გახდება თუ არა საქართველო ელექტრომობილების მწარმოებელი ქვეყანა?
21-ე საუკუნის საქართველოში ელექტრომობილებისადმი ინტერესი თანდათან იზრდება, რასაც ამ ავტომობილის დადებითი მხარეები განაპირობებს: პირველ რიგში, მას არა აქვს მავნე გამონაბოლქვი და თუ დამუხტავთ, გადაადგილების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ, ჩვენი საზოგადოების ყურადღება მიიქცია ინფორმაციამ, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა უნდა დაიწყოს. ამის თაობაზე მედიასთან  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - მამუკა ბახტაძე ისაუბრა. პრემიერი ირწმუნება, რომ აღნიშნული საწარმოს მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება  და უახლოეს მომავალში საქართველო  მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა გახდება. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ქუთაისში ელექტრო მობილების წარმოებას კომპანია „AiProduction“ უზრუნველყოფს. კომპანიას წინა სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს. „პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული საწარმოს ნაწილი დასრულდება 2019 წელს და ამ საწარმოდან წელსვე ვგეგმავთ ელექტრომობილების პირველი ნაწილების გამოშვებას. მეორე ეტაპისთვის კომპლექსს დაემატება საღებავი, შემდუღებელი და სხვა საწარმოები. სამომავლოდ კი, ავტომობილების ელემენტების საწარმოს განვითარებასაც ვგეგმავთ. რაც ყველაზე მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში ბევრი ადამიანი დასაქმდება“ - აცხადებენ კომპანიის ხელმძღვანელები.

   „ბიზნესპოსტის სტუმარია „საქართველოს ტრანსპორტისა და და გზების ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით მესხიშვილი, რომელსაც ამ საკითხზე ვესაუბრეთ:

-ბატონო დავით, მთავრობა გვპირდება, რომ ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას დაიწყებს. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას?  

-არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ იდეას არ მიესალმება. მით უმეტეს, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ საქართველოში ამ ტიპის საწარმომ იმუშაოს. პირველ რიგში ის, რომ საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, არის მეორე მიზეზიც: კომპანიებმა ასეთი პროდუქცია  საქართველოში რომ აწარმოონ, ეს მათთვისაც მომგებიანია, რადგან მუშახელი, რომელსაც გადამზადების შემდეგ დაასაქმებს, გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე უცხოეთიდან ჩამოყვანილი კადრები. ამავე დროს, ჩვენს ქვეყანაში წარმოების განვითარებას სერიოზული წინაღობებიც ახლავს: საქმე ის არის, რომ კომპანიების სურვილია, მაქსიმალური გარანტიები ჰქონდეთ - ვგულისხმობ ეროვნული ვალუტის კურსს, ბიზნესის სტაბილურობას, სახელმწიფო უსაფრთხოებას, პირადი ქონების დაცვას და ა.შ... მოკლედ, ინვესტორები ძალიან ბევრ ფაქტორს ითვალიწინებენ, სანამ ასეთი მასშტაბურ ბიზნესს დაიწყებენ.

-როგორ ფიქრობთ, გახდება თუ არა საქართველო ელექტრომობილების მწარმოებელი ქვეყანა?

-ძალიან კარგი იქნება, თუ ეს იდეა განხორციელდება და საქართველოში ასეთი ქარხანა აშენდება, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი განცხადების დონეზეა და ვნახოთ, უახლოეს მომავალში რა მოხდება.  გააჩნია, საწარმო როდის აშენდება, როდის აპირებს კომპანია პერსონალის გადამზადებას და პროდუქციის გამოშვებას, ელექტრომობილებს საქართველოდან გაიტანს თუ მარტო ადგილობრივი საჭიროებისთვის აწარმოებს, ჩვენ რა ვალდებულებები გვექნება და ა.შ... მოკლედ, ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

-ცნობილია, რომ ქუთაისში ადრეც იყო ავტოქარხანა და ამ ქალაქს მსგავსი საწარმოს მუშაობის გამოცდილება აქვს...

-იყო, მაგრამ იმასთან თანამედროვე ქარხნის შედარება შეუძლებელია. 21-ე საუკუნეა და სულ სხვა ტექნოლოგიები, სხვა მეთოდებია საჭირო. ამიტომ, გადამზადების გარეშე ახალ საწარმოში  ვერავინ იმუშავებს. თავად იდეა ძალიან კარგია, მისი წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ მთავარი საბოლოო შედეგია. ჩემი სკეპტიციზმის მიზეზი ის არის, რომ ბოლო წლებში ბევრი კარგი განცხადება კეთდება, მაგრამ მათი უმრავლესობა ვერ სრულდება.

-თუმცა, სახელმწიფო ელექტრომობილების მომრავლებას აშკარად მხარს უჭერს.

- ამ ახალი ტრანსპორტისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა მართლაც შეინიშნება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მე ძალიან მომწონს, რომ განბაჟების ტარიფი ნულის ტოლია, მაგრამ პირველ ყოვლისა, ელექტრომობილების სერვისი უნდა წახალისდეს. ქალაქის მერია ამბობს, რომ ადგილებს გამოყოფს ელექტროდამტენებისთვის, მაგრამ როგორც კი ტარიფებს გაეცნობით, მერიის მხარდაჭერაში ეჭვი შეგეპარებათ. რატომ? - რაც ბენზინი ღირს, პრაქტიკულად იგივე ჯდება ელექტრომობილის დამუხტვა. როგორც ვიცი, ამ მომსახურებას რუსული კომპანია უზრუნველყოფს და მისი მომსახურება ზოგჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ტაქსის გამოძახება.

-როგორ შეიძლება ეს ახალი ტრანსპორტი წახალისდეს?

-შეიძლება სახელმწიფომ ის პიროვნებაც წაახალისოს, რომელიც ელექტრომობილს შეიძენს, მაგრამ უმჯობესია შეღავათები მის დატუმბვას შეეხოს. ეს მომსახურება იაფი უნდა იყოს, რომ ადამიანმა ეკონომიკური სარგებელი ნახოს. თავად ელექტრომობილი იაფი არ ღირს და თუ მისი შენახვა იგივე დაუჯდება, ელექტრომობილის ყიდვა ადამიანისთვის სასურველი აღარ იქნება. ჯერჯერობით ჩვენს საზოგადოებაში ორი კატეგორია გამოიყოფა -ერთი, რომელმაც გარისკა და ინფორმაციის ნაკლებობის მოუხედავად ელექტრომობილი მაინც შეიძინა და მეორე - რომელიც აკვირდება - გამძლეა, თუ არა, რა დადებითი მხარეები აქვს და რამდენად ამართლებს ეს ავტომობილი. საბოლოო ჯამში, მე ამ ტრანსპორტის რეალურ მხარდაჭერას და ამ მიმართულებით გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ განბაჟებაზე ნულოვანი ტარიფია დაწესებული.

-საინტერესოა, დაახლოებით რა ღირს ელექტრომობილი?
-
არის ჩინური წარმოების მანქანებიც, არის სხვა ქვეყნების მიერ გამოშვებულიც. გაჩნია რომელი მარკისაა, რომელ წელს არის გამოშვებული, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ელექტრომობილი იაფია - ზოგიერთი 15 ათასი ამერიკული დოლარი ღირს, ზოგი - უფრო მეტიც. როდესაც ელექტრომობილებზეა ლაპარაკი, კიდევ ერთ შეკითხვას სვამენ: გამძლეა თუ არა? - ეს უკვე გზის ხარისხზეა დამოკიდებული. საქართველოში არის გზები, სადაც ელექტრომობილებს კი არა, მაღალი გამავლობიის ავტომობილებსაც უჭირთ გადაადგილება. ასე რომ, გამძლეა თუ არა ავტომობილი, ეს დამოკიდებულია მის მფლობელზე და იმაზე, თუ სად უწევს ამ ავტომობილს მოძრაობა.  

-და ბოლოს, ცნობილია, რომ ეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია, ელექტრომობილების მომრავლებით  შემცირდება თუ არა ჰაერის დაბინძურება თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში?

-უნდა გითხრათ, რომ არც ერთი ავტომობილი 100%-ით სუფთა არ არის. გარემოს დაბინძურებასაც, მეტნაკლებად, ნებისმიერი ავტომობილი ახდენს, მაგრამ ელექტრომობილი ჩვეულებრივ მანქანასთან შედარებით გაცილებით  სუფთაა. ამიტომ, ევროპაში არის რამდენიმე ქალაქი, სადაც ელექტრომობილების გარდა სხვა მანქანებს არ უშვებენ. ძალიან ბევრი ქვეყანა ზრუნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ამ კატეგორიისა გახდეს და ელექტრობუსებზე გადავიდეს. კარგი იქნება, თუ ჩვენც ასეთ პოლიტიკას ავირჩევთ. ელექტრომობილების  მომრავლება, რასაკვირველია, შეამსუბუქებს ჰაერის დაბინძურებას, მაგრამ ამ პრობლემას მარტო ელექტომობილებით ვერ ვუშველით, ამისათვის კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო.   

 

თარიღი: 2019/06/06