ვაშლის ჩიპსების გიჟური იდეიდან რეალობამდე
 

სასტარტო კაპიტალი -75 ლარი

ბიზნესიდეა - ვაშლის ჩიპსების წარმოება

იდეის ავტორები - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები

საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა დღეის მდგომარეობით - 15 000 ლარი

 

მეცნიერული იდეებიდან წარმატებულ ბიზნესამდე ახალგაზრდები ერთობლივი საქმის კეთების სურვილმა და ახალგაზრდულმა ენთუზიაზმმა მიიყვანა. იდეა ერთ-ერთ ლექციაზე გაჩნდა, თუმცა მაშინ მისი განხორციელების რეალურობა ბევრმა ვერ ირწმუნა. შაკო მძინარაშვილი ”ბიზნესპოსტს” იმ გზის შესახებ უამბობს, რომელიც სტარტიდან წარმატებული საწარმოს შექმნამდე გაიარა.

- როდის გაჩნდა პირველად ვაშლის ჩიპსების წარმოების იდეა და როგორ მიიღეს ეს სიახლე ირგვლივმყოფებმა?

- ბიზნესიდეა  ერთ-ერთ ლექციაზე დაიბადა, როცა ჩემს თავს ვკითხე, თუ რატომ არ შეიძლება ჩიპსი იყოს ჯანსაღი? და ასე დავიწყე ფიქრი ვაშლის ჩიპსების წარმოების იდეაზე, რომელსაც, უნდა ვაღიარო, ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. შეიძლება ითქვას, რომ ირგვლივმყოფ ”სკეპტიკოს-კრიტიკოსთა” შემოძახილებიც არ იყო ადვილი ასატანი, მაგრამ...  გეგმგები დიდი გვქონდა, ასეთივეა ახლაც. ვიცი,რ ომ ჩვენ  ჯანსაღი ,,სნექების’’ წარმოების მიმართულებით უდიდესი კომპანია გავხდებით მსოფლიოს მასშტაბით.  ვიზრდებით ყოველ წამს! ჩვენი მიზნები კი იმდენად დიდია, რომ რაც არ უნდა ბევრს მივაღწიოთ, მაინც ვერ ჩავთვლით, რომ კულმინაციას მცირედითაც კი მივუახლოდით.

- ალბათ, რთულად გასავლელი გზა იყო დასაწყისში...

- დიახ, ასე იყო... იმისათვის, რომ ჩვენი დასახული მიზნებისთვის მიგვეღწია, დიდძალი შრომა დაგვჭირდა. სტარტის აღება ნამდვილად არ იყო ადვილი. ჩვენი პირველი დანადგარი მეგობრის ჯერ კიდევ დაუმთავრებელ სახლში ავაწყეთ. სწორედ აქ შეიქმნა ჩვენი პირველი პროდუქტი.  საკმაოდ რთულია დაუმთავრებელ სახლში, სიცივეში იმუშაო. რთულია, ზოგჯერ მშიერმა ფეხით ატარო ბევრი რამ, რადგან არც ტაქსის ფული გაქვს და არც მანქანა  გყავს. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია, ჩვენს ფიზიკურ შრომას ასევე ემატებოდა უნივერსიტეტის საქმეებიც. ძალიან რთული იყო სწავლასთან ერთად ჩვენი ამ ახალი ბიზნესგეგმის განხორციელება. რთულია, ღამეები ათიო,  რადგან უნივერსიტეტში სასწავლი გაქვს და ასევე იმუშაო საწარმოს განვითარებისთვის, რათა წარმატებებს მიაღწიო.

რა თქმა უნდა, ასევე მძიმე შრომა გავწიეთ საწარმოს ასაწყობად. ვაღიარებ,  რომ ამ საწარმოს აშენებისას  ყველა პროფესიას დავეუფლე, დაწყებული მეტლახის დაგებიდან, დამთავრებული - პლასტიკატის გაკვრით. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ უნივერსიტეტი ყოველმხრივ ცდილობდა ჩვენს ხელშეწყობას.

- როდის მიხვდით, რომ ეს გიჟური იდეა ის საქმე იყო, რომლიც კეთებაც სიამოვნებასაც მოგანიჭებდათ და სარგებელსაც მოუტანდა გუნდს...  

- პირველივე პროდუქტის შექმნისთანავე...

როდესაც ,,ჩვენს ღუმლში’’ პირველი პროდუქტი დავამზადეთ, მივხვდი, თუ რაოდენ მაგარია, როცა ახალს ქმნი, თან ისეთს, რაც აქამდე არ არსებობდა. მახარებს ის ფაქტი, რომ ადამიანებს ვთავაზობ ჩემ მიერ შექმნილ  პროდუქტს, რომელიც მათთვის ღირებული, სასიამოვნო და, რაც მთავარია, სასარგებლოა. ჩვენ არაერთ პროექტსა და კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, რომელშიც პირველობა არავის დავუთმეთ.

მამოტივირებელი იყო ერთ-ერთ ესტონურ პროექტში გამარჯვება. მაშინ 133 კონკურსანტს შორის პირველი ადგილის მოპოვება შევძელით.  სასიამოვნოა  გამარჯვების შეგრძნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხი რწმუნდება შენი პროდუქტის სიჯანსაღეში. სტარტაპ საქართველომ 90 000 ლარით დაგვაფინასა, გამარჯვება მოვიპოვეთ სხვადასხვა სტარტაპ კონკურსებშიც.  წარმატების საიდუმლო კი  ჩვენი პროდუქტის დაგემოვნებაა. ჩვენ თავადვე წარვადგენთ ჩვენს პროდუქტს დეგუსტაციების მიმდინარეობისას. სასიამოვნო სანახავია, როდესაც ხედავ ადამიანების გაოცებასა და გახარებას, ჯანსაღ და სასარგებლო პროდუქტს რომ აღმოაჩენენ და მადლობლები რჩებიან ამის.

- თქვენი აზრით, რა არის ის, რაც ყველა დამწყებ ბიზნესმენს უნდა გააჩნდეს, რათა დიდი სირთულეების მიუხედავად ბრძოლის სურვილი არ დაკარგოს?

- მნიშვნელოვანია, ახლის შექმნასთან ერთად ვქმნიდეთ ღირებულს და საინტერესოს. აუცილებელია, სწორი გათვლები, რათა საქმიანობამ მატერიალური კეთილდღეობაც მოიტანოს, რადგან მატერიალურად მყარი საფუძველი  შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო დიდი ორიენტირები ავიღოთ და საინტერესო სიახლე შევთავაზოთ ყველას. მაცნიერებაში მიღებული ცოდნა კი ძალიან დაგვეხმარა ზემოხსენებულის განხორციელებაში.

თუკი იდეა გაჩნდა ე.ი მისი განხორციელება შესაძლებელია. უბრალოდ, მაქსიმალურად უნდა სცადო და არასდროს გაჩერდე. გამოსავლის მოძებნის ვარიანტი უამრავია და ამიტომაც არასდროს არ უნდა დაიხიო უკან. მნიშველოვანია, რაც შეიძლება მეტი იკითხო, ილაპარაკო, რაც შეიძლება მეტი გაიგო იმ სფეროს შესახებ, რომელშიც ცდილობ საქმის წამოწყებას, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვების გამოცდილების გაზიარებაც.

ყოველივე ზემოთქმულის შედეგი ნათელია: ჩვენი სასტარტო თანხა სწორედ იმდენივე იყო, რამდენიც სტუდენტებს შეიძლებოდა, ჰქონოდათ. პირველად 25-25 ლარი შევკრიბეთ დანადგარის მსგავსი მოდელის ასაწყობად. მაგრამ ჩვენ ეს მცირე რაოდენობის თანხა 150000 ლარიან ინვესტიციად ვაქციეთ. ბუნებრივია, ჩვენში მეტი ამბიცია არსებობს და ვფიქრობ, ყველაფერი საუკეთესო ჯერ წინ გვაქვს.

თარიღი: 2018/06/20