სამედიცინო ტურიზმი და მისი პერსპექტივები საქართველოში
ტურიზმის ინდუსტრიაში სულ უფრო პოპულარული მიმართულება ხდება სამედიცინო ტურიზმი - ეს შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია. სამედიცინო ტურიზმის დიდ მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტურიზმის ამ მიმართულების განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა აყვანილი. „ბიზნესპოსტის“ დაინტერესდა რა პოტენციალი აქვს საქართველოს ამ სფეროში და რა შეიძლება გაკეთდეს ამ პოტენციალის გამოსაყენებლად. ამ საკითხზე „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელს - ნატა კვაჭანტირაძეს ვესაუბრეთ:

-რას გულისხმობს ტერმინი - „სამედიცინო ტურიზმი“?

-სამედიცინო ტურიზმში ბევრი კომპონენტი შედის, თუმცა, ტურიზმის ეს სახეობა აღნიშნავს პაციენტების გადაადგილებას ამა თუ იმ ქვეყანაში მკურნალობის მიზნით: როდესაც პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს,  იგი ირჩევს სასურველ ქვეყანას, კურორტს, ან კლინიკას, სადაც მას საუკეთესო მკურნალობას შესთავაზებენ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. სამედიცინო ტურიზმი შეიძლება ვითარდებოდეს ქვეყნის შიგნით, როდესაც ადამიანი ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში მიემგზავრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

-დაგვისახელეთ სამედიცინო ტურიზმის მხრივ ყველაზე მოწინავე, გამორჩეული ქვეყნები...

-მე თურქეთს და ისრაელს დავასახელებ, რადგან ამ ქვეყნებში არსებული კურორტები საქართველოში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ძალიან ბევრი მიდის სამკურნალოდ ევროპის ქვეყნებშიც. სხვათა შორის, თურქეთს ამ სფეროში სერიოზული მიღწევები აქვს, რადგან იქ დიდი ყურადღება ექცევა ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას და სამკურნალო კურორტებიც სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება. თურქებმა სერიოზული ინვესტიციები ჩადეს არა მარტო ცნობილი ანტალიის განვითარებაში, არამედ შედარებით უცნობ კურორტებშიც, მაგალითად, ამუკალეში, სადაც სამკურნალო თერმული წყლებია და ამ წყლისაგან ულამაზესი ატრაქციონი იქმნება. ამ კურორტზე ძალიან ბევრ დაავადებას კურნავენ, იქ ბევრი კლინიკა და სამედიცინი ცენტრი შენდება, რომ რეგიონს დამსვენებელი მოუმრავლდეს და განვითარდეს. სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით გამორჩეული ქვეყნებია ასევე ჩეხეთი და უნგრეთი, რომელიც მთლიანად თერმული წყლებით არის სავსე. ამ ქვეყნებში ქართველი ტურისტებიც ჩადიან და დასვენებასთან ერთად წარმატებით მკურნალობენ. 

-საქართველოში რომელი კურორტებია ამ თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო?

- არ შემიძლია არ ვახსენო თერმული და მინერალური წყლები, რომელიც საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებს უნიკალურს ხდის, ასევე - სამკურნალო ქვიშა, რომელიც ჩვენს კურორტებზეა. ამ მხრივ საქართველოს კურორტებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აღსანიშნავია როგორც მთის, ასევე ზღვის კურორტები, რომელთა დატვირთულობა პიკს აღწევს არა მარტო ზაფულის, არამედ ზამთრის სეზონზეც.  ყველაზე პოპულარული სამკურნალო კურორტებია:  ბორჯომი, საირმე და წყალტუბო, რომლებიც უნიკალური სამკურნალო წყლებით არის ცნობილი არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ დამსვენებლებს შორის. წყალტუბო - ეს არის გამორჩეული ბალნეოლოგიური კურორტი.  მე-12 საუკუნეში წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე სარგებლობდა პოპულარობით. პირველი ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ მე-18 საუკუნეში ქვეყნდება და ეს ადგილი მთელი მსოფლიოსთვის ხდება ცნობილი. წყალტუბოს მინერალური წყაროების სიკეთით მილიონობით ადამიანს უსარგებლია. 1980-იანი წლების ბოლოს ეს იყო ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მთელ საბჭოთა კავშირში. წყალტუბოს უნიკალური წყლები მრავალ დაავადებას კურნავს. არანაკლებ საინტერესო კურორტია საირმე - საირმეს საშუალება აქვს ყოველწლიურად 150 000-მდე დამსვენებელი მიიღოს. სამედიცინო ტურიზმისთვის საინტერესო ადგილია ცნობილი კურორტი - ბორჯომი, სადაც ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, ცნობილია, რომ ბორჯომში დასვენება უყვარდა სტალინს. აქვეა განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა. ბორჯომთან ახლოს მდებარეობს კურორტი ბაკურიანი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ფუნქციონირებს, ასევე - ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი და წაღვერი.

-ქალბატონო ნატა, ალბათ, სამედიცინო ტურიზმისთვის საინტერესო კურორტებს შორის აბასთუმანი და ბახმაროც უნდა დასახელდეს...

-აუცილებლად, რადგან ეს კურორტები შეუცვლელია ფილტვების და სასუნთქი გზების დაავადებების დროს. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, სადაც ოდითგანვე მკურნალობდნენ ტუბერკულოზს და ფილტვების დაავადებებს. ოღონდ, აბასთუმანს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სჭირდება, რადგან კეთილმოწყობილ კურორტზე დამსვენებელები უფრო მეტი ხალისით ჩამოდიან. ამის კარგი მაგალითია საირმე: მას შემდეგ, რაც იქ სასტუმროების რეაბილიტაცია განხორციელდა, საირმე ტურისტებით უფრო მეტად არის დატვირთული.  ფილტვების და ბრონქული დაავადებების დროს შეუცვლელია ბახმარო.  ეს - უნიკალური მაღალმთიანი კურორტია, რომლის ტერიტორია წარმოადგენს ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით. ასევე უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა შოვი, ნუნისი და სხვა კურორტები, რომლებიც საქართველოში მრავლად გვაქვს. აუცილებლად უნდა ვახსენოთ სურამი, რომელიც ნაძვის ყვავილობის დროს ძალიან კარგია პატარებისთვის, რადგან მაქსიმალურად ასუფთავებს ფილტვებს, სასუნთქ გზებს და ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის ამაღლებას.

-ცნობილია, რომ შავი ზღვის სანაპიროს კურორტებიც დაჯილდოებულია სამკურნალო თვისებებით.

- დიახ, თუნდაც ურეკი, რომელიც  ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლო კურორტია. ურეკში არის უნიკალური მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშა, რომელიც ძალიან უხდება გულ-სისლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი სიტემის დაავადებებს, ეს ქვიშა საუკეთესოა ნევროზის სამკურნალოდაც. იქაური პლაჟის სილა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს, თანაც, ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორად არის აღიარებული. ეს დადასტურებულია არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მეცნიერების მიერ. სამედიცინო ტურიზმისთვის საინტერესოა ჩვენი ზამთრის კურორტები, რომლებიც ცივ სეზონზე სათხილამურო დანიშნულებით გამოიყენება, მაგრამ ასევე კარგია ზაფხულის პერიოდშიც. თავისუფლად შეიძლება ეს კურორტები ოთხივე სეზონზე  გამოვიყენოთ - პირველ რიგში ეს ეხება გუდაურს, ბაკურიანს, რაჭას, სვანეთს და სხვა უნიკალურ ადგილებს, რომლებიც ზამთარ-ზაფხულ ფანტასტიურია. ამ ინტერვიუს დასასრულს კი გეტყვით, რომ სამედიცინო ტურიზმისთვის ძალიან საინტერესოა ჩვენი კლინიკები, რომლებიც პაციენტებს სთავაზობენ თმის გადანერგვას, ატარებენ პლასტიკურ ოპერაციებს და იაფ სტომატოლოგიურ მომსახურებას. რადგან უცხოეთის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ხელმისაწვდომი ფასებია, უცხოელები მსგავსი სამედიცინო პროცედურებისთვის  ჩვენთან ხშირად ჩამოდიან.

 

 

თარიღი: 2019/01/17