მთის კურორტებზე რუსული სანქციებით მიყენებულ ზარალს ითვლიან
ტურიზმი, როგორც მოვლენა, სათავეს უძველესი დროიდან იღებს: ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ძველი რომაელები მოგზაურობდნენ დასვენებისა და გართობის მიზნით - ყველაზე ხშირად ისინი ეგვიპტურ პირამიდებს სტუმრობდნენ. გავიდა საუკუნეები, მოგზაურობის ფორმებიც დაიხვეწა, გეოგრაფიაც გაფართოვდა და ეს ერთ-ერთ შემოსავლიან ბიზნესად იქცა  მსოფლიოში.

 საქართველოში ტურიზმი საკმაოდ სწრაფი ტემპით განვითარდა და ეს სულ რამდენიმე წელიწადში მოხდა. რა მდგომარეობაა ამ დარგში დღეს? - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) - საქართველოს 3,8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, 2018  წლის 6 თვეში  კი - 3,5 მილიონზე მეტი.  სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ 2018 წელთან შედარებით, იანვარ-თებერვალში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან შემოსული ტურისტების რიცხვმაც მოიმატა. ევროპის შემდეგ, ვიზიტორთა რაოდენობით აზერბაიჯანი, ბალტიისპირეთი და ყოფილი საბჭოთა სივრცის  ქვეყნები ლიდერობენ. მათ შორის სოლიდური ადგილი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს -  რუსეთს უკავია.  

 ბოლო ხანებში მიმდინარე მოვლენებმა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ საჰაერო მიმოსვლის აკრძალვამ ტურისტულ ბიზნესს სერიოზული ზარალი მოუტანა. „ბიზნესპოსტი“ საქართველოს მთის კურორტებზე მოქმედ სასტუმროებს დაუკავშირდა და გაარკვია, როგორ აისახა პოლიტიკურმა დაძაბულობა მათ ბიზნესზე. საოჯახო სასტუმროების მფლობელთა თქმით, ყველაზე მეტად ის ხალხი დაზარალდა, ვინც რუსულ კონტინგენტზე მუშაობდა, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სასტუმროები, რომლებსაც თავიანთი საქმიანობა უცხოელ და ქართველ დამსვენებლებზე ჰქონდათ აწყობილი.  მესტიის საოჯახო სასტუმრო „რატისონის“ ერთ-ერთმა მფლობელმა - ციცინო რატიანმა „ბიზნესპოსტთან“ საუბრისას თქვა:

-როგორც კი თბილისში აქციები და დაძაბულობა დაიწყო, რუსეთიდან რაც ჯავშნები გვქონდა, თითქმის ყველა გაგვიუქმეს. ასე რომ, ჩვენს ბიზნესზე მიმდინარე მოვლენები უარყოფითად აისახა. სასტუმროს ის ნომრები, რომლებიც რუს ტურისტებს წინასწარ ჰქონდათ დაჯავშნილი, ცარიელი დარჩა. ვინც ძირითადად რუს ტურისტებზე მუშაობდა, ყველა ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახლა ზარალს ვითვლით და ვცდილობთ, როგორმე ეს დანაკარგი სხვა გზებით შევავსოთ.  მიუხედავად ყველაფრისა, მესტიაში ტურისტები მაინც დიდი რაოდენობით არიან, ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს ევროპიდან. რუსი სტუმრებიც შემოდიან, ოღონდ, სახმელეთო გზით. ერთი ოჯახი ახლაც გვყავს სტუმრად. შარშანდელ სეზონს თუ შევადარებთ, ივლისი შარშან უფრო დატვირთული იყო, წელს იმდენი ხალხი არა გვყავს და ვერც ისეთი დატვირთვით ვმუშაობთ. გარდა იმისა, რომ ჯავშნები გაუქმდა, ამ ერთ წელიწადში მესტიაში კიდევ ბევრი საოჯახო სასტუმრო გაიხსნა და კონკურენცია უფრო მეტად გაიზარდა. სეზონის ბოლომდე დრო კიდევ არის დარჩენილი, თანაც, მესტიას სტუმრები ზამთრის თვეებშიც არ აკლია და იმედი გვაქვს, მიყენებულ დანაკლისს როგორმე ავინაზღაურებთ.

 საოჯახო სასტუმროები მომრავლდა არა მარტო მესტიის ცენტრში, არამედ მიმდებარე სოფლებშიც. ამის შესახებ სასტუმრო „ნენეს“ მფლობელმა - მაყვალა ხარზიანმა გვითხრა:

-ჩვენი სასტუმრო სოფელ ჭუბერში მდებარეობს. სვანებს ტურისტების სიმრავლე არ გვაშინებს, რადგან ძალიან ბევრი სტუმრის მიღება შეგვიძლია. ჭუბერშიც ბევრმა მოაწყო თავისი საოჯახო სასტუმრო, მეც, 5 ოთახი დავამატე და შეგვიძლია სტუმრები ნებისმიერ დროს მივიღოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან ტურისტების დიდი ნაკადი არასოდეს შემოდის. ახლა მხოლოდ „ნენსკრა ჰესის“ იმედი გვაქვს - ჩვენს ბინებს ძირითადად ამ ჰესის პერსონალი ქირაობს. მისი მშენებლები და ხელმძღვანელებიც ყველანაირად ხელს გვიწყობენ. ჯერჯერობით, სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები ისევ მესტიას ეტანებიან. ძალიან კარგი იქნება, თუ მეტი ტურისტი შემოვა, რადგან ისინი მარტო ცენტრში კი არა, ჩვენი რაიონის სოფლებშიც გაიფანტებიან და დაბინავდებიან. ეს კარგი იქნება ჩვენი ოჯახებისთვის, სვანეთისთვის და მთელი საქართველოსთვის.  

 სიტუაციის შესაფასებლად გუდაურს და ბაკურიანსაც დავუკავშირდით. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად საჰაერო ფრენების აკრძალვისა, ამ კურორტებზე რუსი ტურისტები საკმაო რაოდენობით არიან, მაგრამ მათ სხვა ქვეყნებიდან შემოსული სტუმრები ჭარბობენ. საოჯახო სასტუმრო „ხის სახლის“ მენეჯერმა - ანი პარკაულმა - ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:

-ჯერჯერობით გუდაურში დამსვენებლები საკმაო რაოდენობით არიან. ისედაც, ჩემი დაკვირვებით, რუსი და უკრაინელი ტურისტები აქ უფრო ზამთრის სეზონს ატარებენ, ზაფხულში კი, სტუმრები უფრო არაბული ქვეყნებიდან შემოდიან. მათ აქ სიგრილე და სუფთა ჰაერი იზიდავს. რაც შეეხება რუსულ კონტინგენტს, ვინც საქართველოში მანქანით შემოდიოდა, ისინი ახლაც შემოდიან და ბინავდებიან. შეზღუდვა ტურისტების იმ კატეგორიას შეეხო, ვინც საჰაერო გზით მგზავრობას ამჯობინებდა.

 ამავე საკითხებზე „ბიზნესპოსტს“ ესაუბრა „ორბი ჯგუფის“ სასტუმროების მართვის გენერალური დირექტორი - დავით პოლი:

-ჩვენთან, ბაკურიანში, ტურისტები უკრაინიდან და არაბული ქვეყნებიდან შემოდიან. ახლა უკვე ქართველებიც მომრავლდნენ, რომლებიც აქ ოჯახებთან ერთად ისვენებენ. ვერ ვიტყვი, რომ საქმე ცუდად გვაქვს, რადგან ჩვენ მარტო რუსული კონტინგენტის იმედზე არ ვყოფილვართ. მიუხედავად  ყველაფრისა, რუსი სტუმრები ახლაც გვყავს - ჩვენს სასტუმროში 7 ოჯახია დაბინავებული. ისინი საქართველოში სახმელეთო გზით - აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში ყველაფერი დალაგდება და ვისაც საქართველო უყვარს, ვისაც აქ დასვენება უნდა, მაინც მოახერხებს და ჩამოვა. სხვათა შორის, თურქეთში ვმუშაობდი, როცა რუსეთმა ამ ქვეყანას სერიოზული სანქციები დაუწესა და თავის მოქალაქეებს თურქულ კურორტებზე დასვენებისგან თავშეკავება ურჩია, მაგრამ ვისაც სურვილი ჰქონდა, მაინც ჩამოდიოდა და თურქეთში ისვენებდა.

 რა უშლის ხელს ტურისტული სექტორის წინსვლას საქართველოში? - ამ შეკითხვაზე დავით პოლმა გვიპასუხა:

-მე ამ ბიზნესში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება მაქვს. ვმუშაობდი შვეიცარიაში, კერძოდ, დავოსში - „რიქსონის“ სასტუმროების ქსელში, ასევე - დუბაიში, თურქეთზე უკვე მოგიყევით...  ძალიან მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემს სამშობლოს მოვახმარო. ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდები და ერთ რამეს ზუსტად ვხვდები: ტურიზმი საქართველოში უფრო მეტად განვითარდება,  მაღალი დონის სერვისი და უკეთესი ინფრასტრუქტურა რომ გვქონდეს. გზის პრობლემა აქაც გვაქვს - ბაკურიანში: ცენტრალური ტრასიდან დიდველზე რომ ამოდიხარ, ძალიან ცუდი გზაა. კიდევ კარგი, ასფალტს უკვე აგებენ, ბაკურიანის შემოსავლელთან მუშახელი და ტექნიკა დგას. ეს პრობლემა რაც უფრო სწრაფად მოგვარდება, მით უკეთესი, მაგრამ ანალოგიური პრობლემები საქართველოს ძალიან ბევრ კურორტს აქვს.  მაღალი დონის სერვისის, კარგი გზისა და ინფრასტრუქტურის გარეშე ტურიზმის წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელია, ეს - ტურიზმის დაუწერელი კანონია“ - აღნიშნა დავით პოლმა „ბიზნესპოსტთან“ საუბრისას.   

 

თარიღი: 2019/07/18