ყველა ფინანსური სერვისი ერთ  სივრცეში - საქართველოში ფულის მართვის პირველი აპლიკაცია Space გამოჩნდა
”დაემშვიდობე ბანკს” - მოწოდება, რომლითაც ”სფეისი” საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდა ბევრისთვის საინტერესო, ბევრისთვის - სასიხარულო,  გარკვეული ნაწილისთვის კი დამაბნეველიც, აღმოჩნდა.  რეგიონში პირველი ციფრული საბანკო მომსახურების ავტორებმა მოხმარებლების კომფორტსა და დროის დაზოგვაზე იზრუნეს. აპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებულმა ე.წ. ნეობანკმა, ანუ ბანკმა ფილიალებისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე,  საზოგადოების ინტერესი შექმნისთანავე გამოიწვია.

რას გვაძლევს ”ჩვენი ფულის აპლიკაცია”, რატომ ვემშვიდობებით ბანკს, რას ნიშნავს ვიდეორგოლში ასახული დინოზავრები, რატომ უნდა ვისარგებლოთ შემოთავაზებული სერვისით და როგორ უნდა შევუქმნათ საკუთარ თავს კომფორტი -  ”ბიზნესპოსტის” კითხვებს ”სფეისის” პროექტის მენეჯერმა, ლაშა გურგენიძემ უპასუხა. 

- წარმოიდგინეთ ბანკი ფილიალების, ქაღალდების, რთული და დამაბნეველი პროდუქტების, და ბიუროკრატიის გარეშე. წარმოიდგინეთ ფინანანსური სერვისები, რომლის გამოყენებაც ისეთივე მარტივია, როგორც სოციალურ ქსელში ფოტოს გაზიარება ან საყვარელ ონლაინ მაღაზიაში შოფინგი. ბანკი, რომელიც მდებარეობს თქვენს ტელეფონში, რათა თქვენ არასდროს მოგიწიოთ ფილიალში მისვლა და დროის ხარჯვა.

ჩვენ გვჯერა, რომ უნდა არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით,  ტექნოლოგიებით და  დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

სფეისში მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს ყველა ის ფინანსური სერვისი, რომელიც თანამედროვე ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება - გადარიცხოს თანხა ახლობლებთან, გადაიხადოს გადასახადები, აიღოს სესხი ან ისარგებლოს ბარათით და ეს ყველაფერი უფრო მარტივად, სწრაფად და გამჭვირვალედ ვიდრე ამას ტრადიციული ბანკები აკეთებენ.

- როგორ მუშაობს სისტემა? განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ სოციალური ქსელების გამოყენება (მესენჯერები). თიბისი ბანკმა დანერგა მობილური ტელეფონის ნომრით თანხის გადარიცხვის პრაქტიკა საქართველოში. ვიცით, რომ თანხა ჯდება ნომრის მფლობელის ანგარიშზე, საჭიროა მხოლოდ მისი დასტური. როგორ იმუშავებს ეს მესენჯერების შემთხვევაში?

- Space-ს არ აქვს ფილიალები, შესაბამისად მომხმარებლების რეგისტრაციაც, ანგარიშის გახსნა, ან ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება შესაძლებელია მობილური ტელეფონის საშუალებით. ამისთვის საჭიროა გადმოწეროთ Space-ის აპლიკაცია App Store ან Google Play-დან, ID ბარათის და სელფის საშუალებით გაიაროთ ვერიფიკაცია და გახდეთ სფეისის მომხმარებელი. თქვენ მიიღებთ სრულფასოვან საბანკო ანგარიშს და ვიზა კლასიკის ტიპის უფასო ბარათს, რომელსაც ფოსტით მოგაწვდით თქვენ მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.

მნიშვნელობა არ აქვს რომელი ბანკის მომხმარებელი ხართ, ან სად გერიცხებათ ხელფასი. სფეისში თქვენ შეგიძლიათ გააერთიანოთ ყველა თქვენი საბანკო ბარათი ერთ აპლიკაციაში და გამოიყენოთ ისინი სასურველი ოპერაციის განსახორციელებლად. მაგალითად, გადარიცხოთ თანხა ბარათიდან  ბარათზე ან გაუგზავნოთ ფული თქვენს ახლობელს სმს-ით, ფეისბუქით ან სხვა მესენჯერის საშუალებით. ამისთვის საკმარისია, მიუთითოთ, რომელი მესენჯერით გსურთ გადარიცხვა და რა თანხის. ამის შემდეგ იღებთ ბმულს, რომელსაც სასურველ ადრესატს ჩაუკოპირებთ. თქვენი მეგობარი ამ ბმულზე დაჭერით მიიღებს თანხას.

- ფულის გადარიცხვა, გადასახადების გადახდა, სესხის აღება, ბარათების მართვა - ამის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის მობილური აპლიკაციით. რა არის განსხვავებული სფეისში?

- სფეისში გვჯერა, რომ ინტერნეტ და მობაილ ბანკი საბანკო ინდუსტრიის ევოლუციის წინა ეტაპია. როგორც წესი, ამ არხების საშუალებით, ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ ისეთ პროდუქტებს და სერვისებს, რომლებიც შექმნილი იყო ფილიალებში გასაყიდად და ამის გამო, ეს პროდუქტები ნაკლებად  არის ადაპტირებული დისტანციური მომსახურებისთვის. მაგალითად,  იმისთვის, რომ დარეგისტრირდეთ ამ სერვისებზე, თქვენ უნდა მიხვიდეთ ფილიალში, გახდეთ ბანკის კლიენტი და მიიღოთ წვდომა თქვენთვის სასურველ მომსახურებაზე. ამის გაკეთების შემდეგაც, თქვენ პერიოდულად კიდევ მოგიწევთ  ფილიალში მისვლა მომსახურების ადგილზე მისაღებად.   

სფეისში ჩვენ უბარლოდ არ გვაქვს ფილიალები, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩვენი პროდუქტი და სერვისი ხელმისაწვდომია დისტანციურად.

ჩვენ პირველებმა შემოვიტანეთ ისეთი სიახლეები ბაზარზე, როგორიცაა დისტანციური ვერიფიკაცია და ანგარიშის გახსნა, მყისიერი გადარიცხვები ნებისმიერ ქართულ ბანკში 24/7-ზე, სესხის აღება ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როცა არ გაქვთ ჩვენთან საკრედიტო ისტორია ან წინასწარ დამტკიცებული სესხი.

- სესხების თემა განსაკუთრებით საყურადღებოა. ამ შემთხვევაში თქვენ შუამავლის ფუნქციას ასრულებთ სხვა ბანკებთან ურთიერთობისას თუ თვითონვე, სხვა ფინანსური  ორგანიზაციებისგან დამოუკიდებლად გასცემთ სესხს?

- სფეისი არ არის შუამავალი. ჩვენ, როგორც სხვა სრულყოფილი ბანკები, ისე გავცემთ სესხს დამოუკიდებლად.

- რას გულისხმობთ თქვენს სარეკლამო კამპანიაში „დაემშვიდობე ბანკს“ ?

- ჩვენი გარემო იცვლება,  სერვისები და პროდუქტები იხვეწება და დღეს ბიზნესის წარმატება გამორიცხულია, თუ ის მაქსიმალურად არ არის მორგებული თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებებს. ვფიქრობ, საბანკო ინდუსტრია საქართველოში საკმაოდ განვითარებულია, თუმცა, რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით ყოველდღიური ფინანსების მართვის კუთხით, ისინი არ არიან საკმარისად მოქნილები და ალბათ, მასშტაბიდან გამომდინარე, ვერ უთმობენ საკმარის ყურადღებას იმ დეტალებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ქმნიან მომხმარებლის გამოცდილებას.

ზუსტად ამან გაგვახსენა დინოზავრები, რომლებმაც ვერ გაუძლეს გარემოს ცვლილებებს და გადაშენდნენ. ამ ვიდეო რგოლით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ახალი ეტაპი დადგა, გვჯერა რომ უკვე დაიბადა ადამიანი, რომელსაც არ ემახსოვრება, რომ ოდესღაც ანგარიშის გასახსნელად, ფულის გადასარიცხად ან სესხის ასაღებად ხალხი ბანკის ფილიალებში ელოდა თავის რიგს. გვჯერა, რომ “სფეისი” გარდატეხას შემოიტანს ქართულ საბანკო ინდუსტრიაში და შეცვლის გარემოს. სწორედ ამ აზრის და შინაარსის გადმოცემას შევეცადეთ ამ ვიდეო რგოლით.

- როგორ გაჩნდა ციფრული ბანკის შექნის იდეა, რა ეტაპები გაიარეთ, ახლა სად ხართ და რას გეგმავთ მომავალში? სიახლეები, რომელსაც მომხმარებელი უნდა ელოდოს.

- სფეისის შექმნის იდეა, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაგვიჩნდა. ჩვენ ვგრძნობდით, რომ ყოველდღიური ბანკინგი შეიძლება ყოფილიყო უკეთესი. რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ თუ ტრადიციული ბანკური მიდგომების ჩარჩოებიდან და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოვიდოდით, ჩვენ შეგვეძლო ძალიან მოკლე ვადებში შეგვექმნა საქართველოში ახალი ტიპის ნეო ბანკი, რომელიც უკეთ უპასუხებდა თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს და მიზნებს.

ამ იდეით და „სფეისის“ პირველი პროტოტიპებით, გუნდის რამდენიმე  წევრი მივედით „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტთან. ძალიან საინტერესო ანალიზის პროცესის შემდეგ მათ დაიჯერეს ჩვენი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. რაც მთავარია, მოგვცეს დამოუკიდებლობა, რომ შეგვექმნა ისეთი ფინანსური პროდუქტი, რომელიც ჩვენ, როგორც მომხმარებლებს, გვჭირდებოდა და მოგვეწონებოდა.

ამის მერე იყო სტარტაპის შექმნის ძალიან საინტერესო პროცესი. ჩვენი პირველი ოფისი იყო პატარა ოთახი ტექნოპარკში. ვფიქრობ, ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩვენი, როგორც ახალი ტიპის ბანკის ჩამოყალიბებაში.

სფეისი სულ რამდენიმე დღეა გაშვებულია, თუმცა ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ახალი იდეა გვაქვს. ამ ეტაპზე, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ყოველდღიური საბანკო მომსახურების გამარტივებაზე, თუმცა სულ ცოტა ხანში, ვფიქრობ, არ დარჩება ისეთი ფინანსური მომსახურება, რომელშიც ჩვენ არ შევიტანთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ცვლილებებს.

- ვინ არიან და როგორები არიან თქვენი გუნდის წევრები, ანუ სფეისელები?

- ჩვენი გუნდი შედგება ახალგაზრდა პროფესიონალების, სუპერ კრეატიული და არაორდინალური ადამიანებისგან, რომლებიც მზად არიან გადაჭრან ნებისმიერი პრობლემა ტექნოლოგიების, დიზაინის და კრეატიული აზროვნების გამოყენებით.    

-  და რა არის თქვენი საიდუმლო? რაზე დგას თქვენი ბრენდი?

ჩვენი ხედვა ფულის ყოველდღიური  მართვის აპლიკაციის შესაქმენლად ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: სიმარტივე, გამჭვირვალობა  და მყისიერება.

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუ როგორ ვზრუნავთ, როგორ ვემსახურებით, როგორ ვპასუხობთ, როგორ ვუგვარებთ კლიენტებს პრობლემებს, ვხელმძღვანელობთ ერთი კითხვით -  მე რომ მომხმარებელი ვიყო, ბედნიერი ვიქნებოდი ამ გამოცდილებით?

თარიღი: 2018/06/20