„შავი ხვრელი“ ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე
საქართველო  ხორბლის იმპორტიორი ქვეყანაა, ამიტომ, ხორბლის  ბაზარზე მიმდინარე ყველა ცვლილება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.  15 სექტემბრიდან ხორბლის იმპორტიორები და გადამზიდავები  სერიოზულ ცვლილებას ელოდებიან: თუ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ბრძანება ძალაში შევა,  საქართველოში ხორბლის სატვირთო მანქანებით შემოტანა აიკრძალება. აღსანიშნავია, რომ ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვა ბოლო წლებში გახდა აქტუალური, მანამდე  ხორბლის იმპორტი ძირითადად სარკინიგზო და  საზღვაო  გზებით ხორციელდებოდა. სხვათა შორის, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში ჯერ კიდევ შარშან უნდა შესულიყო, მაგრამ გადამზიდავი კომპანიების  პროტესტის გამო მისი შესრულება დროებით გადაიდო.  იმპორტიორები ამ გადაწყვეტილებას დღემდე აპროტესტებენ. როგორ აისახება ეს შეზღუდვა ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე? - ამ საკითხზე „ბიზნესპოსტი“ „საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს - ლევან სილაგავას  ესაუბრა:

ლევან სილაგავა - დავიწყებ იმით, თუ რატომ გახდა საჭირო სახმელეთო გზით ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვა: ფინანსთა მინისტრის თქმით, პირველ რიგში, ეს ტურისტების შემოდინებას და ტურიზმის განვითარებას უშლის ხელს. ლარსის გამშვებ პუნქტთან და გუდაურში მართლაც იქმნება გაუვალი საცობები, რაც  ტურისტების შემოდინებას ხელს უშლის. ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ  ეკოლოგია: მოგეხსენებათ, საქართველო „მწვანე ეკონომიკის“ მომხრე ქვეყანაა. გუდაურის, ყაზბეგისა და ლარსის მიმდებარე ტერიტორია საკურორტო ზონაა და იქ ტრანსპორტის გადაადგილება ეკოლოგიაზე მართლა მოქმედებს. ასე თუ ისე, დადგენილება უკვე მიღებულია, ახლა მთავარია, განხორციელდება თუ არა.

-ბატონო ლევან, როგორ აისახება ეს დადგენილება თქვენს ბიზნესზე? როგორ აფასებენ მას „ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში“?

 - ჩვენთვის ეს დადგენილება მოულოდნელი იყო. წისქვილკომბინატები ხორბალს ღებულობდნენ მანქანებითაც, გემებითაც და რკინიგზითაც. თავიდან  ყველას ეგონა, რომ ეს დადგენილება ფქვილის მწარმოებლებისთვის და წისქვილებისთვის  მოსაწონი იყო, მაგრამ ასე არ არის. პირიქით, ჩვენი ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს ამ დადგენილების გაუქმების მოთხოვნით გამოდის. უფრო მეტიც: მე მინდა განვაცხადო, რომ „საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“  გამოდის ინიციატივით, ეს დადგენილება კი არ გადაიდოს, არამედ საერთოდ გაუქმდეს. ჩვენი სურვილია, ამ ბაზარზე კონკურენციის თანაბარი პირობები იყოს, არც ერთი სატრანსპორტო საშუალება არ შეიზღუდოს და ტვირთმა იაროს როგორც სახმელეთო გზით, ასევე - რკინიგზით და გემებით. ადრეც ამ პოზიციას ვემხრობოდით და ახლაც ამ პოზიციაზე ვართ.

-მაინც რატომ გახდა პრიორიტეტული ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანა?

-ბოლო 3 წლის განმავლობაში სახმელეთო ტრანსპორტის წილი ჩვენი ქვეყნის ხორბლით მომარაგებაში ძალიან გაიზარდა? ცხადია, ჩნდება კითხვა - რატომ? - საქმე ის არის, რომ ბოლო წლებში ამ გზაზე გაჩნდა ერთგვარი „შავი ხვრელი“ - ე.წ. მარცხენა ხორბალი, რომელიც  დიდი მოსავლის პირობებში საკმაო რაოდენობით იყო საზღვრის იქითა მხარეს, კერძოდ, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეში. „მარცხენა ხორბალი“ იმის საშუალებას იძლეოდა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი პროდუქტის ფასი საკმაოდ დაბალი ყოფილიყო, თუმცა ამ გზით შემოტანილი ხორბლის ხარისხი  საეჭვო იყო. მიზეზი მარტივია: „მარცხენა ხორბალი“  პირდაპირ მინდვრებიდან მოდიოდა და არა - სერტიფიცირებული ელევატორებიდან. შესაბამისად, მას არ ჰქონდა გავლილი  პროცედურები, რომელიც ხორბალმა უნდა გაიაროს საერთაშორისო ნორმების მიხედვით. ე.წ. მარცხენა ხორბალს  გავლილი არ ჰქონდა ფუმიგაცია ანუ ხორბლის  დამუშავება ისე, რომ მას საზღვარზე ცოცხალი მწერები და სხვა საეჭვო ნივთიერებები არ გადმოჰყვეს. ასეთ ხორბალს  ფიტოსანიტარიული სერთიფიკატიც არა აქვს და მისი იმპორტი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების  შემოტანის რისკსაც  ზრდის...

-გამოდის, რომ სახმელეთო გზით ხორბლის შემოტანა გაცილებით იაფი ჯდებოდა?

- ჩვენ ამ ყველაფრის ანალიზი გავაკეთეთ და ვადასტურებთ, რომ სარკინიგზო გადაზიდვის დროს სერტიფიკატის აღება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო ავტომანქანით გადაზიდვისას  ეს ხარჯი გამორიცხულია, რადგან მანქანების უმეტესობა ელევატორში არ შედის.  ამიტომ, „მარცხენა ხორბლის“ ფასი დაბალია, მაგრამ მისი ხარისხი აშკარად მოიკოჭლებს. მიუხედავად ამისა, ხორბლის იმპორტი მაინც სამანქანო გზაზე გადაერთო და ყველა ის წისქვილკომბინატი, რომელიც ადრე მაღალხარისხიანი ხორბლის შემოტანაზე მუშაობდა, სამანქანო გადაზიდვებზე გადავიდა. შესაბამისად, „მარცხენა ხორბლის“ რაოდენობა საქართველოში გაიზარდა და ყველანი ბედნიერები ვიყავით...  თუმცა, სიტუაცია 2018 წლის ბოლოს ძირეულად შეიცვალა.

-რატომ?

-დეკემბრის ბოლოს ხორბლის ფასმა  საგრძნობლად მოიმატა: თუ სექტემბერში ერთი ტომარა ფქვილი 37 ლარი ღირდა, წლის დასასრულს უკვე 49-50 ლარი გახდა. უცაბედმა ფასის ცვლილებამ ჩვენს ბაზარზე  სერიოზულად იმოქმედა. სახმელეთო ტრანსპორტზე  გადასვლამ გამოიწვია ის, რომ ხორბლის მარაგი ქვეყანაში აღარ იყო, ჩვენ ვერ დავაბალანსეთ საშუალო შეწონილი ფასი, რამაც ჯერ ფქვილის, მერე კი - პურის გაძვირება გამოიწვია.  იმ კომპანიებმა, რომლებიც თავის დროზე ამტკიცებდნენ, რომ მარაგის შექმნას სამანქანო გზითაც შეძლებდნენ, ეს ვერ მოახერხეს, მთელი პასუხისმგებლობა ჩვენზე გადმოვიდა და ხორბლის შემოტანა ჩვენი ძალებით დავიწყეთ - ხორბლის იმპორტი რკინიგზით და გემებით ისევ აღვადგინეთ, რასაც სერიოზული  ხარჯები და ახალი კრედიტების აღება დასჭირდა. ახლა გარდამავალი მარაგი შექმნილია, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩვენს მხრებზე გადაიარა.

-დაახლოებით, რა რაოდენობის ხორბლის მარაგი უნდა ჰქონდეს საქართველოს, რომ ამ ბაზარზე ბალანსი დაიცვას?

-გაეროს რეკომენდაციით, რომელიც 2008 წლის მოვლენების შემდეგ მივიღეთ, ქვეყანაში ხორბლის მინიმუმ 2-თვიანი მარაგი მაინც უნდა იყოს. ეს ჩვენ ვერ შევასრულეთ და დეკემბერში სერიოზული პრობლემების წინაშე დავდექით. გარდამავალი მარაგი ქვეყანაში მხოლოდ მაშინ შეიქმნება, როცა ამ ბაზარზე სრულყოფილი კონკურენცია იქნება და ყველა სატრანსპორტო საშუალება თანაბარ პირობებში იქნება ჩაყენებული. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ ქვეყანაში  ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი არსებობდეს.  ფქვილის მწარმოებლებს თავისი რეგლამენტი აქვთ, მაგრამ ნორმალური ფქვილი რომ მივიღოთ, ხარისხიანი ხორბალი გვჭირდება. ეს რეგლამენტი უკვე მზად არის და მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ, მაგრამ რატომღაც ეს პროცესი ფერხდება.

- არსებობს მოლოდინი იმისა, რომ რუსეთში ხორბლის მოსავალი წელს კიდევ  უფრო შემცირდება. ამ ფონზე რუსული ხორბალი შეიძლება კიდევ უფრო გაძვირდეს. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ  რუსეთზე არ ვიყოთ დამოკიდებული?

-2016 წელს რუსეთში  115 მილიონი ტონა მარცვლეული მოიწიეს, 2017 წელს - 112 მილიონი ტონა, წელს უფრო მცირე მოსავალს ელოდებიან  და გარდამავალი მარაგიც შეუმცირდათ, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ექსპორტი შეამცირონ. თუ რუსეთში ხორბლის ფასი მაღალი  იქნება, შევეცდებით სხვა ქვეყნებიდან წამოვიღოთ: ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ევროპის ქვეყნებიდან. თუ ამის საჭიროება იქნება, შეიძლება ხორბალი შავი ზღვით რუმინეთიდანაც შემოვიტანოთ. ასე რომ, ბოლომდე დამოკიდებული არც ერთ ქვეყანაზე არა ვართ. ბაზრის დივერსიფიცირება ჩვენი უმთავრესი მიზანია და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ამ მიზანს მივაღწევთ.  

 

თარიღი: 2019/03/12