GIOVANNI MORRA- გაპიროვნებული ქართული ბრენდი, რომელიც გრძნობს, რეაგირებს და მოქმედებს
Giovanni Morra – 30 წლამდე იტალიელი მამაკაცი, მოგზაური, უცნაური ვარცხნილობით და გრძელი წვერით... უყვარს თავისუფლება... გრძნობს საზოგადოების მაჯისცემას და პასუხობს შემოქმედებით... ამბობს იმას, რისი თქმაც საზოგადოებას სურს... ის ყველას გვერდითაა, ვისაც მისი გვერდით დგომა სჭირდება... გამოხატვის თავისუფლება - ეს მისი მთავარი ღირებულებაა...



თინათინ ლომაია, Giovanni Morra-ს თანადამფუძნებელი: ჯოვანი იმას გადმოსცემს, რასაც ჩვენ განვიცდით, რაზეც საზოგადოება რეაგირებს. ამ ბრენდში თითოეული გუნდის წევრის  ღირებულებებია გაერთიანებული. გვინდოდა ისეთი ბიზნესი გაგვეკეთებინა, რომელიც არა მხოლოდ მოგებაზე იქნებოდა ორიენტირებული, არამედ ჩვენს ემოციებსა და ფასეულობებს გაიზიარებდა. მასში ჩვენს რესურსს ჩავდებდით, ჩვენს ნააზრევს ჩავაქსოვდით. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა. დამფუძნებელი ოთხი ვართ, ბევრი განსხვავებული ინტერესით.  სწორედ ჩვენი განსხვავებული ინტერესებია გაერთიანებული ბრენდში. ყველაზე მთავარი კი, რაზეც ვთანხმდებით, ეს ღირებულება - გამოხატვის თავისუფლებაა. საზოგადოებაში გვაქვს გარკვეული ტაბუები, რომელსაც ვერ ვცდებით. ჯოვანი  ამბობს, რომ შენ შენი დამოკიდებულება შეგიძლია გამოხატო ცეკვით, შემოქმედებით, სამოსით და ა.შ. მაგრამ შესაძლოა, გარკვეული ყოველდღიური რუტინა ამის საშუალებას არ გაძლევდეს. სამსახურში, მაგალითად, დრესკოდი გიშლიდეს ხელს, ქუჩაში - საზოგადოების მიერ დაწესებული წესები, მენტალური პრობლემები. ამ დროს კი ჩვენ ვთავაზობთ აქსესუარებს, რომლის ტარებასაც ხელს არავინ და არაფერი უშლის. ის ნებისმიერ დრესკოდს ერგება. მაგალითად, შეიძლება გეცვას კლასიკური სამოსი, მაგრამ იყო სუპერგმირების მოყვარული. ჩვენ ამ ხალხს ვთავაზობთ, მაგალითად, საკინძეს სუპერგმირის ლოგოთი  და ამით ვაძლევთ საშუალებას, გამოხატოს საკუთარი თავი ნებისმიერ სამსახურში. გვაქვს სხვადასხვა ფორმის, ფერის აქსესუარები, მათ შორის სუფთა კლასიკური ხაზიც. ამ აქსესუარებით, პატარა დეტალებით, შესაძლებელია, გადმოსცე სიხარული, გაბრაზება, პროტესტი ყოველდღიური რუტინული ყოფისადმი, იმწუთიერი განწყობა და ა.შ. მოკლედ, ყველა ემოცია, რომლის გამოხატვაც გსურს კონკრეტულ სიტუაციაში.



ზოგადად, ჯოვანი ცხოვრობს იმ საზოგადოებაში, რა საზოგადოებაშიც ვცხოვრობთ ჩვენ. არის იმ ხალხის გვერდით, რომელთა გვერდითაც ვდგავართ ჩვენ.  ყოველთვის საზოგადოების პულსზე უჭირავს ხელი, გრძნობს მის მაჯისცემას და რეაგირებს სათანადოდ. ჯოვანი იჭერს წამს და მოქმედებს. და ეს არ არის ერთჯერადად. მან უკვე უამრავი ასეთი წამი დაიჭირა. ზოგადად, ყველა ადამიანი გამოვხატავთ სათქმელს ისე, როგორც შეგვიძლია. ზოგი ფეისბუქპოსტებით, ზოგიც სიტყვიერად. ჯოვანი კი ამას საკუთარი შემოქმედებით აკეთებს.

სწორედ ასეთი „დაჭერილი წამის“ და შესაბამისი მოქმედების შედეგი იყო ჩვენი ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული პროდუქტი, საპასპორტე (პასპორტის ჩასადები), რომელიც ოკუპაციის თემას მიეძღვნა. მისი გამოშვება 26 მაისს გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულმა ამბებმა მოვლენების დაჩქარება გამოიწვია. მივხვდით, რომ ჩვენი შემოქმედებით იმ ადამიანების გვერდით უნდა დავმდგარიყავით, ვინც ამ ფაქტს აპროტესტებდა. ისიც ცხადი იყო, რომ მხოლოდ საქართველოში გამოხატული პროტესტი არაფერს შეცვლიდა, რადგან მასში გარე ქვეყანა იყო ჩართული. საჭირო იყო, რომ პროდუქცია საზღვრებს გარეთაც გაგვეშვა. ამით პროტესტის ტალღა არ დარჩებოდა მარტო ლოკალურად და გავიდოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი ადამიანი გვწერდა, რომ საზღვარგარეთ მიდიოდა და სასწრაფოდ უნდოდა ამ საპასპორტეს შეძენა. უამრავი ცნობილი სახე გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი სუხიშვილების ანსამბლს. ეს ადამიანები ყოველთვის იცავენ ყველაფერს ეროვნულს და ქართულს, ისინი ჯოვანის ნამდვილი მეგობრები არიან, სრულად იზიარებენ მის მთავარ ფასეულობას - გამოხატვის თავისუფლებას. იმ პერიოდში ანკარაში  გასტროლებზე აპირებდნენ წასვლას და...  უკლებლივ ყველა წევრმა შეიძინა ჩვენი პროდუქტი მაშინ. საზღვრის გადალახვისას კი ყველა მათგანს ეს საპასპორტე ეჭირა ხელში, რომელზეც ეწერა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ეს განსაკუთრებულად სასიხარულო და საამაყო გახლდათ.



მაშინ გვერდით დაგვიდგა საწარმოც, ყველა საქმე გადადეს, რომ შეკვეთა დროულად შეესრულებინათ. ერთი კვირა, ფაქტობრივად, მუხლჩაუხრელად იშრომეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სულისკვეთება გაიზიარეს. გვწერდნენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებიც. მათაც სურდათ საპასპორტეს შეძენა. რადგან ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის ოცი პროცენტი ოკუპირებულია, ჩვენი საერთო ტკივილია.

- და ეს არ იყო მარკეტინგული სვლა?

თამამად ვიტყვი, რომ გუნდში ძალიან ძლიერი მარკეტოლოგები გვყავს. შესაბამისად, იმის თქმა, რომ რამე არ გვქონდა გათვლილი, ბუნებრივია, არ იქნება სწორი. რა თქმა უნდა, ყველაფერი დეტალებში გავთვალეთ, თუმცა ამხელა რეზონანსს არ ველოდით. ჩვენ მართლა ანთებული გულებით ვმუშაობდით, ჩვენი და მთლიანი საზოგადოების სათქმელის გამოხატვას ვცდილობდით,  მაშინ, უბრალოდ, ხალხის ტალღას მივყევით. 26-ში დაგეგმილი მოვლენა დავაჩქარეთ. წამი დავიჭირეთ და ...

რა თქმა უნდა, თუ წმინდა  ბიზნესის კუთხით შევხედავთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროის შერჩევის მომენტს. სწორ დროს უნდა გამოუშვა სწორი პროდუქტი, არ უნდა დააგვიანო, თუმცა, ეს ემოციების შემოქმედებაში გადატანას სულაც არ უშლის ხელს. უფრო პირიქით. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა, ის დღე, ინტერესი საზოგადოების, ჟურნალისტების მხრიდან, აბსოლუტურად არ გვქონია დაგეგმილი და გათვლილი.

- მართალია, ჯოვანიმ ოკუპაცია გააპროტესტა, მაგრამ... ზოგადად, არ ეტყობა, რომ მეამბოხეა...

მართალია, ასეთი არაა, პირიქით, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია. ღია ცისფერი ფერიც სიმშვიდესთან ასოცირდება, ასე დავაბალანსეთ მისი ტიპაჟი.

ზოგადად, გამოხატვის თავისუფლება, შესაძლოა, გულისხმობდეს მეამბოხეობასაც, მაგრამ ჩვენთვის ეს სიმშვიდესთან ასოცირდება. თავისუფალი ადამიანი მშვიდი ადამიანია. როდესაც ყველა კითხვას ამოწურავ, იპოვი შენს თავს, უკვე მშვიდად ხარ.

როდესაც მის ვიზუალს ვქმნიდით, ჩანაფიქრი იყო ასეთი: ის არ უნდა ყოფილიყო 17-18 წლის ბიჭი, უნდა ყოფილიყო, დაახლოებით, 30 წლამდე მამაკაცი. მას უნდა ეთქვა ახალგაზრდებისთვის, რომ ვარ ასეთი, ვარ მოგზაური, ადამიანი, რომელსაც ყველაფერი მაინტერესებს, რომ ისე ვატარებ თმას, როგორც მომწონს, ისე ვატარებ წვერს, როგორც მე მომწონს. ეს ყველაფერი დიზაინერმა კარგად გადათარგმნა ლოგოში. ჯოვანი ყველას ეუბნება, ყველა თაობის წარმომადგენელს: გამოხატე შენი თავი. მე ვარ ასეთი და შენც შეგიძლია იყო ისეთი, როგორიც გინდა, რომ იყო. ჯოვანი არ არის ბრუტალური ტიპაჟი. თითქოს ასეთ იმიტაციას ქმნიდა წვერი, ამიტომაც შევარჩიეთ ბაცი ცისფერი, ანუ მშვიდი ფერი და საბოლოოდ მივიღეთ თავისუფალი და გაწონასწორებული ადამიანი.

ზოგადად, ჯოვანი მორა შეიქმნა, როგორც მამაკაცის აქსესუარების ბრენდი. თუმცა შემდეგ ქალების ხაზიც დაემატა. Giovanni for her – ანუ ჯოვანი ქალებისთვის... ჯერჯერობით მხოლოდ თმის სამაგრები გვაქვს, თუმცა მალე ამ მიმართულებით წარმოებას გავაფართოვებთ.

- დავუბრუნდეთ დასაწყისს... როგორ გაჩნდა იდეა და რა ეტაპები გაიარეთ ასეთი შედეგის დადგომამდე?

იდეა ჩემს მეგობრებს, მარიამ ლაპიაშვილს  და პავლე გაბრიჭიძეს გაუჩნდათ. მოგეხსენებათ, რამდენად რთულია დღეს მამაკაცის საჩუქრის არჩევა. მაღაზიების დიდი ნაწილი მაინც ქალის სამოსსა და აქსესუარებზე აკეთებს აქცენტს. ამიტომაც მამაკაცის აქსესუარების ბრენდის შექმნა გადაწყვიტეს. მალევე  მათ მე და ნათია სვანიძეც  შევუერთდით. ჯოვანიში ოთხივემ მთელი სული და გული ჩავდეთ. ასე ვთქვათ, სული შთავბერეთ და ხორცი შევასხით.. სახელიც შევურჩიეთ და  ჯამში იტალიელი მოგზაური, თავისუფლებისმოყვარე, მშვიდი პერსონაჟი შევქმენით. დიზაინერმა ჩვენი ნააზრევი ზუსტად გამოსახა გრაფიკაში, ხოლო კოპირაიტერმა - სიტყვებში..  საბოლოო ჯამში, ძლიერი გუნდი შევკარით. ჩვენი წარმატების საიდუმლოც სწორედ ეს არის - სწორად გვაქვს გადანაწილებული ფუნქციები. ოთხი დამფუძნებელი ვართ და ოთხივემ ვიცით, რა როლი გვაქვს კომპანიაში. ყველა ვინაწილებთ საქმეს. მე, მაგალითად, წარმოების და შესყიდვების პროცესში ვარ ჩართული. მარიამი ფინანსურ მხარეს აგვარებს და კონკრეტული მიმართულებების წარმოებას, პავლე და ნათია უფრო მარკეტინგისა და გაყიდვების კუთხით მუშაობენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა პროცესებს არ ვეხებით. ერთად ვაკეთებთ ყველაფერს საერთო ჯამში და ერთმანეთის პასუხისმგებლობასაც ვინაწილებთ.



თითოეულ ჩვენგანს კარგად აქვს გააზრებული, რომ ყოველი რგოლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ერთმანეთზე ვდგავართ. ოთხივე ვხვდებით, რომ ერთ-ერთის გამოკლება ძალიან დააზარალებს ჯოვანის. მე თუ კარგი პროდუქცია არ შევქმენი და მომხმარებელს არ მოეწონა, აღარ მობრუნდება, პავლემ და ნათიამ თუ კარგი მარკეტინგული სქემა არ ააგეს, მე რაც არ უნდა კარგი პროდუქცია შევქმნა, ის მომხმარებლამდე ვერ მივა. თუ ფინანსურად არ იქნა გამართული, შეიძლება ფანტასტიური პროდუქცია გქონდეს და მარკეტინგიც არაჩვეულებრივად მუშაობდეს, მაგრამ გაკოტრდეს  ბიზნესი - მარტივად,  „გაიჭედო“. ყველა ძალიან მნიშვნელოვანი და ერთმანეთზე დამოკიდებული რგოლია. ამიტომ ჩვენი ოთხეულიდან ჯოვნისთვის ყველა ძალიან საპასუხისმგებლო როლს თამაშობს.

გავიზარდეთ, როგორც გუნდი. თავდაპირველად თუ მხოლოდ ოთხნი ვიყავით, ახლა ცხრანი გავხდით. თითოეულ ჩვენგანს ძალიან უყვარს ჯოვანი. ჯოვანიც ასეა - მასაც უყვარს საკუთარი გუნდის წევრები. თითოეული მათგანი მისთვის  ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მინდა აქვე აღვნიშნო ჩვენი გუნდის წარმატების ამბავიც, რაც ვფიქრობ, ჩვენნაირი მცირეხნიანი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა ორმა დამფუძნებელმა, პავლე გაბრიჭიძემ და ნათია სვანიძემ ახალგაზრდა მარკეტერების კონკურსში გაიმარჯვეს და ოქროს მედლები მოიპოვეს, ამავე კონკურსში ბრინჯაო აიღეს მზიკო და მარიამ ლაპიაშვილებმა, დიზაინერებს შორის ოქროს მედალი კი ანუკი კონიაშვილს ერგო. ოქროს მედალოსნები  ივნისის ბოლოს კანში მიემგზავრებიან და ეს ჯოვანის სიამაყით ავსებს.

.

 

თარიღი: 2018/06/12