რას სთავაზობს საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC ბიზნესს და რას ურჩევს ოთხი შვილის დედა და წარმატებული მეწარმე ქალბატონებს
ნებისმიერი ბიზნესი გადის რისკს. რისკების მინიმალიზაცია კი წარმატებული ბიზნესის საწინდარია. შესაბამისად, კომპანიამ საქმიანობის დაწყების მომენტშივე უნდა განსაზღვროს რისკების ნუსხა. ამ რთულ გზაზე აუდიტორული კომპანიის როლი ნებისმიერი მეწარმისთვის უმნიშვნელოვანესია. კარგ აუდიტორს  კომპანიაში არსებული რისკების განსაზღვრა, შიდა კონტროლის განხორციელება, კომპანიის სტრუქტურასთან და სპეციფიკასთან ადაპტირება, საგადასახადო რისკის შემცირება, მეწარმისთვის სწორი რჩევის მიცემა და შესაბამისი სამუშაოების შესრულება შეუძლია. ბიზნესპოსტი იმ ორგანიზაციებით დაინტერესდა, რომელთაც ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებული გამოცდილება აქვთ. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყანა ასეთი კომპანიების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის, თუმცა...

ჩვენ ყურადღება ერთ-ერთ მათგანზე გავამახვილეთ. ამის მიზეზი კი კმაყოფილი კლიენტები და პროფესიონალიზმია.

„საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC“ მომსახურებას უწევს როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. მისი თანადამფუძნებელი და დირექტორი კი სხვადასხვა დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული ბიზნესვუმენი, ასევე, 4 შვილის დედა, ქალბატონი თეა ადუაშვილია.

როგორ მიაღწია ამ მდგომარეობას, რა ეტაპები გაიარა, რა პრინციპებით ააწყო სტრუქტურა,  რას ნიშნავს მისთვის თანამშრომლების  და მომხმარებლების შეფასება და კმაყოფილება, რას ურჩევს სტარტაპერებს და ღირს თუ არა  ორგანიზაციის და საკუთარი ოცნებებისთვის შეუპოვარი  ბრძოლა, - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად ქალბატონ თეას მისივე სახედ ქცეულ კომპანიაში ვესტუმრეთ.

თავად თეა ადუაშვილი კი საკუთარ თავსა და პროფესიონალიზმზე საუბარს ერიდება. თვლის, რომ ყველაფერზე მის მიერ წარმოებული საქმეები მეტყველებს. შრომის ყველაზე დიდი საზღაური კი კმაყოფილი ადამიანების დადებითი ემოციები და მათი მხრიდან გამოხატული მადლიერებაა.

„ჩვენი კომპანიის ძირითად საქმიანობას სამი წელია, რაც საგადასახადო დავებში მონაწილეობა დაემატა, ეს არის ჩვენი მხარდაჭერა მეწარმეების მიმართ. პირადად მე ძალიან ბევრი მოგებული საქმე მაქვს. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ადამიანი გამარჯვებულია და ეს შენი დამსახურებაა. მერწმუნეთ, ეს ძალიან დიდი გრძნობაა. ზოგადად, ვთვლი, რომ ადამიანის ემოციები გადამდებია და უკუკავშირიც შესაბამისად მყარდება. პარტნიორებისგან ვგრძნობ სიყვარულს, სითბოს, დადებით დამოკიდებულებას, ნდობას.. ჩვენი რეკლამა ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებია. ჩვენი ახლანდელი პარტნიორები ახლობლებს, ნაცნობებს უყვებიან ჩვენ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგებს და შესაბამისად, იზრდება ჩვენი პარტნიორების რიცხვიც და პოპულარიზაციაც. ეს სასიამოვნო ფაქტია. მომწონს ის ფაქტიც, რომ პროფესიონალების ჩამოყალიბებაშიც ვმონაწილეობთ. ამისთვის ორგანიზაციაში ტრენინგების მიმართულება გვაქვს, როგორც ინდივიდებისთვის, ისე ორგანიზაციებისთვისაც. ტრენინგებს ატარებენ როგორც ადგილობრივი ტრენერები, ასევე მოწვეული სპეციალისტები. ვასწავლით როგორც თეორიას, ასევე პრაქტიკას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ახალგაზრდებს. ვცდილობთ ჯერ მივცეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება,  შემდეგ კი დავასაქმოთ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ნაკისრ ვალდებულებასაც წარმატებით ვართმევთ თავს“ - აღნიშნა თეა ადუაშვილმა.

როგორ წესი, ძლიერი კომპანიის უკან, ძლიერი ადამიანი დგას. ხელმძღვანელი კომპანიის სახედ ითვლება, მაგრამ ქალბატონმა თეამ სიტუაცია აქაც არაორდინალურად შეცვალა - მან საკუთარი ორგანიზაცია მისი ხედვის ანარეკლად აქცია. პარტნიორობაც და თანამშრომლობაც ნდობაზე დააფუძნა და თანამოაზრეებთან ერთად ოჯახს გარეთ კიდევ ერთი დიდი ოჯახი შექმნა. დღეს ოთხი შვილის დედა ბედნიერი ქალი, მზრუნველი მეუღლე და წარმატებული ბიზნესმენია.

-„ნდობა - სწორედ ამაზე უნდა დააფუძნოს ნებისმიერმა სტარტაპერმა საკუთარი ორგანიზაცია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ხალხი უნდა ენდობოდეს ორგანიზაციას და ორგანიზაცია ყოველთვის უნდა ამართლებდეს ამ ნდობას. ასეთი ნდობა უნდა არსებობდეს თანამშრომლებს შორისაც. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ამ პრინციპზე მუშაობს. ეს ჩემი სამყაროა, ჩემი ცხოვრებაა.“ ამის მაგალითია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ზრდაც, უკვე  50-მდე მეწარმე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთან ვთანამშრომლობთ.

სტარტი

„ციფრები ბავშვობიდან მიყვარდა, მათემატიკური ნიჭი მქონდა, სკოლაშიც წარმატებულად ვსწავლობდი, ანალოგიურად გავაგრძელე უნივერსიტეტშიც. პირველი სამსახური 16 წლის ასაკში დავიწყე ფინანსთა სამინისტროში. მალე ოჯახიც შევქმენი, დაემთხვა ძალიან მძიმე პერიოდი, 90-იანი წლები, ამ ყველაფრის პარალელურად მქონდა მცირე ბიზნესი, ვაცხობდი ჩემს საფირმო ბლინებს და ვაბარებდი ერთ-ერთ კაფეში, რაც ოჯახისთვის დამატებითი შემოსავალი იყო. ძალიან დამეხმარა ჩემი მეუღლე. დედამ, ფაქტობრივად, გადადო თავი ჩემთვის. სწორედ ამ ორი ადამიანის წყალობით და ჩემი თავდაუზოგავი შრომით  მივაღწიე დღევანდელ მდგომარეობას. ოჯახური თანადგომა, ზოგადად, წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია. დღეს ვარ ოთხი შვილის დედა და სამი შვილიშვილის ბებია.

მუშაობა შემოსავლების სამსახურში დავიწყე. მაშინ საგადასახადო ინსპექცია ერქვა, სხვადასხვა რაიონში ვიმუშავე. ბევრი მეგობარი შევიძინე, დღემდე მოვდივართ ერთად. ეს ჩემთვის საყვარელი საქმიანობა აღმოჩნდა. 2009 წლიდან ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიაში დავინიშნე დირექტორად. 2012 წლიდან კი ჩემი საკუთარი კომპანია დავაფუძნე ორ პარტნიორ ქალბატონთან ერთად. ვარ სერტიფიცირებული აუდიტორი და დღემდე მიწევს სწავლა.“

მუშაობის პრინციპი

„55%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ვარ, მაგრამ საქმე მარტო მე არ ამიწყვია. ჩემი პარტნიორების თანადგომამ უდიდესი როლი ითამაშა კომპანიის წარმატებულ ფუნქციონირებაში.  მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ ზოგავს თავს, ყველა მაქსიმალურად ვდებთ ჩვენს წილ შრომას საქმეში. ასეა თითოეული თანამშრომელიც. ეს ჩემი მეორე ოჯახია, ჩემი სახლია. დღის დიდ დროს სამსახურში ვატარებ.

როგორც უკვე აღვნიშნე, ნდობა და პასუხისმგებლობა - ესაა ჩვენი მუშაობის პრინციპი.  როცა ადამიანი გვენდობა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ  მის წინაშე ორგანიზაცია იყოს პირნათელი. მათი მაკონტროლებელი შემოსავლების სამსახურია. ამიტომ ამ ორგანოს მიმართაც ანალოგიური პოზიცია გვაქვს -  საქმეს კეთილსინდისიერად ვასრულებთ.  როდესაც ადამიანი გვენდობა და ჩვენს კომპანიაზეა დამოკიდებული მისი სამეწარმეო საქმიანობის სწორად წარმართვა, ჩათვალეთ, რომ აქ ჩვენი მხრიდან ნაკისრი პასუხისმგებლობის მომენტი უმაღლეს დონეზეა. ხალხი მადლიერი რჩება და ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა.

ზოგადად, როდესაც საქმეს ვაკეთებ, არ მაქვს შეჯიბრებითობის მომენტი. არ ვარ კონკურენტებთან მუდმივი ჭიდილის რეჟიმში. ვცდილობ,  ჩემი საქმე გავაკეთო და ასე გავიდე ბოლომდე. ვისახავ მიზანს და ვაღწევ ყოველთვის.  ყურადღებას ვაქცევ დროის მენეჯმენტს და ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ვახერხებ, რომ აბსოლუტურად სწორად გადავანაწილო დრო და ჩავჯდე ვადებში. გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც კი, რომელსაც ჩვენს რეალობაში ვერ გამოვრიცხავთ, ვცდილობ დედლაინის დაცვას. ეს, ძირითადად,  ღამის გათენებისა და დამატებითი ენერგიის ხარჯზე ხდება, თუმცა... შედეგი ყოველთვის სასურველი დგება.

ზოგადად,  ვცდილობ, თანამშრომლებისთვის უფრო მეგობარი ვიყო, ვიდრე უფროსი და საქმე ერთობლივად ვაკეთოთ... როგორც უკვე აღვნიშნე, აქ ერთი დიდი ოჯახია, ოჯახის წევრებს კი მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ გვერდით. არასდროს დამდგარა დღის წესრიგში რომელიმეს დათხოვნის საკითხი, მაშინაც კი, თუ რამე ისე ვერ კეთდება. ვრჩებით გვიანობამდე და ვაკეთებთ ერთობლივად. ჩვენს ოჯახში ვისაც მივიღებთ, ის სრულფასოვანი ოჯახის წევრი ხდება.

რჩევები სტარტაპერებს

მინდა, ვურჩიო ყველა ახლად დაარსებულ კომპანიას, ყურადღებით მოეკიდონ კადრების შერჩევას, განაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბუღალტრებს, ფინანსისტებს, აუდიტებს ეხება... ბუღალტერს კომპანიაში, ფაქტობრივად, მთავარი როლი აქვს. ის არის კომპანიის მამოძრავებელი ღერძი. მესმის, რომ შესაძლოა, ზუსტად ვერ მიხვდე, რამდენად ძლიერ სპეციალისტთან გაქვს საქმე, მაგრამ... ამ შემთხვევაში უნდა იხელმღვანელონ რეკომენდაციებით, აუდიტორული კომპანიების მომსახურებით და ა.შ. მნიშვნელოვანია ასევე კარგი იურისტი... ეს ორი ერთად კვალიფიციური  - ბუღალტერი და იურისტი - კომპანიისთვის  დიდი ძალაა!

ორი მხარე, ანუ სამსახურს მიღმა

დასვენების დღეებში, თითქმის ყოველ კვირა, ოჯახში ვაწყობთ კულინარიის დღეებს, ხან მამაკაცები ლიდერობენ, ხან ქალბატონები, ეს უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, ყველა ვიკრიბებით ჩვენთან ოჯახში და იქმნება კულინარიის ახალი შედევრები.

ვარ აგრეთვე საპატრიარქოსთან არსებული მორწმუნე ქალთა ფონდის აქტიური წევრი, ამ ქალბატონებთან შეხვედრა სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს, აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში და ცამეტი ასურელი მამის საფლავების აღდგენაში. თითქმის ყოველ თვე გვიწევს გასვლა სხვადახვა ეპარქიაში და მოლოცვა ეკლესია-მონასტრების.

მდგომარეობიდან არასდროს გამოვდივარ. გაბრაზების კი რა მოგახსენოთ, შემიძლია ვთქვა, რომ უფრო მწყინს, ვიდრე ვბრაზდები. ახლოს მიმაქვს ყველაფერი გულთან, შეიძლება, ძალიან ვინერვიულო. ზოგადად, მაქიმალისტი ვარ, მე თვითონ ბოლომდე ვიხარჯები და სხვისგანაც ანალოგიურს ვითხოვ. აზარტულიც ვარ, მაგრამ არა ცუდი გაგებით. მიზნის მიღწევის სურვილი მაგდებს აზარტში. არ ვერიდები სირთულეებს, ბოლომდე ვიხარჯები და ვაკეთებ იმას, რაც ჩავიფიქრე სათავეში. ზოგადად, ქალებს გვაქვს ხოლმე ე.წ. „ჩავარდნების“ პერიოდი, მეც მქონია, მაგრამ ასეთი ჩავარდნა გამხდარა შემდეგ მოტივაცია მომდევნო წარმატების.

მიყვარს სიმღერა (ვუკრავ ფოტეპიანოზეც) , ქსოვა, კულინარია და კითხვა... განსაკუთრებით დეტექტივების. აგათა კრისტია ჩემი ფავორიტი მწერალი. ხშირად ვადარებ აუდიტორულ საქმიანობასაც. აქ ანალიზის უნარია მნიშვნელოვანი. უნდა გამოიძიო, დაადგინო... რაღაცით ჰგავს დეტექტივს... ალბათ, ამიტომაც მიყვარს ეს ჟანრი განსაკუთრებით.

ოჯახი

როგორც უკვე აღვნიშნე, მეუღლე და დედა მაქსიმალურად მიდგანან გვერდში. მყავს სამი ვაჟი (26, 17 და 13 წლის) და ერთი ქალიშვილი (24 წლის), რომელიც, პარალელურად, ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. ციფრების სიყვარული არ გამოყოლია ჩემგან, პროფესიით ფსიქოლოგია, ამჟამად HR-ად მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში. მყავს არაჩვეულებრივი სიძე და არაჩვეულებრივი რძალი. შვილებს სამსახურის შემდგომ პერიოდს ვუთმობ, თუმცა სამსახურში ყოფნის დროსაც  მათთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ვარ...

როგორც დედა...

დედაჩემი ჩემთვის სამაგალითო დედაა, ვცდილობ , რომ მეც ჩემს შვილებს მაქსიმალურად დავუდგე გვერდში ....

როგორც ქალი...

საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ვარ, მგონია, რომ ვარ თავმდაბალიც. ვფიქრობ, ძლიერი ქალი ვარ ძლიერი მამაკაცის გვერდზე... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეუღლე მაძლიერებს, როგორც ქალს!!!

რჩევები დიასახლისებს

ვფიქრობ, ქალმა აუცილებლად უნდა იბრძოლოს საკუთარი ოცნებების რეალიზაციისთვის.  ამიტომ, ყველა ქალს მინდა ვურჩიო, არასდროს დანებდეს და აუცილებლად შეასხას ფრთები საკუთარ ოცნებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მისთვის, ისე მისი ოჯახისთვის!

 

თარიღი: 2018/06/11