წარმატებული ბიზნესექსპერიმენტი - როგორ „აპლუსებს“ თაკო გვათუა მომხმარებლებს
ბიზნესში გადატანილი ხასიათი და სერვისად შეთავაზებული კომუნიკაცია - მარტივი წესები, რომელიც ბედნიერ ცხოვრებას განაპირობებს

ბიზნესი, რომელშიც საკუთარ თავს ავლენს, ხასიათი, რომელსაც მაღაზიაში აბანდებს, გაყიდვები, რომლისთვისაც არ იბრძვის, ოჯახი, რომლითაც ცხოვრობს და შემოქმედება, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს ...  ყველაფერს გულწრფელად და მარტივად აკეთებს - ეს თაკო გვათუას წარმატების საიდუმლოა. დღეს ის მის ერთგულ მომხმარებლებს „აპლუსებს“, ხოლო „ბიზნესპოსტის“ მკითხველს საკუთარ ხედვასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებს.

„მრავალი წელია, ბიზნესით ვარ დაკავებული, 21 წლის ასაკში უკვე საკმაოდ წარმატებული ვიყავი. იმდენად კარგად მიდიოდა საქმე, რომ ყველა ჩემს მოთხოვნას ვიკმაყოფილებდი. მერე დავიღალე და... ამასობაში გამიჩნდა ხუთი შვილი... მოგვიანებით ბიზნესი განვაახლე და მაღაზია „პლუსი“ გავხსენი... პარალელურად ვარ ჩვენი თაობის ყველაზე საყვარელი მომღერლის, ქეთი ფარესაშვილის პროდიუსერი“...

- და რატომ პლუსი?

„იმიტომ, რომ ის „აპლუსებს“... ჩემთვის „პლუსი“ დადებითთან, მატებასთან ასოცირდება... ყველა გაგებით... იქნება ეს ტანსაცმელი, ბედნიერება, სიხარული, კომუნიკაცია თუ სხვა. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ „შოფინგი“ ცუდი განწყობის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტური საშუალებაა, უებარია დეპრესიის დროს... ჩვენი სტუმარი კი ორმაგ სარგებელს იღებს - შენაძენს აკეთებს (კარგი, საფუძვლიანი, გულწრფელი კონსულტაციის საფუძველზე), კომუნიკაციის საშუალება ეძლევა (ხედავთ, რომ გვაქვს საკმაოდ კომფორტული ვერანდა ამისთვის) და დადებითი ემოციით იმუხტება... მგონი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მომსახურების სფეროში... მოკლედ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენთან შემოვა, აუცილებლად „დაპლუსდება“. ეს ჩემი ამოცანაა.

- ლოგო ვარდისფერშია გადაწყვეტილი... თქვენც დღეს ამ ფერით ხართ შემოსილი... ამას რაიმე დატვირთვა აქვს თუ უბრალოდ თქვენი საყვარელი ფერია?

- ვარდისფერი რაღაცნაირად ხალისიანი ფერია. საქართველოში შავია მაინც პრიორიტეტული, რაც ადამიანს სიხარულს ნამდვილად არ ანიჭებს. ვარდისფერი კი პოზიტიური განწყობისთვისაა. ვფიქრობ, ნაცრისფერის და ვარდისფერის ნაზავიც ძალიან ეფექტურია, ასე რომ... ჩვენთან ყოველთვის მხოლოდ პოზიტივია...  

- ვერანდაზე რამდენიმე მაგიდაა...  შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ღია კაფეა...

- ჩანაფიქრში ასე არ ყოფილა, თუმცა... ფაქტობრივად ასე გამოვიდა... უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს კომუნიკაციის ძალიან კარგი საშუალებაა... ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია...

- ანუ გამოდის, რომ თქვენ მომხმარებელს არა მარტო ტანსაცმელს, არამედ კომუნიკაციის შესაძლებლობასაც სთავაზობთ?

- დიახ, ასეა და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან აქ ხშირად მოდიან მეგობრები. ფინჯან ყავასთან ვსხედვართ და ვსაუბრობთ. ისინი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია. ზოგადად,  მეგობრებს ჩემს შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ, ასე რომ...  ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჩვენთან მოვა, ისარგებლებს ამ უნიკალური შესაძლებლობით... აქ შესაძლებელია იშოფინგო, დაისვენო, თითო ფინჯანი ყავაც მიირთვა და...

მოკლედ, ვფიქრობ, აქ ყველა ადამიანი რეალურად „დაპლუსდება“...



- ხართ 5 შვილის დედა და ამავდროულად საქმიანი ქალი... როგორც ჩანს, კარგი მეუღლეც.. როგორ უთავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთს? არ გიჭირთ დროის გადანაწილება?

- არა, დროის განაწილება მაშინაც კი არ მიჭირდა, როდესაც ჩემი შვილები ჩვილები იყვნენ... ახლა უმცროსი 4 წლისაა, უფროსი კი - 21-ის...

- მეუღლე?

- მიყვარს...

- მარტივი პასუხია...

- ასეა... ამავდროულად გულწრფელი და არაშაბლონურია... ზოგადად, მთელი საიდუმლო სიმარტივეშია... ბიზნესშიც და პირად ცხოვრებაშიც...

- და რაში მდგომარეობს სიმარტივე?

- თვით სიმარტივეში...  აი, ასე, მარტივად...

- და თქვენ? რთული ხასიათი გაქვთ?

- უფრო გულწრფელი... რაც ხანდახან რთულია...

- თქვენი ხასიათი დევს თქვენს ბიზნესში?

- დიახ, ჩემი ბიზნესი მთლიანად ჩემი ხასიათია...

-  და როგორი ხართ?

- ამაზე ლაპარაკი არც ისე მარტივია... შეიძლება ითქვას, ყველანაირი...

- ანუ სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი? თუ ერთ ადამიანშია მოთავსებული ყველანაირი თქვენ, რაც შემდეგ თქვენს ბიზნესზეც აისახება?

- მოდით, ასე ვთქვათ... ერთ ადამიანში დევს ყველა ჩემი მხარე - დადებითიც და უარყოფითიც და ჩემი ხასიათით ვაკეთებ ბიზნესს.  უფრო ვაღვიძებ სიკეთეებს. ზოგადად, რასაც გააღვიძებ შენში, ისეთი ხარ. მგონია, რომ ადამიანში დაბადების ჟამს ყველაფერი იდება. მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ რის გაღვიძებას მოინდომებს. ზოგი ბოროტებაზე აკეთებს არჩევანს, ზოგიც - სიკეთეზე... ჩემთვის კი  პრიორიტეტული ეს უკანასკნელია... ვფიქრობ, ადამიანი უნდა იყოს კეთილგანწყობილი. ეს ცხოვრებისეული წესია. უნდა თესო სიკეთე მთელი ცხოვრება. მატერიალურს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ადამიანებთან დამოკიდებულება მაქვს მხედველობაში, სოციუმის მიმართ... ასე ბედნიერი ხარ...

- და თქვენ ბედნიერი ხართ?

- რა თქმა უნდა... და ამას ახსნაც აქვს... გულწრფელობაა ყველაფრის სათავე. როდესაც გულწრფელი ხარ, როდესაც გულში ბოღმას არ იტევ, როდესაც ადამიანებთან ურთიერთობა და ზოგადად, ადამიანები გიყვარს, ყველაფერი გაცილებით მარტივია...  ჩვენ ვუყურებთ სხვებს, ისინი უშვებენ შეცდომებს, ჩვენ ვიბოღმებით და მერე ვცდილობთ, გადავუაროთ. ეს ბედნიერებას არ მოგვიტანს. ბედნიერება ნებისყოფის სიმტკიცეა, სულის სისუფთავეა... მაგალითად, თუ ჭარბწონიანი ადამიანი შემოვა ჩემთან და აიღებს მისთვის შეუსაბამო სამოსს, მე ვერ ვეტყვი, რომ უხდება. აუცილებლად ვიქნები მასთან გულწრფელი, ვურჩევ, რომ თავს უნდა მიხედოს, მოვუყვან საკუთარ მაგალითს. მე თვითონ ხომ 102 კგ ვიყავი ოდესღაც, მაგრამ ვაჯობე თავს და დღეს 50 ვარ. 25 წელი ვეწეოდი სიგარეტს და ერთი თვეა, არ გავკარებივარ.

- და ეს როგორ შეძელით?

- ის, რაც მიყვარდა, გავცვალე...

- რაში?

- საკუთარ კეთილდღეობაში... ზუსტად ვიცოდი, რომ თუ იმაზე ვიტყოდი უარს, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა, ჩემკენ ყველაფერი დადებითად შემობრუნდებოდა...

- ეს ფსიქოლოგიური მომენტი იყო?

- არა, მართლა ყველაფერი  დადებითად შემოტრიალდა... რაღაც ისეთი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ... მოკლედ, დღეს მე ბედნიერი ვარ...

 

დოზირებული „სიგიჟე“, კომუნიკაციის მოჭარბებული სურვილი, დიდი ოდენობით სიკეთე, უსაზღვრო სიყვარული და ბიზნესალღო, რომელიც არასდროს აღალატებს - ის რაც პირად ცხოვრებაში ამართლებს, ბიზნესის წესებსაც ემორჩილება. თაკო გვათუა მომხმარებლებს არ ეძებს, ის უბრალოდ საქმეს აკეთებს და მომხმარებლები მასთან თავისით მოდიან. ამბობს, რომ მისთვის პირადი და საქმიანი ცხოვრება იდენტურია - ეს ორი ერთმანეთს ავსებს და სრულფასოვანი რეალური გარემოც ასე იქმნება.

 

-და ხალხს რა ნიშნით არჩევთ? თანამშრომლებს მაგალითად... და რადგან თქვენი თქვენს ბიზნესში თქვენივე ხასიათია, თამამად შემიძლია ვიკითხო იგივე მეგობრების შერჩევის დროსაც...  

- იცით რა, როდესაც ადამიანთან ვურთიერთობ, ჩემთვის მნიშვნელოვანი მისი ერთი თვისებაა - სიკეთე... „პლუსები“ და „მინუსები“ ყველას მრავლად გვაქვს, ჩემს შემთხვევაშიც ვერ დავთვლით უარყოფით მხარეებს, მაგრამ... ვფიქრობ, თუ ადამიანი კეთილია, ის ისეთს ვერაფერს გავნებს ვერასდროს, ასე რომ.. მის უარყოფით მხარეებს მნიშვნელობა აღარ აქვს. სამსახურშიც იგივეა და პირად ცხოვრებაშიც...

- და მაინც... რაში მდგომარეობს თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია, რაც, როგორც თქვენ ამბობთ, თქვენივე ბიზნესზე აისახება?

- არასდროს არაფერს ვართულებ... ჩემთვის ყველაფერი ძალიან მარტივია... მაგალითად, ოჯახში, არასდროს ვქმნი ტრაგედიას იმისგან, რომ ბავშვმა არ ჭამა, ან წაიქცა... ზუსტად ასევე შეგვიძლია დავეცეთ ჩვენც, ან თუნდაც არ ვჭამოთ, იმიტომ, რომ არ გვშია... ბიზნესშიც ასეა, ხან გიმართლებს, ხან არა... ხან ეცემი და ხან დგები...   ვფიქრობ, ბავშვს თავისუფლება სჭირდება... თავისუფლება და თანასწორუფლებიანობა მაქვს დანერგილი სამსახურშიც. მთავარია, არ იყოს ტყუილი, დანარჩენი ყველაფერი მისაღებია...

- და ამ პრინციპს ნერგავთ ოჯახშიც?

- დიახ, ასეა.. ზოგადად, როდესაც ხარ წარმატებული, გაფასებს ყველა. რა თქმა უნდა ოჯახის წევრებიც. როდესაც ხარ წარუმატებელი, შენ თვითონ არ აფასებს შენს თავს და შესაბამისად, ირღვევა ბალანსი, ანუ იქმნება დისბალანსი შენსა და შენს ოჯახის წევრებს შორის, იმიტომ, რომ როდესაც შენ არ აფასებ შენს თავს, ვერ გაფასებს ვერავინ... ყველა ადამიანს შეუძლია, თავის სფეროში იყოს წარმატებული და მდგრადი, არ არის აუცილებელი ყველას ყველაფერი შეეძლოს. მაგალითად, თქვენ - ჟურნალისტიკაში, მე -  ჩემს გაყიდვებში, ის - მედიცინაში და ა.შ.

- და მაინც... თქვენს სფეროში კონკურენციაა მაღალი... და ამხელა კონკურენციის საფუძველზე თქვენ მაინც ახერხებთ წარმატებული ბიზნესის კეთებას. რა არის თქვენი საიდუმლო, რაც თქვენი ერთგული მომხმარებლის რიცხვს ზრდადობის ტენდენციას უნარჩუნებს?

- იცით რა, ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის რამეს ვაკეთებ. ყველაფერი თავისთავად ხდება. ვფიქრობ, აქ მთავარ როლს მაინც ჩემი და ჩემი თანამშრომლების გულწრფელი დამოკიდებულება თამაშობს. 15 წლიანმა მუშაობამ ყველაზე გათვლილი გემოვნება გამომიმუშავა და ამის პრაქტიკაში დანერგვა მასწავლა. არასდროს ვატყუებ კლიენტს, არასდროს ვცდილობ, მოგების მიზნით პროდუქტის გასაღებას. ვცდილობ რეალური სურათი ვაჩვენო, რომ სახლში მისულმა კმაყოფილება იგრძნოს. აქ შემოსული ნებისმიერი ადამიანი დადებითად იმუხტება, სითბოსა და გულწფელობას გრძნობს, კომუნიკაციის, სიახლის, განტვირთვის საშუალება ეძლევა. ვფიქრობ, სწორედ  ესაა ჩემი წარმატების საიდუმლო.

- მაღაზია ორ ნაწილადაა გაყოფილი...

- დიახ, ერთ მხარეს შემოტანილი პროდუქციაა, მეორეში კი ჩემი დიზაინით შექმნილი სამოსია წარმოდგენილი. ფასები მისაღებია და ვფიქრობ, ხარისხიც საკმაოდ მაღალია ...

- პარალელურად შემოქმედებითი მხარეც გაინტერესებთ... ქეთი ფარესაშვილის პროდიუსერობას ვგულისხმობ...

- დიახ, ასეა... ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა... ახალ სიმღერებზე ვმუშაობთ, რასაც საზოგადოება მალე იხილავს და შეაფასებს...

- და მაინც, რომელი საქმეა თქვენთვის უფრო პრიორიტეტული...

- ყველა... საერთოდ ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებ... თუ საქმე არ მომწონს, მილიონ დოლარადაც კი არ გავაკეთებ... ყველაფერი მატერიალური ღირებულება არაა, ადამიანები სულიერი სიმშვიდისა და საკუთარი კომფორტისთვისაც ზრუნავენ ... ვფიქრობ, ბიზნესის კეთებისას ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს...



გზა დასაბამიდან

ბიზნესი 19 წლის ასაკიდან დაიწყო. როგორც თვითონ ამბობს, ეს მისივე მოგონილი მოკლევადიანი ბიზნესი იყო. ლილოს ბაზრობაზე დადიოდა და ქსოვილს ყიდულობდა, მერე ღებავდა, ქვედაბოლოებს კერავდა და მაღაზია „ბუმს“ აბარებდა. ასე დღეში 300 ლარამდე შოულობდა. ეს 19 წლის გოგოსთვის საკმაოდ კარგი შემოსავალი გახლდათ. შემდეგ საკუთარი მაღაზია გახსნა. კეკელიძეზე მდებარე „ბუტიკს“ ყველა თაკოს მაღაზიის სახელით იცნობდა... ზოგიერთი კი მას სტაფილოსფერ მაღაზიადაც მოიხსენიებდა... პარალელურად საღამოების კეთება დაიწყო. „ივენთებს“ 90-იანი წლების უინტერნეტობისა და უშუქობის ეპოქაში აწყობდა. ყოველი საღამო ანშლაგით ტარდებოდა. წარმატებული ღონისძიებებისა და ბიზნესვუმენობის  შემდეგ დედობის ბედნიერებაც ერგო. ერთს მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე, მეოთხე და მეხუთე შვილიც შეეძინა. არც საქმიანობის მხრივ მოდუნებულა. წარმატებული დედობის პარალელურად ბიზნესსაც წარმატებით უძღვებოდა. საქართველოში სუნამოები შემოჰქონდა... მერე კურსთაშორის სხვაობა გაიზარდა და ამ ბიზნესმაც ხიბლი დაკარგა... ახლა ქეთი ფარესაშვილის პროდიუსერობის პარალელურად, აბაშიძის N46-ში  საკუთარი მაღაზია „პლუსი“ გახსნა. ეს სტარტი წარმატებული აღმოჩნდა. მან მთელი თავისი პოზიტიური ენერგია ამ ბიზნესში ჩადო. საქმემ გაამართლა...

თარიღი: 2018/06/18