რა ევალებათ მართლწესრიგის ოფიცრებსდა უნდა ველოდოთ თუ არა სახლებში მათ
2018 წლის დეკემბრiდან თბილისში ახალფორმიანი სამართალდამცავები გამოჩნდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ახალი ინსიტუტის დანერგვა ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და პოლიციას შორის ჯანსაღ, პარტნიორულ კომუნიკაციას. რა შედის მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებში და რითი განსხვავდება მათი სამუშაო პატრულის ოფიცრისგან. ამ და სხვა ინფორმაციის მისაღებად  “ბიზნესპოსტი“  შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მიხეილ დაუშვილს დაუკავშირდა:

 -რას ემსახურება მართლწესრიგის ოფიცრების სამსახური?

-შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს სისტემური განახლების პროცესი, რაც მოიცავს შინაარსობრივად სტრუქტურულ რეფორმებს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში სამინისტრო მიზნად ისახავს საპოლიციო საქმიანობაში დანერგოს საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფიცია.
მართლწესრიგის ოფიცრები სწორედ საპოლიციო მოდელის ნაწილია, რომლის მიზანია საზოგადოებას და პოლიციას შორის მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება, პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერება და სამართალდარღვევის პრევენიცა.  

-რატომ გახდა აუცილებელი საქართველოში ამ სამსახურის არსებობა?

-ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა რაც სამართალდამცავი ორგანოების წინაშე დგას არის საზოგადოების მხრიდან არასაკმარისი ნდობა, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში, რაც ხელს უშლის საზოგადოებასა და პოლიციას შორის ჯანსაღ კომუნიკაციას, პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებას და დანაშაულის აღკვეთას. ამასთან, უბნის ინსპექტორის ინსტიტუტმა ვერ შეძლო ზემოხსენებულ გამოწვევაზე სათანადოდ ეპასუხა. უბნის ინსპექტორები ძირითადად დაკავებულნი იყვნენ საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციების შესრულებით, შესაბამისად პრობლემის იდენტიფიცირების და დროულად გადაჭრის მიზნით ვერ ახერხებდნენ საზოგადოებასთან პროაქტიურად კომუნიკაციას.
ათწლეულების მანძილზე დაგროვილმა, როგორც საერთაშორისო ,ისე ქვეყნის შიგნით არსებულმა პრაქტიკამ ცხადჰყო, რომ პოლიციელთა და მოქალაქეთა შორის სიახლოვით შესაძლებელია პრობლემის დროულად და უკეთ იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. სწორედ ამიტომ 2018 წელს შეიქმნა სრულიად ახალი ინსტიტუტი - მართლწესრიგის ოფიცერი, რომელიც საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფციის ნაწილია და გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების საჭიროებეზე მორგებული სერვისების შეთავაზებას. ამ სამსახურის მთავარი ფუნქციაა პრობლემების გადაჭრისთვის ეფექტური და ოპერატიული გზების მოძებნა.

-არსებობს თუ არა მსოფლიოში მსგავსი სამსახურების არსებობის პრაქტიკა თუ ეს უნიკალური მოდელია?

-როგორც უკვე აღინიშნა, მართლწესრიგის ოფიცრების ინსიტუტი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მოდელის ნაწილია (community oriented policing). აღნიშნული მოდელის განვითარება რამდენიმე ათეული წლის წინ მოხდა. პოლიცია პროაქტიურად თანამშრომლობს საზოგადეობასთან, მოწყვლად ჯგუფებთან, ბიზნეს სექტორთან, საქველმოქმედო, არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანოებთან, ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს.  საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მოდელი რამდენიმე ათეული წელია დანერგილია და მუშაობს აშშ-ში, ევროპის მრავალ განვითარებულ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდების სამეფოში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. აღნიშნული ინსტიტუტის დანერგვის პროცესში სამინისტრო ცდილობს გაითვალისწინოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

-რა შედის მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებში და რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი საპატრულო პოლიციის ოფიცრისგან?

-ადამიანის უფლებების დაცვა, ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობა და ამ მიზნით სკოლების ადამინისტრაციებთან თანამშრომლობა, არალეგალური მიგრაციების ფაქტებზე რეაგირება, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება, სამეზობლო კონფილიქტებზე რეაგირება, დანაშაულზე ან სხვა სამართალდარღვევებზე წასწრებისას კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების გატარება. საპატრულო პოლიციის ოფიცრებისგან მართლწესრიგის ოფიცერს სწორედ მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები განასხვავებს. მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქციას არ განეკუთვნება საზგაო მოძრაობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა,საგზაო სატრანსპორტო შემთვევათა აცილების/აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში სახელმწიფოს საზღვრების და საზღვრის რეჟიმის დაცვა.

-სად და როგორ განახორციელებენ პატრულირებას?

-მართლწესრიგის ოფიცრების გადაადგილება ორ კაციან ჯგუფებად მოხდება. ისინი პატრულირებას ძირითადად ქუჩებში განახორციელებენ, მათთვის განკუთვნილ სამოქმედო ტერიტორიებზე.  მათ უშუალო კონტაქტი ექნებათ მოსახლეობასთან, რაც გულისხმობს სახლებში ვიზიტს და მოქალაქეებთან გასაუბრებას.  შესაბამისი პრევენციული აქტივობების განხორციელების მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები შესაძლენელია წევიონ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც. მართლწესრიგის ოფიცრები გადაადგილდებიან საპოლიციო უნიფორმით, აღჭურვილი სამსახურებრივ- საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით და პორტატული კომპიუტერით, რომლის მეშვეობითაც აფიქსირებს მის სამოქმედო სექტორზე არსებულ სხვადასხვა მონაცემებს, რათა სამომავლოდ გამოიკვეთოს იქ არსებული პრობლემური საკითხები და დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები. უნდა აღინიშნოს, რომ მართლწესრიგის ოფიცრის მთავარი ფუნქცია დანაშაულის პრევენციაა, თუ საქმე წასწრებულ დანაშაულს ეხება, ის სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებებით. მაგალითად, მას შეუძლია გაანხორციელოს ისეთი გადაუდებელი ღონისძიებები, როგორიცაა შემთხვევის ადგილის დაცვა, პირის დაკავება, პირადი ჩხრეკა.

-რამდენ თანამშრომელს აერთიანებს მართლწესრიგის ოფიცერთა სამსახური?

-ვინაიდან აღნიშნული პროექტი ჯერჯერობით საპილოტეა, ის ამჟამად ხორციელდება მხოლოდ თბილისში, 2019 წლის ბოლომდე თბილისის 5 რაიონში ეტაპობრივად გადანაწილდება 365 მართლწესრიგის ოფიცერი. ამ ეტაპზე  ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს 60-ზე მეტი  ოფიცერი, რომლებიც ახორციელებენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს. ამასთან, შსს-ს აკადემიაში მართლწესრიგის ოფიცერთა მომზადების სპეციალურ, საგანმანათლებლო პროგრამას გადის ღია კონკურსის შემდეგ გადარჩეული 100 კანდიდატი,რომლებიც კურსის წარმატებით დასრულებისთანავე შეუდგებიან საქმიანობას. პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევა და იმედი გვაქვს, მიმდინარე წლის ბოლომდე აღნიშნული ინსტიტუტი სრულად დაკომპლექტდება კვალიფიციური კადრებით.

-რა არის საჭირო იმისთვის, რომ მართლწესრიგის ოფიცერი გავხდე და რა ეტაპებს გადის შერჩევამდე აპლიკანტი?

თუ თქვენ გაქვთ სურვილი გახდეთ მართლწესრიგის ოფიცერი, ძირითადი (საკვალიფიკაციო) მოთხოვნაა უმაღლესი განათლება მიუხედავად პროფესიისა.  გვაქვს არასავალდებულო კრიტერიუმებიც, რაც გულისხმობს იურიდიულ განათლებას, მართვის მოწმობის ფლობას და უცხო ენების ცოდნას. ამასთანავე, მართლწესრიგის ოფიცრის კანდიდატითვის მნიშვნელოვანია კომუნიკაციის და მედიაციის უნარები. შერჩევის პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისგან, კერძოდ:
        

  • განაცხადის ფორმის საფუძველზე შესაბამისი კანდიდატების გადარჩევა;
  • უნარ-ჩვევების ტესტი/IQ ტესტირება;
  • გასაუბრება;
  • ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;
  • მართლწესრიგის ოფიცრის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულება
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსურველთა მოტივირების მიზნით კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის ეპატებს, პოლიციის ადაკემიაში სწავლის დაწყებამდე, მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე დასწავლის პროცესში მიიღებენ თანამდებობრივი სარგოს ნახევარს.

-აქვთ თუ არა მოქალაქეებს საშუალება  მიმართონ მართლწესრიგის ოფიცრებს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშრებით?

-მოქალაქეებს აქვთ საშუალება მართლწესრიგის ოფიცრებს პირადად მიმართონ სამოქმედო სექტორზე და ქვეითად პატრულირების დროს. ასევე არსებობს ტელეფონზე და ინტერნეტის საშუალებით დაკავშირების შესაძლებლობებიც. მართლწესრიგის ოფიცრების საზოგადოებასთან დაახლოების და ინტენსიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნა ფეისბუქ გვერდი (მართლწესრიგის ოფიცერი) და მიმდინარეობს ასევე ვერ გვერდზე მუშაობაც. (officer.ge)

-თქვენი დაკვირვებით როგორ მიიღო ახალი ინსიტუტი საზოგადოებამ?

-ჯერჯერობით საზოგადოების აზრის მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობა დადებითად არის განწყობილი ოფიცრების საქმიანობის მიმართ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი მნიშვნელოვან რომლს შეასრულებენ საზოგადოებასა და პოლიციას შორის პარტნრიორული ურთიერთობების დამყარების პროცესში.

-ვინ განახორციელებს მათ მონიტორინგს?

-როგორც უკვე აღინიშნა, ინსტიტუტი პირველ ეტაპზე ინერგება თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, შესაბამისად მათი გადანაწილება მოხდება პოლიციის განყოფილებებში მთელი თბილისის მასშტაბით და დაექვემდებარებიან პოლიციის განყოფილებების ხელმძღვანელებს. ასე რომ, მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის ყოველდღიური მენეჯმენტი და კონტროლი განხორციელდება სწორედ განყოფილებების ხელმძღვანელების მიერ. ამასთან, იგეგმება დანაყოფების შექმნა, რომელიც დააკვირდება მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობას, განახორციელებს ოფიცრების სამუშაოს მონიტორინგს და მათი ეფექტური მუშაობის შეფასებას.  ცხადია, ნებისმიერი გადაცდომის შემთხვევაში საქმეში ჩაერთვება სამინისტროს გენერალური ინსპექცია და ნებისმიერი კანონდაღვევის ფაქტზე მოახდენს რეაგირებას.

-დაიწყეს თუ არა მართლწესრიგის ოფიცრებმა უკვე მუშაობა და არის თუ არა კონკრეტული დარღვევები გამოვლენილი?

-მართლწესრიგის ოფიცრები 2018 წლის დეკემბრიდან თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ტერიტორიაზე საქმიანობენ. ისინი ზონალური დაყოფის პრინციპის მიხედვით უკვე  გადანაწილებულები არიან.

 

 

 

 

 

 

 

თარიღი: 2019/02/06