ბოლო თვეებში ბინების რეალიზაცია 30-35%-ით შემცირდა - რა შედეგი მოაქვს „ქირურგიულ ჩარევას“ საფინანსო სექტორში?
საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებამ, რომლითაც სესხების გაცემა შეიზღუდა, საზოგადოებაში  დიდი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ყველაზე მეტად  გამკაცრდა იპოთეკური სესხის გაცემის წესები და ეს ცვლილებები სამშენებლო სექტორის საქმიანობაზე მკვეთრად უარყოფითად აისახა: დეველოპერები აცხადებენ, რომ ბინების რეალიზაცია არნახულად შემცირდა და ამის მიზეზი სწორედ ეროვნული ბანკის რეგულაციებია.  

   „ბიზნესპოსტი“ ესაუბრა „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელს“ - ირაკლი როსტომაშვილს, რომელმაც  აღნიშნა:

-ცხადია, საბანკო რეგულაციების გამკაცრების გამო სესხების გაცემა შეიზღუდა, ხალხს ბანკიდან სესხის აღება უჭირს და ბინას ვეღარ ყიდულობს. ამიტომ, ბინების რეალიზაცია კომპანიებს დაახლოებით 30-35%-ით შეუმცირდათ. პირდაპირ გეტყვით: საბანკო რეგულაციების შემოღება სერიოზული  შეცდომა იყო. წარმოდგენა არა მაქვს, ეს სიტუაცია რამ უნდა შეცვალოს,ალბათ,  ერთად მსჯელობამ, გამოსავლის ძებნამ და ურთიერთთანამშრომლობამ, რადგან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ასეთი შედეგი მოჰყვება ხოლმე. ყველამ თავისი პოზიცია და სურვილი უნდა დააფიქსიროს და გამოსავალიც ერთად უნდა მივძებნოთ. ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და როგორღაც, საერთო ენა უნდა ვიპოვოთ.

   სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფის“ გენერალური დირექტორი - ზაზა იჩქიტიძე ადასტურებს, რომ ბინების რეალიზაცია მართლაც საგრძნობლად  შემცირდა:

ზაზა იჩქიტიძე -საბანკო  რეგულაციებმა ჩვენს ბიზნესს ხელი მართლაც შეუშალა. სესხის აღება გართულდა და ბინების რეალიზაცია ჩვენს კომპანიაშიც  საგრძნობლად შემცირდა. ადრე ბინას უცხოეთში მცხოვრები ქართველი რომ ყიდულობდა, მისთვის ეს პროცესი შედარებით მარტივი იყო, ახლა კი, ყველაფერი  გართულდა. მომავალში ეს რა ეფექტს მოიტანს, ძნელი სათქმელია, დღეს კი - ასეთი ვითარება გვაქვს.  რეგულაციები ცოტა თუ შერბილდება, სამშენებლო ბიზნესისთვისაც  უკეთესი იქნება და იმ ხალხისთვისაც, ვისაც ბინის შეძენა ბანკის დახმარებით სურს. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება სამშენებლო ბიზნესის ინტერესებსაც გაითვალისწინებს, რადგან თუ ახალი შენობები არ აიგება, თუ ახალი სამუშაო ადგილები არ შეიქმნება, წინ ვერ წავალთ.  მე მაინც იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება და ყველაფერი მოგვარდება.

   გაცილებით კრიტიკულად აფასებს  სიტუაციას  „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის ხელმძღვანელი - ლევან ალაფიშვილი. მისი  თქმით, ეს რეგულაციები ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვას უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვას:

ლევან ალაფიშვილი - ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, სანამ ეს ყველაფერი ამოქმედდებოდა, მე საჯაროდ ვაცხადებდი, რომ საფინანსო სფეროში ასეთ უხეშ, „ქირურგიული ჩარევას“ აუცილებლად მოჰყვებოდა უარყოფითი ზეგავლენა მთელ ეკონომიკაზე და ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებაზე. პირველ რიგში, ეს რეგულაციები შეეხო იმას, ვინც ბაზარზე განვადებით ოპერირებს - საქონელს განვადებით ყიდის, ან - პირიქით, ყიდულობს. გაყიდვების შემცირება ჯერ ტექნიკის მაღაზიებს შეეტყო და თანდათან მათ რიცხვს  სხვა პროდუქციით მოვაჭრე მაღაზიებიც  დაემატა. საბანკო რეგულაციების უარყოფით გავლენას ვერ გაექცა ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორიც უძრავი ქონების ბაზარია. ეს ძალიან მარტივი დასანახი იყო ჩვენისთანა ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, სადაც არაერთი ბიზნესი სწორედ საბანკო სექტორზეა დამოკიდებული. სამშენებლო ბიზნესზე ამ ცვლილებებმა პირდაპირი და უშუალო გავლენა მოახდინა. საკითხავია, შემცირდა თუ არა სამშენებლო მასალების იმპორტი? - თავიდანვე აშკარა იყო, რომ შემცირდებოდა, რადგან დველოპერები ცოტას თუ აშენებენ, ნაკლებ სამშენებლო და სარემონტო პროდუქციას ყიდულობენ. ამას სარეკლამო, ადმინისტრაციული და მარკეტინგული ხარჯების შემცირებაც მოჰყვება. მთავრობა ამბობს, რომ გადაწყვეტილების კორექტირებას აპირებს, მაგრამ ჩემი აზრით, სასაცილოა, როდესაც ჯერ პრობლემას ქმნი და მერე იმით ამაყობ, რომ ამ პრობლემას მოაგვარებ. სამწუხაროა, მაგრამ ამგვარ რეალობაში გვიწევს ცხოვრება.

    ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ბოლო წლებში მიღებულმა მცდარმა გადაწყვეტილებებმა საფინანსო სექტორი და სამშენებლო ბიზნესი განსაკუთრებით დააზიანა:

-სამწუხაროდ, მთავრობა ხშირად იღებს პოპულისტურ გადაწყვეტილებებს, რაც მერე გამოსასწორებელი ხდება.  ამის კარგი მაგალითია საპოლიციო გამოსახლების გაუქმება: თავის დროზე, საპოლიციო გამოსახლებას რომ აუქმებდნენ, ჩვენმა პოლიტიკოსებმა კარგად ისარგებლეს, მაგრამ ახლა ეს ნაბიჯი სანანებელი გაუხდათ. ეს კარგად გამოვლინდა „დირსის“ კორპუსში 150 დევნილი ოჯახის შეჭრის შემდეგ:  ის 150 ოჯახი რომ გამოასახლონ, ეს კანონის დაცვა კი არ იქნება, ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა შეზღუდვის ზღვარზე მოუწევს გავლა. თავის დროზე რომ ეფიქრათ, რას ნიშნავდა საპოლიციო გამოსახლება სახელმწიფოსთვის, მას არ გააუქმებდნენ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მსგავსი პრეცედენტები შეიძლება კიდევ ბევრჯერ განმეორდეს. თუ ვინმე რომელიღაც შენობაში შეიჭრება, არავის აღარა აქვს უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოასახლოს. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მთავრობა. ასეთივე მცდარი ნაბიჯი იყო საბანკო რეგულაციების გამკაცრებაც. ამ რეგულაციების შემოღების შემდეგ არაერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაიხურა და უმუშევართა რიცხვმა მოიმატა. ზოგიერთ საფინანსო დაწესებულება არ დახურულა, მაგრამ სემცირებები დაიწყო და  ადამიანები სამსახურიდან უკვე დაითხოვეს. როდესაც ბიზნესში პოლიტიკური პოპულიზმი ერევა, ყოველთვის ასეთ შედეგებს ვიღებთ. პოპულიზმით მთავრობა ცდილობს ხალხის გული მოიგოს, მაგრამ ეს ტაქტიკა ყოველთვის არ ამართლებს.  პოლიტიკოსებმა ნეგატიური განწყობა შექმნეს ბანკების მიმართ, მაგრამ შეგიძლიათ ერთი შემთხვევა გაიხსენოთ, როცა ბანკებმა ვინმეს სესხი იძულებით ააღებინეს? საბანკო რეგულაციები პოპულიზმის საუკეთესო ნიმუშია და ახლა ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს  რეგულაციები ეკონომიკის სხვა სფეროებსაც არ ჩაიყოლებს“ - აცხადებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი.

თარიღი: 2019/04/04