„გაზპრომთან“ დადებული კონტრაქტის ვადა ამოწურულია - რას მიიღებს საქართველო რუსულ გიგანტთან მოლაპარაკებით?
საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მიმდინარეობს, რომელსაც  ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს. სამწუხაროდ, მოლაპარაკების დეტალებზე და  ზუსტ  ვადებზე მედიასთან არ საუბრობენ,  მაგრამ აშკარაა, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება. საქმე ის არის, რომ „გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას  შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადა 2018 წლის 31დეკემბერს ამოიწურა. ამის გამო, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობებზე ახალი ხელშეკრულება ძალიან მალე უნდა გაფორმდეს.

ცნობილია, რომ 2017 წელს  საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის კონტრაქტის პირობები შეიცვალა და საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა. მანამდე სომხეთისკენ გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს საქართველო ნატურით იტოვებდა და ქვეყანას უფასო ბუნებრივი აირი რჩებოდა. ენერგეტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ანაზღაურების ფორმა იგივე დარჩება და ორი მხარის მოლაპარაკებას დიდი ცვლილებები არ მოჰყვება. „ბიზნესპოსტთან“ საუბრისას საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა - რეზო არველაძემ აღნიშნა: „ჩემი აზრით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. ის პირობები, რაც იყო, დიდად არ შეიცვლება.  თუმცა, მე მიმაჩნია, რომ გაზის გატარების საფასური ორკომპონენტიანი უნდა იყოს და ეს მოთხოვნა ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა დააყენოს: პირველ რიგში, ამ გაზსადენის ექსპლუატაციის ხარჯები „გაზპრომმა“ მთლიანად თავის თავზე უნდა აიღოს, რადგან  მილსადენი პრაქტიკულად მხოლოდ სომხეთს აწვდის გაზს. მეორე კომპონენტი კი, გატარების საფასური უნდა იყოს. არ ვიცი როგორ მოილაპარაკებენ და რა გადაწყდება, მაგრამ კარგი იქნება საქართველო თავის პოზიციებს მცირედით მაინც თუ გაიუმჯობესებს“. 

კონტრაქტში სერიოზული ცვლილებების იმედი არა აქვს ანალიტიკოს ბექა კემულარიასაც, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია:

ბექ კემულარია -„გაზპორმთან“ მოლაპარაკებებმა  რუსეთსა და სომხეთს შორის არსებული მილსადენის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ მაქსიმალური უნდა მოითხოვოს, რომ მინიმალური შედეგი მიიღოს. საბოლოოდ რას გადაწყვეტს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კორპორაცია, ეს - მისი გადასაწყვეტია. „გაზპრომს“ თავისი მიზნები აქვს, ქართულ მხარეს - თავისი, მაგრამ ასეთ დროს თამაშის წესებს ყოველთვის მსხვილი კორპორაციები განსაზღვრავენ.

- მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე რომ გადის ?

-დიახ, მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზეა და რუსულმა გაზმა ძალაუნებურად აქ უნდა გაიაროს, მაგრამ რაღაც არარეალური რომ მოვითხოვოთ, აზრი არა აქვს. რას გვთავაზობს ეს უდიდესი კორპორაცია და რას დათანხმდება ქართული მხარე, ეს ორ სუბიექტს შორის მოლაპარაკების საგანია. 2-3 წლის წინ ამ მილსადენით  გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტი საქართველოს რჩებოდა, მაგრამ შარშანწინ, „გაზპრომის“  მოთხოვნით, მონეტარული ანაზღაურების სისტემაზე გადავედით. მართალია, ამით ქართულმა მხარემ ზარალი ნახა, მაგრამ რუსულ გიგანტსაც ჰქონდა საფუძველი პირობების შესაცვლელად.  მაგალითად: აზერბაიჯანიდან წამოსული მილსადენი უფრო მეტ მანძილს გადის და ეს ქვეყანა გატარებული ნავთობის 5 %-ს გვიტოვებს. ცხადია,  „გაზპრომის“ მოთხოვნები შეიცვლებოდა და კორპორაციამ ნატურით ანაზღაურება ფიქსირებული თანხით შეცვალა. სხვათა შორის, „გაზპრომმა“  იგივე სისტემა შემოიღო თითქმის ყველა სატრანზიტო პარტნიორთან, კერძოდ, თურქეთთან და  ევროპის ქვეყნებთან.

- რამდენად წამგებიანი იყო საქართველოსთვის ეს ცვლილება?

- ამას კონკრეტული მონაცემების გარეშე ვერავინ  იტყვის. კონტრაქტში ბევრი რამ იყო და არის გასაიდუმლოებული, ამიტომ, ძნელია დავითვალოთ, რამდენად წამგებიანი იყო ეს ცვლილება საქართველოსთვის. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ ისევ ძველ სისტემაზე გადავიდეთ და ისევ ნატურით გადაგვიხადონ. მთავრობაც აღიარებს და ენერგეტიკოსებიც ადასტურებენ, რომ  რა რეჟიმიც იყო ბოლო 2 წელიწადში, დაახლოებით იგივე დარჩება, თუმცა ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი პირობები გავაუმჯობესოთ. რაც მთავარია, ჩვენი იმედები გადაჭარბებული არ უნდა იყოს, არ უნდა ველოდოთ, რომ „გაზპრომი“ ჩვენთან გატარებული ბუნებრივი აირის ნახევარს დაგვიტოვებს. უკვე ვთქვი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ერთი მილსადენი გადის, რუსულ მხარეს შეუძლია ფასის განსაზღვრისას ეს მაგალითი მოიყვანოს, რადგან იქ ანაზღაურება გაცილებით ნაკლებია. ამიტომ, რეალისტები უნდა ვიყოთ და რეალურ შედეგებს უნდა ველოდეთ.

-მოლაპარაკების ზუსტ ვადებს და დეტალებს მედიასთან არ ახმაურებენ, რაც საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს.

-როდესაც ხელშეკრულება ორ კომპანიას შორის ფორმდება,  მასში ბევრი რამ კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, ამიტომ, მე ვერ ვიტყვი, რომ მხარეებმა ხელშეკრულების ყველა პუნქტი საჯარო უნდა გახადონ. საზოგადოებამ ხელშეკრულების პირობები რაღაც დოზით  უნდა იცოდეს, მაგრამ ის დეტალები, რომელიც კომერციული საიდუმლოა, ვერ და არ გახმაურდება - ეს სავსებით გასაგებია .

-ცნობილი, რომ ამ ბაზარზე კონკურენცია საკმარისი არ არის. როგორც ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს,  „მაისის თვიდან დაგეგმილი რამდენიმე მსხვილი საწარმოს გამოყვანა ბაზარზე... უნდა იყოს მეტი კონკურენცია, რითაც ხელს შევუწყობთ ტარიფების შემცირებას“. რას იტყოდით ამ საკითხზე? 

- ბუნებრივი აირის ბაზარზე კონკურენცია მაღალი მართლაც არ არის და ვერც იქნება. ბუნებრივია, რაც უფრო მეტი მოთამაშე გაჩნდება ამ ბაზარზე, უფრო დადებითად აისახება პროდუქციის ფასზეც და ხარისხზე. ახალ მომწოდებლებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და რაც უფრო მეტი იმპორტიორი იქნება ქვეყანაში, მით უკეთესია ეს ჩვენთვის. რატომ? - როდესაც მომწოდებელი ბევრია, ყველა ცდილობს უკეთესი პირობები შესთავაზოს მომხმარებელს. რაც უფრო მეტი იქნება  კონკურენცია ამ ბაზარზე, მით უფრო მოგებული დარჩება ქართველი მომხმარებელი.

-როგორც ჩანს, მთავრობამ გადაწყვიტა ამ ბაზარზე ლიდერი მხოლოდ აზერბაიჯანი არ იყოს და კომპანიები სხვა ქვეყნებიდანაც  მოიზიდოს. რომელია ამ სფეროში  ჩვენთვის ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა?

-ლიდერი სახელმწიფო  გაზის მოწოდების მხრივ ჩვენთან აზერბაიჯანია, თუმცა საკმაოდ პერსპეტიულია ირანული გაზის მოწოდების იდეაც. იყო მსჯელობა, რომ უკვე არსებული მილსადენებით ჩვენთან ირანული გაზიც  შემოსულიყო. ჩვენ არა ვართ გაზის მომპოვებელი ქვეყანა, არც საკუთარი საბადოები  გვაქვს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ საიმედო პარტნიორები მოვიზიდოთ, ამავე დროს, ერთ ქვეყანაზე, ან ერთ კომპანიაზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ბაზრის დივერსიფიკაცია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ხშირად საუბრობენ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენი ენერგოუსაფრთხოება უნდა გავზარდოთ. ენერგოდამოუკიდებლები არა ვართ და ვერც ვერასოდეს ვიქნებით, რადგან ნავთობისა გაზის საბადოები არა გვაქვს. ამიტომ, ის დადებითი ფაქტორები უნდა გამოვიყენოთ, რომელიც გვაქვს - თუნდაც ის, რომ საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს.  სატრანზიტო ფუნქცია ჩვენი  მთავარი კოზირია.

 

 

თარიღი: 2019/03/05