„ეს რეფორმა წლების წინ უნდა დაგვეწყო“ - რა ხარვეზები ახლავს ტექნიკურ ინსპექტირებას?
უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება  სავალდებულო გახდა. კანონი ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან  შევიდა, თუმცა, შობა-ახალი წლის დღესასწაულმა ინსპექტირების პროცესი დააბრკოლა.  ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს მძღოლები ერთბაშად მიაწყდნენ და ამ ობიექტების წინ უზარმაზარი რიგები გაჩნდა. ამის გამო, სკეპტიკოსებს კიდევ ერთხელ მიეცათ იმის თქმის საშუალება, რომ რეფორმა მოუმზადებელი და ნაჩქარევია. ამ საკითხზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს  „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე, რომელიც დღეს „ბიზნესპოსტის“ სტუმარია:

- ვერაფრით დავეთანხმები შეფასებას, რომ ეს რეფორმა ნაჩქარევად და ნაადრევად დაიწყო,  პირიქით, ის დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. ჯერ იმაზე ვისაუბროთ, თუ რამ გამოიწვია  რიგები ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან: ეს არის პროცესი, რომელიც 14 იანვრიდან დაიწყო ანუ ტექდათვალიერების დაწყებიდან დღემდე ჯერ მხოლოდ ორი კვირაა გასული. კარგი იქნება, თუ ამის ანალოგიურ მაგალითს გავიხსენებთ: როცა მართვის მოწმობების შევსების კამპანია დაიწყო,  მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და  შეტყობინებისა, ეს პროცესი ყველამ ბოლო დღეებისთვის გადადო, რამაც მომსახურების სააგენტოს ფილიალებში კატასტროფული რიგები გამოიწვია.  იგივე მოხდა ახლაც - ტექდათვალიერების გავლის შემთხვევაშიც.

-თუმცა, მძღოლები ამბობენ, რომ ტექნიკურ ინსპეტირებას უამრავი ხარვეზი ახლავს...

-მართალია, ამ პროცესს ბევრი ხარვეზი ახლავს, მაგრამ ადამიანს თავი რომ სტკივა, წამალი უნდა დაალევინო, თავი კი არ უნდა მოაჭრა...  ხარვეზები რომ არსებობს, იმას არ ნიშნავს, რომ ტექდათვალიერება უნდა გავაუქმოთ, პირიქით, იქამდე უნდა ვიბრძოლოთ, ვიდრე არ გამოვასწორებთ. თანაც, ჯერ ჩვენში არსებული ხარვეზები უნდა ვეძებოთ და ბოლო დღემდე არ უნდა გადავდოთ იმ საქმის მოგვარება, რომელიც შეიძლება დღესვე მოგვარდეს. ჩვენი ავტოპარკის მოწესრიგება ხანგრძლივი პროცესია, რადგან ჩვენი მოქალაქეები წლების განმავლობაში დადიოდნენ მოძველებული, მწყობრიდან გამოსული ავტომობილებით. სულ ორი კვირაა რაც ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთო, ამან ჩვენს ჯიბეს დაარტყა და იძულებული გავხდით ჩვენი ავტომობილის კაპოტში ჩაგვეხედა, შეგვემოწმებინა  მისი საბურავები, საქარე მინები, ან მის გამონაბოლქვს დავკვირვებოდით. სხვებს რომ არ ეწყინოთ, ჩემს ახლობლებსა და ნაცნობებზე გეტყვით - ყველა ამბობს - ტექდათვალიერება სავალდებულო რომ არ გამხდარიყო, ავტომანქანის მოწესრიგებას და ნაწილების გამოცვლას კარგა ხანს არ ვგეგმავდითო... ასე რომ, ტექდათვალიერების შემოღება სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილება იყო. უფრო მეტიც, ეს გადაწყვეტილება წლების წინ უნდა მიგვეღო.

- ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი ამტკიცებს -  რეფორმას მოუმზადებლები შევხვდითო...

-მე მგონი ყველას გვყავდა კლასელი, რომელიც საკონტროლო წერისთვის მუდმივად მოუმზადებელი იყო - ხან დედა ჰყავდა ავად, ხან - ბებია,  ზოგჯერ - სულ სხვა რაიმეს იმიზეზებდა. მიზეზის პოვნა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის საკითხები, სადაც მსგავსი არგუმენეტები არ ჭრის და არ მიიღება. მიპასუხეთ, თქვენი ავტომობილი რატომ უნდა გახდეს ჩემი, ან ჩემი ახლობელი ადამიანების დაავადების მიზეზი? რატომ უნდა გახდეს სხვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის  საფრთხე? ამიტომ, კეთილი ინებეთ და თქვენი მანქანის გამონაბოლქვით, გაცვეთილი საბურავებით თუ ჩამქრალი ნათურებით სხვებს საფრთხეს ნუ შეუქმნით. წელიწადში ერთხელ ხომ მაინც უნდა შევამოწმოთ  ჩვენი ავტომობილის საბურავები, კვების სისტემა და მაშუქები, რომლებიც მხოლოდ 50 თეთრი ღირს, მაგრამ ზოგიერთი მძღოლი მაინც არ ყიდულობს? არადა, მანქანის თითოეულ ნაწილს უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  

-ბატონო შალვა, კანონის გამკაცრებამდე ჩვენი მძღოლები ამას არ აკეთებდნენ?

-ძალიან ბევრი არ აკეთებდა, ძალიან ბევრი მძღოლი წლების განმავლობაში გადაადგილდებოდა მანქანით, რომელიც გარემოს წამლავდა და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. როცა მანქანას ვყიდულობთ, მაშინვე გვიჩნდება ვალდებულება, რომ ის მოწესრიგებული და უსაფრთხო იყოს.  გავიხსენოთ, რომ ევროპამ უვიზოდ მიმოსვლის უფლება მოგვცა და თავისი კარი გაგვიღო. მარტო თვითმფრინავით ხომ არ ვივლით?  საქართველოში ძალიან ბევრი - სტუდენტებით დაწყებული, ახალგაზრდა წყვილებით დამთავრებული - თავისი ავტომობილით სიამოვნებით იმოგზაურებს ევროპაში და ეს მოგზაურობა გაცილებით იაფი დაუჯდება. ჩვენი ინსპექტირება იმდენად სანდო უნდა იყოს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანამ აღიაროს და თუ ეს გვსურს, ჩვენი ნორმები და სტანდარტები მაქსიმალურად უნდა დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს.   

-სხვათა შორის, ტექდათვალიერების მსურველ მძღოლთა იცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქმეში ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაერთო - ცნობილია, რომ ბოლო ხანებში  ძალიან ბევრი ავტომფლობელი დაჯარიმეს.

-როცა ადამიანს კანონის შიში აქვს, ეს ძალიან კარგია, ისიც კარგია, რომ „ჭკვიანი კამერები“ არ არჩევს, რომელია კერძო მანქანა და რომელი - სახელმწიფო. როგორც ვიცი, 7 ათას ლარამდე ჯარიმა დაიწერა მას შემდეგ, რაც  საქმეში  „ჭკვიანი კამერები“ ჩართეს. მე მიმაჩნია, რომ პირველი ტალღის გადავლის შემდეგ ტექნიკური ინსპექტირება  გაადვილდება და  ყველაფერი მოწესრიგდება.

- ოპონენტები ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტექნიკური ინსპექტირების 26 პუნქტი მოქმედებს და ეს საკმარისი არ არის...

-ტექდათვალიერების შემოღება იმდენჯერ გადაიდო, რომ ბიზნესი ამით არ დაინტერესდა. როგორც კი მოთხოვნა და სურვილი გაჩნდება, ინსპექტირების ცენტრებიც მომრავლდება, თუმცა ამ რიგების მიზეზი ერთგვარი აჟიოტაჟიც გახდა. უფრო კარგი ხერხის პოვნაც შეიძლება: 21-ე საუკუნეა და ყველას ხელში გვიჭირავს ტელეფონი, რომლითაც შეიძლება ტექდათვალიერების ცენტრში ჩვენი  ვიზიტი წინასწარ დავგეგმოთ. არსებობს ცხელი ხაზი - 14-44, რომელზეც შეგიძლიათ მობილურით დარეკოთ და ყველაფერზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ.

-ძალიან ბევრი მძღოლი აცხადებს, რომ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ახლახან ამოქმედდა, მეტისმეტად  მკაცრია და ავტომანქანებს უბრალო მიზეზის გამოც ახარვეზებენ. ამ პრობლემაზე რას იტყოდით?

-მე ყველას ადვოკატი ვერ ვიქნები, ვინც ამ ცენტრებში მუშაობს, მაგრამ თუ ვინმეს მათ ქმედებაში ეჭვი ეპარება, არსებობს ცხელი ხაზი, არსებობს აკრედიტაციის სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაციები, საავტომობილო ფედერაცია და ყველა გვერდში დაუდგება მძღოლს, რომლის მანქანაც უსამართლოდ დაახარვეზეს. თუ თქვენი მანქანა წესრიგშია, თუ ხელს შეავლებთ, ტექდათვალიერების ნორმებს 15-20-წლიანი ავტომობილიც კი დააკმაყოფილებს - ამას როგორც სპეციალისტი, ისე გეუბნებით, მაგრამ თუ ნებაზე მიუშვებთ, 5-6 წლის მანქანაც შეიძლება მოსიარულე ჯართად იქცეს.

 

თარიღი: 2019/01/31