„ყველა ადამიანს საკუთარი პერსონალური ქოუჩი სჭირდება“ - მარიკა ხალიანი
ქოუჩინგი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია  და თანამედროვე რეალობის საკმაოდ ახალგაზრდა მიმართულება, ნელ-ნელა ფეხს საქართველოშიც იკიდებს. ტერმინი, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა კონტექსტში და სრულიად განსხვავეული მნიშვნელობით გამოიყენებოდა, ბოლო ათწლეულში მიმდინარე სტრუქტურული და სტრატეგიული ცვლილებების ფარგლებში,  კომპანიის საკვანძო პირებისა და ხელმძღვანელთა გუნდის სისტემატური განვითარების გეგმად ჩამოყალიბდა. ქოუჩების ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციების (The International Coach Federation, the International Coaching Council and the Worldwide Association of Business Coaches) წევრია, ნაწილი კი დამოუკიდებლად მოქმედებს. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქოუჩების რაოდენობაც - მხოლოდ ამერიკაში პროფესიით ქოუჩს  თავს უკვე 40 000 ადამიანი უწოდებს.

ქოუჩი (coach) უნგრული წარმოშობის სიტყვაა და ეტლს, ეკიპაჟს ნიშნავს.  სიტყვის საწყისი მნიშვნელობა სიმბოლურად კარგად გადმოგვცემს ქოუჩინგის არსს: ეტლი არის დამხმარე საშუალება ერთი ადგილიდან მეორემდე გადასაადგილებლად და მიზნის მისაღწევად. 1848 წლიდან სიტყვაქოუჩიუნივერსიტეტის სტუდენტების ყოველდღიურ სასაუბრო მეტყველებაში მათი კერძო კურატორების აღსანიშნავად გამოიყენება. სპორტის სფეროში ქოუჩინგი ინგლისსა და აშშ-ში 1885 წლიდან დამკვიდრდა და დამრიგებლის, ხელმძღვანელის, მრჩევლის განზოგადებული მნიშვნელობა შეიძინა. ამის პარალელურად, 80-იანი წლების შუა პერიოდიდან, ქოუჩინგის ცნებამ ხელმძღვანელთა ორგანიზაციის გარეთა კონსულტირების სახე მიიღო. დღესდღეობით კი ბევრ კომპანიაში ქოუჩინგი პერსონალის განვითარების ღონისძიებების შემადგენელი ორგანულ ნაწილად ითვლება.

ქოუჩინგის კონცეფცია ძალიან კარგად აღწერა თიმოთი გოლვეიმ (Timothy W. Gallwey) საკუთარ წიგნში „შინაგანი თამაში ჩოგბურთში“. მისი დაწერის იდეა კი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ჩოგბურთელებთან ვარჯიშის დროს შეამჩნია, რომ გამარჯვების მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი არა სპორტსმენის მოწინააღმდეგე, არამედ საკუთარ თავთან არსებული წინააღმდეგობებია. ქოუჩი ადამიანს ამ წინააღმდეგობების დაძლევაში უნდა დახმარებოდა. სწორედ ეს დაუდო გოლვეიმ საფუძვლად „შინაგანი თამაშის“ მეთოდოლოგიას.

საქართველოში ეს სფერო ჯერ მხოლოდ ხუთწლიან ისტორიას ითვლის. ქართველი ბიზნესქოუჩი, ბიზნესტრენერი, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი და დოქტორანტი, სხვადასხვა ბიზნესების მფლობელი და 20 წლიანი წარმატებული გამოცდილების მქონე მენეჯერი, მარიკა ხალიანი ქოუჩინგს ბიზნესში საკმაოდ აქტიურად იყენებს. ის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრაში, ბიზნესის განვითარებაში, თანამშრომელთა ურთიერთობისა და მოტივაციის გაზრდის ახლებური ხედვის შემუშავებასა და დანერგვაში ეხმარება. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ახლად შექმნილ კომპანიებს - სტარტაპებს უთმობს, რომელთა ხელშეწყობასაც განვითარების, სტრატეგიული დაგეგმვის, საერთო ბიზნესხედვის ჩამოყალიბებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების მიმართულებით ცდილობს.   

მარიკა ხალიანი: ქოუჩინგი  ქოუჩსა და კლიენტს შორის პარტნიორობის პროცესია, რომელიც  კლიენტს პოტენციალის გახსნასა და მნიშვნელოვანი ცვლილებების დასახვასა და განხორციელებაში ეხმარება. ვფიქრობ, ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ ყველა ადამიანს საკუთარი პერსონალური ქოუჩი  სჭირდება.

ამ მიმართულებით, პირადად მე, გარდა ბიზნესისა, სტუდენტებთანაც აქტიურად ვმუშაობ. ვასწავლი მათ, როგორ გამოიყენონ ქოუჩინგი ცხოვრებაში, როგორ გახადონ სწავლის პროცესი შედეგებზე ორიენტირებული, როგორ გახდნენ წარმატებულები პირად და პროფესიულ სფეროში, როგორ განსაზღვრონ პრიორიტეტები, დაისახონ და განახორციელონ მიზნები. გარდა ამისა, მათ აქვთ შესაძლებლობა, ქოუჩინგი აქციონ პროფესიად და დაეხმარონ სხვა ადამიანებს.

-  და რით განსხვავდება  ქოუჩინგი ტრენინგისგან  და რისთვისაა ის საჭირო?

- ტრენინგი არის სწავლების, გამოცდილების გაზიარების პროცესი, სადაც ტრენერი არის ექპერტი, პროფესიონალი, სწავლების უფროსი, რომელიც იძლევა რჩევებს, მზა ამოხსნებს, მეთოდებს და გარკვეულწილად აფასებს მსმენელის შესაძლებლობებს, ხოლო ქოუჩი არის პარტნიორი, მეგობარი, რომელიც არ აფასებს, არ იძლევა რჩევებს, მას სჯერა კლიენტის უდიდესი პოტენციალის და ეხმარება მის აღმოჩენასა და განვითარებაში. ქოუჩინგი არის პარტნიორობის პროცესი, სადაც ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, თავად აღმოაჩინოს გზები, ამოხსნები, იპოვოს პასუხები. ეს არის ძალიან საინტერესო, კრეატიული პროცესი, სადაც ადამიანი აღმოჩენებს აკეთებს, უფრო ღრმად ეცნობა საკუთარ თავს  და ხსნის თავის პოტენციალს. საკუთარ მიგნებულ პასუხებს ჩვენ გაცილებით უკეთ ვაფასებთ, ვიდრე სხვის რჩევებს და შესაბამისად, ჩვენი ნაპოვნი გზებისა და მეთოდების განხორციელება გაცილებით მარტივი და სახალისოა, ამიტომ შედეგიც უფრო იოლად მიიღწევა.

-  როგორი უნდა იყოს პროფესიონალი ქოუჩი?

- უპირველეს ყოვლისა, ქოუჩს უნდა სჯეროდეს კლიენტის, მასში არსებული პოტენციალის, შესაძლებლობების, რომ კლიენტს აქვს ყველა რესურსი და უნარი საკუთარი მიზნების მისაღწევად. ქოუჩი უნდა ასტიმულირებდეს კლიენტის კრეატიულობას, ფიქრის პროცესს, ქმნიდეს აღმოჩენების გაკეთებისა და პოტენციალის მაქსიმალურად გახსნის შესაძლებლობებს. წარსულში წარუმატებლობის მიზეზების ძიების ნაცვლად, ქოუჩი უნდა იყოს კლიენტის მომავალ მიზნებზე, მისი მიღწევის შესაძლებლობებსა და შედეგებზე ორიენტირებული. ქოუჩს უნდა ჰქონდეს სისტემური მიდგომა, უნდა ხედავდეს კლიენტის სამყაროს მთლიანობაში, ყველა სფეროსა და ასპექტის გათვალისწინებით, რომ კლიენტის მიერ განხორციელებული ცვლილებები იყოს მასშტაბური და რადიკალურად იცვლებოდეს მისი ცხოვრება. ქოუჩი უნდა იყოს მაქსიმალურად განთავისუფლებული რჩევების გაცემისაგან, სრულად ორიენტირებული მხოლოდ კლიენტზე და შეძლებისდაგვარად, უარყოფილი უნდა ჰქონდეს საკუთარი თავი ამ პროცესში.

- რას ეფუძნება ქოუჩის მუშაობა და არსებობს თუ არა მუშაობის სპეციფიკის მხრივ განსხვავებული მიმართულებები?  თავად როგორ იყენებთ ქოუჩინგს, როგორც პროფესიას?

- ქოუჩის მუშაობა, ძირითადად,  ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ ტექნიკებს, მეთოდებს ეფუძნება, თუმცა ქოუჩს შესაძლებლობა აქვს ამ სტილის გამოყენებით უფრო კრეატიული გახადოს პროცესი, ინდივიდუალურად შეარჩიოს, გააერთიანოს, შეურიოს ტექნიკები და მოარგოს არსებულ ამოცანას. აქ მნიშვნელოვანია,  როგორ მოარგებ  ტექნიკებს კონკრეტულ მოთხოვნას პროცესში, რასაც ასევე განსაზღვრავს, რა ტიპის ამოცანებზე გიწევს ქოუჩს მუშაობა, მაგ, ცხოვრებისეულ ამოცანებსა და პირად საკითხებზე, პიროვნულ ზრდაზე, ბიზნესის ამოცანებზე, კორპორატიული საკითხების, მენეჯერული პრობლემების გადაჭრისა, თუ  ახალი მიზნებისა და ამოცანების დასახვასა და მიღწევაზე.

- გვყავს თუ არა თანამედროვე რეალობაში ამ სფეროს ქართველი პროფესიონალები და როგორია მათი მუშაობის შედეგი საზოგადოებაში?

- მსოფლიოში ქოუჩინგი წარმატებული ადამიანებისა და კომპანიების ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. საქართველოში ეს პროფესია, დაახლოებით, 5 წლის შემოსულია და უკვე საკმაო რაოდენობის პროფესიონალი გვყავს.  თუმცა ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც სჭირდება ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანს და სავარაუდოდ, საქართველოშიც აქტიურად მოიკიდებს ფეხს.

რაც შეეხება შედეგებს, სხვადასხვა სფეროში შედეგები სხვადასხვანაირი დგება. ცხოვრებისეულ სფეროში ქოუჩინგის შედეგად, ადამიანი უღრმავდება და უკეთ იცნობს საკუთარ თავს, ვითარდება, როგორც პიროვნება, პოულობს ურთიერთოებებისა და პიროვნული განვითარების ახალ გზებს, მარტივად და სწრაფად უმკლავდება სირთულეებს, აღწევს დასახულ მიზნებს. ქოუჩინგი ბიზნესში ეხმარება კომპანიებს ეფექტიანობის ზრდაში, მენეჯერებს - სტრატეგიულ დაგეგმვაში, საერთო ბიზნესხედვის ჩამოყალიბებაში, თანამშრომლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, გუნდის შეკვრასა და მათი მოტივაციის ამაღლებაში.

თარიღი: 2018/04/30