„ატმის რთველი“ კახეთში - რა პრობლემები აქვთ ფერმერებს და ატმის ექსპორტიორებს?
ატამი უგემრიელესი, ძალიან სასარგებლო ხილია და მისი წარმოება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სულ უფრო მატულობს. ამ პროდუქტის უმსხვილესი მწარმოებლები არიან: ჩინეთი, იტალია, ესპანეთი, აშშ-ი, თურქეთი და ა.შ...  ატამი საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული პროდუქტია, რომელსაც ფერმერებისთვის და ექსპორტიორებისთვის კარგი შემოსავალი მოაქვს. ქართული სახელმწიფოც ცდილობს დაეხმაროს ფერმერებს ატმის რეალიზაციაში. წელს ამ საქმეში ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მიეშველება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით გაიცემა. ამ პროცესში ჩართული იქნებიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. „ბიზნესპოსტი“ დაინტერესდა, რა პრობლემები აქვთ ქართველ ფერმერებს და ექსპორტიორებს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში არიან ჩართული და რამდენიმე მათგანს ესაუბრა:

გია ნინიძე - გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მკვიდრი:

„წელს სეტყვის გამო ძალიან ბევრი ფერმერი დაზარალდა“

-წელს ატმის მოსავალი დაისეტყვა და ძალიან ბევრი გლეხი დაზარალდა. ჩემი ბაღიც დაისეტყვა, მაგრამ იმან მიშველა, რომ მოსავალი დაზღვეული მქონდა. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ზარალი შეაფასეს და თქვეს, რომ მოსავლის 25% დასეტყვილი იყო. საბედნიეროდ, კომპანიამ სეტყვისაგან მიყენებული ზარალი ამინაზღაურა. დიდი იმედი მაქვს რომ წელს „ატმის რთველი“  ნორმალურად ჩატარდება. უკვე ყველა ფერმერმა იცის, რომ ეს პროცესი ორგანიზებულად ჩაივლის: სოფლებში დიდი მანქანები დადგებიან, ჩვენს მოსავალს მივიტანთ, ჩავაბარებთ და ატმის რეალიზაცია აღარ გაგვიჭირდება. მირჩევნია ჩემი ატამი შედარებით იაფად, საბითუმო ფასში ჩავაბარო, ვიდრე ბაზარში დავდგე და 2-3 დღე გავაცდინო. ამბობენ, რომ  ხარისხიან ატამს წელს კარგი ფასი ექნება. დასეტყვილ ატამს კი - გაუჭირდება: მას უცხოეთშიც ვერავინ გაიტანს და აქაც ძნელი გასაყიდია. ჩვენი პროდუქცია ფიტოსანიტარიულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს, ამ მხრივ, ექსპორტიორს პრობლემა არ უნდა შეექმნას.

გიორგი მოსიაშვილი - თელავის მკვიდრი:

„გლეხებმა რომ არ იზარალონ, ყველაზე კარგი გზა ხილის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნაა“

-ჩვენი რეგიონი წელს ატმის მოსავლით ვერ დაიტრაბახებს, რადგან კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ცხადია, როდესაც ქვეყნის შიგნით ამა თუ იმ პროდუქტზე მოთხოვნა მაღალია, მისი ექსპორტიც ფერხდება, თანაც, მოსავალი ყოველთვის ფასთან არის კავშირში. როდესაც მოსავალი ნაკლებია, ფასიც ავტომატურად იზრდება. ამიტომ, წელს ატამი შედარებით ძვირი იქნება, რაც იმ ფერმერებისთვის, ვისაც მოსავალი გადაურჩა, მომგებიანია. კახეთში ფერმერებმა პირველი მოსავალი უკვე დაკრიფეს და ის ჩვენს შიდა ბაზარსაც ვერ აკმაყოფილებს. მაგალითად, თელავში მოქმედ მინიბაზრობებზე ატამი ყველგან არც იყიდება. დილით გლეხებს შემოაქვთ და უცბად ყიდიან, ყველას არც ხვდება. კარგი, ხარისხიანი ატმის საბითუმო ფასი ამჟამად ჩვენს ქალაქში 2 ლარია. არადა, იყო პერიოდი, როდესაც 1 კგ ატამი 7-8 თეთრი ღირდა და გლეხები ამბობდნენ - იმდენად იაფია, გადავყრით და არ ჩავაბარებთო. ახლა კი, ბაზრობებზე წვრილ და დაზიანებულ ატამს 50-60 თეთრად იბარებენ.  

 შედარებით დაბალი ხარისხის ატამი რომ არ იზარალონ, ყველაზე კარგი გზა ხილის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნაა. ამჟამად ასეთი საწარმოები ძალიან მცირე რაოდენობით გვაქვს. კარგია, რომ თელავში გაიხსნა ახალი საწარმო - „ალალი“, რომელიც შედარებით დაბალი ხარისხის ატამს იბარებს და გადაამუშავებს. ასეთი საწარმოების მომრავლება აუცილებელია. ჯერ ერთი, ჩვენი მოსახლეობა ქიმიური დანამატებით გაჯერებულ, იაფფასიან წვენებს და  სასმელებს კი არ შეიძენს, არამედ - ნატურალურ, ქართული პროდუქტს. ძალიან მიხარია, როცა მარკეტში შევდივარ და ჩემს ქალაქში წარმოებულ პროდუქციას ვყიდულობ,  ამიტომ, მსგავსი საწარმოების გახსნა ყოველმხრივ სასარგებლო და კარგი საქმეა. ამასთანავე, დაზღვევის სიტემაც უნდა ამუშავდეს. თუ გლეხები დაზღვევის სიკეთეს ბოლომდე გააცნობიერებენ, ამხელა ზარალისგან დაცულნი იქნებიან. მართალია, უკვე ძალიან ბევრმა ფერმერმა დააზღვია თავისი მოსავალი, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ არ აზღვევს. ალბათ ამ საკითხის მოგვარებასაც  დრო სჭირდება.

მანანა გელაძე - ექსპორტიორი:

„მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილი ამ სფეროში აღარ დარჩა“

-ჩვენი ფირმა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტს აწარმოებდა: პროდუქცია აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში გაგვქონდა, მაგრამ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ამ საქმემ აზრი დაკარგა. ჩვენსავით, ძალიან ბევრმა მცირე მეწარმემ შეაჩერა საქმიანობა. ყველაზე მეტად ლარის კურსის მერყეობამ და მაღალმა გადასახადებმა დაგვაბრკოლა. მარტო გადასახადები და ჯარიმები რომ იხადო, იმხელა თანხა გროვდება, რომ ნებისმიერ პატარა ფირმას წელში გაწყვეტს.  გადასახადის გადახდაზე უარს არავინ ამბობს, მაგრამ ყველაფერი რომ იბეგრება, ამას რა ვუშველოთ? მაცივარიც კი არა გვაქვს, მისი ყიდვა იმდენად ძვირი ჯდება. აქეთ დოლარის კურსს ვერ ვეწევით, იქით - უმაცივრობის გამო საქონელი გვიფუჭდება, ბანკები სესხებს ძნელად გასცემენ... მოკლედ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ამ საქმის გაგრძელება არ ღირს. სამაგიეროდ, აზერბაიჯანელები და სომხები ჩამოდიან, ყიდულობენ და ქართული ხილი ექსპორტზე სწორედ მათ გააქვთ. რაც შეეხება ქართველებს, დღეს ამ საქმეში მარტო მსხვილი კომპანიები დარჩნენ, მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილი ამ სფეროში აღარ დარჩა.

ალექსანდრე ილაშვილი - შპს „ჯეოტრანსის“ დამფუძნებელი:

„მარტო თურქეთი კი არა, ამ ბაზარზე სომხეთიც ჩვენს კონკურენტად იქცა“

-ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე ვმუშაობთ. პროდუქცია ძირითადად დსთ-ის სივრცეში გაგვაქვს. უნდა ვაღიარო,  რომ ქართველ ექსპორტიორებს ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. ატმის ექსპორტი სხვა პროდუქტებთან შედარებით უპრობლემოდ ხორციელდება, მაგრამ ბიუროკრატია აქაც ხელს გვიშლის. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რა საბუთებსაც გასცემს, იმ საბუთების აღება ჩვენთვის ყოველთვის პრობლემაა. რუსეთში პროდუქციის გატანისას საჭირო დოკუმენტებს ძალიან ძნელად გასცემენ.  არ არის სამაცივრე მეურნეობები, რომ ფერმერმა თავისი პროდუქტის შენახვა და გატანა შეძლოს. ფერმერებისგან პროდუქტს შუამავალი ფირმა ყიდულობს, ამის შემდეგ საქმეში რუსეთში მოქმედი შუამავალი ფირმა ერთვება და საექსპორტო საქონელი ძალიან ძვირდება. ატამი და სხვა პროდუქცია ჩვენ ლარსის გავლით გაგვაქვს და ეს გზაც პრობლემურია, რადგან იქ სულ მანქანების რიგი დგას. თანაც, ეს ხომ მალფუჭებადი პროდუქციაა და მის ექსპორტს ბევრი ერიდება. ჩვენ კი - ვრისკავთ, ეს დიდი რისკია, რადგან  ამ ბაზარზე სერიოზული კონკურენტები გვყავს, თუნდაც, თურქეთი. ეგ კი არა, სომხეთიც უკვე ჩვენს კონკურენტად იქცა, რადგან სომხეთში საქონლის განბაჟება იაფია. ამის გამო, რუსეთის ფედერაციაში სომხებს უფრო მეტი ატამი გააქვთ, ვიდრე ქართველებს. ზოგჯერ თურქული და ქართული საქონელიც მათ გააქვთ ექსპორტზე, რადგან განბაჟება გაცილებით იაფი უჯდებათ.  შინ და გარეთ, ყველგან კლანურ სისტემასთან გვიწევს დაპირისპირება, ამიტომ,  ამ საქმეში სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია. ქართველ ფერმერსაც და ექსპორტიორსაც დახმარება სჭირდება, რადგან ყველა ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობა განვითარდა, 80-90%-ით სახელმწიფო იყო ჩართული. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ ასეთი სიტუაცია გვექნება.  

თარიღი: 2019/06/18