როდის უნდა დააწინაუროს თანამშრომელი მენეჯერმა?
გუნდის მართვა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს - მენეჯერს თანამშრომლების „პულსზე უნდა ედოს ხელი“ და მათ საჭიროებებს ხვდებოდეს. მათ შორის იმასაც, თუ რომელიმე მათგანის დაწინაურების დრო დადგა. თუ როგორ უნდა წარმართოს დაწინაურების პროცესი სწორად ხელმძღვანელმა, ამაზე Businesspost.ge-ს „მართვის აკადემიის“ პარტნიორი, თავმჯდომარე და ტრენერი ქეთი ტყავაძე ესაუბრა.

- რა დროს უნდა მიხვდეს ხელმძღვანელი, რომ თანამშრომელს დაწინაურება სჭირდება?

- მუდმივი განვითარება ჩვენი ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია, გარემო ვითარდება და ყველა ჩვენგანმა ფეხი უნდა ავუწყოთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთ ადგილზე გაჩერება უკუსვლაა. ეს ეხება როგორც ყველა დონეზე მომუშავე ხელმძღვანელებს, ასევე - რიგით თანამშრომლებსაც, თუმცა ხელმძღვანელებს ორმაგად ეხებათ. თანამედროვე ლიდერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია თანამშრომლებზე ზრუნვაა, სადაც დიდწილად მათი განვითარების ხელშეწყობა მოიაზრება. როგორ უნდა შეძლოს ხელმძღვანელმა თანამშრომლის განვითარება? მენეჯერებს ურჩევენ, რომ თანამშრომლებს ხშირად შესთავაზონ სიახლეეები, კვლევებით დასტურდება, რომ თანამშრომლები გაცილებით მოტივირებულად გრძნობენ თავს, როდესაც ახალ, საინტერესო გამოწვევებს ეჭიდებიან. ამავე დროს მენეჯერი მხარში უდგათ, ზრუნავს მათზე, მათ განვითარებაზე და დადებითი უკუკავშირით აღიარებს მათ შედეგებს. თუ კომპანიის ზრდის ტემპი იძლევა დაწინაურების საშუალებას, ძალიან კარგია. თუ არა, ანუ, თუ ორგანიზაციის სტრუქტურა არ იძლევა დაწინაურების საშუალებას - გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანამშრომლის განვითარება ხშირად იგივე პოზიციაზეც შესაძლებელია, ახალი, რთული და საინტერესო გამოწვევებით.

- რა თვისებები და უნარებია საჭირო იმისთვის, რომ თანამშრომელმა კარიერული ზრდა განიცადოს?

- რამდენიმე წლის წინ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისთვის აშშ-ში კვლევა ჩაატარეს. გამოკითხეს 100 დიდი კომპანიის დირექტორი და სთხოვეს, რომ შეერჩიათ ის უნარები, რის გამოც თანამშრომლებს აწინაურებენ. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მხოლოდ პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი, მოწინავე პოზიციები დაიკავეს უნარებმა: "დაპრიორიტეტება" და "მოკლე დროში მიზნის მიღწევა". აქვე დავამატებ, რომ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ხელმძღვანელმა და ახლად დაწინაურებულმა ან დასაწინაურებელმა თანამშრომელმა ერთად უნა იმსჯელოს საჭირო უნარების განვითარებაზე და დაგეგმონ განვითარება.

- როგორ უნდა განასხვავოს ხელმძღვანელმა უსაფუძვლო ამბიცია ნამდვილად საჭირო უნარებისგან, ანუ როგორ უნდა ამოიცნოს თანამშრომელი ნამდვილად იმსახურებს თუ არა დაწინაურებას?

- შედეგებით. ნებისმიერ დონეზე მომუშავე ხელმძღვანელის ვალია თანამშრომლის შედეგების შეფასება და მისთვის დადებითი ან უარყოფითი უკუკავშირის მიცემა. უსაფუძვლო ამბიციის ერთ-ერთი მიზეზი (არა ერთადერთი) შეიძლება უარყოფითი უკუკავშირის ნაკლებობაც გახდეს. თუ თანამშრომელი შენიშვნას არ იღებს ცუდად გაკეთებული საქმის შედეგად, მისი თვითშეფასება იზრდება. შეიძლება ამჩნევდეს საკუთარ ხარვეზებს, მაგრამ მიიჩნევდეს, რომ ეს ხარვეზები მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მენეჯერმა ყურადღება არ გაამახვილა. აუცილებელია, რომ ხელმძღვანელსა და თანამშრომელს შორის ხშირად შედგეს უკუკავშირი.

- რა უნდა გააკეთოს ხელმძღვანელმა, რომ ეს გადაწყვეტილება გუნდისთვის მისაღები გახდეს და დაპირისპირება არ გამოიწვიოს?

- პირველ რიგში, თითოეული თანამშრომლისთვის აუცილებლად წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რა შემთხვევაში ხდება დაწინაურება და როდის ექნება მას დაწიაურების პერსპექტივა. რაც უფრო სამართლიანი და გაზომვადი კრიტერიუმებით ხდება თანამშროლმების შეფასება, მით უფრო ნაკლებია დაპირისპირება.

- რას ნიშნავს ჯანსაღი და არაჯანსაღი კონკურენცია და როგორ უნდა მიხვდეს ხელმძღვანელი, რომ თანამშრომლები ერთმანეთთან არაჯანსაღ კონკურენციაში არიან ჩართულნი, შესაბამისად, როგორ უნდა გაანეიტრალოს ეს სიტუაცია?

- თუ კონკურენციის პარალელურად გუნდში დაპირისპირება გაჩნდა, დაუყოვნებელი ქმედებაა საჭირო ხელმძღვანელის მხრიდან. პასუხი იმაზე, თუ როგორ უნდა გაიგოს ხემძღვანელმა ეს ამბავი, არის მარტივი - კომუნიკაციით. ხელმძვანელს მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს თავის უშუალო დაქვემდებარებულებთან. გუნდური კომუნიკაციის გარდა უმნიშვნელოვანესია ერთი ერთზე შეხვედრებიც, რომელიც კვირაში ერთხელაა რეკომენდებული. ამ შეხვედრაზე ხელმძღვანელი ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებს თანამშრომლების პრობლემებზე, მათ იდეებსა და სურვილებზე. ასეთი კომუნიკაციით მენეჯერმა თითოეული თანამშრომლის "გულის ცემა იცის და მას არაფერი გამოეპარება.

თარიღი: 2019/10/22