ადვოკატის რჩევები: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც ბანკის, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალი აქვს?
საქართველოში უამრავ ადამიანს ბანკის, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალი აქვს. მართალია, 2018 წლის დეკემბერში მოსახლეობას დიდი რაოდენობით უიმედო სესხი გაუნულეს, რეგულაციებიც გაამკაცრეს, მაგრამ მსურველები სესხის აღებას მაინც ახერხებენ. როგორ უნდა მოიქცეს მსესხებელი, თუ ბანკის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ვეღარ უმკლავდება და ვალი უგროვდება? - ამის შესახებ „ბიზნესპოსტის“ მკითხველს ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრება:

- ადამიანებს ხშირად ექმნებათ სირთულეები კომერციულ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას. როდესაც მსესხებელი ვერ იხდის სესხს იმ გრაფიკით, რომელიც ბანკთან, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან აქვს შეთანხმებული, ცხადია, სერიოზული ფინანსური პრობლემები ექმნება. როდესაც მსესხებელი თანხის გადახდას აგვიანებს,  დროთა განმავლობაში ვალად ედება ძირი თანხა, პროცენტები და პირგასამტეხლო, რომელიც ჯარიმის სახით ერიცხება. ჯარიმებისა და საურავების წყალობით საბოლოოდ ძალიან დიდი თანხა იყრის თავს. ასეთები ხშირად მიმართავენ ადვოკატს, რადგან პროცენტების და პირგასამტეხლოს სახით ძალიან დიდი თანხის გადახდა უწევთ და ვალის შემცირება სურთ.

-ეს თანხა მართლაც უსამართლოა?

-ზოგჯერ ჯარიმების და საურავების გამო მსესხებელი იძულებულია  არაადეკვატური თანხა გადაიხადოს. ბოლო წლებში ჩემს პრაქტიკაში იყო ორი შემთხვევა, რომელიც ძალიან ჰგავდა ერთმანეთს: ძირი თანხა, რომელიც ჩემმა ერთ-ერთმა კლიენტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან ისესხა,  300 ლარი იყო და ეს ორგანიზაცია 4 ათას ლარს სთხოვდა, თანაც, ეს ხდებოდა ოფიციალურად, აღსრულების დონეზე. დაახლოებით იგივე სიტუაცია ჰქონდა მეორე კლიენტს, რომელსაც კრედიტორი 10-ჯერ უფრო მეტი თანხის გადახდას სთხოვდა. როდესაც ამ საქმეში ჩავერიე, 2000 ლარი აპატიეს და 1500 ლარს სთხოვდნენ. ეს ორგანიზაციები თავიანთ კლიენტებს ძალიან დიდ ჯარიმებს და საურავებს აწერენ და უკიდურესად მაღალ პროცენტებზე მუშაობენ. სამწუხაროდ, მსესხებელთა უმეტესობა არ მიდის ადვოკატთან, არ იცავს თავის უფლებებს და ძირი თანხის სანაცვლოდ ძალიან დიდ თანხას იხდის.

-ცნობილია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ყოველთვის უფრო დიდი ჯარიმები და საურავები ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ სესხის გაცემაზე მკაცრი რეგულაციები დაწესდა, ეს ტენდენცია მაინც არსებობს?

-დიახ, მათი პირგასამტეხლო და საურავები დღესაც გაცილებით მაღალია, თუმცა, ამ ორგანიზაციებს მაინც ბევრი მიმართავს, როდესაც ბანკი სესხის გაცემაზე უარს ეუბნება. კომერციული ბანკები მუდმივი შემოსავლის და თავდების გარეშე სესხს არ გასცემენ, თანაც, 2019 წლის 1 იანვრიდან დაწესებული რეგულაციების გამო ძალიან გაძნელდა სესხის გამოტანაც და განვადების გაცემაც. ეს, ერთი მხრივ, კარგია, რადგან ძალიან ბევრი გაუაზრებლად იღებდა სესხს და მერე ვეღარ ისტუმრებდა. მართალია, სესხის გაცემის პირობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმაც გაამკაცრეს, თუმცა იმ აკრძალვებს, რომელიც დაუწესეს, ეს ორგანიზაციები ბოლომდე დღესაც არ ასრულებენ.

-რას ურჩევდით იმ ხალხს, რომელმაც სესხი აიღო, მერე კი, ან სამსახური დაკარგა, ან - შემოსავალი და ამ სესხს ვეღარ ისტუმრებს?

- ასეთ დროს კომერციულ ორგანიზაციას ბევრი ემალება, რაც გამოუსწორებელი შეცდომაა. უმჯობესია, ბანკს მანამ მივაკითხოთ, სანამ კიდევ უფრო დიდი ვალი დაგვიგროვდება. თუ ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკით სესხს ვერ ვფარავთ, მაშინ შეიძლება შეღავათიანი გრაფიკის დაწესება, ან სესხის რესტრუქტურიზაცია ვთხოვოთ: ერთი ვარიანტია, როცა მსესხებელი ბანკს გადავადებას სთხოვს ანუ ერთი წლის, ან რამდენიმე თვის შემდეგ გადახდას და მეორე - თუ სესხი 3 წლის განმავლობაში უნდა დაგეფარათ და თვეში 500 ლარი უნდა ჩაგერიცხათ,  მისი გადახდა 7, 8, 10 წელიწადზე გადანაწილება სთხოვოთ - ამ შემთხვევაში ყოველთვიურად უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ. დამალვას და ვალების დაგროვებას ისევ მოლაპარაკება და შეთანხმება ჯობია.

-რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ შეცდომად, რომელსაც ჩვენი თანამემამულეები სესხის აღებისას უშვებენ?

- ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მისი წაკითხვის და საფუძვლიანი გაცნობის გარეშე. სესხს აფორმებენ და ხელშეკრულების პუნქტებს არ კითხულობენ, არ აკვირდებიან, რამდენი პროცენტის გადახდა მოუწევთ, რა პირობებია ჩადებული ამ ხელშეკრულებაში და შეასრულებენ თუ არა ამ პირობებს - ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც უმეტესობა სესხის აღებამდე უშვებს. ამის გამო ძალიან მაღალი პროცენტის გადახდაზე გაუაზრებლად თანხმდებიან და მერე ვალის გადახდას ვეღარ ახერხებენ. ასევე შეცდომაა, როდესაც ადამიანი ფულს მევახშისგან სესხულობს და ამას არაოფიციალურად, ყოველგვარი საბუთის გარეშე აკეთებს.  მართალია, ე.წ. პროცენტიანი სესხები აიკრძალა, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი რამ ისევ ხდებოდეს. ასეთ დროს მევახშე თანხას ხელზე გასცემს, ეს არსად ფიქსირდება და მსესხებელი ძალიან დაუცველია, ასევე უძლურია ადვოკატიც, რადგან საჭიროების შემთხვევაში მის სიმართლეს ვერ დაამტკიცებს. კერძო პირისგან ფულის სესხებისას ყველას ვურჩევდი, რომ გადახდილი თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს და ხელი მოაწერინოს, რომ ოფიციალურად ჩანდეს, რა თანხა აქვს გადახდილი კრედიტორისთვის.

 

 

-როგორც ვიცი, თუ სესხი ხანდაზმულია, მსესხებელს  შეუძლია მის გადახდაზე უარი თქვას. რა მოვლენაა ეს?

-დიახ, როდესაც სესხი ხანდაზმულია, კომერციული ორგანიზაცია მის გადახდას დაჟინებით ვეღარ მოითხოვს.  როდის არის სესხი ხანდაზმული? - სამი წლის შემდეგ, როცა მსეხებელი თანხას ვერ იხდის, კომერციული ორგანიზაცია კი, ამის გამო არც უჩივის და არც თანხის გადახდას სთხოვს. თუ ამ 3 წლის განმავლობაში კრედიტორი უჩივლებს, მაშინ სესხი ხანდაზმულად აღარ მიიჩნევა - ეს ყველაფერი კანონით არის დადგენილი.

-კიდევ როდის შეიძლება სესხის ჩამოწერა?

-სესხის ჩამოწერა და განულება ყოველთვის კრედიტორის ნებაზეა დამოკიდებული. ბანკმა თავის კლიენტს დარჩენილი სესხი შეიძლება გარდაცვალების შემდეგ ჩამოაწეროს, თუ მას მემკვიდრე, ან თავდები არა ჰყავს. სხვათა შორის, თუ ხელშეკრულებაში არ წერია, შვილებს, ან მემკვიდრეებს სესხის გადახდა არ ევალებათ - გააჩნია ხელშეკრულების პირობებს და შეთანხმებას. ყველამ ვიცით, რომ 2018 წლის დეკემბერშიც ჩამოაწერეს ხალხს უიმედო სესხები, მაგრამ ეს ხელისუფლების ნება იყო, ჩვეულებრივ შემთხვევაში კი, ყველაფერს კრედიტორსა და მსესხებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება განსაზღვრავს.

 

თარიღი: 2019/05/28