წარმოების მართვის ძირითადი პრინციპები 21-ე საუკუნეში
   

 მრეწველობის განვითარება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ყველა საწარმო, მცირე იქნება ის, საშუალო თუ მსხვილი, ქვეყნის ეკონომიკის საიმედო დასაყრდენია. ასეთი საწარმოების მომრავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმპორტზე ორიენტირებული ქვეყნებისთვის, როგორიც მაგალითად, საქართველოა.

 „ბიზნესპოსტი“ ამ  საკითხზე კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორს - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა:

-რატომ არის მნიშვნელოვანი წარმოების განვითარება? - მე საკითხს ასე დავსვამდი: როდესაც ქვეყანაში პროდუქციას აწარმოებ და დოვლათს ქმნი, ამ ქვეყნის შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე იმპორტის დროს. შესაბამისად, სახელმწიფოს უფრო მეტი სახსრები რჩება სოციალური პროგრამებისთვის და მოსახლეობის მატერიალური მდგომარების გასაუმჯობესებლად. პროდუქციის წარმოება  ნებისმიერ შემთხვევაში ღირს, მაგრამ ყველაფრის წარმოებას ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ, თუ რომელიმე სფეროში უპირატესობა გვაქვს, ამ სფეროს განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ. ინვესტიციებიც  ისეთ დარგებში უნდა ჩავდოთ, რომელშიც განსაკუთრებული რესურსი, შესაძლებლობა და ისტორიული გამოცდილება გვაქვს.

-მცირე, საშუალო და მსხვილი ინდუსტრიის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება. რა სპეციფიკა აქვს ეკონომიკის ამ მიმართულებას?

-ეკონომიკაში მცირე საწარმოებს ისევე შეაქვს თავისი წვლილი, როგორც საშუალო და მსხვილ საწარმოებს, თუმცა ბიზნესზე  ისტორიული გამოცდილება და ქვეყნის არჩევანი ძალიან დიდ გავლენას ახდენს: მთავარია ვიცოდეთ, ჩვენ რა გვინდა, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ და რა როლი უნდა შეასრულოს საქართველომ მსოფლიოში, ევროპაში, ჩვენს რეგიონში... სწორედ ამის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ მრეწველობის სხვადასხვა დარგის განვითარებაც: შეიძლება ვაწარმოოთ ავეჯი, ავტომაქანები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ან - მაღალტექნოლოგიური ნაწარმი - კომპიუტერები, ტელეფონები და ა.შ... მოკლედ, ეს ჩვენი არჩევანია, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ პრინციპი - „წარმოება წარმოებისთვის“: არ შეიძლება სოლიდური თანხა ჩავდოთ რომელიმე დარგში მაშინ, როცა ამ პროდუქციის იმპორტი უცხოეთიდან უფრო იაფი დაგვიჯდება. დღეს ჩვენ სერიოზული კოზირი გვაქვს ასოცირების ხელშეკრულების სახით - ის საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველო ერთგვარი ჰაბი გახდეს, როგორც სერვისების, ასევე - პროდუქციის წარმოების მხრივ. ეს არის ნიშა, რომელიც უნდა დავიკავოთ.

- ბატონო ნიკოლოზ, რა როლი ენიჭება საწარმოს საქმიანობაში დაგეგმვას და როგორ უნდა განისაზღვროს საწარმოს მიზნები, მისი სტრატეგია?

-ვიდრე მთავარ საკითხზე გადავალ, ერთი რამ უნდა აღვნიშნო: ხშირად ჩვენს ქვეყანაში ბიზნესს ისე იწყებენ, რომ სათანადო ცოდნა და განათლება არა აქვთ. მართვის პრინციპების მინიმალური ცოდნა მაინც უნდა გქონდეს, რომ ბიზნესი აწარმოო და წარმატებას მიაღწიო. რაც შეეხება დაგეგმვას, ამაზე ათასობით და მილიონობით გვერდია დაწერილი და ძნელია მოკლედ ვისაუბროთ, ამიტომ მთავარ პრინციპებს შევეხები:  პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დაგეგმვა არის ყველაფრის საფუძველი - თუ თქვენს საქმიანობას არ დაგეგმავთ, ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწევთ. თუ ყველაფერს წინასწარ არ გააანალიზებთ, ძალიან გაგიჭირდებათ. წარმოების განვითარება მთელი პროცესია, ხოლო დაგეგმვა - ამ ყველაფრის საყრდენი და საფუძველი. თუ არ დაგეგმავთ, ვერც თქვენი საწარმოს მიზნებს და სტრატეგიას განსაზღვარვთ. ბიუჯეტის წინასწარ დაგეგმვა საწარმოს ისე სჭირდება, როგორც სახელმწიფოს. დაგეგმვა სჭირდება როგორც მცირე, ასევე მსხვილ კომპანიებს - ამის გარეშე ბიზნესის მართვა წარმოუდგენელია. სწორედ დაგეგმვა განსაზღვრავს საწარმოს მომავალს. კომპანიის მიზნები და სტრატეგია კი, იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს, თუ რომელ სფეროში საქმიანობს ეს კომპანია - მსუბუქი მრეწველობაა ეს თუ მძიმე, აგრარული სექტორი თუ თანამედროვე ტექნოლოგიები...

-რა ინსტრუმენტებია საჭირო ხარისხის კონტროლის განხორციელებისთვის? 

-ხარისხის კონტროლი - ეს არის პროცედურა, რომელიც ორ მნიშვნელოვანი ასპექტს მოიცავს: პირველ რიგში, შენი პროდუქცია სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს, მეორე და არანაკლებ საყურადღებო ასპექტია ის, რომ პროდუქციის ხარისხი შენი მომხმარებლის ინტერესებს აკმაყოფილებდეს. ამის მიხედვით, კომპანია სულ უნდა ცდილობდეს, რომ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს.

-რა უნდა გააკეთოს მენეჯმენტმა, რომ საწარმოს პერსონალს მოტივაცია აუმაღლოს?

-ადამიანური რესურსის სწორად მართვა აუცილებელია. როცა თანამშრომელი აგყავს, მან ზუსტად უნდა იცოდეს, როგორი იქნება მისი მომავალი: როგორი ანაზღაურება ექნება, როდის დაისვენებს, კანონით გათვალისწინებული რა შეღავათებით ისარგებლებს და ა.შ... შრომის კოდექსი ამ ყველაფერს კარგად არეგულირებს, თანაც ჩვენს შრომით კოდექსში ძალიან ბევრი ცვლილება შედის, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებს შეესაბამება. მოტივაციის ასამაღლებლად უამრავი მეთოდი არსებობს, რომლის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ წახალისების მექანიზმი ყველაზე უფრო ქმედითი და მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი საწარმო კარგად იყენებს ბონუსების სისტემასაც, მაგრამ შემოიღებენ თუ არა ამ სისტემას, თავად კომპანიის გადასაწყვეტია. გააჩნია საწარმოს, გააჩნია მიდგომას, გამოცდილებას, ბეგრაუნდს და ა.შ... მოტივაციის ასამაღლებლად უამრავი  ხერხი არსებობს, რომელიც საკმაოდ ეფექტიანია.

-შიდა სტრუქტურული მოწყობის რა მაგალითები გვაქვს წარმატებულ ორგანიზაციებში და რომელი მათგანია ყველაზე შედეგიანი?

-თუ მრავალმილიარდიან კომპანიებს დავასახელებთ, მათ შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია, რომ ყველაზე საუკეთესო მოდელი ჩამოაყალიბეს. მე დავასახელებდი „მაიკროსოფტს“,  „გუგლს“, ან სხვა რომელიმე ცნობილ საწარმოს თუ კომპანიას, თუმცა უამრავი კომპანია არსებობს საუკეთესო მოწყობით, რომლის სახელები ცნობილი შეიძლება არც იყოს. ჩემი აზრით, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს: გააჩნია კომპანიას, ინდუსტრიას, გარემოს და ა.შ... უნივერსალური მოდელი არ არსებობს. მსხვილ კომპანიებში შეიძლება საწარმოს დირექტორი მის ყველა თანამშრომელს არ იცნობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ მართავს. ამიტომ, თანამედროვე კომპანიებში დელეგირება უმთავრესი პრინციპია. 21-ე საუკუნეში, დელეგირება სწორი მართვის უმნიშვნელოვანესი პირობაა. სწორი მართვის დროს კი, ნებისმიერი პოზიცია და ნებისმიერი თანამშრომელი ფასეულია, ფინანსურ დირექტორით დაწყებული, უბრალო ინჟინრით დამთავრებული. ამავე დროს, მენეჯმენტის ამოცანა საწარმოს პერსონალის სრულფასოვანი ცხოვრების მოწესრიგებაა. მსოფლიოს მოწინავე კომპანიებში ასეთი პრინციპი მოქმედებს: თუკი შენი სამუშაო ხელს უშლის შენს პირად ცხოვრებას, ესე იგი, რაღაც კარგად არ მიდის. 8-საათიანი სამუშაო დღეც იმიტომ არსებობს, ეს 8 საათი სამუშაოსთვის უნდა გვეყოს. შვებულებაზე უარის თქმა და სამსახურში გვიანამდე დარჩენა სულაც არ ნიშნავს, რომ ეს კარგია. მოწინავე კომპანიებში შვებულება უფლება კი არ არის, ეს - ვალდებულებაა: პერსონალმა უნდა დაისვენოს, რომ მოტივაცია აუმაღლდეს და და უფრო კარგი შედეგი ჰქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ საკითხებისადმი მიდგომაც არასწორია. ალბათ, ამის ბრალიცაა, რომ ძალიან ბევრი კომპანიის მეჯენმენტი მის მიერვე დასახულ მიზნებს ვერ აღწევს.

-დაბოლოს, როგორ უნდა განვითარდეს წარმოება საქართველოში და რისთვის უნდა იყვნენ მზად ჩვენი მეწარმეები?

-ეს ძალიან ვრცელი და მრავალმხრივი საკითხია, რადგან  წარმოებაში მრავალი დარგი და მიმართულება გამოიყოფა, თუმცა ერთი რამ უდავოა: წარმოების განვითარება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს იმპორტი ადგილობრივი პროდუქციით ჩაანაცვლოს. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა.

თარიღი: 2019/09/26