იდეიდან მიზნამდე და ბიზნესი ნულიდან  - მატერიალიზებული ხედვა, რომელიც ახალგაზრდა დიზაინერმა სადად და ორიგინალურად შეფუთა
იყო აღქმა და იდეალური შესრულება, იყო ინტერესი და მოტივაცია, იყო მუდმივი პროფესიული და პიროვნული ზრდის სურვილი...

ორიგინალური ვიზუალისა და განსაკუთრებული და დახვეწეილი გემოვნების მქონე დიზაინერმა, ნანა აქუბარდიამ,  ჯერ ტანსაცმლის ყიდვა შეწყვიტა  (თვითონვე ქმნიდა იმას, რაც ძალიან მოსწონდა) და შემდეგ ტყავის სამკაულების კეთებასაც შეუდგა.. მოგვიანებით ქამრებზე, საბარათეებზე, საფულეებსა და  ჩანთებზე გადავიდა,  ცოტა ხანში კი ფეხსაცმელების დიზაინის აწყობაც სცადა... ყველაფერი იდეალურად გამოუვიდა - ტყავის დამუშავების ორიგინალურ ტექნიკასაც მიაგნო და საკუთარი შემოქმედებით მნახველიც მალევე აღაფრთოვანა...

ასე  გაჩნდა ბიზნესიდეაც...



„ფაქტობრივად, ყველაფრის ნულიდან კეთება დავიწყე. მოტივაციისა და ენთუზიაზმის გარდა ხელში არაფერი მეჭირა. არ მქონდა სახელოსნო, თუმცა მყავდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები, მქონდა ხედვა და სურვილი. დიზაინს ჩემთვის ვქმნიდი, პირველ რიგში, მე უნდა მომწონებოდა. ვიცოდი, რომ გაყიდვაში მხოლოდ იმ პროდუქტს ჩავუშვებდი, რისი ტარებაც და გამოყენებაც მე თვითონ მესიამოვნებოდა. ბუნებრივია, არასდროს ვაკადრებდი მომხმარებელს იმას, რაც თვითონ არ მომეწონებოდა. პირადად მე, როგორც წესი, ნივთის ყიდვისას ყველა ნიუანსს ვაკვირდები,  ტყავის, ან ნებისმიერი სხვა მასალის ხარისხიდან დაწყებული, შესრულებამდე დამთავრებული. ყველაფერი იდეალური უნდა იყოს, რომ მასში ფული გადავიხადო.  ჩემი პროდუქციის მყიდველებიც ჩემნაირი ადამიანები არიან. ამიტომ ვცდილობ, ყველა ის პატარა ნიუანსი გავითვალისწინო, რასაც თვითონ ვაქცევ ყურადღებას კონკრეტული ნივთის შეძენისას“...

ახალი, ორიგინალური და მაღალი ხარისხის ქართული ბრენდი - Moko handmade უკვე ერთ წელზე მეტს ითვლის... მისი შეძენა ქართველი მომხმარებლებისთვის მაღაზია „დოთსა“ და მოდის სახლ „მატერიალშია“ შესაძლებელი. ხშირია ონლაინ შეკვეთებიც. განსაკუთრებული მოთხოვნა კი საზღვრებს იქიდან მოდის.



„შემიძლია ვთქვა, რომ  სტარტაპის პირობებზე, ცუდი შედეგი არ მაქვს, უფრო პირიქით. მასში ჩემს სულს, გულსა და ენერგიას ვდებ. ჩემი თანამშრომლებიც ზუსტად ისევე არიან შეყვარებულები ბრენდზე, როგორც მე... საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ და ეს პროდუქტზეც არის ასახული... მოხმარებლებს  ჩემი პროდუქციის ყიდვა „დოთსა“ და „მატერიალში“ შეუძლია. თუმცა ონლაინშეკვეთის გაფორმებაც არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე ჩემ მიერ შექმნილი ნივთები ეფექტურად იყიდება საზღვრებს მიღმაც და ეს კიდევ მეტად მავსებს მოტივაციით“ ....

-  იდეის გაჩენიდან მის ხორცშესხმამდე არც ისე დიდი დრო გავიდა, თუმცა ჯამური გაყიდვების მაჩვენებელი, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ მაღალია. ჩემი ინფორმაციით, თქვენ მხოლოდ ახლა აწყობთ საიტს, არც განსაკუთრებული პიარკამპანია გიწარმოებიათ, თუმცა შედეგი მაინც შთამბეჭდავია. როგორ მიაღწიეთ ამას? ანუ როგორ შექმენით  წარმატებული ბიზნესი ნულიდან...

- შემიძლია ვთქვა, რომ ამ გზაზე მარტოც არ ვყოფილვარ. მართალია, დიზაინი აბსოლუტურად ორიგინალური და აბსოლუტურად ჩემია, მაგრამ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებასა და არჩეული გზის გავლაში სხვებიც მეხმარებიან. ჩემი ოჯახის წევრები არასდროს წყვეტენ ჩემს მხარდაჭერას, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად,  ფსიქოლოგიურად ყოველთვის მიდგანან გვერდით. ასევე არიან თანამშრომლებიც, უფრო ზუსტად კი უკვე ოჯახის წევრები, რომლებიც ძალას და ენერგიას არ ზოგავენ შედეგის დასადებად და მეგობრებიც, რომლებიც ყოველთვის აკეთებენ მაქსიმუმს ჩემთვის. უბრალოდ, არ შემიძლია, არ გამოვყო ერთ-ერთი მათგანი, ჩემი უახლოესი მეგობარი, თამარ ჯიქური, რომლის დამსახურებაცაა იმ მასალის ხარისხი, რომლითაც იქმნება „მოკოს“ პროდუქტი.  სწორედ მისი დახმარებით ჩამომაქვს ეს მართლა უმაღლესი ხარისხის ტყავი, რომლის ანალოგსაც საქართველოში ვერ იშოვი.“



- მხარდაჭერის გარდა, ვიცი, რომ ხშირად უსმენთ ვიდეოლექციებს, ტრენინგებს, კითხულობთ უამრავ ლიტერატურას, ყველაფერი კი იმ  სფეროს ეხება, რომელიც პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარებათ... იზიარებთ უკვე გამოცდილი ადამიანების, სფეროს ექსპერტების მოსაზრებებს და ნერგავთ პრაქტიკაში იმას, რასაც თვლით, რომ შედეგის მოტანა შეუძლია...

- დიახ, ვფიქრობ, რომ ადამიანი მუდმივი განვითარების რეჟიმში უნდა იმყოფებოდეს. მუშაობის პროცესშიც ჩართული მაქვს ვიდეო ან აუდიოლექციები და ვუსმენ. ვიზიარებ იმ ადამიანების გამოცდილებას, რჩევებს, რომლებიც ეს გზა ჩემამდე ბევრად ადრე გაიარეს, წარმატებას სწორედ ამ გზის გავლით მიაღწიეს და ახლა მეთოდებს და ხერხებს, რომლებიც საკუთარი საქმის წარმოებისას გამოიყენეს, ჩვენ გვიზიარებენ. ამ ლექციებს ვუსმენ საჭესთან მყოფიც, დიზაინის აწყობისას, მისი ხორცშესხმისას...ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად სწორედ ამ ტრენინგებმა შემიწყო ხელი იმაში, რომ ამ მცირე დროში საკმაოდ კარგი შედეგი დავდე.  მაგალითად, როდესაც გარკვეულ წინააღმდეგობებს ვხვდები, სულ მახსენდება მრავალჯერ მოსმენილი სიტყვები - „бизнес - это решение проблем“ და მეც ვცდილობ, როგორმე გადავჭრა პრობლემა, რომელმაც გარკვეული წინააღმდეგობა შემიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მოტივაცია და მიზანი, რომელიც დასახულია და გზა, რომელიც ყოველ მიზეზგარეშე უნდა გაიარო... აი, ასე მიდიხარ შედეგამდე..

- დიზაინის გარდა, თქვენეულს რას ნერგავთ საკუთარ ბიზნესში?

- იცით რა, ვფიქრობ, ყველა ადამიანი საკუთარ თავს დებს ბიზნესში, მით უმეტეს მაშინ, როდესას ის შემოქმედია. თუ ადამიანის ამოცნობა გინდა, მის მიერ განხორციელებულ საქმეს უნდა შეხედო. და თუ საქმე მატერიალიზებულ პროდუქტს იძლევა, ყველაფერი უკვე ცხადზე ცხადი ხდება. მაგალითად, თუ მე ვამბობ, რომ ჩემს პროდუქტს ჩემი თავისთვის ვქმნი, ეს ნიშნავს, რომ მე ასეთი გემოვნება მაქვს. შეიძლება, ვინმე გიყვარდეს საკუთარ თავზე მეტად, მაგრამ ცხადია, სწორედ იმიტომ გიყვარს, რომ საკუთარ თავთან აიგივებ გარკვეულწილად. ის შენი ნაწილია. ამიტომაც ვთვლი, რომ როდესაც მომხმარებლისთვის ქმნი, შენი გემოვნებით უნდა შექმნა და მომხმარებელთანაც აბსოლუტურად გულწრფელი უნდა იყო. შენ ხომ საკუთარ თავს ცუდს არ ურჩევ არაფერს... შესაბამისად, ცუდს არ აკადრებ მომხმარებელსაც...



- მაგრამ ხომ შეიძლება, თქვენგან განსხვავებული გემოვნება ჰქონდეს ვინმეს?

- რა თქმა უნდა, შეიძლება. ყველას გემოვნებას ვერ მოერგები, მაგრამ როდესაც შენი გემოვნებით კი არა, სხვისი შეხედულების მიხედვით ქმნი და მერე ეუბნები, რომ ის იდეალურია, ტყუილი გამოგდის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც თვითონ მართლა კმაყოფილი ხარ და ამ ემოციებს სხვებსაც უზიარებ, გულწფელი ხარ. ასეთ დროს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მის გემოვნებას არ აკმაყოფილებდე, მაინც დადებით ემოციას ტოვებ ნებისმიერის წარმოსახვაში. გულწრფელობაც და სიყვარულიც ხომ გადამდებია და...

- განსაკუთრებული სიყვარული გაქვთ თანამშრომლების მიმართ...

- რა თქმა უნდა... ეს ბუნებრივიცაა... ჩვენ ერთი ოჯახი ვართ... კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ თუ არ არსებობს გულწფელობა, თუ არ არსებობს სიყვარული და ემოცია, რომელსაც შენს შემოქმედებაში გადაიტან, ვერასდროს მიიღებ ისეთ შედეგს, როგორსაც ელი. მაგრამ მარტო ერთი ადამიანის ემოცია და გულწრფელობა რომ არ ყოფნის საქმეს, ესეც ცხადზე ცხადია. მე ვქმნი, სხვები ამის რეალიზებას ახდენენ, მე ამაშიც ვეხმარები, მაგრამ სამუშაო გუნდურია და შედეგიც ერთობლივ სიყვარულს მოაქვს... აქაც გულწრფელი ურთიერთობები და პასუხისმგებლობაა ყველაფერის თავი და თავი...

- რამდენადაც ვიცი, გეგმები დიდი გაქვთ...

- დიახ, ასეა ...  რამდენიმე ახალ დიზაინს და კიდევ მეტად მრავალფეროვან არჩევანსაც მალე შევთავაზებ საზოგადოებას. ჩემი პროდუქციის შეძენის ინიციატორების დიდი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთაა და  ბუნებრივია, მათ მოთხოვნებსაც დავაკმაყოფილებ უახლოეს მომავალში, მაგრამ ეს მაინც ქართული წარმოებაა და მინდა, „მოკოს“ მიერ შექმნილმა პროდუქტმა პროცენტულად მეტი წილით იტრიალოს ჩვენს ქვეყანაში. ამ მიზნით საინტერესო პროექტების ამოქმედებას ვგეგმავ... ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა...  

- არჩევანი მრავალფეროვანი გაქვთ, თუმცა ამბობთ, რომ ასორტიმენტს კიდევ მეტად გაამრავალფეროვნებთ, გაქვთ შემუშავებული საკუთარი ტექნოლოგიაც...

- დიახ, ჩვენ გვაქვს ტყავის დამუშავების ჩვენეული მეთოდები და ქვის ჩასმის უნიკალური ტექნოლოგია - ის ორივე მხრიდან გამჭოლია და სამაჯურის შემთხვევაში, ხელსაც სასიამოვნოდ ხვდება. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მასალა, რომელსაც პროდუქტის შესაქმნელად ვიყენებთ, 100%-ით ნატურალურია, ტყავიც და ქვებიც...  გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვებს ადამიანებზე გარკვეული ზემოქმედების უნარი აქვთ.  მაგალითად,  მთის ბროლი დადებითად მოქმედებს ენერგეტიკაზე და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კანს ეხებოდეს. სამკაულებს სწორედ ამ პრინციპით ვამზადებთ - ქვები ყოველთვის ეხება კანს.



- თითქოს ყველაფერი სადაა, მაგრამ ძალიან მდიდრული...

- დიახ, სიმდიდრე სწორედ სისადავით იქმნება... უბრალოებას მოაქვს სიყვარული... ასე იყო და იქნება ყოველთვის... უცნაურია, მაგრამ ეს ამბიციების არსებობას არ გამორიცხავს, უფრო პირიქით. მე ვიცი, ჩემი პროდუქციის ხარისხი, ვიცი, რა მასალას ვიყენებ იმისთვის, რომ შევქმნა პროდუქტი და ზუსტად ვიცი, რას და რა ფასად ვთავაზობ მომხმარებელს, ასე რომ...

 

P.S.

სახასიათო შტრიხი - ორი უცხოელის დიალოგი “Mercedes-Benz Fashion Week”-ზე მოსმენილ-გაგონილიდან:

- მშვენიერი ნამუშევარია... და სად მზადდება?

- ეს ქართული პროდუქციაა...

- მართლა? იტალიური ხარისხი იგრძნობა... მეგონა, იქ იკერებოდა...

- არა, „მოკო“ საქართველოში ქართველების მიერ იწარმოება... ეს მშვენიერი, მომხიბლავი ქალბატონი კი მისი დიზაინერია... იცნობდეთ, ნანა აქუბარდია...  

 

 

თარიღი: 2018/07/02