ბიზნესი სოციალური მიზნებით - ინტერვიუ „იკორთას“ დამფუძნებელთან
რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის სოციალური მეწარმეობის განვითარება და როგორ მუშაობს სოციალური საწარმო

ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრა, ბიოლოგიური და სუფთა პროდუქციის წარმოება, კულტურის განვითარება, მოწყვლადი  ჯგუფის წევრების სოციალიზაციისა და დასაქმების ხელშეწყობა - ეს იმ მიზნების მცირე ჩამონათვალია, რომლის გამოც სოციალური საწარმო იქმნება.

სასარგებლო ბიზნესი თუ სოციალური პროგრამა? „ბიზნესპოსტის“ კითხვებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა - გიგა ჩიტიშვილმა უპასუხა.

- სოციალური მეწარმეობა არის ბიზნეს პრინციპებით სოციალური პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი კარგი საშუალება. ის გულისხმობს ბიზნესს სოციალური მიზნით.

- ბატონო გიგა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სოციალური მეწარმეობის განვითარება?

- სოციალური მეწარმეობის განვითარება ხელს შეუწყობს სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკურ ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს განვითარების ხელშეწყობისთვის. ამჟამად საქართველოში 70-მდე სოციალური საწარმო ოპერირებს -შედეგიც სახეზეა.

- რა ძირითადი განსხვავებაა სპეციალურ მეწარმეობასა და ჩვეულებრივ ბიზნესს შორის?

-  ჩვეულებრივი ბიზნესოპერატორის მიერ, მაგალითად, საკანცელარიო ნივთების წარმოება, გარდა უშუალოდ ამ პროდუქტის წარმოებისა, არ ქმნის დამატებით სარგებელს, სოციალური საწარმოს მიერ ასეთი პროდუქციის წარმოება აგვარებს კონკრეტულ სოციალურ პრობლემას, მაგ.: განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას, რადგანაც ასეთი ახალგაზრდები ნაკლებად კონკურენტუნარიანი კადრები არიან შრომით ბაზარზე და, როგორც წესი, ჩვეულებრივი ბიზნესოპერატორი არ არის დაინტერესებული მათი დასაქმების ხელშეწყობით.

ფაქტს, რომ სოციალური წარმოების პროცესის ხელშეწყობა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მრავალი წარმატებული სოციალური საწარმოს არსებობა ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პროექტია „იკორთა“, რომელიც უკვე მრავალი წელია, ქართულ და უცხოურ ბაზარზე ფუნქციონირებს.  საწარმო მომხმარებლებს ტიხრული მინანქრის ხელნაკეთი ნივთების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. გასულ წელს მისმა ბრუნვამ 80000 ლარი შეადგინა და ორგანიზაციამ 10 ადამიანის დასაქმება შეძლო. 2011 წლიდან მოყოლებული საწარმომ საკმაოდ გრძელი გზა განვლო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ია-ვარდებით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა.

,,იკორთას’’ გენერალურმა დირექტორმა, ნანა ჩქარეულმა ,,ბიზნესპოსტს“ საკუთარი გამოცდილება  გაუზიარა.

- ვერ ვიტყოდი, რომ ყველაფერი მარტივად დაიწყო. 2008 წელს წეროვანის დევნილთა დასახლებაში დავიწყე  ცხოვრება. მოგვიანებით, მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, ჩემს მეგობრებთან ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაცია შევქმენი, რომლის მთავარი მიზანიც, სწორედ ჩვენ ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარება იყო, კონკრეტულად კი დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების თვითდასაქმებისათვის საჭირო უნარებით აღჭურვა და პროფესიული გადამზადება, მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა და დასაქმების ხელშეწყობა, ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია და ორგანიზაციის პროგრამების სტაბილური ფუნქციონირება.

- რამდენად რთული პროცესი იყო სოციალური საწარმოს დაარსება?

-მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. როდესაც ბიზნესის მართვის არანაირი გამოცდილება არ გაგაჩნია და გაქვს მხოლოდ სურვილი და იდეა, რომ ბიზნესი წამოიწყო, ყველაფერი ძალიან რთულდება. დასაწყისში, შეიძლება, ვერც კი ვაანალიზებდით, რამდენად სერიოზულ მიზნებს შევეჭიდეთ, ვერ ვხვდებოდით, რამდენად გვესმოდა ან გვინდოდა საწარმოს დაარსება.                                                                                                                                                        

წეროვანში ცხოვრების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად გვიკავშირდებოდნენ ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომელთაც უნდოდათ,  ჩვენი რთული მდგომარეობის შესახებ მოგვეთხრო, რაც ჩვენთვის მეტად მტკივნეულ საკითხს წარმოადგენდა. დღეს მე მაქვს საშუალება და შესაძლებლობა, რომ დაინტერესებულ ადამიანებს სწორი გზა ვუჩვენო და ჩვენი წარმატების მაგალითებიც გავუზიარო. ამის შესაძლებლობა მე ,,იკორთამ’’ მომცა.

- და როგორი იყო თქვენ მიერ განვლილი გზა მცირედიდან დიდ წარმატებამდე?

- მთავარი ძლიერი კონკურენტუნარიანი გარემოა, რომელიც კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობა რეგიონულ-საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობისას სხვა საწარმოებთან მიმართებაში. კონკურენცია ყველას გვაყენებს გარკვეული რისკის ქვეშ, თუ რამდენად შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას. თავდაპირველად, გიჩნდება შეკითხვები: იქნება, თუ არა საქმიანობა მდგრადი, რამდენად შეძლებ აღებული პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევას და ა.შ. მაგრამ ჩვენ ყველაფერი პატარ-პატარა წარმატებებით დავიწყეთ და მრავალი სირთულის გადალახვაც შევძელით.  გვაქვს დიდი მოტივაცია, რაც გვეხმარება,  რომ ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხოთ.

თავდაპირველად, სასტარტო თანხა 700 ევროს შეადგენდა, მაგრამ დღეისთვის წლიური შემოსავალი 80000 ლარია. რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარი ოჯახიც გაფართოვდა და ახლა ჩვენს საწარმოში 10 ადგილობრივი დევნილია დასაქმებული. მათი მინიმალური თვიური შემოსავალი 400 ლარს შეადგენს, რომელიც სამომავლოდ, ალბათ, გაიზრდება. უკვე 44 ადამიანს შევასწავლეთ მინანქრის ხელოვნება. 60 ადამიანზე მეტმა გაიარა სხვადასხვა პროფესიული გადამზადების ტრენინგი. ასევე სხვადასხვა დროს ადგილობრივ ახალგაზრდებს  ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სტაჟირება გაიარონ ჩვენს ორგანიზაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ჯერ კიდევ სულ პატარა სახელოსნოს ნდობა გამოგვიცხადა, ჩვენთან გააფორმა კონტრაქტი და ის დღეს ჩვენი ყველაზე დიდი შემსყიდველია. ამჟამად გვყავს პარტნიორები ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. ასევე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის B2B ფარგლებში ძალიან საინტერესო კონტრაქტები გავაფორმეთ ჩვენს პოტენციურ პარტნიორებთან.

ამ ყოველივეს მივაღწიეთ თავდაუზოგავი შრომით. ალბათ, ყველაზე მთავარი მონდომება და დაუღალავი შრომა, ასევე კრეატიული მიდგომებია. საკმაოდ მნიშვნელოვანია ცნობილი სახეების ,,პიარი’’, მაგ, არ შემიძლია არ გამოვყო 2017 წლის ჯეოსელის პროექტი, რომლის მიმდინარეობისასაც დამზადდა სოციალური საწარმო „იკორთას“ პრომო ვიდეო, ხოლო პროექტში ჩვენი საწარმოს  წარმდგენი ელჩი დუტა სხირტლაძე იყო.

- ქალბატონო ნანა, რაში მდგომარეობს თქვენი საწარმოს წარმატების საიდუმლო ფორმულა, თუ საიდუმლო არაა?    

- წარმატების საიდუმლო შენი საქმის  მუდმივ განვითარებასა და მიღწეულით დაუკმაყოფილებლობაში მდგომარეობს, რადგან ბაზარი ცოცხალი, მოძრავი და ცვალებადი ორგანიზმია. არსებული  კონკურენციის პირობებში კი არცერთ ბიზნესს არ აქვს მუდმივი წარმატების გარანტია.

მთავარია მონდომება,  საკუთარი შესაძლებლობების რწმენა,  თავდაუზოგავი შრომა და ყველაფერი მიღწეულია. ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ,,იკორთა’’ ნამდვილად არის ის, რითაც დღეს შემიძლია, ვიამაყო და ეს საოცარი შეგრძნებაა.

თარიღი: 2018/05/04