გია ხუხაშვილი: „ვინმემ იცის „ყაზტრანსგაზის“ მფლობელის ვინაობა? - იქნებ, სულაც პუტინია და ჩვენ არ ვიცით?“
ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირებაზე საქართველოში დიდი ხანია საუბრობენ. ჩვენდა საბედნიეროდ, სამომხმარებლო ტარიფი არ გაზრდილა და 2019 წელს მოსახლეობა გაზის გაძვირებას გადაურჩა, რადგან მთავრობამ  ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასის ნაწილობრივი სუბსიდირება შეძლო. უფრო მეტიც, სამომხმარებლო ტარიფი  უმნიშვნელოდ, მაგრამ  მაინც შემცირდა: „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტებისთვის - 0.014 თეთრით, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისთვის - 0.011 თეთრით, ხოლო „საქორგგაზის“ აბონენტებისათვის  - 0.012 თეთრით. სამაგიეროდ, გაზი გაუძვირეს კომპანიებს - 1 მარტიდან ყველა მეწარმე გაზრდილ ტარიფს გადაიხდის. „სოკარ ჯორჯია გაზი“ საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასურს ზრდის,  რაც 1 კბ/მ-ზე 95 თეთრი იქნება ანუ  ახალი გადასახადი ძველს 11 თეთრით აღემატება.   კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ფასის კორექტირება  ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსისა და განაწილების ტარიფის ცვლილებამ გამოიწვია. როგორ აისახება ტარიფის გაძვირება ჩვენს ეკონომიკაზე და ფასებზე? - ამის შესახებ „ბიზნესპოსტს“ ეკონომიკის ექსპერტი  გია ხუხაშვილი ესაუბრა:

-ბატონო გია, იმოქმედებს თუ არა სამომხმარებლო ფასებზე ეს გაძვირება?

-ბუნებრივი აირი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და რა თქმა უნდა, ენერგეტიკული კომპონენტში გაძვირება ჯაჭვურად აისახება ყველა სახის პროდუქტის ღირებულებაზე. „სოკარის“ მიერ ტარიფის გაძვირებას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს: ჯერ ერთი ის, რომ  ლარის კურსი დაეცა. ტარიფების ფორმირებაში ვალუტის კურსს უპირველესი ადგილი უკავია და ჩემი აზრით,  ეს გაძვირება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ კომპანია სხვადასხვა მექანიზმით ახერხდებდა ძველი ტარიფის შენარჩუნებას.  შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ტარიფი მეწარმეებს „ყაზტრანსგაზმაც“ გაუძვირა.

- ტარიფის გაძვირებას თითქმის ყველა კომპანია ფინანსური დანახარჯებით ხსნის. „სოკარ ჯორჯია გაზის“ შემთხვევაშიც ასე მოხდა?  

-დიახ,  თუმცა, „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ტარიფის კორექტირება გაზგამანაწილებელ კომპანიებს შორის  ყველაზე გვიან გადაწყვიტა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ამ კომპანიას ძალიან დიდი საინვესტიციო ხარჯი აქვს. ხელისუფლების მოთხოვნით, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში, „სოკარი“ იძულებულია კომერციულად სრულიად გაუმართლებელი პროექტები აწარმოოს. მაგალითად: ყველაზე მივარდნილ სოფლებში მილიონიან გაზის მილებს რომ შეიყვანს, კომპანია ამ თანხას 200 წლის განმავლობაში ვერ ამოიღებს.  ასეთი მანკიერებები საბოლოო ჯამში ტარიფს აძვირებს, ეს - ბიზნესია, „სოკარიც“,  ყველა სხვა კომპანიის მსგავსად, მოგებაზეა ორიენტირებული და ზარალის, ან ქველმოქმედების რეჟიმში ვერ იმუშავებს. მით უმეტეს, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სერიოზული ინვესტიციების განხორციელება სჭირდება. ტარიფების ზრდა პირველადი მოხმარების საგნებსაც აძვირებს და საბოლოო ჯამში, მოსახლეობის ჯიბეზე აისახება.

-ბატონო გია, ლამის იუმორისტული გადაცემების თემად იქცა, რომ აზერბაიჯანი გაზს იაფად გვაწვდის და მისი ფასი საქართველოში ძვირდება. რატომ?

-ეს სიტუაცია მარტივი არითმეტიკით ვერ აიხსნება. ტარიფში ყოველთვის აისახება სხვადასხვა ტიპის ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტირება და დანაკარგები, მაგრამ საბითუმო ფასიც, თუ ლარის კურსს გავითვალისწინებთ, არც ისე იაფია. მოკლედ, მე ვერ ვიტყვი, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ. ვინც ამის საპირისპირო აზრს ემხრობა, ყველა საკონტრაქტო ფასს იღებს და ასე ანგარიშობს. სინამდვილეში ბუნებრივი აირის შესყიდვა ერთია, მაგრამ მის მომხმარებლამდე მიყვანას სერიოზული სახსრები სჭირდება. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, გაზგამანაწილებელი კომპანიები არც ისე დიდ მოგებას იღებენ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

-„ყაზტრანსგაზზეც“ ასევე ფიქრობთ?

- დიახ, მით უმეტეს, რომ „ყაზტრანსგაზის“ მდგომარეობა უფრო იოლია  და აგიხსნით რატომ: ეს კომპანია თბილისის ფარგლებში მუშაობს, თბილისი კი, მთლიანად გაზიფიცირებულია. აქედან გამომდინარე, მათ მხოლოდ საექსპლუატაციო და სარემონტო ხარჯები აქვთ  მაშინ, როდესაც „სოკარ ჯორჯია გაზს“ ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში  უწევს, სადაც მათი მუშაობა წამგებიანია. საერთოდ, რეგიონებში კომპანიების ხარჯი გაცილებით მეტია, ვიდრე თბილისში, ამიტომ, იქ ტარიფებიც უფრო ძვირია.

-საინტერესოა, როგორ შეძლო მთავრობამ სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირება?

-ასეთ დროს ხარჯების ურთიერთგადაფარვა ხდება: სოციალური ტარიფი რომ დაბალია, ამ დანაკარგს კომერციულ სექტორში დადგენილი მაღალი ტარიფებით ანაზღაურებენ, რადგან კომერციული სექტორი შედარებით გადახდისუნარიანია. სხვა საკითხია, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველანაირი პროდუქციის ღირებულებაზე მოქმედებს. ასე მოხდა ცოტა ხნის წინ, როდესაც ქვეყანაში პური გაძვირდა. თანაც, გაზის გაძვირებასთან ერთად ძვირდება ბენზინი, ელექტროენერგია, წყალი და ეს ყველაფერი პირველადი მოხმარების საგნების ფასში  აისახება.

-ერთი შეხედვით, გამოუვალი სიტუაცია იქმნება: კომპანია წაგებაზე ვერ იმუშავებს, მოსახლეობას კი ყველაფერი უძვირდება. სად არის გამოსავალი ამ ჩიხიდან?

 -ჩვენი პრობლემა მაღალი ტარიფები კი არ არის - ტარიფი ისეთი უნდა იყოს, რომ კომერციულმა სექტორმა გამართულად და უპრობლემოდ იმუშაოს, ჩვენი პრობლემა უმუშევრობა და მიზერული შემოსავლებია. მოსახლეობა უნდა იყოს დასაქმებული და ფინანსურად ძლიერი, რომ კომუნალური ხარჯების დასაფარად სახელმწიფოს დახმარება აღარ დასჭირდეს - ეს არის ჯანსაღი ეკონომიკა და სწორი ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენთან ყველაფერი პირიქით ხდება: ხალხს სამუშაოს მიღებისა და ღირსეული ხელფასის მიღების იმედი არა აქვს და სიბრაზების ვექტორს კომპანიებისკენ მიმართავს. თუ კომპანიებს ვაიძულებთ, რომ მოგების გარეშე იმუშაონ, მათ გაუჭირდებათ ქსელის რეაბილიტაცია და კონტროლი, რაც აუცილებელია  და სოლიდურ ხარჯებს მოითხოვს.

-ბატონო გია, ხშირად მსჯელობენ იმაზე, რომ ენერგეტიკა საქართველოში ყველაზე ბუნდოვანი სფეროა. თქვენც ეთანხმებით ამ თვალსაზრისს?

- მე მიმაჩნია, რომ ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები და ხომ არ გამოიყენებენ ამ ბერკეტს პოლიტიკური მიზნებისთვის, ან პროვოკაციებისთვის. ძალიან შემაშფოთებელია თუნდაც ის, რომ ჩვენ არ ვიცით, ვინ არის „ყაზტრანსაგზის“ მფლობელი. მე, მაგალითად, არ ვიცი. გამოვიდა დავით ბეჟუაშვილი და თქვა - ჩემიაო, მაგრამ ეს სიცრუე არმოჩნდა - კომპანიამ უარყო. იქნებ მისი მფლობელი პუტინია და რუსები სპეციალურად გვიწყობენ დივერსიას?  ვინ არის ინვესტორი, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნიკური უსაფრთხოება, ან - ტარიფები. თუ „სოკარ ჯორჯიას“ შემთხვევაში ვიცით, რომ ეს აზერბაიჯანული  სახელმწიფო კომპანიაა და მის საქმიანობაში დაფარული ვერაფერი იქნება, „ყაზტრანსგაზის“ მფლობელების შესახებ არაფერი ვიცით მას შემდეგ, რაც ეს კომპანია ყაზახებმა დატოვეს. პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ მსგავს  საკითხებს ნათელი მოჰფინოს და ქვეყანაში მოქმედი კომპანიების საქმიანობა ჩვენთვის უფრო გამჭვირვალე გახდეს.

თარიღი: 2019/02/08