ლევან ლეფსვერიძე: მარკეტოლოგს „პულსზე უნდა ედოს თითი“  
თანამედროვე რეალობაში ციფრული მარკეტინგის გარეშე ბიზნესის კეთება თითქმის წარმოუდგენელი გახდა. მისმა მეთოდებმა, როგორებიცაა საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO), საძიებო სისტემის მარკეტინგი (SEM), კონტენტ მარკეტინგი, ინფლუენსერ მარკეტინგი, კონტენტის ავტომატიზაცია, ინტერნეტ კომერციის მარკეტინგი, სოციალური მედიის მარკეტინგი, სოციალური მეიდიის ოპტიმიზაცია და ბევრმა სხვამ, ბიზნესის კეთება სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანა, შესაბამისად, საინტერესოა საქართველოში როგორ ახერხებენ კომპანიები ამ უნიკალური მეთოდების გამოყენებას.

როგორც ამ სფეროს სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში ციფრული მარკეტინგი საკმაოდ კარგად არის განვითარებული, თუმცა ცალკეული კომპანიები სიახლეების მიღებას მაინც უშინდებიან.

იმის გასაგებად თუ უფრო კონკრეტულად რა მდგომარეობაშია ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად რას გულისხმობს ციფრული მარკეტინგი და მისი უპირატესობები და  როგორ უნდა მოხდეს მაქსიმალური შედეგების მისაღწევად მისი არხების სწორად გამოყენება - ბიზნესპოსტი ციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტო Leavingstone-ის თანადამფუძნებელ ლევან ლეფსვერიძეს ესაუბრა:

-ციფრული მარკეტინგი არის ბრენდის კომუნიკაცია მომხმარებლებთან, ოღონდ ციფრული არხების გამოყენებით. ძირითადად ამაში სოციალური მედია მარკეტინგი მოიაზრება, რადგან ახლა ჩვენ სოციალურ მედიის ეპოქაში ვცხოვრობთ. ვიყენებთ Facebook-ს, Istagram-ს, web-ს ან მობაილ აპლიკაციას. ეს არის ციფრულ არხებში გაშლილი კომუნიკაცია. ამით ბრენდი მომხმარებლებს ეუბნება თუ რას აკეთებს, რას სთავაზობს.

-რა შემთხვევაში სჯობს კომპანიამ საკუთარი მარკეტინგის სამსახური აიყვანოს და რა შემთხვევაში ურჩევდით მენეჯერს აუთსორს კომპანიასთან თანამშრომლობას?

-კომპანიებს ჰყავთ მარკეტინგის სამსახურები და ასევე საქმე აქვთ სააგენტოებთანაც. სარეკლამო, კრეატიული სააგენტო, როგორიც არის მაგალითად ჩემი სააგენტო Leavingstone, აკეთებს მომსახურებას. გააჩნია კომპანიას რა მომსახურება სურს. ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს ძლიერი მარკეტინგის სამსახური, რომელიც სხვა გუნდებთან კარგად იქნება შეთამაშებული. ეცოდინება მიზნები და ამასთან ეყოლება გარეთ სააგენტო, რომელიც მუშაობს და ეხმარება მას მიზნების მიღწევაში. კარგია როდესაც ერთად ხდება მუშაობა, მაგალითად, ჩემი საყვარელი ბრენდია Nike, რომელსაც ერთი და იგივე სააგენტო 30 წელზე მეტია ჰყავს. ამიტომ არიან ისინი წარმატებულები. ერთმანეთს აძლიერებენ და ერთად ვითარდებიან. შესაბამისად, საჭიროა როგორც  ძლიერი მარკეტინგის სამსახური, ასევე  სააგენტოც. ორივე ერთად კარგად მუშაობს.

-რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს კადრი ციფრული მარკეტინგისთვის, უპირველესად რა ფაქტორებზე ურჩევდით მენეჯერს ყურადღების გამახვილებას? 

-მთავარია ესმოდეს თუ როგორ მუშაობს ციფრული სამყარო სოციალურ ქსელებში. თუ როგორია მისი ადამიანებთან და თანამედროვე ტრენდებთან დამოკიდებულება, რადგან სოციალური მედია ძალიან სწრაფად იცვლება. შეიძლება 2 კვირაში ერთხელ გარემო რადიკალურად შეიცვალოს.

-კონკრეტულად რა შედის და რა არ შედის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის ფუნქცია/მოვალეობებში, რა ამოცანების გადაჭრა უნდა დაუსახოს მას მენეჯერმა? 

-კადრი უნდა გრძნობდეს სიახლეს და ამა თუ იმ საჭიროებას, "პულსზე უნდა ედოს თითი" და ჰქონდეს იმპროვიზაციის უნარი, რათა როდესაც რამე შეიცვლება მალევე მიხვდეს და "დააკორექტიროს" არსებული იდეა და ახლებურად მოახდინოს მისი მიწოდება.

-რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს მარკეტოლოგის მუშაობა წარმატებულად და რა შემთხვევაში პირიქით? 

-მარტო მარკეტინგის საქმე არ არის წარმატების მიღწევა. ეს ზოგადად არის მთლიანად ორგანიზაციის საქმე. ეს ერთი ან ორი კაცის დავალება არ არის. წარმატებად ითვლება ის, თუ ამ ბრენდის აქტუალობა იზრდება. ციფრულ სამყაროში ეს შეგვიძლია გავზომოთ პირდაპირ, რაც უფრო მეტი ადამიანი მოიხსენიებს ბრენდს დადებითად და რაც უფრო მეტი ადამიანი შემოდის ბრენდთან კავშირში, ის მით უფრო წარმატებულია. სასურველია, რომ ეს ტენდენცია იზრდებოდეს. ბრენდი კიდევ უფრო უნდა იზიდავდეს აუდიტორიას და ამ აუდიტორიას უნდა ჰქონდეს ამ ბრენდისადმი სიყვარული და პატივისცემა. ეს კი მათ მუდმივ დიალოგში გამოიხატება.

-რა ტიპის მხარდაჭერაა მარკეტოლოგისთვის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა აუმაღლოს მას მენეჯერმა მოტივაცია? 

-არამარტო მარკეტოლოგისთვის, არამედ გუნდის წევრისთვის მნიშვნელოვანია ნდობა და განცდა იმისა, რომ მის პროფესიონალიზმს აფასებენ. მან ზუსტად იცის რა დავალება აქვს და როგორ იზომება მისი წარმატება. მას აქვს იმის შეგრძნება, რომ რასაც აკეთებს უფასდება და მენეჯმენტი მისი ზურგია, რომელიც მას ნებისმიერი რისკფაქტორიგან იცავს და მხარს დაუჭერს.

- ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ საქართველოში ციფრულ მარკეტინგში/კადრის შერჩევისას და ზოგადად როგორ შეაფასებდით საქართველოში ციფრული მარკეტინგის განვითარების დონეს?

-საქართველოში ყველაზე ხშირად უშვებენ შეცდომებს, როდესაც ციფრულ სამყაროს არასათანადოდ აფასებენ. როდესაც ჰგონიათ, რომ ეს არის პატარა სათამაშო ტერიტორია. Facebook-ს სერიოზულ სარეკლამო არხად არ აღიქვამენ. ქართველები Facebook-ში არიან, შესაბამისად ეს არხი სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული ორგანიზაციების მხრიდან, რომლის აუდიტორია ამ სოციალური ქსელის მომხმარებელია. მაგალითად, სიტუაცია რომ 10$ ავიღე და Facebook-ში რეკლამა გავაკეთე და ამით რამე გამოვა, აღარ მუშაობს. შეიძლება ეს მიდგომა რამდენიმე წლის წინ ამართლებდა, მაგრამ ახლა კონკურენცია გაიზარდა და საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებები.

რაც შეეხება ციფრული მარკეტინგის საქართველოში განვითარების დონეს, ამ კუთხით საქართველო კარგად არის. მაგალითად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, თუ რუსეთს არ ჩავთვლით, საქართველოს ხელშესახები წარმატება აქვს მოპოვებული. Leavingstone-ს ჯილდოები აქვს მოპოვებული - "კანის ლომები", "გოლდენ ჰემერ ევორდსი",  "ლანდონ ინთერნეშენალ ევარდსი" და ა.შ. რითაც სხვა ქვეყნები ვერ იტრაბახებენ. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით რეგიონში საქართველო საკმაოდ წინ არის. დაახლოებით 5 წლით წინ ვართ პატარა მეზობლებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რაც საამაყოა. 

-როგორ შეაფასებთ მსოფლიო პრაქტიკას ამ კუთხით და რა არის საჭირო მსოფლიო დონესთან მისაახლოვებლად

-რაც შეეხება მსოფლიო დონეს, მაგალითად აშშ, სხვა ციფრულ ტექნოლოგიებზეა გადასული. აშშ-ში "ალექსა" და სხვა ხმოვანი სისტემები არის მოდაში და ხმარებაში.

-რა უნდა გაკეთდეს რომ მას დავუახლოვდეთ?

-არ მგონია ჩვენი მიზანი აშშ-თან დაახლოება იყოს, მიზანი უნდა იყოს ორგანიზაციებმა და ბრენდებმა გამოიყენონ ციფრული არხები უფრო ჭკვიანურად. თუ ადრე ეს იყო შეუძლებელი, ახლა უკვე შესაძლებელია. მაგალითად, ტაქსის კომპანიები ტელეფონების გამოყენებაზე არიან გადასულები და გამოძახება უფრო ადვილი და კომფორტულია. კარგი იქნება თუ ამ ფუნქციებს გამოიყენებენ. შესაბამისად, ეს ხალხის გათანამედროვებასაც გამოიწვევს და შესაძლოა, ციფრული ტექნოლოგიის გამოყენების დანერგვის შემთხვევაში დიდ ქვეყნებსაც გადავუსწროთ.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვან რა რჩევას მისცემდით როგორც ციფრულ მარკეტინგში მომუშავე ადამიანებს, ასევე კომპანიების მენეჯერებსა და დირექტორებს? 

-მე ვთვლი, რომ რადგან ჯერ ვვითარდებით, ბევრი რამ არ გაკეთებულა და არის უამრავი საშუალება ვიყოთ ინოვატორი, გამომგონებელი და გამოვიყენოთ ინტერნეტის და სოციალური მედიის ისეთი ფუნქციონალები ტექნოლოგიების დახმარებით, რითაც ჩვენს მომხმარებლებს ხეირს მოვუტანთ. ვურჩევდი ყველა მარკეტინგის მენეჯერს თუ ორგანიზაციას, რომ უფრო მეტი იფიქრონ შესაძლებლობებზე და არ შეეშინდეთ იყვნენ პირველები. ძალიან ხშირად შემხვედრია ასეთი მიდგომა, რომ მოდი ასე გავაკეთოთ და პასუხი არის, რომ "ამას ვერ გავაკეთებ, რადგან არავის არ აქვს".

-ანუ სიახლეების ეშინიათ? რა არის შიშის მიზეზი?

-დიახ, სიახლეების ეშინიათ და შეიძლება თვითონ იყვენენ სიახლეების შემომტანები და მაგაში დიდი პრობლემა არ არის, რადგან დიდი რისკი არ სჭირდება, დიდი ინვესტიციაც საჭირო არ არის, უბრალოდ უნდა დაიჯერონ, რომ კონკრეტულად შენ შეიძლება იყო პიონერი, სიახლე დანერგო და ამით იხეირებ. შედეგად ფინანსურადაც იხეირებ, ბრენდის წარმატებაც გაიზრდება. უბრალოდ შიში უნდა გადალახონ, რომ პირველები არიან. საქართველოში ყოფილა შემთხვევები, რომ პირველობით ბიზნესი ააყვავეს.

 როგორც ვხედავთ მარკეტოლოგი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად უსაფუძვლოდ არ იქცა და კომპანიებისთვის მნიშვნელოვან და საჭირო რგოლს წარმოადგენს.  შესაბამისად, კადრის სწორად შერჩევასა და მისთვის სწორი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას ბიზნესის წარმატებაში გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია.

 

თარიღი: 2019/08/15