ვინ არის კრიზისმენეჯერი და რა ფუნქციას ასრულებს კომპანიისთვის
ნებისმიერი კომპანიის ისტორიაში დგება მომენტი, როცა კრიზისული სიტუაციის გადალახვა უწევს. ამისთვის კი არსებობენ პროფესიონალები, სპეციალური კადრები, რომელთა წოდებაც არის – კრიზისმენეჯერი. რას ნიშნავს ეს სტატუსი და რა ფუნქციებს ასრულებს კრიზისმენეჯერი კომპანიისთვის, Businesspost.ge-ს ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, ნინო სუბელიანი ესაუბრა.

- რას ნიშნავს კომპანიისთვის კრიზისების მართვა?

- მარტივი პასუხია - გადარჩენას! ჩვენ, კონსულტანტები ხშირად ვავლებთ ხოლმე პარალელს სასწრაფოს გამოძახებასთან, რადგან გვიწევს სრული სისწრაფით კომპანიების გადარჩენაზე ზრუნვა და ისე, როგორც ჯანდაცვაში, აქაც დაგვიანებული მომართვა მეტი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. დავიწყებ იქიდან, თუ რასთან გვაქვს საქმე, როცა ორგანიზაციულ კრიზისზე ვსაუბრობთ: ეს არის ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის კომპანიის იმიჯს, თანამშრომლების რეპუტაციას, ბიზნესს… კრიზისი შესაძლოა დადგეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კომპანიაში. ეს შეიძლება კავშირში იყოს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, სტიქიურ მოვლენებთან, შიდა ორგანიზაციულ კონფლიქტთან და ა.შ. გარდა იმისა, რომ ეს მოქმედებს შიდა აუდიტორიაზე, ცხადია გავლენას ახდენს „სთეიქჰოლდერებისა“ და ფართო საზოგადოების დამოკიდებულებაზე, მით უფრო მაშინ, თუ ეს მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება და როგორც წესი, მედია ეძებს სენსაციებს. რომ არა კრიზისის მართვის მექანიზმები, სადაც ცხადია სწორი კომუნიკაციის წარმოებაზეა მრავალი ფაქტორი დამოკიდებული, ბევრი კომპანია შეაჩერებდა ფუნქციონირებას.

- რა უნარები სჭირდება ამ პროფესიის ადამიანს?

- ალბათ იმ უნარების ერთობლიობა, რაც ყველაზე „სმარტ“ მენეჯერს სჭირდება. უმნიშვნელოვანესია ლიდერობის, კომუნიკაციის, დროის მართვის, გუნდურობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების უნარები.

- რაში ეხმარება კომპანიას კრიზისების მართვისთვის აყვანილი კადრი და თუ შესაძლებელია კონკრეტული მაგალითის მოყვანა ამ თემასთან დაკავშირებით?

- პირველ რიგში გეტყვით, რომ იშვიათად გვხვდება კრიზისის მართვის მენეჯერის პოზიცია. როგორც წესი, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებლობას იღებს აღმასრულებელი მენეჯმენტი, თუმცა სტრატეგიულ დაგეგმვაზე ძირითადად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის ან კომუნიკაციების სპეციალისტი, ხშირ შემთხვევაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად. ნაცვლად კონკრეტული მენეჯერისა, მეტად გამართლებულია კრიზისის მართვის გუნდის შექმნა, სადაც გუნდში სხვადასხვა პოზიციისა და სპეციალობის პირია შესული (ეს მნიშვნელოვანია კრიზისული სიტუაციების კომპლექსურობიდან გამომდინარე). ამ გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრები არიან დირექტორი, იურისტი, კომუნიკაციების, HR, შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მენეჯერები. გუნდის მუშაობა, როგორც წესი, ითვალისწინებს სტრატეგიულ დაგეგმვასაც, სადაც გაწერილია პრევენციის მექანიზმები, გუნდში შემავალი პირების პასუხისმგებლობები და კრიზისის მართვის პროცესი. რაც შეეხება მაგალითებს, გუნდის ფორმატი და მართვის სტილი დამოკიდებულია კომპანიის საქმიანობაზე. მაგალითად, სამშენებლო კომპანიებისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მენეჯერის კრიზისის მართვის გუნდში ყოფნა, საკონსულტაციო კომპანიისთვის კი შესაძლოა იურისტი და კონკრეტული პროექტის მენეჯერი იყოს მნიშვნელოვანი. მთავარი აქტორები კი მაინც პიარი, HR-ი და დირექტორი არიან.

- რა სირთულეებისთვის უნდა იყოს კრიზისმენეჯერი მზად?

- კრიზისის მართვაზე პასუხისმგებელი მენეჯერები ნებისმიერი გამოწვევისთვის უნდა იყვნენ მზად, სწორედ ამიტომ არიან ისინი კრიზისის მართვის გუნდში. კრიზისის მართვაზე პასუხისმგებელმა პირმა, შესაძლოა მრავალი დარტყმა მიიღოს, როგორც მედიის, ისე - საზოგადოების მხრიდან. მთავარი გამოწვევა ძირითადი აქტორებისთვის არის სიმშვიდის შენარჩუნება, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი და მართებული კომუნიკაცია ეთიკის, მორალისა და კორპორატიული ღირებულებების გათვალისწინებით.

- რა შემთხვევაში შეიძლება კრიზისმენეჯერმა კომპანია ვერ იხსნას კრიზისიდან?

- გუნდის კომპეტენცია მნიშვნელოვნად განაპირობებს კრიზისიდან გამოსვლის შანსებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა მაღალი კომპეტენციისა და სწორი მართვის მიუხედავად, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება კომპანიის კრიზისიდან გამოსვლა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გათვლა, სადაც პრევენციის მექანიზმებში ყველა შესაძლო სცენარი განიხილება, რაც მეტ შანსს გვაძლევს მაქსიმალურად სწორი ნაბიჯები გადავდგათ.

თარიღი: 2019/10/31