როგორ შეიცვლება უმუშევრობის მაჩვენებელი და რა შედეგებს მოიტანს ცვლილება დასაქმებულთა აღრიცხვის მეთოდოლოგიაში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლიდან  დასაქმებისა და უმუშევრობის აღრიცხვის მეთოდოლოგიაში ცვლილებას შეიტანს. ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულთა რაოდენობას თვითდასაქმებულების ნაწილი გამოაკლდება. დღეისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი დასაქმებულია, ხოლო 276.4 ათასი ადამიანი უმუშევრად არის მიჩნეული.

მოსალოდნელია, რომ ცვლილების შედეგად უმუშევრობის მაჩვენებელი (13.9%) კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა პროგნოზი იმისა, თუ კონკრეტულად რა რიცხვი შეიძლება მივიღოთ, ჯერჯერობით უცნობია.

რას გამოიწვევს ქვეყანაში უმუშევართა რიცხვის მატება და როგორი უნდა იყოს თვითდასაქმებულთა შეფასების რეალისტური კრიტერიუმები? - ამ თემებზე სტატისტიკოსი, ნოდარ კაპანაძე, გვესაუბრება.

-დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში დასაქმებულთა 50%-ზე მეტი თვითდასაქმებულია, რაზე მიანიშნებს ასეთი მაღალი მაჩვენებელი

-თავისთავად თვითდასაქმებულების მაღალი ხვედრითი წონა პრობლემა არაა. პრობლემა ისაა, რომ ამ თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულია. ეს კი იმას ნიშნავს რომ მთლიანი დასაქმების დიდი ნაწილის საქმიანობა საკუთარი მიწის მცირე ნაკვეთის დამუშავება ან პირუტყვის მოვლაა. ასეთი საქმიანობის პერსპექტივის მაქსიმუმი კვების პროდუქტები მეტნაკლებად უზრუნველყოფაა. დასაქმების ეფექტურობას კიდევ უფრო აუარესებს ის გარემოება, რომ ოჯახების განკარგულებაში არსებული მიწის ნაკვეთები ძალიან მცირეა იმისათვის, რომ მასზე ეფექტური და შემოსავლიანი მეურნეობა აწარმოონ და ასევე ეს მცირე მიწახ საშუალოდ 2.5 ნაკვეთად არის ფრაგმენტირებული. ამდენად პრობლემა სოფლის მეურნეობაში აბსოლუტურად უპერსპექტივო თვითდასაქმების ძალიან მაღალი დონეა.

-როგორ აფასებთ უმუშევართა აღრიცხვის მეთოდოლოგიაში დაგეგმილ ცვლილებას

-ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს უბრალოდ ტერმინების ცვლილებაა და მეტი არაფერი. ამით შინაარსი არ იცვლება.  ის რასაც უმუშევართა აღრიცხვის მეთოდოლოგიაში დაგეგმილ ცვლილებას უწოდებენ, აქამდეც შესაძლებელი იყო და ეს სამუშაო ძალის ანალიზის მე-2, მე-3 და მე-4 დონეებზე ხდებოდა, როდესაც ანალიზდებოდა არასრული დასაქმება, ფარული უმუშევრობა და სტრუქტურული უმუშევრობა. 

-რა დადებითი და უარყოფითი ეფექტები შეიძლება ახლდეს თან უმუშევართა რიცხვის მნიშვნელოვნად მატებას

-უმუშევართა რაოდენობის ზრდა თავისთავად მკვეთრად უარყოფითი მოვლენაა, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ უმუშევართა რაოდენობა მხოლოდ მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად მოხდება ეს არაფერს არც გააუარესებს და არც გააუმჯობესებს. ეს შეიძლება მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის იყოს რაიმე მნიშვნელობის მქონე.

-თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს თვითდასაქმებულთა შეფასების რეალისტური კრიტერიუმები

-სამუშაო ძალის ანალიზის დღეს არსებული მეთოდოლოგია სრულიად საკმარისია მდგომარეობის ზუსტი აღწერისათვის. საჭიროა უფრო მეტი განმარტებითი მუშაობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მონაცემების შესახებ სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. იმას, რაც დღეს დასაქმების და უმუშევრობის მონაცემების ანალიზის ირგვლივ ხდება, შეიძლება ეწოდოს ქარიშხალი ჭიქაში. დისკუსიების ვექტორი, როგორც წესი, მეორხარისხოვან თემებზეა გადართული და პრობლემის არსი ყურადღების მიღმა რჩება. ყოველივე ეს გამოწვეულია იმით, რომ მონაცემების კომენტარზე ძირითადად საუბრობენ არა სპეციალისტები, არამედ დილეტანტები და შესაბამისად სიღრმისეული ანალიზი მედია სივრციდან განდევნილია.

-კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემის აქტუალურობის გასაზრდელად?

-უმუშევრობის პრობლემა აქტუალურია და ის არც გაიზრდება და არც შემცირდება. რაც შეეხება იმასთუ როგორ შეიძლება მოევლოს უმუშევრობის დღეს არსებულ პრობლემას, ამაზე ისევ იგივეს ვიტყვი რასაც ყოველთვის, როგორც კატონი ამბობდა, ,,კართაგენი უნდა დაინგრეს“. უმუშევრობის პრობლემის მოგვარება მხოლოდ დასაქმების დონის ზრდით შეიძლება მოხდეს. დასაქმების დონის ზრდა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების შედეგი უნდა იყოს. ეკონომიკის მდგრადი და გრძელვადიანი ზრდა მხოლოდ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებით შეიძლება იქნა მიღწეული. ეკონომიკის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამდენად აუცილებელია, რომ ეკონომიკის ზრდის შედეგებზე რაც შეიძლება ფართო მისაწვდომობა, რისთვისაც შესაბამისი სოციალური მექანიზმების ამოქმედებაა აუცილებელი. და რაც მთავარია ყოველი ამის თვითინებით მიღწევა უბრალოდ გამორიცხულია. 

 

თარიღი: 2019/02/04