„ოქროს სიის“ წევრების ახალი რეალობა - როგორ აისახება ბიზნესზე ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანება?
ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ე.წ. ოქროს სიაში შემავალი კომპანიებისთვის დაწესებული შეღავათი გაუქმდა: საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის  2019 წლის 31 მაისს გამოცემული ბრძანების შედეგად, 217 იმპორტიორს გადასახადების გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირეს. როგორც ბიზნესის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ეს ყველაფერი მოულოდნელად მოხდა და ისინი სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ქართველი ეკონომისტების ნაწილი ამ ცვლილებას უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ ის უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე..

ალბათ, ჩვენს მკითხველსაც აინტერესებს, რას მოუტანს აღნიშნული შეღავათის გაუქმება ქართულ ბიზნესს:

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში.

- „ოქროს სია“ საქართველოში თითქმის 10 წელია მოქმედებს. ამ სიაში ისეთი კომპანიები არიან, რომელთა ბრუნვაც სოლიდურია და გადასახადებიც, რომელსაც ისინი იხდიან. თანაც, „ოქროს სიის“ წევრი კომპანია ძალიან კარგი გადამხდელი უნდა იყოს. ამის სანაცვლოდ, სახელმწიფო კომპანიებს შეღავათს უწევდა და ისინი გადასახადებს 5 დღის ნაცვლად 30 დღის ვადაში იხდიდნენ. ცხადია, „ოქროს სიაში“ ნავთობკომპანიებიც შედიან. ამ შეღავათმა თავის დროზე  მათაც და „ოქროს სიის“ სხვა წევრებსაც  პოზიტიური შედეგი მოუტანა - კომპანიებს საქმიანობა უადვილდებოდათ და ამ 30 დღეში გარკვეულ თანხას ზოგავდნენ. რა არის ყველაზე ცუდი დღევანდელ სიტუაციაში? - ალბათ ის, რომ ფინანსთა სამინისტროს ახალი ბრძანების შესახებ კომპანიებმა არაფერი იცოდნენ და მხოლოდ მედიის საშუალებით შეიტყვეს. ცხადია, ამ ცვლილების გამო ბევრი კომპანია სირთულეების წინაშე აღმოჩნდება: მათ დამატებითი სახსრების მოზიდვა დასჭირდებათ, რადგან წლების განმავლობაში სულ სხვა რეჟიმით მუშაობდნენ. ეს არის დამატებითი ტვირთი კომპანიებისთვის, მით უმეტეს, რომ ისინი სრულიად მოუმზადებელნი ხვდებიან ამ ყველაფერს. „ოქროს სიაში“ მსხვილი, მულტინაციონალური კომპანიებიც არიან და მათთვისაც გაუგებარია, რა ხდება, რატომ არ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის და გაფრთხილების შემდეგ? ამიტომ, სასურველია პირველ რიგში დაიწყოს დიალოგი ბიზნესთან, დაიწყოს კონსულტაციები, შეხვედრები და ეს ცვლილება რაღაც პერიოდით მაინც გადავადდეს.

გადავადების მომხრეა „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტი ივა ჭყონიაც: 

-„ოქროს სიაში“ დისტრიბუტორი კომპანიებიც შედიან და ცხადია, ეს ცვლილება მათ საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. ბრძანება მარტო მსხვილ კომპანიებზე კი არა, მცირე და საშუალო ბიზნესზეც იმოქმედებს, რადგან ადრე, ელექტრონული დეკლარირების დროს, მათ 15-დღიანი ვადა ჰქონდათ, ახლა კი, ეს შეღავათიც მოუხსნეს და ხუთდღიანი ვადა დაუტოვეს. ამისათვის ყველა კომპანია მოუმზადებელი იყო, რადგან სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება სულ რაღაც 2 დღეში მიიღო. ჩემი აზრით, ის ნებისმიერი კომპანიისთვის საზიანო იქნება, ამიტომ, კონსულტაციები უნდა დავიწყოთ და ბრძანების შესრულება როგორმე უნდა გადავადდეს - ეს არის ბიზნესის მოთხოვნა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიზნესისთვის თითოეულ დღეს მნიშვნელობა აქვს, რომ ეს კომპანიები გადასახადებს იხდიან და სახელმწიფოსთვის სარგებელი მოაქვთ.

„ბიზნესპოსტი“ „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ პრეზიდენტს - მიხეილ ჭელიძესაც დაუკავშირდა და მისი აზრით დაინტერესდა:


-ყველა წესიერი ბიზნესმენი თავის საქმიანობას წინასწარ გეგმავს და ახლაც, ყველაფერი დაგეგმილი აქვთ: იციან, როდის რა უნდა გადაიხადონ, რადგან ეს ცვლილება „ქეში“ ფულის მოძიებას მოითხოვს. კომპანიებს  მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეთ ვადა, რომ ეს შეძლონ. გასაგებია, რომ  მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი თანაბარ პირობებში უნდა იყოს, მაგრამ ვისაც ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა, პრობლემები  შეექმნება. ამიტომ,  სასურველია ეს ბრძანება 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს. როგორ აისახება  აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულ ბიზნესზე? - პირველ ეტაპზე დააზარალებს. ზოგიერთ კომპანიას შეიძლება სესხის აღებაც დასჭირდეს, რომ ყველა ვალდებულება გაისტუმროს, თუმცა, დროთა განმავლობაში  ბიზნესი შეეჩვევა, რომ გადასახადები სულ სხვა რეჟიმით უნდა გადაიხადოს, ამისათვის კი, მთავრობამ დრო უნდა მისცეს.

ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრს - დავით ჭიჭინაძესაც ვესაუბრეთ,  რომელმაც „ბიზნესპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა:

-ნებისმიერი რამ, რაც ფინანსების მოზიდვასთან არის დაკავშირებული, ბიზნესისთვის პრობლემაა. ეს ბრძანება რას ემსახურება, ვერ გეტყვით, რადგან თუ ადამიანი კარგი შემომტანია და გადასახადებსაც კარგად იხდის, შეღავათებიც ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ბიზნესის მდგომარეობას გააუარესებს, რაც საბოლოო ჯამში ისევ ჩვენს ეკონომიკას დააწვება - ეს იქნება და ეს.  ეტყობა, სახელმწიფოს თანხის მობილიზება უჭირს და ცდილობს, გადასახადები მაქსიმალურად სწრაფად  ამოიღოს. რაც შეეხება არგუმენტს, რომ მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი თანაბარ პირობებში უნდა იყონ, ხომ შეიძლებოდა  შეღავათები კი არ გაეუქმებინათ, მცირე ბიზნესისთვისაც დაეწესებინათ?  ყველამ იცის, რომ ჩვენს ბიუჯეტში ძირითადი გადამხდელი მსხვილი ბიზნესია და ნუთუ, ეს ხალხი სახელმწიფოს მხარდაჭერას არ იმსახურებს? თუ რაღაც იცვლება, არ შეიძლება ასე მოულოდნელად შეცვალონ, ადაპტაციის პერიოდი მაინც უნდა გამოეცხადებინათ, გაეფრთხილებინათ და გარდამავალი პერიოდი მიეცათ. როდესაც ასეთ რამეს მოულოდნელად აცხადებ და ბიზნესი აზრზეც არ არის, არ მესმის რომელ ხელშეწყობაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზეა ლაპარაკი.

31 მაისის ბრძანება ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემაც უარყოფითად შეაფასა:

-ჩვენთვისაც და კომპანიებისთვისაც ეს ბრძანება სრულიად მოულოდნელი იყო.  ცვლილების შესახებ არც ერთ ბიზნეს ასოციაციასთან არ ყოფილა კომუნიკაცია. ბრძანებას ხელი მოეწერა 31 მაისს, ხოლო ინფორმაცია გავრცელდა 5 ივნისს  და  217 კომპანია დადგა ფაქტის წინაშე, რომ არარეალურად მოკლე ვადაში უნდა შეცვალოს ფინანსური მოდელი, რაც შეუძლებელია“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და  მთავრობას, ბიზნესთან კონსულტაციები რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ, მანამდე კი, „ოქროს სიის“ მონაწილე სუბიექტებს არსებული შეღავათები შეუნარჩუნონ.

     

 

თარიღი: 2019/06/11