„მომავლის ხილი“ - რა პერსპექტივა აქვს ჰასკაპს საქართველოში და შესაძლებელია თუ არა ის მომგებიანი ბიზნესი გახდეს
საქართველო თავისი ადგილ-მდებარეობის გამო მრავალფეროვანი კლიმატით გამოირჩევა, რაც დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონის, დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან მარადი თოვლისა და მყინვარის ზონის არსებობას გულისხმობს. გამორჩეული კლიმატის გამო ქვეყანა სხვადასხვა სახეობის მცენარისა და ხილის დეფიციტს ნამდვილად არ უჩივის. ჰავა ფერმერებს უცხო ჯიშების მცენარეების მოყვანაში ხელს უწყობს და ისინი შესაძლებლობის ფარგლებში მცდელობას არ აკლებენ.

ჰასკაპი იმ ხილთაგან ერთერთია, რომლის მოყვანას საქართველოში ადგილობრივ სანერგეებში ცდილობენ. „მომავლის ხილად“ წოდებული მცენარე მსოფლიოში პოპულარულია და მასზე დიდი მოთხოვნაა. როგორც ფერმერები აცხადებენ, არამარტო  მათი არამედ სახელმწიფოს დაინტერესების შემთხვევაში ჰასკაპი შესაძლოა მომგებიანი ბიზნესიც გახდეს.

იაპონური წარმოშობის ბუჩქოვანი მცენარე ჰასკაპი (ცხრატყავა), რომელის სიმაღლე 1.5-2 მეტრია, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში - კანადაში, იაპონიაში, რუსეთსა და პოლონეთში ხარობს. ხილის ფოთლები 3-8 სმ სიგრძის და 1-3 სიგანისაა. მცენარის ნაყოფი, რომელიც მონაცრისფრო-მომწვანო ფერისაა, მოცვს ჩამოგავს. მცენარე ჩრდილოეთის ტყეებში, მაგალითად ტაიგაში ბლომად გვხდება. ის ასევე ტორფიან ნიადაგშიც მოჰყავთ. ჰასკაპს სიცხე არ უყვარს, გრილ და ნესტიან ადგილებში ხარობს და -47 გრადუსს ცელსიუსის ყინვასაც უძლებს.

ჰასკაპი მოსავალს გვიან გაზაფხულზე ან ადრე ზაფხულში იძლევა, ხოლო  ყოველ 3-4 წელიწადში უხვიმოსავალიანობით ხასიათდება.  ერთი ძირი ხე დაახლოებით 3 კილოგრამ ნაყოფს ისხამს და 30 წელი ხარობს.

ჰასკაპს მსოფლიოში ძირითადად საკონდიტრო ნაწარმში იყენებენ. მისგან ასევჯემი, წვენი, ნაყინი, იოგურტი, სოუსები და ტკბილეული მზადდება. მას ასევე უმადაც მიირთმევენ. აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში კი ტრადიციულ მედიცინაში სამკურნალოდაც გამოიყენებენ. ამ ხილს იაპონიაში აინუს ხალხის ენაზე (ძველ იაპონურზე) ჰასკაპს ანუ „მომავლის ხილს“ ეძახიან.

„ბიზნესპოსტი“ დაინტერესდაარის თუ არა  შესაძლებელი საქართველოში ჰასკაპის მოყვანა, რა პერსპექტივა აქვს მის მოშენებას და გახდება თუ არა „მომავლის ხილი“ ქართველი ფერმერებისთვის მომგებიანი ბიზნესი. ამ კითხვებით „სანერგე კახეთის“ დამფუძნებელ სვიმონ ყვავიაშვილს მივმართეთ:  

„სანერგე კახეთის“ დამფუძნებლის სვიმონ ყვავიაშვილის თქმით, ჰასკაპის მოსაყვანად საქართველოში ჰავა შესაფერისია, მთავარია მთავრობის მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა და დაინტერესება იყოს.

-ჰასკაპი იაპონური ხილია, რომელიც არამარტო იაპონიაში, არამედ რუსეთში, კერძოდ, ციმბირში ხარობს. თუმცა, ამომავალი მზის ქვეყანაში  ეს ხილი განსაკუთრებით უყვართ, რადგან ორგანიზმიდან რადიაციის გამოსადევნად იყენებენ. ეს არის მოცვის მსგავსი ნაყოფი. მას არამარტო მსოფლოს სხვა ქვეყნებში, არამედ საქართველოშიც იცნობენ. ქართულ ბაზარზე 1 კგ ჰასკაპი 22 ლარი ღირს. ამ ხილის თესლი ინტერნეტში, eBay-სა და amazon-ზე იყიდება და 50 თესლის ფასი 6-7 ლარამდე ღირს. კახეთში ერთ–ერთ ფერმერს ჰქონდა ჰასკაპი დათესილი, მაგრამ მისი მოყვანის წესს მალავს.

–რა პერსპექტივა აქვს ჰასკაპის საქართველოში მოყვანას? ქვეყნის რომელ რეგიონშია „მომავლის ხილისათვის“ საჭირო კლიმატური პირობები?

-ჰასკაპი გრილ და ნესტიან ადგილებში ხარობს, მაგალითად კახეთში მის მოსაყვანად საუკეთესო ადგილი სოფელი ჭერემი იქნებოდა. ჩვენ ამ მცენარის თესლი გამოწერილი გვაქვს და მის დათესვას ვაპირებთ როგორც სათბურში, ასევე გარეთ მინდორშიც. ვცდით და დავაკვირდებით, რადგან ზოგიერთი მცენარე კურკით მოყვანისას გადაგვარდება და მისი მოყვანა ტოტით სჯობს. ჰასკაპს, როგორც წესი, ტოტით ამრავლებენ. მის მოსაყვანად კარგი გარემო პირობები მაღალმთიან აჭარაშიცაა, რადგან იქ გრილა. ჰასაკი არის გამოყვანილი მცენარე, ველური იყო და გაკეთილშობილებულია. მაგალითად, ისე როგორც ველური მარწყვი და შემდეგ სელექციის გზით სხვადასხვა ჯიშები გამოიყვანეს.

–დაინტერესდებიან თუ არა ქართულ ბაზარზე ჰასკაპით და შესაძლებელია თუ არა ის მომგებიანი ბიზნესის ნაწილი გახდეს?

-ჩემი აზრით, ამ მცენარეს საქართველოში პერსპექტივა აქვს. მასზე მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. საქართველოს ბაზარზე ამ ხილის მიმართ ინტერესი არსებობს. ჩვენს ქვეყანაში ჰასკაპისთვის საჭირო კლიმატი და ბევრი დაუმუშავებელი მიწაც გვაქვს. ამიტომ არამარტო ფერმერებს, არამედ მთავრობასაც მოვუწოდებ ამ ხილით დაინტერესდეს, რადგან ნამდვილად მომგებიანი ბიზნესი იქნება. ჰასკაპს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, შეიძლება მხოლოდ წვეთოვანის გაყვანა დასჭირდეს. ძალიან პერსპექტიულია და მიკვირს აქამდე სახელმწიფო რატომ არ დაინტერესდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს მცენარე უნდა შემოიტანოს და მოსახელობას გასამრავლებლად მისცეს.

 

თარიღი: 2019/02/01