რატომ იქცა შრომის კოდექსის უხეში დარღვევა ნორმად და აქვს თუ არა აზრი დამსაქმებელთან სამართლებრივ დავას
წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირველად გამოაქვეყნა დასაქმებულების მიერ ნამუშევარი საათების საშუალო მაჩვენებელი, საიდანაც ირკვევა, რომ თითქმის ყველა სექტორში, მათ კანონით გათვალისწინებულზე ხანგრძლივად უწევთ მუშაობა. ეკონომიკის 18 დარგიდან 14-ში 42-50 საათიანი სამუშაო კვირა დამსაქმებლებს ნორმად აქვთ ქცეული. მაშინ, როცა შრომის კოდექსით სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 40 საათით და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში (სპეციფიკურ სამუშაო ადგილებზე) ითვალისწინებს 48 საათამდე სამუშაო გრაფიკს.


ზეგანაკვეთური სამუშაოს პრობლემა ყველაზე აქტუალურია ისეთ სექტორებში როგორიცაა: მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური დაცვა, შინამეურნეობებში დაქირავებით დასაქმება და ა. შ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ დამატებით შესრულებული სამუშაოსთვის დამსაქმებლები ანაზღაურებას თითქმის არ გასცემენ.


რამდენად დიდია პრობლემის მასშტაბი და ვინ უნდა ახორციელებდეს დასაქმებულთა უფლებების დაცვის კონტროლს? - ამ თემებზე გაერთიანებული პროფკავშირების ანალიტიკოსი, გიორგი ჭანტურიძე, გვესაუბრება.

-ყველაზე ხშირად დასაქმებულთა რომელი უფლებები ირღვევა დამსაქმებლების მიერ?


-სამწუხაროდ საქართველოში ირღვევა შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლება. მათ შორის: სამუშაო კვირის ხანგრძლივობა; ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურება; შვებულების უფლება; დეკრეტული შვებულების უფლება; დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე და ა.შ. უფლებათა დარღვევის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან დასაქმებულები ხშირად თავს იკავებენ სასამართლოსთვის მიმართვისგან. შრომით უფლებებს კი არც ერთი სხვა სტრუქტურა არ აკონტროლებს. დასაქმებულებს, როგორც წესი არ სურთ მიმართონ სასამართლოს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, მათ შეიძლება გაუუარესდეთ ურთიერთობა დამსაქმებელთან და შესაძლოა სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგნენ. სამსახურის დაკარგვა კი არსებული მაღალი უმუშევრობის პირობებში განსაკუთრებით მტკივნეულია ყველა ადამიანისთვის.

აღნიშნულის გამო დასაქმებულები სასამართლოს მიმართავენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი მათ უკანონოდ გაათავისუფლებს დაკავებული პოზიციიდან. ასეთი დავების რაოდენობა მნიშვნელონად გაიზარდა ბოლო 5 წელიწადში, მას შემდეგ, რაც შრომის კოდექსში 2013 წელს შევიდა ცვლილებები და დასაქმებულის გათავისუფლება დამსაქმებელს მარტივად აღარ შეუძლია. პროფკავშირების გაერთიანებას 2013 წლის შემდეგ სასამართლოში მოგებული აქვს ასობით საქმე, მათ შორის კოლექტიურ სარჩელებზე, როდესაც პროფკავშირი რამოდენიმე ათეულ სამუშაოდან დათხოვნილ პირს წარმოადგენს.

-როგორ აფასებსთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რამდენად მასშტაბურია ზეგანაკვეთური სამუშაოს პრობლემა?

-იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული მუშაობს კვირაში 40 საათზე მეტს, ეს ნამუშევარი დრო უნდა ანაზღაურდეს დამატებით და რაც მთავარია გაზრდილი განაკვეთით. რეალურად კი უმეტეს სექტორებში ადამიანები 50 საათამდე მუშაობენ და მათი უმეტესობა ამისთვის ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას ვერ იღებს. ეს არის შრომითი უფლებების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარღვევა. მნიშვნელოვანია რომ დასაქმებულებმა იცოდნენ და დამსაქმებლებს ხშირად ახსენებდნენ მათი შრომითი უფლებების შესახებ.

-რა არის ძირითადი მიზეზები იმისა, რომ დასაქმებულთა უფლებები მასიურად ირღვევა?

-მთავარი მიზეზი, რაც სასწრაფოდ გამოსასწორებელია, არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც შრომითი უფლებების დაცვას გააკონტროლებს. სასამართლოსთვის მიმართვა ხშირად დასაქმებლებისთვის სარისკოა დამსაქმებელთან ურთიერთობის გაუარესების გამო. გარდა ამისა სასამართლო პროცესები ძალიან ხანგრძლივია და, როგორც წესი, 2-3 წლის განმავლობაში გრძელდება. ამიტომ აუცილებელია, რომ ახლად შექმნილ შრომის ინსპექციას მიენიჭოს შრომითი უფლებების კნტროლის მანდატიც. მნიშვნელოვანია, ასევე დასაქმებულებს შორის მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ უფლებების კოლექტიური ხელშეკრულებების გზით გამყარება, რაც შესაძლებელია პროფესიული კავშირში გაწევრიანების/ შექმნის გზით.
-ზეგანაკვეთური სამუშაოს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია კერძო და არაფორმალურ სექტორში, რატომ?
-საქსტატის მონაცემებით ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების რაოდენობა საჯარო სექტორშიც საკმაოდ მაღალია. თუმცა, კონტრასტს ამ ორს შორის ქმნის ის, რომ საჯარო სამსახურებში ურთიერთობები განსხვავებულად არის დარეგულირებული, ამიტომ გარკვეული უფლებები უფრო უკეთესადაა დაცული. მათ შორისაა შესრულებული თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების საკითხი.

-რა სამართლებრივი ბერკეტებით შეუძლიათ დასაქმებულ მოქალაქეებს დაიცვან საკუთარი უფლებები?

-ამ ეტაპზე შრომითი უფლებების დაცვის უმთავრეს მექანიზმად, სრულყოფილი შრომის ინსპექციის შექმნამდე, კვლავ რჩება სასამართლოსთვის მიმართვა. პროფკავშირები ყველა მსურველს უწევს უფასო კონსულტაციას შრომის უფლებებთან დაკავშირებით და საკუთარ წევრებს, ზოგ შემთხვევაში კი არაწევრებსაც, წარმოადგენს სასამართლოში. ყველა ხარჯს, როგორიცაა მაგალითად ადვოკატის ხარჯი, ან სასამართლოს ბაჟი თავად პროფკავშირი ფარავს. საკუთარი უფლებების დასაცავად დასაქმებულებმა მნიშვნელოვანია ასევე მიმართონ ისეთ ბერკეტებს, როგორიცაა კოლექტიური მოლაპარაკებები და კოლექტიური ხელშეკრულებები, ასეთ დროს დასაქმებულები ერთობლივად აყენებენ მოთხოვნებს და მათი შესრულების შანსიც მეტია. კოლექტიური მოლაპარაკება კი შესაძლებელია დასაქმებულთა გაერთიანების - პროფესიული კავშირის შექმნის შემთხვევაში.

-რამდენად ხშირია შრომითი დავების დასაქმებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევები?


-როგორც აღვნიშნე, 2013 წელს ახალი შრომის კოდექსის მიღების შემდეგ ამ მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. პროფკავშირების მიერ წარმოებული სასამართლო პროცესების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულთა სასარგებლოდ წყდება. ამიტომ მათ, ვისი უფლებებიც ირღვევა ვურჩევ გამოიყენონ შესაძლებლობა და მიმართონ სასამართლოს.

-იმისთვის, რომ შემცირდეს პრობლემის მასშტაბები, ვინ და როგორ უნდა ახორციელებდეს შრომითი უფლებების კონტროლს?

-როგორც ევროპული ქვეყნების უმეტესობაში, შრომითი უფლებების კონტროლს უნდა ახორციელებდეს შრომის ინსპექცია. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს საჭირო სასამართლოსთვის მიმართვა. ეს დასაქმებულებს მათი უფლებების დაცვას გაუადვილებს და ამავე დროს განტვირთავს სასამართლო სისტემას, რომელიც საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში მუშაობს და ამის გამო სასამართლო პროცესები დროში იწელება.

თარიღი: 2019/01/30