ლევან სილაგავა: „ყაზახურმა ხორბალმა ქართულ ბაზარზე „უსაფთხოების ბალიშის“ როლი უნდა შეასრულოს“
ბოლო ხანებში, მაღაზიათა ქსელში  ფქვილი 50 თეთრით გაძვირდა. ყოველთვის, როცა ქართულ ბაზარზე ფქვილი ძვირდება, მოსახლეობას უჩნდება ეჭვი, რომ ამას  პურის გაძვირებაც მოჰყვება. „ბიზნესპოსტი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ ბიზნესში და გაძვირების ტენდენცია მომავალშიც ხომ არ გაგრძელდება...

უახლოეს პერიოდში პურის გაძვირებას არ ვგეგმავთ - გვითხრა  N მე-4 პურის ქარხნის დირექტორმა - მალხაზ დოლიძემ:

-ერთი ტომარა ფქვილის ფასმა 50 თეთრით მოიმატა და ეს მეპურეებისთვის სასიხარულო მოვლენა სულაც არ არის. ყველამ იცის, რომ პურის ფასი ბევრ რამეზეა დამოკიდებული: წყალზე, ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე, თუმცა, ფქვილი ჩვენთვის მაინც ძირითადი პროდუქტია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენს ბიზნესში  ლარის კურსიც. როგორც ამბობენ, თუ ლარის კურსი 2,85 ნიშნულზე შენარჩუნდება, შესაძლოა, ენერგომატარებლების ფასი გაიზარდოს, ჩვენ კი, მთლიანად ენერგომატარებლებზე ვართ დამოკიდებული, თუმცა, ეს საკითხი რამდენიმე თვეში გადაწყდება. მე მაინც იმედი მაქვს, რომ სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ შეიცვლება. როგორც ამბობენ, ამერიკული დოლარის გამყარების ხანა დასრულდა, ჩინეთი და რუსეთი ბოლო ხანებში აქტიურ პოლიტიკას აწარმოებენ, რომელიც დოლარის დასუსტებას გულისხმობს. იქნებ, დოლარის დასუსტების ფონზე ეროვნული ვალუტაც გამყარდეს? -ასე რომ, უამრავ ფაქტორზე ვართ დამოკიდებული და ერთადერთი, რაც შემიძლია თამამად გითხრათ, ის არის, რომ ამ ეტაპზე  პურის გაძვირებას არ ვაპირებთ.

ჩვენ ვესაუბრეთ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს - ლევან სილაგავა, რომელმაც „ბიზნესპოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა:

 - ერთი ტომარა ფქვილი საქართველოში 50 ლარი ღირს, დამერწმუნეთ,  50-თეთრიანი გაძვირება საგანგაშო სულაც არ არის. 2018 წლის დეკემბერში პური იმიტომ გაძვირდა, რომ  ერთი ტომარა ფქვილის ფასმა 11 ლარით მოიმატა. თანაც, გასულ წელს ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის საკმარისი მარაგი არ იყო და გაძვირება ამანაც გამოიწვია. ამჟამად კი, ხორბლის საკმარისი მარაგი გვაქვს, თანაც, საქართველოში ხორბლის ახალი მოსავალი შემოდის. თუ ლარის კურსი დრამატულ დონემდე არ დაეცემა, უახლოეს პერიოდში ნორმალური სიტუაცია გვექნება. არა მგონია  50 თეთრით გაძვირება პურის ფასზე აისახოს. მით უმეტეს, რომ ხორბლის ფასი სტაბილურია მსოფლიო ბაზარზეც. ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ კრიზისის პერიოდში არ დაგვემართოს ის, რაც გასული წლის ბოლოს დაგვემართა. თუ ფქვილი და ხორბალი გაძვირდება, გაძვირდება მხოლოდ 1-2 ლარით, რაც პურის ფასზე დრამატულად არ აისახება.

    ლევან სილაგავას თქმით, ბაზრის დივერსიფიცირებაზე მეხორბლეებიც ზრუნავენ:

- დღესდღეობით, რუსეთი ჩვენთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია: საქართველო 80-85%-ით იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული და აქედან უდიდესი წილი სწორედ რუსეთზე მოდის. მცირეა ხორბლის ადგილობრივი წარმოებაც, ამიტომ, ბაზრის დივერსიფიცირებაზე ჩვენი ბიზნესიც ზრუნავს. კარგია, რომ  შემოდგომაზე ჩვენთან ყაზახური ხორბალი შემოვა. უკვე ვესაუბრეთ ყაზახ პარტნიორებს, რომლებიც საქართველოში იყვნენ და შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრს, სოფლის მეურნეობის მინისტრს და ბიზნესის წარმომადგენლებს.  ვიცით, რომ სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირებას სახელმწიფო აპირებს და ეს მექანიზმი შემუშავების პროცესშია. უახლოეს მომავალში ეს წინადადება ყაზახეთში, მთავრობის სხდომაზე გავა. თავის მხრივ, ყაზახური მხარეც გეგმავს, რომ საქართველოს მიმართულებაზე გარკვეული თანხა გამოყოს და სუბსიდირება ყაზახეთის ბიუჯეტიდან გამოიყოს. ამ მექანიზმის შექმნა უკვე ნიშნავს ბაზრის დივერსიფიცირებას და თუ რუსული ხორბალი საქართველოში სხვადასხვა მიზეზის გამო არ შემოვა, ჩვენ მხოლოდ რუსეთზე არ ვიქნებით დამოკიდებული. უკვე მიცემული გვაქვს შეკვეთა 250 ათასიდან 300 ტონამდე.  ეს ის რაოდენობაა, რომელიც ჩვენს ბაზარზე ამინდს შექმნის და „უსაფრთხოების ბალიშის“ როლს შეასრულებს. 300 ათასი ტონა ხორბალი საქართველოს 6 თვის მოხმარებას უდრის და  მანევრირების საშუალებას მოგვცემს.

    ლევან სილაგავას თქმით, აუცილებლად უნდა შევძლოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაც:

-ამჟამად საქართველოში ადგილობრივი ხორბლის მოსავალს იღებენ და ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 140-150 ათას ტონა ხორბალს მივიღებთ. საქართველოს მოსახლეობა 600 ათას ტონას მოიხმარს, ამიტომ, ეს არ არის საკმარისი რაოდენობა, თუმცა გარკვეულ სტაბილიზაციას მაინც ქმნის. კარგია, რომ ჩვენ გვაქვს ქართველი ფერმერების მიერ მოწეული ხორბალი, რომელიც ჯერჯერობით მცირე რაოდენობისაა, მაგრამ კრიზისის შემთხვევაში ამოსუნთქვის საშუალება მოგვცემს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ 145-150 ათას ტონაში, რომელიც ჩვენს ფერმერებს მოჰყავთ, სასურსათო ხორბალი მხოლოდ 20%-მდე შეიძლება იყოს, დანარჩენი - არასასურსათოა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ქართულ ხორბალს ვერ დავეყრდნობით, თუმცა, მომავალში ადგილობრივი წარმოება უნდა გავზარდოთ და ჩვენი, საკუთარი ხორბალი უნდა გვქონდეს - ეს ჩვენთვის ყველაზე კარგი გამოსავალია. საბოლოო ჯამში კი, შემიძლია გითხრათ: ყაზახური ხორბალი რომ შემოვა, მთლიანად რუსეთზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული, რაც ჩვენი ბიზნესისთვის სასიამოვნო სიახლეა“.

თარიღი: 2019/07/16