მცირე და საშუალო ჰესები საჭიროა, დიდი ჰესები კი - აუცილებელი? - სიმდიდრე, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ
საქართველო ჰიდრორესურსით მდიდარი ქვეყანაა და ელექტროენერგიის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები და  მიწისქვეშა წყლები ამის საშუალებას იძლევა. ეს ჩვენმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ. ცნობილია, რომ თბილისში ელექტროგანათების გამოყენების პირველი ინიციატორი  ნიკო ნიკოლაძე იყო. ელექტროენერგიის წარმოება საქართველოში 1887 წელს დაიწყო და ამ საქმის სულისჩამდგმელი კი- ილია ჭავჭავაძე გახლდათ. ჯერ კიდევ 1913 წლის ბოლოს საქართველოში 7 მცირე ჰიდროელექტროსადგური და რამდენიმე ათეული თბოძრავიანი ელსადგური მუშაობდა, XX საუკუნის ოციანი წლებიდან კი, ჰიდროელექტროსადგურების ფართო მშენებლობა დაიწყო.


„ბიზნესპოსტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა დღეს ამ სფეროში და აწარმოებს თუ არა საქართველო მისთვის საკმარის ელექტროენერგიას? - ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო-ს) ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში საქართველოში 80.84 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, ხოლო 2018 წლის აპრილში იმპორტი 11.21 მილიონ კვტ.სთ-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიური ზრდა დაახლოებით 86%-ის ტოლია. სამაგიეროდ, შემცირდა ექსპორტი: თუ გასული წლის აპრილში საქართველოდან ექსპორტზე 61.724 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, მიმდინარე წლის მეოთხე თვეში ექსპორტი მხოლოდ 38 ათას კვტ.სთ-ს შეადგენს. სულ, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში იმპორტმა 613.88 მლნ კვტ.სთ შეადგინა, ექსპორტმა კი -  0.04 მლნ კვტ.სთ.

„ბიზნესპოსტი“ ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ანალიტიკოს ბექა კემულარიას,  ესაუბრა:

ბექა კემულარია -ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა პირველ რიგში მისი მოხმარების ზრდას ნიშნავს. ჩვენ ზაფხულობით ჭარბი ელექტროენერგია გვაქვს, მაგრამ ზამთარში და გაზაფხულზე  იმპორტზე ვართ დამოკიდებული. საქართველო ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა არ არის, მაგრამ  აქვს ბუნებრივი სიმდიდრე - ჰიდრორესურსი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მით უმეტეს, რომ ელექტროენერგია არ გვყოფნის და 40-50%-ით იმპორტზე ვართ დამოკიდებული.

-მაინც, რატომ გაიზარდა ასე ელექტროენერგიის მოხმარება?

-ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა მსხვილი კომპანიების და საწარმოების საქმიანობით არის გამოწვეული. სწორედ ისინი იყენებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მარტო მოსახლეობა ამდენ ელექტროენერგიას ვერ მოიხმარს. სწორედ საწარმოები მოიხმარენ უხვად ელექტროენერგიას.

-ხშირად ამას ბიტკოინებს აბრალებენ, რატომ?

-თუნდაც ბიტკოინი იყოს, ესეც ხომ ინვესტიციაა და ამაში ცუდი რა უნდა იყოს? თუმცა, მხოლოდ ბლოკჩეინები ამდენ ელექტროენერგიას ვერ ხარჯავენ.

-ესე იგი, საქართველოს თავისი ელექტროენერგია არ ჰყოფნის?

-ჩვენ საკუთარი ელექტროენერგია უკვე წლებია არ გვყოფნის, მხოლოდ ზაფხულში გვყოფნის იმიტომ, რომ წყალმოვარდნაა მაღალი, ზამთარში და გაზაფხულზე კი, ყოველთვის ელექტროენერგიის დეფიციტი გვაქვს. ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან ხორციელდება, რომელიც მთლიანად ენერგოდამოუკიდებელი სახელმწიფოა. მას ბუნებრივი აირიც საკმარისად აქვს, თბოსადგურებიც და ელექტროენერგიაც.

-იმპორტის ზრდასთან ერთად შემცირებულია ელექტროენერგიის ექსპორტი, ამის მიზეზი რა არის?

-როდესაც ექსპორტი მცირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოხმარება იზრდება. როდესაც ქვეყანას ამა თუ იმ პროდუქციის იმპორტი სჭირდება, ის საკუთარ რესურსს ექსპორტზე ვეღარ გაიტანს - ეს კანონზომიერი მოვლენაა.

-რა არის საჭირო იმისათვის, რომ საკმარისი ელექტროენერგია გვქონდეს?

-თუ ჩვენ გვინდა საკმარისი ელექტროენერგია გვქონდეს და ამ სფეროში მაინც დამოუკიდებლები ვიყოთ, ახალი ჰესების აშენებაზე უარი არ უნდა ვთქვათ. უნდა ვეცადოთ, რომ ელექტროდამოუკიდებლები მაინც ვიყოთ. მცირე და საშუალო ჰესები ამ პრობლემას ვერ გადაჭრის, საჭიროა მძლავრი ჰიდროელექტროსადგურების აშენება, რომლებიც ქვეყანას ელექტროენერგიით მოამარაგებს. მცირე და საშუალო ჰესი იმდენ ელექტროენერგიას ვერ გამოიმუშავებს, რომ ადგილობრივი ეკონომიკის და მოსახლეობის მოთხოვნილება ერთბაშად დააკმაყოფილოს.

-ჩვენს საზოგადოებაში ხშირად კამათობენ საკითხზე - სჭირდება თუ არა საქართველოს დიდი ჰესები?

-რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურები საქართველოს ისევე სჭირდება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. ენერგოდამოუკიდებელი საქართველო ვერასოდეს გახდება, რადგან გაზი და ნავთობი არა აქვს, მაგრამ ელექტროდამოუკიდებლობისთვის ჩვენ უმთავრესი პირობა გვაქვს - ჩვენი ჰიდრორესურსი, რომლის ათვისება აუცილებელია. დიდი ჰესების მშენებლობაში საგანაგაშო არაფერია. ყველამ ვიცით, როგორი ძლიერი და განვითარებული ქვეყანაა შვეიცარია, როგორც კი საშუალება მიეცემათ, შვეიცარიელები მაშინვე ჰესებს აშენებენ. საქართველოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ელექტროდამოუკიდებელი გახდეს, თუ ამას მივაღწევთ, მერე უკვე ელექტროენერგიის ექსპორტზეც შეიძლება ფიქრი. ერთი სიტყვით, მცირე და საშუალო ჰესები საჭიროა, დიდი ჰესები კი - აუცილებელი...

-მოსახლეობა და არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება დიდი ჰესების მშენებლობას, რატომ?

-პოლიტიკური ძალები უკვე წლებია იყენებენ ამ თემას და მოსახლეობის უკმაყოფილებას თავის სასარგებლოდ წარმართავენ. როცა მოსახლეობა ინვესტორს შეუთანხმდება, ჰესის აშენება თავისუფლად შეიძლება, მაგრამ როცა მოსახლეობის 99% ინვესტორის პირობებზე თანახმაა და მხოლოდ 1% ეწინააღმდგება, აქ უკვე სერიოზული ეჭვი და კითხვის ნიშნები ჩნდება. ეს უკმაყოფილო 1 პროცენტი ყოველთვის გამოჩნდება, რადგან მოწინააღმდეგეები ყველა პროექტს ჰყავს, ზოგს პოლიტიკური ქულების დაწერა სურს, ზოგს - უფრო მეტი თანხის მიღება ინვესტორისაგან, ზოგს - რა და ზოგს - რა. მე სპეციალისტების აზრი კარგად ვიცი და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს დიდი ჰესები სჭირდება, მხოლოდ ეს ერთი რესურსი გვაქვს და მის გამოყენებაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ჩვენი ჰიდრორესურსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სხვაგვარად ქვეყანა ვერ განვითარდება: ვერც ინვესტიციები შემოვა, ვერც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და ჩვენი ეკონომიკაც ვერ გაიზრდება.

P.S.  ბოლო  ოთხი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში იზრდება, ხოლო ექსპორტი - კლებულობს. ამას ესკო-ს მონაცემებიც ადასტურებს:

იმპორტი (2015-2018წ)

2015 წელი - 699.23 მლნ კვტ.სთ

2016 წელი - 478.94

2017 წელი - 1497.19

2018 წელი - 1508.82

ესპორტი (2015-2018წ)

2015 წელი - 659.93 მლნ კვტ.სთ

2016 წელი - 559.01

2017 წელი - 685.7

2018 წელი - 588.58

თარიღი: 2019/05/30