როგორ ვებრძოლოთ ჩვენი ქვეყნის სამზარეულოს ფალსიფიკაციას?
ინტერვიუ გიორგი იოსავასთან

საქართველოს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა მისი კულტურისა და ტრადიციების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს. ჩვენს ქვეყანაში ევროპისა და აზიის შერწყმა ძალიან ბევრ სფეროში, მათ შორის, სამზარეულოშიც მკაფიოდ იგრძნობა. ეს უკანასკნელი ორივე კონტინენტისთვის დამახასიათებელი კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ამასთან, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა ახასიათებს, რასაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს რეგიონების მიხედვით არსებული განსხვავებულობა  ხდის.

საქართველოს ყველა მხარეს მისთვის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, „მშობლიური კერძები" აქვს, შესაბამისად,  ქართული სამზარეულოც რამდენიმე მდიდარი კუთხური სამზარეულოსგან შედგება. ზოგადად, ქვეყნის სამზარეულოს მისი ეკოლოგიური გარემო, სასოფლო-სამეურნეო პირობები, მოსახლეობის ქონებრივი მდგომარეობა და ეთნოსის რელიგია აყალიბებს. ქართული სამზარეულოს ასეთ მრავალფეროვნებასაც ხელი ამ კომპონენტებმა შეუწყო.

საქართველოს სხვადასხვა კუთხის კერძები, საბოლოო ჯამში, ერთიან ქართულ სამზარეულოს ქმნის, რომელიც ხორცეულის, ბოსტნეულის, ცომეულის, რძის პროდუქტებისა და ტკბილეულის მრავალფეროვნებითა და მათი ყველასგან განსხვავებული გემოთი გამოირჩევა. სწორედ ასეთი მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის წყალობით აქვს ქართულ სამზარეულოს მსოფლიოში ძალიან დიდი აღიარება. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ქართულმა სამზარეულომ ევროპის სამზარეულოებში მეოთხე ადგილი დაიკავა.  ეს ნამდვილად უდიდესი წარმატებაა  ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით:  პირველი ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის საკმაოდ დიდხნიან პერიოდში,  საბჭოთა არეალის გარდა, კავშირი არცერთ სხვა სამყაროსთან არ ჰქონია და მსოფლიოს თავს ყველა მიმართულებით ახლა ვაცნობთ და მეორე -  ძალიან რთულია ევროპაში რაიმე სფეროში  აღიარების მოპოვება და  საპატიო ადგილის დამკვიდრება, რადგან „ბებერი კონტინენტი" უძველესი ცივილიზაციების, კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნებს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ ქართული კერძები არა მხოლოდ საზღვარგარეთ არის პოპულარული, არამედ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების  დიდ მოწონებასაც იმსახურებს.  შესაბამისად, ქართულ სამზარეულოს აქვს საქართველოს უნიკალურ ტურისტულ ქვეყნად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილის შეტანის პოტენციალი. ამასთან, გასტრონომიული ტურიზმი ის ნაწილია, რომელსაც ყველაფერზე უკეთ შეუძლია, ვიზიტორს ქვეყნის განმეორებითი ნახვის სურვილი გაუჩინოს.  

ქართული სამზარეულოს პოპულარობის გაზრდასთან ერთად, იზრდება იმის საშიშროებაც, რომ ქართული კერძები, ჩვენი ტრადიციული კულინარიის შედევრები, მსოფლიომ სხვა ქვეყნების სახელით გაიცნოს. ბოლო პერიოდში, პოპულარობის გაზრდასთან ერთად პირდაპირპორციულად არის გაზრდილი ქართული კერძების ფალსიფიკაციის, მისთვის სხვა სახელისა და სხვა სამშობლოს მიკუთვნების ფაქტების რიცხვიც. და რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სხვა ღირებულებებთან ერთად, საქართველო გასტრონომიული ტურიზმით განსაკუთრებულად ფასობს,  ამიტომ ქართული კერძების მსოფლიო დონეზე აღიარებისთვის ბრძოლა და მისი ფალსიფიკაციისგან დაცვა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხად უნდა იქცეს. ამ პრობლემის გახშირებულ შემთხვევებსა და იმ საშიშროებებზე, რაც შეიძლება ამ ტენდენციამ შეგვიქმნას, ბიზნესპოსტი" შეფ-მზარეულს, კულინარიული აკადემიის ლექტორს, გიორგი იოსავას ესაუბრა: 

-„ამ მიმართულებით ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. საგრძნობლად არის გახშირებული ფალსიფიკაცია. მაგალითად, რუსეთში ხაჭაპურს ყველიან ღვეზელს ეძახიან. მე მაქვს რუსული ენციკლოპედია, რომელშიც ქართული კერძები შეტანილია, როგორც რუსული კერძები და მოხსენიებულია მისი სამხრეთის რეგიონის კერძებად. იქ ნახავთ აჩმას, აჭარულ ხაჭაპურს, ელარჯს, კაკლის მურაბას. საკმაოდ ბევრ ქართულ კერძს, მაგრამ არსად წერია საქართველო. ეს საკმაოდ სერიოზული წიგნია, ენციკლოპედიაა და გავა 50-100 წელი და როგორც სერიოზული წყარო დარჩება და ჩვენ ამ დროს ​​მემგონი გძინავს" 

- რა ბერკეტებით უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას? 

- მე ვარ შეფმზარეული და ჩემს ფრონტზე ვიბრძვი, როგორც შემიძლია, მაქსიმუმს ვაკეთებ. თუნდაც რუსეთში მქონდა კულინარიული გადაცემა, 22 სერია გავიდა და მაქსიმალურად ვცდილობდი, გამეტანა რომ ეს ყველაფერი არის ქართული. ამ პრობლემას მეცნიერული და სახელმწიფოს მიდგომა სჭირდება. საავტორო უფლებები ხომ არსებობს, იუნესკომ ხომ დააფიქსირა, რომ ტოლმა არის აზერბაიჯანული. 

- ტოლმაზე ვიცით, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი დავობდნენ. ჩვენ თუ გვაქვს ასეთი სადავო კერძები მეზობელ ქვეყნებთან? 

-კი, გვაქვს გაურკვევლობა ჩრდილოეთ კავკასიასთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. მიდის კამათი, კონკრეტულად, ვისია ესა თუ ის კერძი, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა გავიტანოთ. ის კერძები, რომელზეც ვამბობთ, რომ ქართულია და რომელსაც, დიდი ხანია, ვამზადებთ, ვჭამთ და ა.შ., მე მგონი, ჩვენია, მაგალითად,  იგივე ხაში, აჯაფსანდალი და სხვა. ერთმა აზერბაიჯანელმა ქალბატონმა, ნახსენები რუსული გადაცემის შემდეგ,  მომწერა, როგორ გაბედეთ იმის თქმა, რომ აჯაფსანდალი და ხაში არის ქართული კერძები, ორივე აზებაიჯანულიაო. ბარბარე ჯორჯაძის წიგნი ავიღე, გადავუღე სურათები, გავუგზავნე და ვუთხარი, - შეიძლება თქვენც გაქვთ, მაგრამ საუკუნეებია, რაც ჩვენ ვამზადებთ-მეთქი. ამის შემდეგ დარბილდა ტონი. 

- რომელი ქართული კერძებია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ზოგადად სად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ სარესტორნო ბიზნესში ქართულმა სამზარეულომ წამყვანი როლი დაიკავოს? 

- ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რაც თითქმის ნახევარი მსოფლიოა,  პირველ ადგილზე ვართ. ყველა ჩვენი მეზობელი გიჟდება ჩვენს კერძებზე. ევროპასა და ამერიკაშიც ძალიან გახშირდა ქართული რესტორნების გახსნა. კიდევ უფრო პოპულარული ხდება ქართული სამზარეულო. აჭარული ხაჭაპურის ფენომენი საერთოდ ცალკე თემაა, ძალიან პოპულარული გახდა ის ამერიკაში. ასევე პოპულარულია იმერული ხაჭაპური და ხინკალი, უბრალოდ, ხინკალს აქვს ერთი პრობლემა, რომ ძალიან ჰგავს აზიურ კერძს და შეიძლება ვერ აღიქვამენ როგორც ქართულს, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ჩვენი გავიტანოთ. დანარჩენ კერძებსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მაგალითად, ჩვენს ვეგეტარიანულ კერძებს, რომლებიც ჯერჯერობით არ არის ძალიან პოპულარული, მაგრამ მსოფლიო ტრენდია ვეგანური თემა და მგონი, ამ მხრივაც ლიდერები გავხდებით. 

- მივიწყებულ ქართულ კერძებზე რას იტყვით, მგონი მათში ვეგეტარიანული ძალიან ბევრია... 

- ნამდვილად. უბრალოდ, დაკარგულია თვითონ პროდუქტი, რეცეპტებზე აღარ არის საუბარი. ჩვენ ახლა ჩვენს რესტორანში ვაკეთებთ ღომის ღომს და ეს ღომის მარცვლის პოვნა არის ძალინ რთული, რადგან არ არის მასობრივი. იქ ცულისპირას ლობიანისთვის ცულისპირა ძლივს ვიშოვეთ. ძველი კერძები უფრო ძველ პროდუქტებთან არის დაკავშირებული და ამიტომ გვჭირდება სოფლის მეურნეობის დახმარება, რომ აღადგინონ ჩვენი ენდემური ჯიშები. 

თარიღი: 2018/04/30