ქართული ბრენდი, რომელიც პატარა „პრინცესებისთვის“ ჰაეროვან, ულამაზეს  სამოსს ქმნის
„ბაფთი“ - ასე უწოდეს დამფუძნებლებმა ახალ ქართულ ბრენდს, რომელიც ბავშვებისთვის ულამაზეს, ჰაეროვან კაბებს ქმნის. იდეა თავდაპირველად ნინუცა ცისკარიშვილს გაუჩნდა, რომელმაც თავისი ჩანაფიქრი ბავშვობის მეგობარს გაანდო, ისიც დაინტერესდა და თანდათან შეესხა ფრთები დიდი ხნის ნანატრ ოცნებას... როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რა გეგმები აქვთ მეგობრებს, ამის თაობაზე შპს „ბაფთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი - ნინუცა ცისკარიშვილი გვიამბობს:

-„ბაფთის“ სულისჩამდგმელები მე და ჩემი მეგობარი - საკო დოლიძე ვართ. მე და საკოს საერთო ბავშვობა გვაკავშირებს: ერთად გავიზარდეთ, ერთად ვსწავლობდით კომაროვის სახელობის სკოლაში, მაგრამ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათი და შეხედულებები გვქონდა, რაც  საერთო საქმეზე კარგად აისახა. საბავშვო ტანსაცმლის შექმნა ჩემი ოცნება იყო, რომელიც დიდი ხნის წინ გამიჩნდა. სულ მინდოდა შემექმნა საბავშვო ბრენდი, რომელიც ლამაზი და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა.

-როგორ დააინტერესეთ ამ იდეით თქვენი ბავშვობის მეგობარი?

-მე ყოველთვის დროის დეფიციტი მქონდა, რის გამოც ჩემს ჩანაფიქრს ვერ ვახორციელებდი.ერთ-ერთი სტანდარტული შეხვედრის და საუბრის დროს საკომ გაამხილა, რომ ბავშვებისთვის ლამაზი და ორიგინალური აქსესუარების შექმნა სურდა, რაც სულ მალე ჩვენს  ხაზში იქნება წარმოდგენილი. მას ამ ეტაპზე სტაბილური სამსახური არა აქვს და დროც უფრო მეტი აქვს, მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ ჩვენი იდეების განხორციელებას ერთად უფრო შევძლებდით. ორივეს ძალიან გვიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და კარგად ვიცით რა მოსწონთ მათ. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდა. „ბაფთი” მთლიანად ჩვენი შექმნილია, მის ლოგოზე კი საკომ იმუშავა.

რით განსხვავდება ჩვენი მოდელები იმ სამოსისგან, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება? - პირველ რიგში იმით, რომ ჩვენს კაბებს ნატურალური ქსოვილებისგან ვქმნით, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სუფთა ქართული ნაწარმია, რომელიც ნატურალური ქსოვილებისგან იკერება.

-ეს ძალზე მნიშვნელოვანია დღეს, როცა ძალიან ბევრ ბავშვს აქვს ალერგია და ქართულ ბაზარზე ისეთი ქსოვილებისაგან შეკერილი ტანსაცმელი იყიდება, რომელიც პატარების  ჯანმრთელობას ძალიან ვნებს...

-გეთანხმებით, მე თავადაც ვერ ჩავიცვამ იმ ქსოვილებს, რომელიც დღეს ქართულ ბაზარზე იყიდება. ამიტომ, ყველაფერი, რაც ჩვენს მიერ შექმნილ სამოსში გვაქვს გამოყენებული, ნატურალურია, თვით ეტიკეტებიც კი. მასალად ორნაირ ბამბას ვიყენებთ - დაპრესილს, რომელიც უფრო თხელია და მისი ფაქტურაც განსხვავებულია. დაუპრესავი ბამბა კი, ცოტა უფრო სქელი მასალისაა. პირველ რიგში ხარისხს ვაქცევთ ყურადღებას და ჩვენს მოდელებში ისეთ მასალებს ვიყენებთ, რომელიც ბავშვის კანს არ აღიზიანებს. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ ნატურალური ტანსაცმლის წარმოება და ჩვენი ბიზნესი უფრო გავაფართოოთ. ახლახანს დავამატეთ ბიჭების ხაზი. საკო მუშაობს თავის პროექტზე, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული მაისურების შექმნას ისახავს მიზნად, ეს მაისურები   მრავალფეროვანი თემატური პრინტებით იქნება შემკული. მომავალშიც ყველანაირად ვეცდებით, არჩეულ გზას არ გადავუხვიოთ და საბავშვო ტანსაცმელი მხოლოდ ნატურალური ქსოვილებისაგან შევქმნათ.



-მე გადავხედე „ბაფთის“ გვერდს „ფეისბუკში“ და დავრწმუნდი, რომ თქვენი კაბების ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია. გადაწყვიტეთ საშუალო სეგმენტზე იმუშაოთ?

-„ბაფთის“ პროდუქციის ფასი ქართულ რეალობაზეა გათვლილი. ჩვენს მიერ შექმნილი ყველაზე ძვირი კაბა 65 ლარი ღირს, ხოლო ყველაზე იაფი  გოგონას შორტია - მისი ფასი 25 ლარია. ჩვენი მიზანია ბავშვებმა „ბაფთის“ სამოსში კომფორტულად იგრძნონ თავი და ეს სამოსი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. დღეს ხარისხიანი საბავშვო ტანსაცმლის შეძენა ძვირი სიამოვნებაა და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ეს ბევრ ოჯახს არ ხელეწიფება და ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი პროდუქციისთვის საშუალო ფასი დაგვედო. გვირჩევნია საშუალო სეგმენტი დავიკავოთ და ჩვენს პატარებს ბავშვობა გავულამაზოთ. ჩვენი ფირმა სულ ახალია - 3 ივნისს გავხსენით.  ჯერჯერობით ონლაინ-მაღაზია გვაქვს. ჩვენი კურიერული მომსახურება თბილისის ფარგლებში უფასოა, ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბითაც - კურიერული მომსახურების ფასი ჩვენთან 5 ლარიდან იწყება - გააჩნია რომელი რეგიონიდან გვაქვს შეკვეთა. უკვე თვეზე მეტია, რაც ვმუშაობთ და ჯერ არც ერთი უკმაყოფილო მყიდველი არ გვყოლია. სოციალურ ქსელშიც იგივე ხდება: ჩვენი პროდუქციის გამოჩენას ძალიან თბილი კომენტარები და კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც უფრო დიდი სტიმული მოგვცა.

-„ბაფთის“ ტანსაცმელი ბავშვებს უფრო მოსწონთ, თუ მათ მშობლებს?

-სხვათა შორის, ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი შვილების თხოვნით გვიკავშირდება. მოგეხსენებათ, დღევანდელი ბავშვები სულ ინტერნეტში არიან და ისინი უფრო ხშირად აწყდებიან ჩვენს ონლაინ-მაღაზიას. სწორედ ისინი არჩევენ მათთვის სასურველ მოდელს და თუ შეკვეთა წინა საღამოს შემოდის, მომდევნო დღის ბოლოს უკვე ვაწვდით ჩვენს პროდუქციას. ჯერჯერობით მთელ შემოსავალს, რაც გვაქვს, ისევ „ბაფთის“ განვითარებაზე ვხარჯავთ. მომავალში კი, აუცილებლად ვიზრუნებთ საკუთარი მაღაზიის გახსნაზე,  სადაც ჩვენი პროდუქციის რეალიზაციას შევძლებთ.

- პროფესიით დიზაინერები ხართ?

-არც ერთი არა ვართ ტანსაცმლის დიზაინერი, ან მხატვარი: საკო უფრო ახლოსაა ამ სფეროსთან: ის ინტერიერის დიზაინერია, თუმცა  სხვა სფეროებშიც საქმიანობს, მისი გამოცდილება ძალიან გამოგვადგა ჩვენი ბრენდის ჩამოყალიბებაში.  ჩემი პროფესია კი, მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობაა. მე და საკო ერთობლივი ძალებით და გამოცდილებით ვუძღვებით ჩვენს საქმიანობას. კაბის მოდელებს ჩვენი გემოვნებით ვქმნით, ქსოვილსაც ჩვენით ვარჩევთ, ხოლო საბოლოოდ კაბების შექმნაში ერთ-ერთ სამკერვალო სალონი გვეხმარება. საკუთარი სამკერვალო არა გვაქვს და ამ ეტაპზე არც გვჭირდება. ჯერჯერობით ჩვენს თანამშრომლებთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. ისინი პროფესიონალები არიან და თავიანთ საქმეს იდეალურად აკეთებენ. ვნახოთ როგორ განვითარდება „ბაფთის“ მომავალი - ერთი თვის კვალობაზე საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მიდის და რაღაც დროის შემდეგ იმ გეგმებზეც გადავალთ, რომელიც თავიდანვე დავისახეთ.

-ალბათ, ბიზნესის დაწყებაში ოჯახიც ხელს გიწყობდათ...

-რასაკვირველია. ოჯახისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. განსაკუთრებით  მეუღლეებისგან. საკო ახლახან პატარა ბიჭუნას დედა გახდა, რამაც  კიდევ უფრო დიდი სტიმული მოგვცა. ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ბიზნესში  ბიჭების ხაზის დამატება დავაჩქაროთ. მე ჯერჯერობით შვილები არა მყავს, მაგრამ  ჩვენი საუბრისას უკვე გითხარით, ბავშვები ჩემი სუსტი წერტილია. პატარები ორივეს განსაკუთრებით გვიყვარს და დიდ სიხარულს გვანიჭებს,  როდესაც  ჩვენს მოდელებს მათთვის ვქმნით. ვფიქრობ, რომ „ბაფთი” უკვე ამართლებს თავის სლოგანს - „ერთად გავულამაზოთ პატარებს ბავშვობა“.

P.S.  „ბაფთის“  პროდუქციის დაათვალიერება შეგიძლიათ სოციალურ ქსელში შემდეგ მისამართზე:  Facebook - https://m.facebook.com/baftikids/ , ან -  Instagram - https://www.instagram.com/baftikids .

თარიღი: 2018/07/19