პარკირების საათობრივი გადასახადი - აღმოფხვრის თუ არა მერიის საპილოტე პროექტი დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას
თბილისში მცხოვრები ნებისმიერი ავტომობილის მფლობელი აღიარებს, რომ პარკირება ჩვენს დედაქალაქში  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად თბილისის მერიამ საპილოტე პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვით ივლისიდან თბილისში პარკირების წესები იცვლება: პირველ რიგში, რამდენიმე ქუჩაზე დაწესდება საათობრივი გადასახადი და ეს თანდათან მთელ ქალაქზე გავრცელდება.საპილოტე პროექტი თავდაპირველად ლესელიძის (კოტე აფხაზის) ქუჩაზე და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება. მესაკუთრეს  საკუთარ სახლთან ახლოს, 100 მეტრის რადიუსში მხოლოდ 2 მანქანის დაყენების უფლება ექნება, ოღონდ, სისტემაში უნდა მიუთითოს ორივე სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი. მძღოლები ავტომანქანის უფასოდ პარკირებას დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეძლებენ - ეს ცვლილებები  საზოგადოებას თბილისის ვიცე-მერმა - ირაკლი ხმალაძეგააცნო. საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციით და ქუჩაში დამონტაჟებული აპარატების მეშვეობითაც. გადასახადი არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების მანქანებს. რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილას  უკვე გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე ადგილები.     

 „ბიზნესპოსტი“ დაინტერესდა, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს პროექტი და აღმოფხვრის თუ არა პარკირების პრობლემას. არქიტექტორი, ურბანისტი გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ ჯერ პარკირების ადგილები უნდა აშენდეს და გადასახადზე ფიქრი მერე უნდა დავიწყოთ:

გიგა ბათიაშვილი - პრობლემას პარკირების ადგილების სიმცირე ქმნის. ჯერ ეს არის მოსაგვარებელი და მერე შეიძლება ლაპარაკი ჯარიმებზე და პარკირების ღირებულებაზე. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას და ავტომობილის პარკირებაც ყველგან ფასიანია, თუმცა ჩვენთან საპარკინგე ადგილების დეფიციტია, ამიტომ, არასერიოზულია, როცა ამ სიტუაციაში გადასახადებზე ლაპარაკობენ. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ჯერ საძირკველი უნდა აშენდეს და მერე - შენობა. ამ შემთხვევაშიც, ჯერ პარკირების ადგილები უნდა მომრავლდეს და გადასახადებზე მერე ვილაპარაკოთ. დედაქალაქმა როგორმე უნდა გამონახოს ყველა რესურსი იმისათვის, რომ პარკირებისთვის ახალი ადგილები გაჩნდეს. საამისოდ მარტო მიწისზედა კი არა, მიწისქვეშა სივრცეც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.  რამდენადაც ვიცი, ამჟამად ყველა შენობის პროექტის განხილვა და დამტკიცება მაშინ შეიძლება, თუ პარკირების საკითხი გადაწყვეტილია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პრობლემა  უნდა მოგვარდეს.

 „პარკირების მხრივ თბილისში მართლაც აუტანელი სიტუაციაა და ეს არასწორი დაგეგმარების ბრალია“ - ამბობს „საქართველოს მშენებელთა ლიგის“ წევრი - მანუჩარ მაჩაიძე:

   -ქალაქის ურბანული დაგეგმარება მთელი მეცნიერებაა. ჩვენს დედაქალაქშიც, ყველა პრობლემის თავი და თავი არასწორი ურბანული პოლიტიკაა. საბოლოო ჯამში კი, რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან. ჩემს მაგალითს მოგიყვებით: ამ დღეებში ვაკეში ვიყავი, ატენის ქუჩაზე. როგორც ყოველთვის, პარკირება შეუძლებელი იყო. როგორც იქნა, მანქანა დავაყენე, მაგრამ იქიდან ვეღარ გამოვაღწიე. მთელი ერთი საათი ვიწვალე, თანაც, ძალიან ვჩქარობდი და ლამის, მანქანა იქ დავტოვე. ანალოგიური სიტუაციაა სპორტის სასახლესთან და ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ვინც ეს დაგეგმა, ვინც ეს გააკეთა, დასაჭერი არ არის?! ისედაც მჭიდრო ქუჩაზე 20-სართულიან კორპუსს რომ ჩააკვეხებ, იქ მცხოვრებმა ხალხმა როგორ ისუნთქოს და მანქანა სად გააჩეროს? წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ უბანში  რამდენი ადამიანი ცხოვრობს, თითოეულ ოჯახს რამდენი მანქანა ჰყავს, რა დატვირთვაა 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე და ა.შ... - ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გათვლილი. ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება და იმიტომაც არის ასეთი ქაოსი და განუკითხაობა. სხვათა შორის, ჩემს ეზოშიც არ არის მანქანის გასაჩერებელი ადგილი და  მთელ ქალაქში ასეთივე  სიტუაციაა. ეს ქალაქი კომუნისტების დროს არის დაგეგმილი და აშენებული. ადრე ერთ ოჯახს ერთი მანქანა თუ ჰყავდა, ახლა კი, ზოგიერთ ოჯახში 3-4 მანქანა დგას. ეს ქალაქი რეზინი ხომ არ არის, რომ გაიწელოს?  ასეა თუ ისე, ფაქტი ჯიუტია: ქალაქი შავ დღეშია. მართალია, ეს წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომების ბრალია, მაგრამ ახლა მაინც უნდა განჭვრიტონ და ძველი შეცდომები აღარ დაუშვან. ჯარიმებით ამ საქმეს ვერ ვუშველით - თუ ადგილი არ არის, ადამიანი მანქანას უადგილო ადგილას გააჩერებს აბა რას იზამს?

 თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის უფროსი - შალვა ოგბაიძე კი, იმედს გამოთქვამს, რომ მერიის საპილოტე პროექტი გაამართლებს:

 შალვა ოგბაიძე - დამისახელეთ თუნდაც ერთი ქალაქი მსოფლიოში, სადაც ქალაქის ცენტრში არსებული საპარკინგე ადგილები მთელი ქალაქის ავტომობილებს დაიტევს. თბილისში ნახევარი მილიონი ავტომობილია და დედაქალაქის ცენტრში არსებული ქუჩები ყველას ვერ დაიტევს. ცხადია, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა - უშველის თუ არა ამ სიტუაციას საათობრივი გადასახადი? - ჩემი აზრით, ეს გადასახადი ყველას დაგვაფიქრებს: ჩემი მანქანა 8 საათის განმავლობაში რომ  დგას ლესელიძეზე, დადიანის, ან რუსთაველის გამზირზე, მიღირს მე ეს ხარჯი, თუ უმჯობესია საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოვიყენო? დედაქალაქი გაიზარდა, ავტომობილების რაოდენობაც გაიზარდა და საათობრივი გადასახადის დაწესებს  ქალაქის ცენტრში ყველაზე გონივრული გამოსავალია. ჩემი აზრით, ეს სიტუაციას აშკარად განმუხტავს. ხომ უნდა დავფიქრდეთ, რისთვის გვჭირდება ეს ქალაქი - ავტომობილებისთვის, თუ ადამიანებისთვის? - ჩვენ მეორე ვარიანტს ვირჩევთ... ჩვენ  ისეთი თბილისი გვინდა, სადაც მწვანე, რეკრეაციული ადგილები მომრავლდება და არა - ავტომანქანებით ჩახერგილი ქუჩები. როდესაც ევროპაში ჩავდივართ, იქაური წესრიგი ყველას მოგვწონს. როგორ მიაღწიეს ევროპელებმა ამას? - ისინი ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიან და ცენტრალურ ქუჩებზე ავტომობილებს არ აჩერებენ. თუ გვსურს, თბილისი ევროპული ქალაქი გახდეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მეტი აქცენტი უნდა გადავიტანოთ და ავტომობილი ყოველდღიურად კი არ გამოვიყენოთ, არამედ მაშინ, როცა აუცილებლად გვჭირდება. რა თქმა უნდა, საკუთარი ბინის ახლო-მახლო, რაღაც არეალში ავტომობილის გაჩერება უფასო უნდა იყოს - ეს წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაა.  

დასასრულ კი გეტყვით: თბილისში არის ქუჩები, სადაც მანქანის გაჩერება საერთოდ არ შეიძლება, მაგრამ ეს ქუჩები სხვებზე არანაკლებ პოპულარულია. მაგალითისთვის თუნდაც შარდენის, ან მარჯანიშვილის ქუჩა კმარა.  დედაქალაქის ქუჩები, სადაც ტურისტების სიმრავლეა და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, საპარკინგე ზონად არ უნდა იქცეს. ჩემი აზრით, ძველი თბილისი სწორედ ისეთი ზონა უნდა იყოს, სადაც მანქანას საათობით არავინ გააჩერებს. ჩვენ ვსაუბრობთ საცდელ ვარიანტზე, საპილოტე პროექტზე, რომელიც ლესელიძეზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემის შემოღებას გულისხმობს. რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ და ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს ეს პროექტი. მისი განხილვა აუცილებლად საჯარო იქნება, საზოგადოების და მედიის გარეშე არაფერი გადაწყდება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი გაამართლებს და ჩვენს დედაქალაქს დადებით შედეგს მოუტანს.

თარიღი: 2019/03/07