საგარეო ვალის მოცულობა მატულობს - როგორ აისახება ეს ჩვენს ეკონომიკაზე?
 ბოლო ხანებში საქართველოს ეკონომიკა ურთულესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა: დაძაბულმა პოლიტიკურმა გარემომ ვალუტის კურსზეც უარყოფითად იმოქმედა - ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, სამომხმარებლო ფასებმა კი - მოიმატა. უფრო ადრე კი, გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გაზრდილია ჩვენი საგარეო ვალიც, კერძოდ, 2019 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მთლიანმა საგარეო ვალმა 17.8 მლრდ აშშ დოლარი (48.0 მლრდ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 10.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რამდენად სახიფათოა ეს საქართველოს ეკონომიკისთვის და რას მოასწავებს საგარეო ვალების მატება? - ამ საკითხზე „ბიზნესპოსტს“ თავის მოსაზრებებს უზიარებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე:

 

-ვალის აღება ძალიან ჰგავს მედიკამენტების მიღებას - გარკვეული დოზა მის მიმღებს შველის, ხოლო თუ დოზა დანიშნულზე მეტია, შეიძლება ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენოს. როგორც წესი, მთლიანი საგარეო ვალი ორ ნაწილად იყოფა: ეს არის სახელმწიფო ვალი და კერძო სექტორის მიერ აღებული ვალდებულებები - ეფექტიანი გამოყენების შემთხვევაში, ორივე პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის და მისი ცალკეული დარგების განვითარებაზე.

-2019 წლის 1 აპრილის მდგომარეობით,  საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.8 მლრდ გახდა. ეს ძალიან დიდი ციფრია. თქვენ რას გვეტყოდით ამის თაობაზე?

-ყველაფერი შეფარდებითია: ეს ვალი მთლიანად ჩვენი ქვეყნის მთავრობას, ან ეროვნულ ბანკს არ აუღია, შესაბამისად, სახელმწიფო არ არის მასზე პასუხისმგებელი. უშუალოდ სახელმწიფო სექტორის წილად მოდის მთლიანი საგარეო ვალის მხოლოდ 41.6 პროცენტი - 7.4 მლრდ. აშშ დოლარი ანუ 20.0 მლრდ. ლარი, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 376.4 მლნ. აშშ დოლარი - მთელი ვალის 11.3 პროცენტი. საგარეო სესხების დანარჩენი, ანუ დიდი ნაწილი (თითქმის 3/5) მოდის არასახელმწიფო სექტორზე - კომერციულ ბანკებზე, ბიზნესსა და კომპანიათაშორის სესხებზე ანუ, ამ ვალის გასტუმრებაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს – ისინი მთლიანად კომერციული, საბანკო თუ ბიზნეს-სტრუქტურების პასუხისმგებლობითაა აღებული. ჩვენთვის, ბუნებრივია, პირველ რიგში სწორედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობითა და ვალდებულებებით აღებული ვალებია საინტერესო.

-ვისი ვალი აქვს ამჟამად ჩვენს სახელმწიფოს?

-ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება ვალებს იღებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან, (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ა.შ.) ან კონკრეტული სახელმწიფოებისაგან (აშშ, გერმანია, იაპონია, კუვეიტი, თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და ა.შ.). ბოლო მონაცემებით, საგარეო სესხების 73.7%  აღებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან, 17.0% - სხვა სახელმწიფოებისაგან, ხოლო 9.2% - გამოშვებული ფასიანი ქაღალდებია - ე.წ. ევრობონდები, რომელთა მეშვეობით 2008 წლის გაზაფხულზე საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა 500-მილიონიანი სესხის აღება მიწისქვეშა გაზსაცავის ასაშენებლად. კონტრაქტის მიხედვით, გადახდის საბოლოო ვადად 2013 წელი იყო დათქმული. დღეს 2019 წელია, მაგრამ არც გაზსაცავია აშენებული და არც ვალები - გასტუმრებული.

-რა რაოდენობის ვალი აქვს თითოეულ მოქალაქეს?

-საქართველოს მოსახლეობის ერთ სულზე ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი დაახლოებით 4.8 ათასი აშშ დოლარია, მათ შორის უშუალოდ სახელმწიფოს (მთავრობისა და ეროვნული ბანკის) - დაახლოებით 2.0 ათასი აშშ დოლარი. ბევრია ეს თუ ცოტა? - შედარებისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად, აშშ-ის ერთ მოქალაქეზე ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის სიდიდე 58.2 ათასი აშშ დოლარია, გერმანიაში - 65.6 ათასი აშშ დოლარი, საფრანგეთში - 87.2 ათასი აშშ დოლარი, გაერთიანებულ სამეფოში - 127.0 ათასი აშშ დოლარი... რა თქმა უნდა,  ყველა ამ ქვეყნის ეკონომიკა საქართველოზე გაცილებით ძლიერია, თუმცა მოსახლეობის ერთ სულზე ვალის სიდიდით ისინი გაცილებით  გვისწრებენ, ვიდრე წარმოებული მშპ-ით.  ამიტომაც ვალის რეალური სიმძიმის განსაზღვრისათვის მის სიდიდეს ქვეყნის მთავარ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს - მთლიან  შიგა პროდუქტს უდარებენ.

-ამ მხრივ როგორია ჩვენი მდგომარეობა?

-ამ მაჩვენებლით მსოფლიოს 188 სახელმწიფოს შორის საქართველო (მშპ-ის 110%) არც თუ სახარბიელო - 36-ე ადგილზე იმყოფება, „სადღაც“  სლოვენიასა და ბუტანს შორის. შედარებისათვის: აშშ საგარეო ვალი ამ ქვეყნის მშპ-ის 115%-ია, გერმანიისა, შესაბამისად, 141%, საფრანგეთის - 213%, გაერთიანებული სამეფოსი - 313%,  ნიდერლანდების კი - 522%. მაგრამ, თუ მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობით აღებულ სესხებზე ვისაუბრებთ, რომელშიც, რა თქმა უნდა ქვეყნის შიგნით აღებული სესხებიც იგულისხმება, მაშინ საქართველოს სახელმწიფო ვალი ქვეყნის მშპ-ის მხოლოდ 45.8 პროცენტია. თუ ანალოგიურად მივუდგებით სხვა ქვეყნების სახელმწიფო სესხების შეფასებასაც, ვნახავთ, რომ კერძო სექტორის გამოკლებით ქვეყნის ვალების მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება, თუმცა ბევრ ქვეყანაში იგი მაინც საქართველოს შესაბამის მაჩვენებელზე მაღალია. მაგალითად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ვალი შეადგენს ამ ქვეყნის მშპ-ის 48.8 პროცენტს, სომხეთისა - 56.7 პროცენტს, გაერთიანებული სამეფოსი - 87.0 პროცენტს, საფრანგეთისა - 98.5 პროცენტს... რა თქმა უნდა, აღნიშნულ თანაფარდობაზე დიდ გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსი. ამ კურსის სიდიდე და სახელმწიფო ვალის მოცულობა ერთმანეთთან ფაქტობრივად,  უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში არიან. რაც უფრო მყარია ეროვნული ვალუტა, მით უფრო მსუბუქია სახელმწიფო ვალის ტვირთი. როგორც წესი, მიზანშეწონილია, რომ მთავრობის მიერ აღებული საშინაო და საგარეო ვალის ჯამური სიდიდე არ აღემატებოდეს: მშპ-ის 60 პროცენტს. როგორც ზემოთ მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ამ მხრივ ჯერჯერობით „რესურსი კიდევ აქვს“ - ამ კრიტერიუმით მას შეუძლია დამატებით კიდევ არანაკლებ 2.2 მლრდ. აშშ დოლარის სესხის აღება), მისი მომსახურების სიდიდე კი - მშპ-ის 5 პროცენტს (ამჟამად ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2.2%-ია.

-ესე იგი, ჩვენი ვალების მოცულობა საგანგაშო ჯერ კიდევ არ არის?

-ზოგადად, თანამედროვე მსოფლიოს საფინანსო-ეკონომიკური სისტემა აგებულია იმ პრინციპზე, რომ მთავარია არა ვალის სიდიდე, არამედ მისი მომსახურების შესაძლებლობა. მდიდარი ქვეყნები თავიანთ საქმიანობას დიდწილად აღებული კრედიტებით ახორციელებენ, მაგრამ ეს პრინციპი აგრეთვე გულისხმობს აღებული ვალების მიზნობრიობის, ათვისებისა და დაფარვის ვადების მკაცრ დაცვას. როგორც ზემოთ მოტანილ მაგალითით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ამ მხრივ ქართულ მხარეს ჯერჯერობით  სატრაბახო ნამდვილად ბევრი არა აქვს.  ის, რომ მხოლოდ სამთავრობო სექტორის ხაზით წლის განმავლობაში ვალების მომსახურებაზე საბიუჯეტო შემოსავლებიდან ყოველი მეხუთე ლარი იხარჯება, არ შეიძლება არ იწვევდეს არც თუ მდიდარი ქართული საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას. ასე რომ, დღევანდელ მდგომარეობას “საგანგაშოს” ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, თუმცა სასურველია საგარეო ვალის მოცულობა ასე სწრაფად  არ იზრდებოდეს.

 

 

თარიღი: 2019/07/12