როგორ აფასებს სამშენებლო ბიზნესი ახალ რეგულაციებს?
„თუ რეიდები იმიტომ ჩატარდება, რომ სამშენებლო სექტორი მოკლან და არასასურველი კომპანიები ჩაძირონ, ნამდვილად არ მივესალმებით!“

სამშენებლო ბიზნესისთვის დედაქალაქის მერია რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს - ამის შესახებ საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ აცნობა: „ აუცილებელია, ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რათა ყველამ გაითავისოს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. ეს უნდა გაითავისოს, როგორც დამსაქმებელმა და დამკვეთმა, ასევე, იმ ადამიანებმა, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე არიან დასაქმებული“ - აღნიშნა მან. სამშენებლო ობიექტები ადრეც კონტროლდებოდა, თუმცა, მოულოდნელი რეიდების საშუალებით ეს პროცესი გაცილებით მასშტაბურ სახეს მიიღებს.მერიაში აცხადებენ, რომ  ნებისმიერი დამრღვევის მიმართ მკაცრი სანქციები დაწესდება და შესაძლოა, ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილებაც კი მიიღონ. როგორ აფასებენ აღნიშნულ ცვლილებას სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები?  - ამის შესახებ ისინი თავად გვესაუბრებიან:

ზვიად დარახველიძე - სამშენებლო კომპანიამონოლით ჯგუფისდამფუძნებელი

„ბინები თბილისში 15, 20, 50 დოლარით გაძვირდა“

-ჩემი შეფასება ასეთია: რეიდებს გააჩნია... კარგია, რომ უსაფრთხოების ნორმები შემოწმდება, ბოლოსდაბოლოს, ევროპულ დონეს ხომ უნდა მივაღწიოთ, მაგრამ არა მარტო მშენებლობა, თავად ბაზარი უნდა ავიდეს ევროპულ დონემდე. შემოწმება ჩვენ ისედაც არ გვაკლდა და თუ ეს რეიდები იმიტომ ჩატარდება, რომ სამშენებლო ბიზნესი მოკლან და არასასურველი კომპანიები გააკოტრონ, გააღატაკონ და ჩაძირონ, ეს კარგი არ იქნება, მაგრამ რეიდებს თუ იმისთვის დაიწყებენ, რომ შენიშვნაც მისცენ და გამოსწორების საშუალებაც, ეს მისასალმებელი ინიციატივაა. თუ ყველაფერი საქმისთვის გაკეთდება, მაშინ არა უშავს, მაგრამ ამ ბიზნესში დარღვევები თითქმის ყველა ქვეყანაშია. საქართველოშიც, ძალიან გამართულ უცხოურ კომპანიაშიც რომ შევიდნენ, არ არსებობს რაღაც დარღვევა არ ნახონ. ჩვენთან ტექნოლოგოებიც არ არის ევროპული დონისა და სამშენებლო ბიზნესის მოგებაც ნაკლებია. ევროპაში საშუალო ფენისთვის განკუთვნილი ბინების ფასი (1 კვ.მ.) 2500-დან 5000 ევრომდე ღირს, ხოლო ჩვენთან - მაქსიმუმ, 1500 დოლარია. როგორც წესი, რეგულაციების გამკაცრებას ყოველთვის მოჰყვება ფასების ზრდა, ახლაც, ხალხი ვერ ატყობს, თორემ 1 კვ. მეტრის ფართობის ფასი 15-20, ზოგიერთ უბანში კი, 50 დოლარით არის  გაზრდილი. განსაკუთრებით მოიმატა ბინების ფასმა ცენტრალურ უბნებში, რადგან ახალი პროექტები არ შენდება, უკვე მშენებარე ბიზნები კი დეფიციტია და აშკარად გაძვირებულია. აქვე გეტყვით, რომ ზოგიერთ ადგილას - უფრო  გარეუბნებში - ბინები უფრო იაფი ღირს. მაგალითად: მეც ვაშენებ ნუცუბიძის პლატოზე კორპუსებს, სადაც 1 კვ. მ. 550-600 დოლარი ღირს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ბინები დაბალი ხარისხისაა, უბრალოდ, ასეთ ადგილებში მშენებარე ბინები უფრო ძვირად არ გაიყიდება.

ირაკლი როსტომაშვილი - მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი:

„ყველა რეგულაციას ამ ბიზნესს უწესებენ, გეგონება - მშენებლობამ ამოაგდო ეს ქყვეყანაო ...“

-რასაკვირველია, ეს სფერო მოსაწესრიგებელლია და თუ მოწესრიგდება, ამას რა ჯობია? საერთოდ, მე სადამსჯელო ღონისძიებების, რეიდების და თავდასხმების მომხრე არა ვარ, მაგრამ თუ მსგავსი რეიდები ამ დარგს მოაწესრიგებს, მაშინ კარგია. უბრალოდ, თვითონ ეს ფორმა არ მომწონს - გავამკაცროთ, თავს დავესხათ და ა.შ... ისე კი, წესრიგი ყველა სფეროში გვჭირდება. მაგალითად: სინგაპურში ნებისმიერ წესრიგის დამრღვევზე უზარმაზარი ჯარიმები და სანქციებია დაწესებული. ჩვენთან კი, სულ მშენებლობებზე რომ აწყობენ რეიდებს, ქუჩაზე ხალხი რომ გადადის, ამაზე არ უნდა მოაწყონ? საბავშვო ბაღებში ვირის ხორცი რომ შეაქვთ, ასეთი ფირმები არ უნდა გააკონტროლონ? ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ გამოდის და გვამშვიდებს - ლარის გაუფასურება მცურავი კურსის ბრალიაო, ეს კურსი ერთი მიმართულებით რატომ მიცურავს, ამას არ უნდა კონტროლი? - ჩემი აზრით, უნდა. მე მომხრე ვარ, რომ ევროპული სტილის, მოწესრიგებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც კანონი სრულდება. ამიტომ, თანახმა ვარ, რეიდები იყოს მშენებლობაზეც, ქუჩაშიც, კვების ობიექტებშიც, დასვენების ადგილებშიც და ყველგან. დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველა დარგი მოწესრიგდეს, მაგრამ ამას მარტო რეიდებით ვერ მივაღწევთ, ამას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც სჭირდება. თანდათან ყველაფერი უნდა მივიყვანოთ ევროპულ სტანდარტამდე, მარტო მშენებლობებს კი არ უნდა მივადგეთ და წამდაუწუმ ვაკონტროლოთ. ჩემი დაკვირვებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველა რეგულაციას ამ ბიზნესს უწესებენ, გეგონება - მშენებლობამ ამოაგდო ეს ყვეყანაო... იმას ვერ მივაღწიეთ, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საპირფარეშოები იყოს, არადა, ტურიზმის განვითარებაზე გვაქვს პრეტენზია. მოკლედ, ამ ყველაფერს აწონ-დაწონვა და საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება.

პაატა ბაირახტარი - „ახალგაზრდა ფინანსისტთა  და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი:

„ვაღიაროთ, რომ ეს სექტორი თავის ნებაზეა მიშვებული და რეგულაციების გამკაცრებას მართლა საჭიროებს“

-მოდით, ერთად ვაღიაროთ, რომ ეს სექტორი თავის ნებაზეა მიშვებული, იქ სტანდარტები არ მოწმდება და შედეგად ვიღებთ  საცხოვრებელ ბინებს და კომპლექსებს, რომლებიც არასწორადაა აშენებული და ჩაბარებული - არა აქვს ავტოფარეხები, აკლია ბევრი რამ, რასაც თანამედროვე სტანდარტები მოითხოვს. სულ სხვა საკითხია იმ მასალების ხარისხი, რომელსაც მშენებლები იყენებენ: ამ დარგის არაერთი სპეციალისტისგან გამიგია, რომ ბეტონი, რომელსაც ისინი იყენებენ, არ არის სტანდარტების შესაბამისი. ეს ხარვეზები აღმოსაფხვრელია და თუ მივილტვით, რომ თბილისი ევროპული ყაიდის ქალაქი იყოს, ევროპული სტანდარტებიც უნდა დავიცვათ. თუ რეგულაციები გამკაცრდება და ამით სასურველ მიზანს მივაღწევთ, ძალიან კარგი,  ოღონდ, ეს რეგულაციები არ უნდა იყოს ზედმეტად ხისტი და მკაცრი, რომ სექტორის მუშაობას ხელი არ შეუშალოს, რა თქმა უნდა, რეგულაციებს ნებისმიერი სექტორი უკმაყოფილებით ხვდება, გამონაკლისი არც სამშენებლო ბიზნესია, მაგრამ  ეს არის დარგი, რომელიც ადამიანთა სიცოცხლესა და უსაფრთხოებასთან არის კავშირში - ამიტომ, მისი ნებაზე მიშვება არ შეიძლება!

  

თარიღი: 2019/05/09