ირაკლი უტიაშვილი: „შვილად აყვანის საიდუმლოს გამხელა სისხლის სამართლის დანაშაულია და კანონით ისჯება“
საქართველოში ასეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც ბავშვის შვილად აყვანა უნდა. ეს ადამიანები მშვილებელთა რიგში წლობით დგანან, რადგან ბავშვთა სახლებში მცხოვრები პატარების ნაწილს  მშობლები ჰყავს, ხოლო მეორე ნაწილს - ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, უშვილო წყვილებს კი, როგორც წესი, ჯანმრთელი ბავშვის აყვანა სურთ.

რა უნდა იცოდნენ იმ ოჯახებმა, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ბავშვის შვილად აყვანა გადაწყვიტეს? - ამის თაობაზე „ბიზნესპოსტის“ მკითხველს ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრება:

-საქართველოს კანონმდებლობით, შვილად აყვანის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საქორწინო ურთიერთობაში და აქვთ ბავშვის აღზრდისთვის საჭირო პირობები. თუ ოჯახი მატერიალურად შეჭირვებულია, ბინა და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები არა აქვს, შეიძლება ბავშვის აყვანაზე უარი უთხრან, რადგან გაშვილებამ პატარას უკეთესი მომავალი უნდა უზრუნველყოს. დედობილ-მამობილი მასზე ისე უნდა ზრუნავდეს, როგორც ბიოლოგიური დედ-მამა იზრუნებდა, ამიტომ, ბავშვის გაშვილებისას სახელმწიფო ბევრ ნიუანსს ითვალისწინებს, მათ შორის,  მშვილებლების მატერიალურ მდგომარეობას.

-პირველ რიგში რა არის საჭირო ბავშვის შვილად აყვანის დროს?

-მთავარი პირობაა, რომ პატარას გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი  ჰქონდეს. ამისათვის, ბიოლოგიურმა დედამ განცხადებით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რადგან სწორედ ეს სააგენტო ანიჭებს მზრუნველობამოკლებულ პატარებს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსს. ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ იწყება შვილად აყვანის პროცედურები: სოციალური მომსახურების სააგენტო შეისწავლის მშვილებელთა მდგომარეობას და იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი სათანადო მოთხოვნებს. სააგენტო საფუძვლიანად შეისწავლის ბავშვის მდგომარეობას და განსაზღვრავს, არის თუ არა მიზანშეწონილი მისი გაშვილება.  შვილად აყვანის შესახებ რეგისტრაციასაც სააგენტო ახორციელებს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ეს გადაწყვეტილება მიიღება იმ დასკვნების საფუძველზე, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო წარადგენს, აგრეთვე, მშვილებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების საფუძველზე. ამ ყველაფერზე დაყრდნობით სასამართლო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ. ამის შემდეგ უკვე მიმდინარეობს რეგისტრაცია შესაბამის ორგანოებში, სადაც ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა შეადგინონ. ამ მოწმობაში იწერება მშვილებელთა ვინაობა, მათი სახელი, გვარი და ბავშვის პირადი მონაცემები.

-ეს პროცედურები მხოლოდ მიუსაფარ ბავშვთა სახლებში მცხოვრებ პატარებზე ვრცელდება?

-არა, ბავშვი შეიძლება ჩვეულებრივი ოჯახიდანაც გააშვილონ, ან გააშვილოს დედამ, რომელსაც მისი მოვლა-პატრონობა არ შეუძლია. ამ შემთხვევაშიც, მშვილებელ ოჯახს ანალოგიური პროცედურების გავლა დასჭირდება. ზოგჯერ ბავშვი საერთოდ არ ხვდება მიუსაფარ ბავშვთა სახლში და დედა გადასცემს ხოლმე მშვილებელ ოჯახს.

-ხშირად ხდება, რომ ბიოლოგიური დედა უკვე გაზრდილ  შვილთან ბრუნდება და სიმართლეს უმხელს. რა უფლებები აქვს ასეთ დედას შვილზე, რომელიც ერთ დროს სხვებს გადასცა?

-როგორც წესი, ნაშვილებმა ბავშვებმა სიმართლე არ იციან და მშობლებად თავიანთ აღმზრდელებს მიიჩნევენ. თუ ბიოლოგიური დედა მივა უკვე გაზრდილ შვილთან და სიმართლეს ეტყვის, ეს კანონით ისჯება: შვილად აყვანის საიდუმლოს დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია.

-უცხოეთში მცხოვრებ ქართველებმა როგორ უნდა გაიარონ შვილად აყვანის პროცედურები?

-ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში ათასობით მოქალაქეა წასული. არის ხოლმე შემთხვევები, როცა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ ოჯახს ქართველი ბავშვის აყვანა სურს. ასეთ დროს, გაშვილების პროცესი საქართველოში იწყება და არა იმ სახელმწიფოში, სადაც ისინი ცხოვრობენ. თავდაპირველად, ბიოლოგიური დედა აკეთებს განცხადებას, რომ მის შვილს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი მიანიჭონ. შემდეგ, ეს განცხადება იგზავნება ქვეყანაში, სადაც მისი მომავალი აღმზრდელები ცხოვრობენ. ამ ქვეყნის სოციალური სამსახურები სწავლობენ მომავალი მშობლების მატერიალურ მდგომარეობას და მათ ოჯახში არსებულ სიტუაციას, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, ამ შემთხვევაშიც სასამართლო ადგენს.  სასამართლოს მიერ მიღებული დასკვნა გადამწყვეტია. ბავშვის აღზრდის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა მინდობით აღზრდა და ამასაც სოციალური მომსახურების სააგენტო წყვეტს. ჯერ აღმზრდელსა და ბავშვს შორის ფორმდება  ხელშეკრულება და ამის შემდეგ მომავალ აღმზრდელს სახელმწიფო აფინანსებს: მას გადასცემენ გარკვეულ თანხას, რომელიც ბავშვის აღსაზრდელად დასჭირდება. შეიძლება ოჯახმა, ან ცალკეულმა პირმა 3,4, 5 ბავშვიც კი აიყვანოს და აღზარდოს, მაგრამ ეს არ არის შვილად აყვანა, ეს არის მინდობით აღზრდა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ამავე კატეგორიაში შედის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარების აღზრდაც: თუ ასეთი ბავშვი მიუსაფარ ბავშვთა სახლში იზრდება და იქიდან იშვილებენ, აღმზრდელს სახელმწიფო დააფინანსებს, მაგრამ თუ ბიოლოგიური მშობლები გააშვილებენ, მაშინ სახელმწიფოს დედობილ-მამობილის დაფინანსება აღარ ევალება.

-დავუშვათ, ადამიანს მეორე ქორწინებაში შვილი არ გაუჩნდა და  იშვილა,  პირველი ქორწინებიდან კი, უკვე ჰყავს  ბიოლოგიური შვილები, ამ შემთხვევაში მისი ქონება როგორ გადანაწილდება?

-ყველაფერი მარტივია: ნაშვილებ ბავშვს ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც -ბიოლოგიურ შვილებს. ისიც კანონიერი მემკვიდრეა და მშობლის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონებიდან წილი ისევე ეკუთვნის, როგორც სხვა შვილებს.

-კიდევ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომ ბავშვის შვილად აყვანაში ხელი არ შეეშალოს?

- აუცილებლად უნდა იქნას დაცული ასაკობრივი ზღვარი:  გაშვილება მხოლოდ 18 წლამდეა შესაძლებელი, ასევე - აღმზრდელსა  და  ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს. გამონაკლის შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება ეს ზღვარი 14 წლამდე დასწიოს, მაგრამ ეს მინიმუმია.  აუცილებელია კიდევ ერთი პირობის დაცვა:  იმ ბავშვის შვილად აყვანა, რომელსაც უკვე 10 წელი შეუსრულდა, მისი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია ბავშვის გაშვილება, როცა ეს მის სურვილებს და ინტერესებს ეწინააღმდეგება.

თარიღი: 2019/07/09