ტკივილგამაყუჩებელი მკურნალობის ნაცვლად ანუ რა ხდება მაშინ, როცა ცენტრალური ბანკი ლარზე არ ზრუნავს ?!
 მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკოსები კარგა ხანია მსჯელობენ იმაზე, რომ ვაშინგტონი ამერიკული დოლარის გაუფასურებას აპირებს.  დონალდ ტრამპი და მისი გარემოცვა საქვეყნოდ აცხადებს, რომ ძლიერი დოლარი ქვეყნის  ეკონომიკურ წინსვლას აფერხებს. აშშ-ის პრეზიდენტი დოლარის კურსის შემცირების აშკარა მომხრეა, რადგან ძლიერი დოლარი შტატებში იმპორტის ზრდას უწყობს ხელს, სამაგიეროდ, ძალიან აზარალებს ექსპორტს. მართალია, ამ პოზიციას ქვეყანაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, თანაც, ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნა მსოფლიოში ძალიან მაღალია, მაგრამ ბევრი ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპი დოლარის კურსის შემცირების მიზნით პრაქტიკულ ქმედებებზეც  გადავა. ტრამპის გადაწყვეტილების ძირითადი მოტივი ასეთია - ამერიკამ მსოფლიოში თავისი საექსპორტო ნიშა უნდა შეინარჩუნოს.

  როგორ აისახება ეს პოლიტიკა ლარის კურსზე და გაუჩნდება თუ არა გამყარების შანსი ჩვენს ეროვნულ ვალუტას? - ეს შეკითხვა „ბიზნესპოსტმა“ ქართველ ეკონომისტებს დაუსვა:

ირაკლი მაკალათია - ეკონომიკის დოქტორი:

„უმჯობესია, ჩვენი ვალუტა გაძლიერდეს და ამერიკულ დოლარს გაუთანაბრდეს“

-რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ლარი, თუკი დოლარის გაუფასურების პოლიტიკა განხორციელდება? - ამის ზუსტად განსაზღვრა რთულია. თუკი დოლარის კურსი დაეცემა და ლარი გამყარდება,  ეს ჩვენთვის კარგია, რადგან ამის წყალობით იმპორტირებული პროდუქტი გაიაფდება, მაგრამ რა მექანიზმით განხორციელდება გაუფასურება, რომელზეც ახლა ტრამპის ადმინისტრაციაში საუბრობენ?  - თუ აშშ-ი მეტ ფულის მასას გამოუშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკას იმპორტი გაუძვირდება, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის ცუდია. თანაც, დოლარი არასტაბილური ვალუტის იმიჯს თუ დაიმკვიდრებს, მისდამი ნდობა მთელ მსოფლიოში დაეცემა. ამასთანავე, თუ აშშ-ში უფრო მეტ დოლარს დაბეჭდავენ, ეს ინფლაციას გამოიწვევს და იქაურ პროდუქციას გააძვირებს, რაც ჩვენთვისაც ცუდია. ასე რომ, მოკლევადიან პერიოდში დოლარის კურსის დაცემა ჩვენთვის კარგია, მაგრამ თანდათან ლარი ისევ დასუსტდება და საბოლოო ჯამში, დოლარის დაცემა ყველასთვის ცუდი იქნება. გრძელვადიან პერიოდში ამერიკული პროდუქციის გაძვირება ყველაფერს ძველ ნიშნულზე დააბრუნებს. ამიტომ, უმჯობესია, ჩვენი ვალუტა გაძლიერდეს და გაუთანაბრდეს დოლარს და არა - პირიქით - დოლარი დასუსტდეს.

პაატა ბაირახტარი - ახლაგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი:

როდესაც ქვეყნის ცენტრალური ბანკი ლარის გამყარებაზე არ ზრუნავს...

-იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ დოლარის დევალვაცია ლარის კურსზე დადებითად აისახება, რადგან ჩვენს ეროვნულ ბანკს ისეთი პოლიტიკა აქვს არჩეული, რომელიც ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს. ეროვნული ბანკი საერთაშორიოსო საფინანსო ორგანიზაციების მითითებებს ასრულებს და როცა რაღაც ფუჭდება, ყველაფერი ამ ორგანიზაციებს აბრალებს. არადა, ისინი მხოლოდ რეკომენდაციებს იძლევიან და არა - ბრძანებებს. ჩემი აზრით, როცა ეროვნული ვალუტის ბედი და  მოსახლეობის კეთილდღეობა შენზეა დამოკიდებული, ეს რეკომენდაციები ბრმად არ უნდა გაატარო. თითქმის დარწმუნებული ვარ: თუ დოლარი შესუსტდება, ამაში ეროვნული ბანკი რეზერვების შექმნის კიდევ ერთ საშუალებას დაინახავს. ალბათ საწყის ეტაპზე ჩვენი ეროვნული ვალუტა პოზიციებს გაიუმჯობესებს და ლარის გამყარება ბიზნესისთვისაც მომგებიანი იქნება, რადგან იმპორტირებული პროდუქცია გაიაფდება. იმასაც გააჩნია, დოლარის გაუფასურება როგორ წარიმართება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ყველაფერი ისევ ძველ რიტმს დაუბრუნდება. კიდევ ვიმეორებ: ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ დოლარის დევალვაცია ჩვენს ვალუტას აუცილებლად გააძლიერებს, რადგან ქვეყნის ცენტრალური ბანკი ლარის გამყარებაზე არ ზრუნავს.

 ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობა ყველაზე მეტად ბიზნესს აზარალებს. ბიზნესის წარმომადგენლები და ეკონომისტები ერთხმად აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა ქართულ ბიზნესს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ერთადერთი, ვინც ამტკიცებს, რომ კურსის ცვლილებაში საგანგაშოა არაფერია, არის ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი. ბიზნესის წარმომადგენლები სპეციალურად შეხვდნენ ეროვნული ბანკის მესვეურებს, მაგრამ რეალური ნაბიჯის ნაცვლად ასეთი რეკომენედაცია მიიღეს: ფიუჩერსული კონტრაქტები გააფორმეთო.  მარტივი ენით რომ ვთქვათ, ეს იგივეა, ადამიანი მწვავე  ქრონიკული დაავადებით მივიდეს ექიმთან და ექიმმა ურჩიოს: აფთიაქში უამრავი ტკივილგამაყუჩებელი იყიდება, შეიძინე და დალიეო... ამ რეალობაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ დოლარის დასუსტება ეროვნულ ვალუტას გადაარჩენს, ეს-  დიდი შეცდომა იქნება.

ავთო სილაგაძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

„თუ ეკონომიკას არ გავაძლიერებთ, ჩვენთვის არსებითად არაფერი შეიცვლება“

-მოულოდნელობა და სიახლე სულაც არ იქნება, რომ ამერიკული დოლარის კურსი შემცირდეს. ასეთი ტენდენცია აშშ-ში პერიოდულად ყოველთვის იკვეთება, მაგრამ გააჩნია, რა ტემპით განახორციელებს აშშ-ის ხელისუფლება ამ პროცესს. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ჩვენი მოქალაქეების და იურიდიული პირების დეპოზიტების დიდი ნაწილი არის დოლარებში. თუკი დოლარი გაუფასურდება, ამ დანაზოგების მსყიდველობითი უნარიც შემცირდება. დოლარის კურის შემცირება ინვესტიციებზეც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს - ეს დოლარის შემცირების უარყოფითი მხარეებია. რაც შეეხება დადებით შედეგს: თავიდან დოლარის შესუსტება ლარის გაუფასურებას შეანელებს, მაგრამ ეს დროებითი მოვლენა იქნება. ამიტომ, ის ვალდებულება, რომ ჩვენი ლარი უნდა გავაძლიეროთ, დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება. თუკი ეკონომიკას არ გავაძლიერებთ, გრძელვადიან პერიოდში თანაფარდობა ისევ დაირღვევა. ამერიკული დოლარის გაუფასურება ფასებზეც იქონიებს გავლენას, რადგან ჩვენ დოლარის კურსზე ვართ მიბმული. თავად აშშ-ის ეკონომიკაზე დოლარის კურსის დაცემა ცუდად არ ისახება, რადგან მთავრობა დამატებით გამოშვებული თანხით ეკონომიკას დააფინანსებს და სხვადასხვა ვალდებულებას გაისტუმრებს. მეტი ფულის გამოშვება ამერიკის  ეკონომიკას და ექსპორტს წაახალისებს. ჩვენთვის კი, არსებითად არაფერი შეიცვლება, ამიტომ, პირველ რიგში ჩვენი ეკონომიკა  უნდა გავაძლიეროთ. ქართული ლარი საქართველოს ეკონომიკაზე უნდა იყოს მიბმული და არა - სხვა ქვეყანაზე. თუკი ქართული ეკონომიკა მტკიცე და ძლიერი იქნება, მაშინ დოლარის კურსის ცვლილება ჩვენზე ასე მწვავედ აღარ აისახება.  

თარიღი: 2019/07/23