ადვოკატის რჩევები: როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენი კომპანია გაკოტრების პირასაა?
გაკოტრების სამართალი ერთ-ერთი საინტერესო სფეროა, რომელიც საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება. გაკოტრების პროცედურა კრიზისში მყოფ საწარმოს, ან კომპანიას ფინანსური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება, რეაბილიტაციის საშუალებას აძლევს და ამ ურთულეს პროცესს შეძლებისდაგვარად უადვილებს. კანონმა უნდა უზრუნველყოს არა მარტო მოვალის, არამედ საწარმოს ფინანსური სიძნელეების დაძლევა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაც. რა ძირითადი პროცედურების გავლა უწევთ მეწარმეებს, როდესაც მათი კომპანია გაკოტრების პირასაა? - ამ საკითხზე „ბიზნესპოსტის“ მკითხველს ადვოკატი ირაკლი უტიაშვილესაუბრება:  

-დავიწყებ იმით, რომ 1996 წლის 25 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“, რომელიც 1997 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. სწორედ ამ პერიოდიდან გახდა განსაკუთრებით აქტუალური გაკოტრების საქმეთა წარმოება. კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა 2001-2004 წლებში. 2007 წელს კი, ახალი კანონი მიიღეს, რომელსაც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონი ეწოდა. ამ კანონმა ძალადაკარგულად გამოაცხადა 1996 წელს მიღებული კანონი, რომელშიც ბევრი ბუნდოვანი მუხლი იყო ჩადებული. ამჟამად, ჩვენს ქვეყანაში, გაკოტრების შესახებ საქმეებს არეგულირებს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“. სწორედ ამ კანონის მიხედვით რეგულირდება სამეწარმეო სუბიექტების, აგრეთვე არასამეწარმეო და კომერციული სტრუქტურების გადახდისუუნარობის საკითხიც.

-რას ისახავს მიზნად ეს კანონი?

-უპირველეს ყოვლისა, კანონის მიზანია მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ისე, რომ არ შეილახოს არც კრედიტორთა კანონიერი ინტერესები და არც მოვალემ შეწყვიტოს საქმიანობა, თუკი ეს შესაძლებელია - რა თქმა უნდა, კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორთა ინტერესების დაცვა, მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ეს კანონი არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო ანუ არაკომერციული იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საკითხს.

-ვისზე არ ვრცელდება აღნიშნული კანონის მოქმედება?

-კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ფიზიკურ პირებზე - გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ბანკებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხი წესრიგდება სპეციალური კანონმდებლობით.

-საინტერესოა, როგორ იწყება გაკოტრების პროცედურა?

-თავიდან მოვალეს, ან კრედიტორს შეაქვს განცხადება, რის შემდეგაც ინიშნება მომრიგებელი საბჭო, რომელიც სათანადო  გადაწყვეტილებას იღებს, მერე კი, გაკოტრების საქმე ამ დასკვნის მიხედვით გრძელდება. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ: გადახდისუუნარობის საკითხს აღმოსაველთ საქართველოში განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო დასავლეთ საქართველოში - ქუთაისის საქალაქო სასამართლო. მეწარმეებმაც ამ სასამართლოებს უნდა მიმართონ, იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობენ და საქმიანობენ ისინი. გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინება ელექტრონულ სისტემაში უნდა გამოქვეყნდეს და გამოქვეყნებიდან 2 წლის ვადაში მოვალის ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყვიტოს ამავე სასამართლომ.  

-რა ფინანსური დანახარჯები ახლავს თან გაკოტრების პროცედურას?

-გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია ამ განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5 ათასი ლარი შეიტანოს. დამატებით 5 ათასი ლარი კი - სახელმწიფოს მიერ დადგენილი ბაჟია. იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე მოვალემ შეიტანა, მეწარმე სახელმწიფო ბაჟისაგან თავისუფლდება. გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას იქმნება მომრიგებელი საბჭო, რომელიც მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს აფასებს და წყვეტს. მომრიგებელი საბჭოს წევრები ერთად განიხილავენ რეაბილიტაციის გეგმას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. საბჭო სამი წევრისგან შედგება: ერთ წევრს მოვალე ნიშნავს, მეორეს - კრედიტორთა კრება იწვევს ხმების უმრავლესობით, ხოლო მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრი შეირჩევა მოვალისა და კრედიტორის  შეთანხემბით. ამის შემდეგ მომრიგებელი საბჭო აცხადებს დასკვნას ანუ გაკოტრების საქმე იწყება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად. მოკლედ, გაკოტრების საქმე მაშინ იწყება, როდესაც მომრიგებელი საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. გაკოტრების საქმის წარმოებისას საწარმოს მართვას ახორციელებს გაკოტრების მმართველი, რომელსაც კრედიტორები ირჩევენ საამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. გაკოტრების მმართველი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. ის უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი პიროვნება, რომელიც ყველას ნდობას იმსახურებს.  გადახდისუუნარობის კერძო მმართველმა კომპანიას გაკოტრებისა თუ რეაბილიტაციის რეჟიმში უნდა უხელმძღვანელოს. კერძო მმართველის პირობებში, პრობლემურ კომპანიას სამი თვე ეძლევა, რომ კრედიტორებთან სასამართლოსა და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მოილაპარაკოს და რეაბილიტაციის გეგმა დაამტკიცოს. თუ ბიზნესმა რეაბილიტაციის გეგმა 12 თვეში ვერ დაამტკიცა, პროცესი ავტომატურად გაკოტრების რეჟიმში გადავა.

-ეს პროცედურა ნებაყოფლობითია?

-გაკოტრების პორცედურა ნებაყოფლობითია, მაგრამ ის შეიძლება დაიწყოს კრედიტორის განცხადების საფუძველზეც. ამ შემთხვევაში, მისი დაწყება-არდაწყება მოვალის ნებაზე აღარ არის დამოკიდებული. როდესაც საწარმოს ვალები აქვს, შეიძლება მისმა მევალეებმა მოითხოვონ გაკოტრების საქმის დაწყება.

-და ბოლოს, რა გზით უნდა შეძლოს გაკოტრებულმა ფირმამ ვალების გასტუმრება და რა რჩევას მისცემდით კომპანიებს, რომლებიც გაკოტრების პირას დგანან?

-ვალების გასტუმრება და კრედიტორთა დაკმაყოფილება გაკოტრებული ფირმის ქონების რეალიზაციით შეიძლება. ეს ქონება აუქციონის გზით უნდა გაიყიდოს. საერთოდ, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისია იმისათვის, რომ კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ერთადერთი რჩევა, რომელსაც გაკოტრებიის პირას მყოფ კომპანიებს მივცემ ასეთია: ჯობია ასეთმა კომპანიამ გაკოტრების შესახებ განაცხადი დროულად შეიტანოს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა უფრო არ გართულდეს და დროთა განმავლობაში გაცილებით მეტი დავალიანება არ დაუგროვდეს.

 

თარიღი: 2019/08/23