 2000 წელს მივიღეთ: 8 ტონა აბრეშუმის პარკი მოვიწიეთ, რის შემდეგაცმეაბრეშუმეობა საერთოდ გაიყინა. არადა, წლების წინ ეს აწყობილი და შემოსავლიანი დარგი იყო. ყველა რეგიონში იყოჩამბარებელი პუნქტები, სადაც ხალხი აბრეშუმის პარკს აბარებდა და სერიოზულ მოგებას იღებდა. ეს ხდებოდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე -კახეთში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში - თითქმის ყველგან. ქართული აბრეშუმი მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი. 1958 წელს ტუნისში, ხოლო 1962 წელს - ლონდონში გამართულ გამოფენებზე ჩვენებურმა აბრეშუმის ნაწარმმა ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა, ხოლო ქართული აბრეშუმის ჯიშებმა - მზიური 1-მა და მზიური-2-მა 1998 წელს, მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო - პლატინის ვარსკვლავი მიიღო.

-როგორ მოხდა, რომ ეს აწყობილი და შემოსავლიანი დარგი ერთ წერტილზე გაიყინა?

-მეაბრეშუმეობის აყვავების პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გაჩნდაძალიან საშიში დაავადება - ფოთლის სიხუჭუჭე, რომელმაც 15 მილიონზე მეტი მცენარე გაანადგურა და სხვა სუბიექტურ მიზეზებთან ერთად დარგის დაცემა გამოიწვია. ეს დაავადება პირველად 1964 წელს გაჩნდა დასავლეთ საქართველოში და მერე ყველგან გავრცელდა. რადგან საკვები ბაზა მოისპო, ქვეყანაში აბრეშუმის წარმოებაც განადგურდა. ამის გამო მარტო სოფლის მეურნეობაში 15-16 ათასი სამუშაო ადგილი და მილიონობით ფულადი შემოსავალი დაიკარგა. რაც შეეხება თუთის ხეებს, ისინი დღეს მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი.

-სხვათა შორის, ფერმერთა ასოციაციაშიც კი არ იცნობენ ისეთ ფერმერს, რომელმაც შეძლო და აბრეშუმის წარმოება ბიზნესად აქცია. რატომ ვერ ახერხებენ ამას ქართველი მეაბრეშუმეები?

-თუ საკვები ბაზა არ გვექნება და თუთის პლანტაციებს არ აღვადგენთ, აბრეშუმის წარმოებას როგორ შევძლებთ? ჯერ საკვები ბაზის აღორძინება უნდა დავიწყოთ და მერე ვიზრუნოთ აბრეშუმის პარკის წარმოებაზე. ქსოვილის წარმოებაც აქვე უნდა იყოს, რომ ამ ბიზნესმა გაამართლოს. საბედნიეროდ, დღემდე შემორჩენილია ხალხი, ვისაც ამ საქმის სიყვარული აქვს. არიან მეცნიერები, რომლებმაცქართული აბრეშუმის ჭიის ჯიშები შემოინახეს და აბრეშუმის ჭიებსაც ზრდიან.

-ხომ შეიძლება რომელიმე მათგანმა მეზობელ ქვეყნებში გაიტანოს აბრეშუმის პარკი?

-მარტო პარკის მიღება წამგებიანია,თანაც, ჩვენსმეზობელ ქვეყნებში მეაბრეშუმეობაგანვითარებული არ არის. ან, რა ფასად უნდა გაიტანო, რომ მოგება მიიღო? აბრეშუმის მწარმოებელი ქვეყნები - ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, ჩვენგან შორს არიან და თავადაც დიდი რაოდენობით აბრეშუმს აწარმოებენ. მეაბრეშუმეობა ბიზნესად მხოლოდ მაშინიქცევა, როცა ქსოვილს იმავე ქვეყანაში აწარმოებენ, სადაც აბრეშუმის პარკი მზადდება. თანაც, მყიდველმა უნდა იცოდეს, რომ ეს საქართველოში დამზადებული აბრეშუმია.

-თქვენ სად აბარებთაბრეშუმის პარკს?

-ყველაფერი ჩვენს სკოლა-პანსიონში რჩება. ბავშვებს ეს საქმე ძალიან უყვართ:ისინი სიხარულით უვლიან აბრეშუმის ჭიებს, წეწავენ ძაფს, მერე ერთად ვამზადებთ ბამბას, მოსავლის ნაწილს კი მომავალი წლის სელექციური მუშაობისთვის ვინახავთ. აბრეშუმის ჭიები დიდი რაოდენობით არ გვყავს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ ჩვენმა მოსწავლეებმა აბრეშუმის წარმოება შეისწავლონ და ამ დარგში არსებული უძველესი ტრადიციები მომავალ თაობას შეუნარჩუნონ.

P.S. აბრეშუმის წარმოება  ტურისტული თვალსაზრისითაც ძალზე საინტერესოა: ნებისმიერ ტურს დაამშვენებდა იმ უძველესი ტრადიციების გაცნობა, რომელიც ქართველმა ერმა მეაბრეშუმეობის დარგში შეიძინა და დააგროვა. ტურისტული სექტორისთვის ასევე საინტერესოა თბილისის აბრეშუმის მუზეუმი, რომელიც გ. ცაბაძის ქუჩაზე,  დინამოს სტადიონთან მდებარეობს. მუზეუმი 1887 წელს არის დაარსებული და ერთ-ერთი უძველესია ქართულ მუზეუმებს შორის. აქ დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექცია, რომელსაც უნიკალური ექსპონატები ამშვენებს.

 

 

თარიღი: 2018/06/06