„ქამრების შემოჭერა“ ქართულად - რატომ არ ჰყოფნით თანამდებობის პირებს 5-6 ათასლარიანი ხელფასები?
პარლამენტი ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში. სწორედ პარლამენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს,  კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. აქედან გამომდინარე, დეპუტატის ანაზღაურება ღირსეული უნდა იყოს, რომ მის საქმიანობას ხელი არ შეეშალოს. დღეს ქართველი პარლამენტარის შრომის ანაზღაურება 4 623 ლარია. თანამდებობის მიხედვით, პარლამენტართა ხელფასები მატულობს. ყველაზე მაღალი ანაზღაურება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს და მისი ხელფასი 6 738 ლარია. ქართულ საზოგადოებაში ცხარე დებატები მოჰყვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის - რომან კაკულიას განცხადებას, რომ დეპუტატების ხელფასი უნდა გაიზარდოს. თავისი განცხადებით რომან კაკულია გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საპენსიო სააგენტო თავისი საინვესტიციო საბჭოს წევრებს წელიწადში 60 ათასი დოლარის ოდენობის ხელფასს დაუნიშნავს: „საბჭოს წევრს არ უნდა ჰქონდეს ეს ხელფასი... როდესაც პარლამენტარის ხელფასი არის ის, რაც არის, ჩემი აზრით, ეს არ არის რელევანტური“  - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბრისას. არის თუ არა საკმარისი ჩვენი დეპუტატების ანაზღაურება? – ამ საკითხის შეფასება „ბიზნესპოსტმა“ ქართველ პოლიტოლოგებს და ფინანსისტებს სთხოვა:   

სოსო ცისკარიშვილი - „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ ხელმძღვანელი:

„საკითხავია, ქამრები სად შემოვიჭიროთ - ყელზე თუ წელზე?“

-სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მთავარი ფასეულობა ფული გახდა. სამაგიეროდ, ძირითად ფასეულობათა ჩამონათვალში ვეღარ ვხედავთ პატრიოტიზმს, სიკეთეს, პროფესიონალიზმს და ა.შ... ფულს საქართველოში ოდითგანვე უწოდებდნენ „ხელის ჭუჭყს“, ახლა კი, ეს მიდგომა შეიცვალა და ფული გახდა მთავარი სიმდიდრე. ეს არის ჩვენი რეალობაა და გასაკვირიც არ არის, რომ ჩვენს  პარლამენტარებს და თანამდებობის პირებს თვალი და გული ფულისკენ მიუწევთ. როდესაც ქვეყანაში მთავარი ფასეულობა არის ფული, იქ ყველაფერი მოსალოდნელია.

პაატა ბაირახტარი - „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი:

„თუ ვინმეს ფულის შოვნა სურს, პარლამენტიდან უნდა წავიდეს და კერძო სექტორში გადავიდეს“

-დავიწყებ საპენსიო ფონდით, რომელსაც ჩვენი დანაზოგი უნდა ვანდოთ, გასაგებია, რომ ამ უწყებაში მაღალი ხელფასები ექნებათ, რადგან ამ ადამიანებზე იქნება დამოკიდებული მთელი ჩვენი ნაშრომის და დანაზოგის განკარგვა. ამიტომ, საპენსიო ფონდში კვალიფიციური ადამიანების დაქირავება აუცილებელია. რაც შეეხება პარლამენტარების ხელფასს, ჩემი აზრით, დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა საშუალო ხელფასი 1200 ლარზე ცოტა მეტია და ბევრს შემოსავალი ამის ნახევარიც არა აქვს, ასეთ ვითრებაში პარლამენტარების ხელფასის გაზრდა სრული აბსურდი და მარაზმია. ჩემი აზრით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთმანეთში ღილაკები ერევათ და პულტზე ფერები ვერ გაურჩევიათ, ახლანდელი ხელფასებიც  საკმაოდ მაღალია. საჯარო სამსახური არ არის იმისათვის, რომ ვინმემ ფული იშოვოს. თუ ვინმეს ფულის შოვნა უნდა და საჯარო სამსახურში ყოფნის ენთუზიაზმი არა აქვს, წავიდეს და კერძო სექტორში გადავიდეს. საჯარო სამსახური ფულის შოვნისთვის არ არის შექმნილი, ის იმ ხალხისთვისაა, ვისაც სურს ქვეყანას ემსახუროს და თავისი ხალხისთვის კარგი საქმე გააკეთოს. ვფიქრობ, რომ დღეს პარლამენტში საკმარისზე მაღალი ხელფასებია.

პაატა შეშელიძე - „თავისუფალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი:

„მაღალი დონის პროფესიონალს სათანადო ხელფასი უნდა ჰქონდეს“ 

-დღეს ჩვენი პარლამენტარების ხელფასი საშუალოდ 1300 ევროა - ეს ევროპის მასშტაბით ძალიან მცირეა, მაგრამ საქართველოს მასშტაბით ბევრი ჩანს. ხელისუფლებას მაღალი ხელფასებით სურს დეპუტატები კორუფციისაგან დაიცვას,  მაგრამ ამ მექანიზმმა რომ იმუშაოს, გაცილებით მკაცრი მიდგომაა საჭირო. ჩვენ ვიცით, რომ დეპუტატებს შორის ადგილი აქვს საარჩევნო გარიგებებს, ზოგიერთი პარლამენტარის შემოსავალი კი - საერთოდ დაუსაბუთებელია, ამიტომ, მარტო ხელფასებზე ვერ ვიმსჯელებთ, მთლიანად, ვითარება უნდა შევაფასოთ. დღეს ძალიან ბევრ კომერციულ სტრუქტურაში ანაზღაურება გაცილებით მეტია, ვიდრე პარლამენტში. რაც შეეხება საპენსიო ფონდის საინვესტიციიო საბჭოს, იქ მყოფი ადამიანები მნიშვნელოვან საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე აგებენ პასუხს. თუ გვინდა, რომ ასეთ უწყებაში მაღალი დონის პროფესიონალები მოიწვიონ, მათ ნორმალური ხელფასები უნდა დაუნიშნონ. ამ ხალხმა 60 ათასი ადამიანის ყოველთვიური გადარიცხვა უნდა აკონტროლოს და განკარგოს, ამიტომ, სერიოზული კომპეტენტური სპეციალისტების გადმობირებაა საჭირო. სულ სხვა საკითხია, სჭირდება თუ არა ჩვენს ხალხს ეს ფონდი. მე მიმაჩნია, რომ ის საერთოდ გასაუქმებელია და ამ ფორმით არ უნდა არსებობდეს.

რამაზ საყვარელიძე - პოლიტოლოგი:

„შეიძლება ადამიანს მაღალი ხელფასი ჰქონდეს, მაგრამ ქრთამი მაინც აიღოს“

-ჩემი აზრით, მაღალი ხელფასები სულაც არ არის იმის გარანტი, რომ ყველა კარგად იმუშავებს. შეიძლება ადამიანს ძალიან მაღალი ხელფასი ჰქონდეს და არაფერს აკეთებდეს. თუ სახელმწიფოს ექნება იმის უნარი, რომ თანამდებობის პირს მაღალი ხელფასიც დაუნიშნოს და კიდეც გააკონტროლოს, საზოგადოებას ასეთი შეკითხვები აღარ გაუჩნდება. როდესაც პარლამენტარების საქმიანობა ეფექტიანი არ არის, მათი ხელფასები კი, ძალიან მაღალია, სწორედ მაშინ ჩნდება პროტესტი საზოგადოებაში. იმას ვერ ვაკონტროლებთ, რომელი დეპუტატი ესწრება სხდომებს, რომელი - არა და სხვას რას გავაკონტროლებთ? მესმის, რომ პარლამენტის დეპუტატებს მაღალი ხელფასები უნდა ჰქონდეთ, რომ კორუფციაში არ ჩაერთონ, მაგრამ თუ კონტროლის მექანიზმი სათანადოდ არ იმუშავებს, შეიძლება თანამდებობის პირს მაღალი ხელფასი ჰქონდეს და ქრთამიც აიღოს. ასე რომ, მარტო ხელფასების მომატებით პარლამენტარების საქმიანობას ვერ გავაუმჯობესებთ.

 

თარიღი: 2019/04/12