მეთოდები, რომელიც საეჭვო ხარისხის რძის ნაწარმისგან დაგვიცავს
„ერთი კვირის წინ ერთ-ერთ მაღაზიაში  რძე  შევიძინე. ადუღების შემდეგ ჭურჭელში რძის ნაცვლად გაურკვეველი მასა დარჩა, რომელიც მაშინვე გადავღვარე, ხოლო ფული, რომელიც ამ უხარისხო პროდუქტში გადავიხადე, ვიზარალე“ - გვიამბო ერთ-ერთმა მკითხველმა, რომლის მსგავსი შემთხვევა, ალბათ, ყველას ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში  2015 წლის 1 აგვისტოდან  „რძის ტექნიკური რეგლამენტი“ მოქმედებს და კანონი მკაცრად განსაზღვრავს რძის პროდუქტების ხარისხსა და შემადგენლობას, ამ სფეროში კვლავაც  განუკითხაობაა. რეგულაციების ამოქმედების შემდეგაც კი, ჩვენი მოსახლეობა ნატურალური რძის პროდუქტების ნაცვლად, გაურკვევლი ხარისხის ნაწარმს ყიდულობს. როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი რძის ნაწარმი და როგორ დავიცვათ თავი ფალსიფიკაციისგან? - ამ შეკითხვით  „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტს - თამარ გობეჯიშვილს მივმართეთ:

-ყველა ბიზნესოპერატორის მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხს კანონი არეგულირებს. სწორედ ამიტომ არსებობს ქვეყანაში „რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი“: თუ მეწარმე ბიზნესოპერატორად არის რეგისტრირებული, მას სახელმწიფო აკონტროლებს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც  კანონი არ ეხება, სასურველ პროდუქციას ყოველგვარი რეგულაციის გარეშე ყიდის. ამ კატეგორიას ეკუთვნის  ხალხი, რომელსაც დედაქალაქში  ჩამოაქვს რძის ნაწარმი და ყოველგვარი კონტროლის გარეშე ყიდის. ამ შემთხვევაში „სურსათის უვნებლობის სააგენტოც“ უძლურია, რადგან არა აქვს ვალდებულება გლეხები გააკონტროლოს.

-ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს სწორედ გლეხისგან შეიძინოს ნატურალური პროდუქტი.

-გლეხი კანონის და რეგულაციის  მიღმაა დარჩენილი, რადგან ეს პროცესი 2020 წლამდე გადაიდო. თანაც, მის პროდუქციას ეტიკეტიც არა აქვს და ამ შემთხვევაში მოტყუების ალბათობა მეტია. თანაც, ჩვენ არ ვიცით რა პირობებში და როგორ ამზადებს რეალიზატორი პროდუქციას, რომელსაც ყიდის. ასეთ დროს მომხმარებელი მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე და სახელმწიფოს პასუხს ვერ მოსთხოვს.

-სამწუხაროდ, დარღვევები სუპერმარკეტებსა და მაღაზიებშიც ხდება...

-კანონით დადგენილია, რომ  არ შეიძლება რძის პროდუქტს ჰქონდეს დასახელება - „არაჟანი“, „მაწონი“, ან „ხაჭო“, თუ მასში მცენარეული ცხიმია შერეული. ნებისმიერ რძის პროდუქტში აუცილებლად უნდა იყოს რძის ცხიმი. სხვა შემთხვევაში ის უკვე ფალსიფიცირებულად ჩაითვლება. (სხვათა შორის, ეს რეგულაცია იოგურტსა და კეფირზე არ მოქმედებს) რაც შეეხება ყველს, არ შეიძლება რძის ფხვნილზე იყოს დამზადებული. მიუხედავად მკაცრი რეგულაციისა, რატომ ხდება დარღვევები? - საქმე ის არის, რომ მეწარმეებმა აქაც იპოვეს საუკეთესო გამოსავალი და თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება რძის ნაწარმი, რომელსაც აწერია „იმერული“, „სვანური“, „მეგრული“ და ა.შ...დასახელება „ყველი“ კი - არსად ჩანს.  თითქოს, ყველის ფორმა აქვს, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველი არ არის - სახლში მიიტანთ და რაღაც საოცრებას აღმოაჩენთ. იგივე უნდა ვთქვა არაჟანზე, რომელიც მაღაზიებში დიდი ვედროებით იყიდება. მის ეტიკეტს თუ წაკითხავთ, ვერსად იპოვით წარწერას, რომ ეს - არაჟანია. გამოდის, რომ მეწარმე ცუღლუტობს: კანონს არ არღვევს, მაგრამ საეჭვო პროდუქციის გასაღებას ამ ხრიკით ახერხებს. ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მაღაზიაზე გადადის.

-რა როლს ასრულებს ასეთ დროს „სურსათის ეროვნული სააგენტო“?

-„სურსათის ეროვნული სააგენტო“ ცდილობს პროდუქციის ხარისხი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გააკონტროლოს, მაგრამ ყველა მაღაზიას და ჯიხურს ვერ ამოწმებს, ამიტომ, მომხმარებლის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს: ყოველ ჯერზე ყურადღებით უნდა წავიკითხოთ ეტიკეტი და თუ პროდუქტს აწერია, რომ ეს „რძის პროდუქტია“, ესე იგი, მისი ყიდვა შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ფალსიფიცირებულია.

-რას გვეტყვით ემულგატორებსა და საკვებ დანამატებზე, რომლებზეც ბევრი ტყუილ-მართალი ვრცელდება?

-ემულგატორები, კონსერვანტები და საკვები დანამატები აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტი არ გაფუჭდეს და ჯანმრთელობისათვის მავნე არ გახდეს. რძის პროდუქციას შენახვის ვადა ძალიან მცირე აქვს და ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი მოხმარება არ შეიძლება. როდესაც რძის პროდუქტს შენახვის ვადა შედარებით ხანგრძლივი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მასში აუცილებლად არის დამატებული ემულგატორები, ან - საკვებდანამატები. თუ საკვებდანამატი მავნებელი არ არის, მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება, მაგრამ არსებობს მავნე დანამატები, რომელთა გამოყენებაც პროდუქციაში აკრძალულია. თუ მეწარმე ასეთ საკვებდანამატს იყენებს, მაშინ ის კანონით ისჯება.

-რამდენად საიმედოა რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქცია?

-რძის ფვნილი - ეს არის გამომშრალი რძე, რომლისგანაც სითხეა აორთქლებული და მხოლოდ მშრალი მასაა დარჩენილი. მთავარი მისი ხარისხია - გააჩნია, როგორ რძის ფხვნილს იყენებს მეწარმე. სხვათა შორის,  ევროპის ქვეყნებში რძის ფხვნილისაგან დამზადებული პროდუქტი უფრო ძვირი ღირს, რადგან მისი დამზადება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საქართველოში ერთგვარი მითია შექმნილი, რომ თუ პროდუქციას  რძის ფხვნილისგან ამზადებენ, ის ცუდია, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება.

-მიუხედავად მკაცრი რეგულაციისა, ყველიც ხშირად არის რძის ფხვნილისგან დამზადებული. რატომ?

-თუ მეწარმე კეთილსინდისიერია, ის ყველს რძის ფხვნილისგან არ დაამზადებს, რადგან ეს კანონით ნებადართული არ არის, თუმცა კონტროლი ამ დროს აუცილებელია. ამიტომ უნდა ვიყიდოთ რძის ნაწარმი საიმედო ადგილას და ეტიკეტსაც ყურადღება მივაქციოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში მისვლისას აღმოვაჩენთ, რომ ეს ნამდვილი ყველი არ არის. ეტიკეტს აწერია „იმერული“, „მეგრული“, ან - „სახაჭაპურე“, მაგრამ ეს ყველი არ არის. ჩვენი ორგანიზაციის წევრები მომხმარებელს ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ პროდუქტი ქუჩაში არ იყიდონ, მით უმეტეს, თუ ის მალფუჭებადია. ამ დროს რაღაც რომ მოხდეს და მყიდველი მოიწამლოს, პასუხს ვერავის მოსთხოვს. გარემოვაჭრე, რომელიც პროდუქციას ქუჩაში ყიდის, კონტროლს მიღმაა დარჩენილი, ის თავისუფალია. როგორც უკვე ვთქვით, დარღვევები მაღაზიებშიც გვხვდება, მაგრამ მაღაზიაში ამის დადგენა და დამტკიცება იოლია, ქუჩაში კი, არავინ იცის, როგორ ნაწარმს ვყიდულობთ. თანაც, რძის ნაწარმი  ზუსტად იმ პირობებში და იმ ტემპერატურაზე უნდა შევინახოთ, რომელიც მისთვის ოპტიმალურია, წინააღმდეგ შემთხვევაში ფუჭდება და ჯანმრთელობისთვის საზიანო ხდება.

-არსებობს ნატურალური რძის ამოცნობის უამრავი ხალხური მეთოდი, სანდოა თუ არა ეს მეთოდები?

-ამ მეთოდებზე ყველას გვსმენია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ლაბორატორიულ შემოწმებას  ვენდობით. ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი დასკვნა ლაბორატორიულ ანალიზს ეყრდნობა. ჩვენი რჩევა კი, მომხმარებლის მიმართ ასეთია: აუცილებლად უნდა შეიძინოთ დაფასოებული და ეტიკეტირებული რძის პროდუქტი, რომელზეც შემადგენლობა სრულად არის მითითებული. თუ პროდუქტს აწერია, რომ ის დამზადებულია ნატურალური, ან აღდგენილი რძისაგან, მისი ყიდვა ორივე შემთხვევაში შეიძლება. ჩემთვის რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტიც კარგია, მაგრამ თუ თქვენ ნატურალური რძისგან დამზადებულის  ყიდვა გსურთ, ამის შესახებ ეტიკეტზე უნდა ეწეროს. რძის ნაწარმს უნდა ეწეროს: „არაჟანი“, „მაწონი“, რძე“, „ხაჭო“ და არა -  „სვანური“, „იმერული“, „მეგრული“ და  სხვა რამ. იყო შემთხვევა, როცა მეწარმეებმა ეკლესიის სახელითაც ისარგებლეს: ერთ-ერთ მაღაზიაში ეტიკეტს ეწერა „მონასტრის რძე“, „მონასტრის მაწონი“, მაგრამ ყველა პროდუქტი, რომელიც იქ ვიყიდეთ, მცენარეულ ცხიმზე იყო დამზადებული. იმ მაღაზიაში ისეთი მდგომარეობა დაგვხვდა, რომ ნამდვილი შოკი მივიღეთ. რაც მთავარია, მეწარმემ საპატრიარქო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა. არაკეთილსინდისიერი ადამიანები ყოველთვის იქნებიან, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეტიკეტის წაკითხვა ვისწავლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს უფლებებს ვერც ერთი სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ დაიცავს.

თარიღი: 2019/01/24