გაზრდილი კონტრაბანდა და მომატებული ფასები - რა ხდება თამბაქოს ბაზარზე საქართველოში?
ბოლო ხანებში ქართულ ბაზარზე სიგარეტის ფასი  საგრძნობლად გაიზარდა, გაძვირდა როგორც ფილტრიანი, ასევე - უფილტრო სიგარეტი, რასაც აქციზის გადასახადის მომატებით ხსნიან: 2019 წლის პირველი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ფილტრიანი სიგარეტის ადვალური ფასი - 10%-დან  30%-მდე. აქციზის გაძვირებას ქვეყანაში ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. მომხრეები ევროპულ ფასებს ასახელებენ, სადაც აქციზის მინიმალური  გადასახადი 1,8 ევრო ანუ - საშუალოდ, 5,5 ლარია. ჩვენთან კი - 3,5-ჯერ ნაკლები. ერთი კოლოფი სიგარეტი ევროპის ქვეყნებში 3-4-ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენთან. ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ თამბაქოს გაძვირებას ქვეყანაში უაქციზო სიგარეტის დიდი რაოდენობით შემოტანა მოჰყვა.

და მაინც, რა ხდება თამბაქოს ბაზარზე და რატომ გაიზარდა უაქციზო სიგარეტის რაოდენობა? - ამის თაობაზე „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელს - გიორგი ბახტურიძეს ვესაუბრეთ:

-მეც ვეთანხმები, რომ უაქციზო თამბაქოს წილი ქართულ ბაზარზე გაიზარდა. გასული წლის ნოემბერში  ზუგდიდში ვიყავი და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ იყიდებოდა  ბაზრობაზე ყალბი სიგარეტი - „მანჩესტერი“, რომელსაც აფხაზური აქციზი ჰქონდა დაკრული. ეს არის ორგანიზებული კონტრაბანდა, რომელშიც ხშირად ადგილობრივი ხელისუფლებაც მონაწილეობს. იმ ხანებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეგრელოში რამდენიმე მაღალი თანამდებოობის პირი დააკავეს სწორედ უაქციზო სიგარეტის შემოტანის ბრალდებით. ცხადია, თუ აფხაზურ პროდუქციას ვყიდულობთ, აფხაზეთის ახლანდელ მთავრობას ვაძლიერებთ, რაც არა მარტო პოლიტიკური, არამედ მორალური საკითხია.

-რატომ გაძვირდა სიგარეტი?

- ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ აქციზის გაძვირებით ვერ აიხსნება, ეს - თამბაქოს ინდუსტრიის დამსახურებაც არის. მაგალითად: გასულ წელს თამბაქოს იმპორტი 70%-ით გაიზარდა. საქართველოს მოსახლეობა საშუალოდ 10 მილიარდ ღერ სიგარეტს მოიხმარს, 2018  წლის ბოლოს კი, ქვეყანაში 17 მილიარდი ღერი დაფიქსირდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ თამბაქოს ინდუსტრიამ გადასახადის ზრდას დაასწრო. 2 წლის განმავლობაში სიგარეტის ფასი საშუალოდ 1 ლარით მაინც გაიზარდა, მაგრამ ეს სახელმწიფოს მიერ აქციზის გაძვირების შედეგი არ ყოფილა - ეს თამბაქოს ინდუსტრიის ქმედებებმა გამოიწვია. არანაირი საფუძველი იმისა, რომ ფასი გაეზარდათ, არ იყო, რადგან კომპანიებმა აქციზი იმ დროს შეიძინეს, როცა მისი ფასი ჯერ კიდევ დაბალი იყო.

-ბევრი მიიჩნევს, რომ გაძვირებით საქმეს ვერ ვუშველით და ვინც ეწევა, მაინც მოწევს. რას იტყოდით იმაზე, რომ ვინც ადრე ფილტრიან სიგარეტს ეწეოდა, უფილტროზე გადავიდა?

-ეს მოსალოდნელი იყო. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ფასის გათანაბრება, მაგრამ ბოლო ხანებში ხალხი ხელით გასახვევ თამბაქოზე გადავიდა. როდესაც უფილტრო სიგარეტის აქციზს აძვირებდნენ, ჩვენ ვთავაზობდით, რომ თუთუნი ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყო. მით უმეტეს, თუთუნი ჩვენთან როგორც  ნედლეული, ისე შემოაქვთ და მისი შემომტანები გადასახადს არ იხდიან. მწეველებს თუთუნი უფრო უაფი უჯდებათ და უკვე ბევრი ეწევა ხელით გასახვევ თამბაქოს. ისინი სპეციალურ აპარატებს ყიდილობენ, რომლითაც თამბაქოს ახვევენ და ასე ეწევიან. თუთუნს უკვე თბილისშიც ბევრი ეწევა და რეგიონებშიც, რის გამოც მასზე მოთხოვნა გაიზარდა.  ჯიხურებიც გახსნეს, სადაც შეკვეთას მისცემთ და იმდენ შეხვეულ სიგარეტს დაგახვედრებენ, რამდენიც გსურთ. მე ვერ დავეთანხმები ვინც ფიქრობს, რომ გაძვირება მწეველებს ვერ დააბრკოლებს. ბევრს ვიცნობ, ვინც სიგარეტის მოწევას თავი დაანება, ან ღერები შეამცირა და ეს გაძვირების გამო გააკეთა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი თამბაქოს ნაწარმის გაძვირება, რომ ეს ნარკოტიკი ყველასთვის ხელმისაწვდომი აღარ იყოს. ეს თუთუნსაც ეხება, რომელიც ქართულ ბაზარზე უაქციზოდ და ყოველგვარი შეფუთვის გარეშე იყიდება, რაც დანაშაულია.  1 მაისიდან შეფუთვის სტანდარტი შემოდის და შემოსავლების სამსახურმა ამ დანაშაულთან ბრძოლა უნდა დაიწყოს. ჩვენ მივმართავთ ამ უწყებას, რომ თუთუნი ქვეყანაში უაქციზოდ, მარკირებისა და შეფუთვის გარეშე არ უნდა იყიდებოდეს. მსგავს ქმედებებზე სერიოზული საჯარიმო სანქციებია დაწესებული, ზოგიერთი შემთხვევა კი, ჩვენი კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად არის მიჩნეული.

-ვის შემოაქვს საქართველოში თუთუნი?

-ნაწილი თამბაქოს კომპანიებს შემოაქვთ, ხოლო ნაწილი - კერძო პირებს, რომლებიც მას ბითუმად ყიდულობენ და აფასოებენ, ან პირდაპირ - ტომრებით გააქვთ ბაზარზე. არის ხალხი, რომელიც თუთუნს ახვევს და ღერებად ყიდის, რაც ასევე დასჯადი ქმედებაა. ადმინისტრირების თვალსაზრისით ჩვენ სერიოზული პრობლემები გავქვს და შემოსავლების სამსახურმა ყურადღება ამაზეც უნდა გაამახვილოს. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც აფხაზური  სიგარეტი იყიდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ პროდუქტის რეალიზაციით ბიუჯეტში გადასახადები არ შედის. თუ კონტრაბანდასთან ბრძოლისთვის დამატებითი ძალები იქნება საჭირო, ძალოვანმა სტრუქტურებმა და ფინანსთა სამინისტრომ ერთად უნდა იმოქმედონ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სულ უფრო იზრდება ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაც. ბავშვები და მოზარდები ხშირად ასეთი სიგარეტის მოწევით იწყებენ და მერე გადადიან ჩვეულებრივ სიგარეტზე. თამბაქოს ინდუსტრია ამტკიცებს, რომ ეს სრულიად უვნებელი პროდუქტია, მაგრამ ელექტრონული სიგარეტი ისევე შეიცავს კარცენოგენებს და ტოქსინებს, როგორც ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმი. სიგარეტი, თუთუნი და ელექტროსიგარეტი - ყველა ერთნაირი ნაგავია, ყველა გენმოდიფიცირებულია და ქიმიური ნივთიერებებით არის დამუშავებული.

-თქვენ ხშირად ამბობთ, რომ თამბაქოს ინდუსტრიას მთავრობაშიც სერიოზული ლობისტები ჰყავს.

-დიახ და ეს ხშირად მათივე ქმედებებით მტკიცდება. მაგალითად: არსებობს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტებმა პარლამენტში  შეიტანეს. ეს ინიციატივა ბევრ ისეთ ცვლილებას გულისხმობს, რომელიც თამბაქოს შესახებ კანონს დაასუსტებს. საბედნიეროდ, პროექტი პარლამენტმა არ დაამტკიცა, მაგრამ თუ ამ კანონის დამტკიცებას გადაწყვეტენ, ჩვენ ყველა ბერკეტი გვაქვს  თამბაქოს  ბიზნესში ზოგიერთი  ჩინოვნიკის ინტერესები გამოვამზეურით და ამ ხალხის ვინაობაც დავასახელოთ. ამავე დროს, უკვე 9 თვეა პრემიერ-მინისტრის მაგიდაზე დევს პროექტი, რომელიც სერიოზულად შეზღუდავდა თამბაქოს ინდუსტრიის გავლენას ამ ბაზარზე, მაგრამ ეს პროექტი მთავრობას არც კი განუხილავს, ეჭვი გვაქვს, რომ მას თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევით ბლოკავენ და აჩერებენ. მართალია, თვითონ მწეველებმა უნდა გაიაზრონ, რა ზიანი მოაქვს მათთვის თამბაქოს მოწევას, უნდა გააცნობიერონ, რომ თამბაქოს ინდუსტრიას ამდიდრებენ, თვითონ კი - ინვალიდობას და ნაადრევ სიკვდილს იმკიან, მაგრამ თუ სიგარეტი ძალიან იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ეს ნამდვილად  არ შეუწყობს ხელს მწეველების რიცხვის შემცირებას საქართველოში.

 

თარიღი: 2019/04/09