"როდესაც დარწმუნებული ხარ და მთელი გულით გწამს, რომ ყველაფერი გამოგივა , უკვე გამარჯვებული ხარ! "- ფრიდონ ინჯია
როგორ მივაღწიოთ წარმატებას, რა გზით შევინარჩუნოთ მიღწეული და რა მეთოდებით დავიმსახუროთ ადამიანების სიყვარული? იმ ადამიანის  ცხოვრებისა  და მოღვაწეობის მაგალითის წარმოჩენით, რომელმაც სერიოზული კაპიტალის დაგროვება, სამუშაო ადგილების შექმნა და საზოგადოების პატივისცემის დამსახურება შეძლო,  „ბიზნესპოსტი“ წარმატების ფორმულის საინტერესო ვერსიას გთავაზობთ.

ადამიანის წარუმატებლობას თუ წარმატებას ხშირად ბედ-იღბალსაც მიაწერენ, თუმცა ჩვენი რუბრიკის  სტუმარი, შპს "ახალი ქსელების" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ყოფილი კავშირგაბმულობის მინისტრი და პარლამენტარი,  ბიზნესმენი ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ ადამიანის წარმატებას ყველაზე მეტად მიზანდასახულობა და თავდაუზოგავი შრომა განაპირობებს.

_ ბატონო ფრიდონ, მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ საქმიანობა და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დადებით განწყობას, გარკვეული საქმის წამოწყებისას?

_ ნებისმიერი საქმის წამოწყებისას შემართებას ძალიან დიდი ძალა აქვს. როდესაც დარწმუნებული ხარ და მთელი გულით გწამს, რომ აუცილებლად გამოგივა ყველაფერი, შენ უკვე გამარჯვებული ხარ! არსებობს ისეთი არარეალური მიზანი, როგორიცაა მუსიკის დაწერა ან ფერწერული ტილოს შექმნა, როცა ამ სფეროში ნიჭი არ გაგაჩნია, თუმცა თავდაუზოგავი შრომა და მიზანდასახულობა ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევის შანსებს აასმაგებს!

მიმაჩნია, რომ ორგანიზატორულ ნიჭს აქვს დიდი მნიშვნელობა. ლენინგრადში, ინსტიტუტში სწავლის პერიოდშიც კი, სადაც 32 კაცში მხოლოდ მე ვიყავი ქართველი, ცოტათი, ალბათ,  გამორჩეული გახლდით. მქონდა საკუთარი თავის რწმენა და მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალური სიმაღლეებისათვის უნდა მიმეღწია. 16-17 წლის ბიჭი სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორი ვიყავი, სტუდენტური ცხოვრების ყველა აქტივობაში ვმონაწილეობდი, შეიძლება ითქვას, უჩემოდ ინსტიტუტში არაფერი კეთდებოდა. სწავლის დამთავრების შემდეგ ინსტიტუტში ვმუშაობდი, შემდეგ კი მოსკოვში, ცენტრალურ აპარატში გადამიყვანეს. უფროსი ინჟინერი ვიყავი სამეცნიერო-ტექნიკურ სამმართველოში, რომელიც უმნიშვნელოვანესი რგოლი გახლდათ სამინისტროს მუშაობაში. 800 კაციდან სულ 7 მეცნიერებათა კანდიდატი იყო, მათ შორის,  ერთ-ერთი მე ვიყავი.

ვმეცადინეობდი საკმაოდ კარგად, თუმცა  ვთვლი, რომ ამასთან ერთმა ორგანიზატორულმა  და ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობის ქონამ შემიწყო ხელი გარკვეული წარმატებისთვის მიმეღწია. რექტორთან საპირველმაისო ღონისძიებების თათბირი იყო, სადაც მდივანმა რაღაც ქაღალდი შემოიტანა. დარბაზში 30 კაცი ვიყავით და იმ ქალმა მე მომძებნა თვალებით. რექტორმა წერილი წაიკითხა, მანაც მე შემომხედა. ის დღე უმნიშვნელოვანესი გახლდათ ჩემს ცხოვრებაში! სამთავრობო დეპეშაში ეწერა, რომ ფრიდონ ილიას ძე ინჯია გადაყვანილია ცენტრალურ აპარატში. ეს ძალიან დიდი წარმატება იყო ჩემთვის. იქ 4 წელი დავყავი. 32 წლის ასაკში მოვძებნე ქართველი ქალი, დავოჯახდი და ლენინგრადში წავიყვანე. უკვე დოცენტიც გავხდი და ლექციებს ვკითხულობდი. ცენტრალური აპარატიდან, როგორც წესი, საზღვარგარეთ აგზავნიდნენ ხოლმე. უცხოეთში ელჩების მოადგილედ ან საწარმოების ხელმძღვანელად. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ქვეყანაც შერჩეული მქონდა, სადაც უნდა წავსულიყავი. ამ დროს, მოულოდნელად, საქართველოში  ელექტროტექნიკურ საშუალებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში  გამოჩნდა მთავარი ინჟინრის ადგილი, სადაც დირექტორობის პერსპექტივა მქონდა. მართლაც გადმოვედი თბილისში და წელიწადნახევარში ინსტიტუტის დირექტორი გავხდი. ეს ის პერიოდია, როდესაც იწყება ახალი მოძრაობები, იქმნება კოოპერატივები. ამ პროცესებში მეც მივიღე მონაწილეობა. ყველაფერი ისე ეწყობოდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც ჩაფიქრებული მქონდა და გულით მინდოდა.

_ როგორ ფიქრობთ, ბედი გწყალობდათ?

_ კი, რასაკვირველია. დღესაც ზოგჯერ არის სიტუაციები, როცა გამოსავალი არ არსებობს და...  უცებ გამოჩნდება ხოლმე გზა სიტუაციის გამოსასწორებლად...

_ ბატონო ფრიდონ, როგორი ოჯახში გაიზარდეთ? როგორი მშობლები გყავდათ?

_ მარტვილის რაიონის სოფელ ნალეფსაოში დავიბადე და გავიზარდე. მამა სკოლის დირექტორი გახლდათ, დედა _ მასწავლებელი. ეკონომიურად საშუალო დონის ოჯახი გვქონდა. დედა ძალიან მკაცრი იყო. დღეში ერთი-ორჯერ მაინც მომარტყამდა ხოლმე. უზომოდ ცელქი ბავშვი ვიყავი. ძროხას საბალახოდ რომ გამატანდნენ, წყალს დავალევინებდი, ეზოში დავაბამდი და მე ფეხბურთის სათამაშოდ ვიპარებოდი.  კარგად ვსწავლობდი, თუმცა სამეცადინო დრო არასოდეს მქონდა. გაკვეთილებზე ვიმახსოვრებდი ყველაფერს. უამრავი საოჯახო საქმის კეთება მიწევდა. დიდი თოხი მქონდა. დილით 5 საათზე მამაჩემი ქვასავით ხელს რომ დამადებდა და გამაღვიძებდა, სკოლაში წასვლამდე სათოხარში მივყავდი. ალბათ, ამგვარმა ცხოვრებამ მტკიცე ხასიათი ჩამომიყალიბა. ყველაფერი გვყავდა: ქათმები, ინდაურები, გოჭები, ძროხები და რა აღარ! ინდაურებმა ხომ სიცოცხლე გამიმწარეს. სათითაოდ ვიჭერდი და ხელით ვაჭმევდი. ძროხაც მიმშობიარებია და სულგუნიც გამიკეთებია! დედაჩემი თვენახევარი წამოსული იყო, ბიძაშვილი გაუხდა ავად და ექიმებთან დაჰყვებოდა. ჩემს ძმასა და ჩემს შორის ექვს წელიწადნახევარია განსხვავება. ის ჩემზე პატარაა და უფრო  სწავლაზე იყო ორიენტირებული.  მთელი კლასი მეხვეწებოდა, 15 წუთით ადრე მივსულიყავი სკოლაში, რომ დავალებები ჩემგან გადაეწერათ. ალბათ, სოფელში იმ პერიოდში ყველა ბავშვი მეტ-ნაკლებად ასე ცხოვრობდა.

_  ჩვენი ბედნიერი და უზრუნველი მომავალი დამოკიდებულია შვილების სწორად აღზრდაზე. თქვენ როგორი მიდგომა გაქვთ შვილებისადმი? ხართ თუ არა მკაცრი და მომთხოვნი მშობელი?

_ ორი შვილი მყავს. ვთვლი, რომ საკმაოდ მკაცრი და სამართლიანი მშობელი ვიყავი ყოველთვის. როდესაც ბავშვი გამიზნულად იქცევა ცუდად და ჯიუტობს, მომხრე ვარ, გარკვეული დასჯის მეთოდი მოიფიქროს მშობელმა. ჩემი შვილები ზედმეტად არასოდეს გამინებივრებია. არც ერთს არ უსწავლია საზღვარგარეთ. ორივემ აქ დაამთავრა სასწავლებელი. არ გავუშვი სპეციალურად.

როდესაც პეტერბურგში ვსწავლობდი, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ქართველად დავრჩენილიყავი. სწორედ ამის შემეშინდა და ამას მოვერიდე. სანამ დედამიწა იარსებებს, მინდა რომ ქართულმა ადათ-წესებმა და ტრადიციებმა, ქართულმა ენამ და ისტორიამ იარსებობს. ეს ყველაფერი კი ჩვენი და ჩვენი შვილების შესანარჩუნებელია!

_ იქნებ გვირჩიოთ, როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ ესა თუ ის ბიზნესიდეა სწორად! რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გარკვეული საქმიანობის წამოწყებისას?

_ ბიზნესიდეა აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს რაღაცას. უნდა განსაზღვრო ბაზარზე არსებული მოთხოვნა, გქონდეს მასალა და განსაზღვრო, რა მოგებას მოიტანს ეს საქმე. აუცილებლად უნდა გყავდეს  ჭკვიანი ხალხი, რომელთაც მოუძებნი თავიანთ შესაფარის ადგილს შენს ბიზნესში. თანამშრომელი აუცილებლად ბედნიერი უნდა გყავდეს. ის უნდა ფიქრობდეს, რომ იმ პოზიციაზე, რომელზეც მუშაობს, ყველაზე უკეთ და კომფორტულად არის მორგებული. შენი თითოეული თანამშრომელი უნდა ამაყობდეს საკუთარი ადგილით და უნდა იცოდეს, რომ თუკი კარგად იმუშავებს, გაცილებით უკეთ იქნება.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის დაწყებისას სწორედ იმდენი ადამიანი აიყვანო სამსახურში, რამდენიც საჭიროა. არც მეტი და არც ნაკლები. თავიდან ხალხის დასაქმებაზე არავინ ფიქრობს. დასაქმება ბიზნესის ზრდასთან ერთად მოდის.

_ როგორი პიროვნული თვისებები უნდა ჰქონდეს და რა ჩვევები უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა იმისათვის, რომ სწორად მართოს კოლექტივი და წარმატებას მიაღწიოს?

_ რასაც იტყვი და შეპირდები ადამიანს, აუცილებლად უნდა შეასრულო. გულწრფელობა ყველაფერზე უკეთესია. კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა აუცილებელი თვისებებია წარმატების მისაღწევად. მაგალითი უნდა იყო სხვისთვის. თუ გინდა პატივი გცენ, სიტყვის კაცი უნდა იყო. მოზომილად უნდა ილაპარაკო. არავის უნდა შეპირდე ის, რასაც ვერ შეასრულებ. პატიოსნად უნდა იცხოვრო. მაშინ შეგიძლია თავისუფლად და მშვიდად წახვიდე სახლში და დაიძინო. მე პირადად, გაფრთხილებული მყავს ყველა, რამე რომ მოპაროთ სახელმწიფოს და რამე დამალოთ, პირველი მე მოგკიდებთ ხელს და გადაგცემთ სამართალდამცავებს მეთქი. მინისტრი ვიყავი თითქმის შვიდი წელი. დაახლოებით 35 000 ათასი თანამშრომელი მყავდა კავშირგაბმულობის სისტემაში. ამ ხნის განმავლობაში ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია პროკურატურას.

_ პირადად თქვენ რა თვისებების მქონე ადამიანს თვლით უკვე წარმატებულად?

_ წარმატების მიღწევას ერთი თვისება არ ყოფნის. მყავს მეგობარი, რომელიც, ფაქტობრივად, ეინშტეინია, თუმცა რაღაც თვისებები აკლია, რომ საქმე წარმატებულად აკეთოს. ალბათ, თქვენც იცნობთ ადამიანებს, რომელიც ძალიან განათლებულები არიან, იციან რამდენიმე ენა და თავს მაინც წარუმატებელ ადამიანებად თვლიან. ცხოვრების და სილამაზის სიყვარული, ოცნების უნარი, აზარტულობა, შნო და მარიფათი, ადამიანებთან ლამაზად ურთიერთობის უნარი კარგ განათლებასთან ერთად, ალბათ, გარკვეულწილად, ჩვენს წარმატებას განაპირობებს.

_ როგორ უნდა მოვიქცეთ გარშემომყოფებთან, რომ საზოგადოების სიყვარული და პატივისცემა დავიმსახუროთ?

_ უნდა იყოთ მხიარული, გულწრფელი და სამართლიანი. უნდა შეგეძლოთ ყველა ადამიანის გულთან ახლოს მისვლა. სადმე მაღაზიაში რომ მივდივარ და ვთქვათ, გამყიდველი იბღვირება. ვეტყვი ხოლმე, ღიმილი, როგორ გიხდებათ-მეთქი და კარგ ხასიათზე ვაყენებ ყველას. ყველა ადამიანში უნდა ეცადო, კარგი თვისება დაინახო. თუ გინდა, რომ გარშემომყოფებს უყვარდე და პატივს გცემდნენ, პირველ რიგში, შენ თავად უნდა შეიყვარო ისინი და პატივი სცე. ასევე, აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა გქონდეთ. უნდა შეუქმნა ადამიანებს კარგი განწყობა და შეაქო იმისთვის, რაც კარგი აქვთ. ამით აამაღლებთ როგორც მათ თვითშეფასებას საკუთარი თავის მიმართ, ამავე დროს ყველას თქვენ მიმართ დადებითად განაწყობთ.

_ ბატონო ფრიდონ, თქვენი აზრით, წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე მიზანშეწონილია თუ არა თავმდაბლობა?

_ თუ ხასიათში გაქვს ხათრიანობა და თავმდაბლობა, ვერ შეიცვლები და ვერ გადაკეთდები. შეიძლება, ძალიან ბევრსაც მიაღწიო, შეიძლება - ვერც, თუმცა ნაღდი იქნები. მოკლედ, ის უნდა იყო ადამიანი, რაც ხარ.  შვილები და შთამომავლობა თავაწეული ივლის, როდესაც ეცოდინება, რომ მის წინაპარს არასდროს უთავხედია და არასდროს უთამაშია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ თავხედ ადამიანთან თავმდაბლობა გაუმართლებელია! შესაბამისად, უნდა იცოდეს ადამიანმა, ვისთან იყო თავმდაბალი და კეთილშობილი. ზოგიერთმა დაბალი დონის ადამიანმა შენი ამგვარი საუკეთესო თვისებები ბოროტად შეიძლება გამოიყენოს. ამისთანებთან, მტრისას, ისეთი შეუვალი და მკაცრი ვხდები. თავხედს უნდა გაულაწუნო! მე ასე ვფიქრობ.

_ დღეისთვის საქართველოში არსებული ტოტალური უმუშევრობის ფონზე, ადამიანს, რომელიც გარკვეულ წარმატებას აღწევს, უამრავი ნათესავ-მეგობარი სთხოვს დახმარებას და დასაქმებას. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ სიტუაციაში და რამდენად ამართლებს ბიზნესში მხოლოდ ახლობლობის ნიშნით დასაქმება?

_ ძალიან რთული თემაა. ის ნათესავი, რომელსაც საკუთარი შვილივით, ძმასავით უყურებ და შეგიძლია ისევე პირდაპირ უთხრა შენიშვნა, როგორც ოჯახის წევრს, შეიძლება გვერდში დაიყენო. პირდაპირ ვეუბნები ახლობლებს, როდესაც სამსახურში აყვანას მთხოვენ, - ამ სირთულის სამუშაოა, თუ შეძლებ იმუშავე, მე შენს საქმეს ვერ გავაკეთებ-მეთქი. თუ ადამიანი იმსახურებს, მას ვაძლევ შანსს, თავისი პატიოსანი შრომით ოჯახი არჩინოს, თუმცა არასწორი  საქციელის შემთხვევაში, ისე ვთხოვ პასუხს, როგორც დანარჩენ რიგით თანამშრომლებს.

_ ადამიანთა უმრავლესობა წუწუნებს, რომ ახლობლებს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა სჭირდებათ! თქვენ როგორი მიდგომა გაქვთ ასეთი ხალხისადმი და რას გვირჩევთ ე.წ. მედროვე ადამიანებთან ურთიერთობისას?

_ უანგაროდ და დიდი სიხარულით ვეხმარებით მათ, ვისაც ზუსტად ვიცი, რომ ჩემი დახმარება სჭირდებათ. თხოვნაც არ მჭირდება, თუმცა... კარტს რომ ითამაშებს ადამიანი, ფულს წააგებს და მომადგება, სჯობს, არ მოვიდეს, რომ მერე თავი უხერხულად არ იგრძნოს...

_ როგორ ვხარჯოთ სწორად ფული? საჭიროა თუ არა ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვა?

_ ოჯახის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, უნდა დაიგეგმოს და ერთ ხელში უნდა იყოს. სისულელეში ფულის ფლანგვა დასანანია. თანხა ოჯახში მხოლოდ საჭიროებაში უნდა დაიხარჯოს. ჩემი ამგვარი მიდგომა ჩემს მეუღლეს არ მოსწონს, ფულის ერთ ხელში არსებობა მაქვს მხედველობაში. სწორად ხარჯვა ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. დანაზოგის კეთება ჩემთვის ცოტა რთულია. ჩემი მეუღლეც ასეა. მას თავისი საქველმოქმედო არეალი აქვს. მოგეხსენებათ, ქართული ფეხბურთის განვითარებაში 10 მილიონამდე მაქვს ჩადებული. ზოგადად, ამ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან რთულია. იმხელა გადასახადები და ვალდებულებები აქვს ხალხს. განსაკუთრებით მათ უნდა დაგეგმონ წინასწარ ოჯახის ბიუჯეტი, ვისაც მცირე შემოსავალი აქვს.

_  როგორია თქვენი ცხოვრების წესი და დღის რეჟიმი, როგორ უმკლავდებით დაღლას ასეთი რთული ცხოვრების რიტმის პირობებში?

_ დილით ვდგები რვა-ცხა საათზე. ხანდახან ვვარჯიშობ კიდეც. მაქსიმალურად შემიძლია თავის შეკავება. როდესაც მიყოლებით მომიწევს სუფრაზე სმა-ჭამა, ორი დღე მხოლოდ წყალს ვსვამ ხოლმე. ე.წ. განტვირთვის დღეებს ვაწყობ. ახლაც, მეორე დღეა, მხოლოდ წყალს ვსვამ და ძალიან ბედნიერი ვარ. მაქვს უნარი  საკუთარი თავის შთაგონების. შემიძლია, მაგალითად, დავლიო დიდი რაოდენობით სასმელი და ნაკლებად მომეკიდოს. დაახლოებით პირველ საათზე ვიძინებ. თავთან მიდევს საწერკალამი და წიგნაკი, სადაც, შესაძლოა, შუაღამისას ჩანაწერი გავაკეთო, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი იდეა მომივა. რაღაც კონკრეტული იდეა მაქვს, ახალი მიმართულება ბიზნესში, ვაანალიზებ გზებს, ვეძებ საჭირო ხალხს. მუდმივად დავდივარ იმ ქვეყნებში, სადაც სხვადასხვა სფეროში მაქვს ბიზნესები. მაქსიმალურად ვცდილობ, გავაკონტროლო ყველაფერი.  ძალიან მიყვარს ნადირობა და ფეხბურთი.

- არასდროს გიფიქრიათ, რომ დაანებოთ თავი ასეთ დატვირთულ საქმიანობას და დატკბეთ ცხოვრებით?

- გამორიცხულია! ბედნიერი ვარ მაშინ, როცა ვმუშაობ და ვვითარდები! უსაქმოდ ერთ დღეში მოვკვდები!

_ ბატონო ფრიდონ, რაში მდგომარეობს თქვენი წარმატების საიდუმლო და არსებობს თუ არა ოცნება, რომელიც დღემდე ვერ აისრულეთ?

_ ამას ნამდვილად ვერ გეტყვით ორი სიტყვით. პრინციპში ინტერვიუში მხოლოდ საკუთარ თავზე ვსაუბრობ და დასკვნა მკითხველმა გამოიტანოს. რაც შეეხება ოცნებას, ახალგაზრდობაში ვოცნებობდი, მეცნიერი გამოსულიყავი და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონებები მქონდა. შემდეგ ინსტიტუტის დირექტორობაზე ვოცნებობდი და გავხდი კიდეც ინსტიტუტის დირექტორი. შემდეგ გულში მინისტრობა ჩავიდე და როგორც მოგეხსენებათ, 7 წლამდე კავშირგაბმულობის მინისტრი ვიყავი. ახლა ვოცნებობ, - ნეტა მეტი მენატრა რამე-მეთქი? ჩემი ნატვრები და ოცნებები ძნელად, მაგრამ ძირითადად,  სრულდება. ეს ხუმრობით, მაგრამ ძალიან დიდი შრომა მჭირდება ხოლმე, რომ მიზანს მივაღწიო.

ახლა აფხაზეთის დაბრუნებაზე ვოცნებობ. ვზივარ და ვფიქრობ, როგორ დავიბრუნო ჩემი აფხაზეთი. მთელი კონცეფცია მაქვს შემუშავებული. გუშინ წიგნი მომიტანეს, სადაც აფხაზეთში დაღუპულთა სიებია გამოქვეყნებული. ჩემი ალალი მამიდაშვილი, ნინო მამიდას შვილი, ჩემი ოთარი გეგეჭკორი თავის ეზოში დახვრიტეს და დაასაფლავეს. სულით ხორცამდე ვარ შეძრული და მოსვენებას არ მაძლევს ამაზე ფიქრი! იმედი მაქვს სანუკვარ ოცნებას ავისრულებ და აფხაზეთში დავბრუნდებით!

თარიღი: 2018/04/30