"მათეს მარანი"- ადგილი, სადაც ურთიერთობა კომერციაზე მნიშვნელოვანია
ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის  პრიორიტეტული დარგია, მაგრამ მის განსავითარებლად მხოლოდ ინფრასტრუქტურა და გემრიელი სამზარეულო  საკმარისი არაა. მთავარი განწყობაა, რომელიც ტურისტს ადგილზე დახვდება. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული და სტუმრების მისაღებადაც შესაბამისად ემზადებიან.

თუ იმერეთში მოგზაურობა გადაწყვიტეთ და სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეების მონახულებაც დაგეგმეთ, გულრილად ვერც „მათეს მარანს“ ჩაუვლით.

პატარა, საოჯახო ბიზნესი მათე დოლიძემ ერთი წლის წინ დაიწყო და დღეს უკვე სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ ტურისტს მასპინძლობს.  ვიზიტორები მარანში ძირითადად ღვინის შესაძენად შედიან. ეს ის ადგილია, სადაც მხოლოდ მომსახურებით არ შემოიფარგლებიან. მეპატრონეები ვიზიტორებთან თბილი, მეგობრული  ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეც ზრუნავენ.



აქ მოსულ ნებისმიერ სტუმარს მათე და მისი მეუღლე, ხატია, პირადად ხვდებიან და "მათეს ღვინის" წარმოების  ტექნოლოგიას აცნობენ, შემდეგ კი ტრადიციული  ქართული კერძებითაც საკუთარი ხელით უმასპინძლდებიან.

როცა ვიზიტი დაგეგმილია და მოსამზადებლად დროც საკმარისია, მასპინძლები  ტურისტებს ტრადიციულ სამოსში გამოწყობილები ეგებებიან და ამ ჟესტით სტუმრების მიმართ პატივისცემას კიდევ მეტად გამოხატავენ.

მარანი, რომელიც თქვენ მისაღებად ყოველთვის მზადაა, მათემ საკუთარი ხელით ააშენა.  ინტერიერის ყველა დეტალიც საგულდაგულოდ შერჩია და თავადვე დაამზადა.



მათე დოლიძე: ,,უკვე რამდენიმე წელია ტურიზმის სფეროში ვმუშაობ.  სპეციალობით მძღოლი და გიდი ვარ, ამიტომ  კახეთსა და იმერეთში ბევრ მარანში ვყოფილვარ და მინახავს, რომ ხშირად ყველაფერი ღვინის შეძენით იწყება და მთავრდება, რაც ჩემთვის  საკმარისი არაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარი მარანი ამეშენებინა, სადაც სტუმარი პირველ რიგში არა ჩემს კომერციულ ინტერესს, არამედ გულთბილ დამოკიდებულებას დაინახავდა და ჩვენს სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას გაეცნობოდა. მათაც კი, ვისაც ღვინის მხოლოდ ყიდვა უნდა, მე ვთავაზობ რომ დააგემოვნონ, რათა ზუსტად იცოდნენ, როგორია და  შეიძინონ ის, რაც ნამდვილად მოეწონებათ."

ყველაფერი წინაპრების გზის გაგრძელების სურვილით დაიწყო.  ბაბუისა და მამის შემდეგ ბაღდათის რაიონში გაშენებული ვენახების მოვლა მათემ ჩაიბარა. სულ მალე კი ღვინის წარმოება და საზოგადოებისთვის მისი გაცნობა გადაწყვიტა.

მანქანის გამონაბოლქვისაგან შორს, სოფელ წითელხევში მოყვანილი ყურძნით მათე დოლიძე 4 სახეობის ღვინოს წურავს.  "საფერავი", "ცოლიკაური", "რქაწითელი" და "სევილია" მისი მარნის სტუმრებისთვის მთავარი ინტერესის წყაროა.  მათგან უკანასკნელი იმერული ტექნოლოგიით,  1/3 ჭაჭაზე დაყენებით  მზადდება, რითაც მეტ სიმშრალეს იძენს და დასალევად ბევრად მსუბუქია.

საკუთარი ხელით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია მოყვანილი ბოსტნეულიც, რომლითაც  მათეს დედა სტუმრებისთვის კერძებს ამზადებს. ხორცისა და სხვა პროდუქტებისთვის კი მხოლოდ ადგილობრივ მომწოდებლებს  მიმართავენ. მენიუ ტრადიციული ქართულია, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში, აქ სხვა სამზარეულოს კერძსაც უპრობლემოდ მოგართმევენ.

"მათეს მარანში" ასევე დაგხვდებათ განსაკუთრებული გემოსა და  თვისებების მქონე აკაციის თაფლი, რომელიც  ღვიძლისა და თირკმლის პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება და სხვა სახის თაფლისაგან განსხვავებით ნაკლებად ალერგიულია.

მათე დოლიძე: ,,ჩვენი აკაციის თაფლი სუფთა ნედლეულზე მზადდება, რადგან მას მაღალმთიან სოფელში ვაწარმოებთ, სადაც ჰაერი და გარემო დაბინძურებული არ არის. სწორედ ამიტომ არომატი და გემოც განსხვავებული და ნაზია. სტუმრები ხშირად უარს ამბობენ მის გასინჯვაზე და მიზეზად ალერგიას ასახელებენ, მაგრამ როგორც კი იგებენ, რომ ამ თაფლს ეს ნაკლებად ახასიათებს,სიამოვნებით აგემოვნებენ და კმაყოფილები რჩებიან. ჩვენ ასევე გვაქვს წაბლის თაფლიც და მისითაც ხშირად ინტერესდებიან.  გემოვნური და სამკურნალო თვისებების შესანარჩუნებლად თაფლს მინის ქილებში ვინახავთ და ასე იყიდება.''

- რა არის ის, რაც თქვენს სტუმრებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს და ყოველთვის აღნიშნავენ?

- პირველ რიგში ეს არის  ოჯახური გარემო, რომელიც აქ ხვდებათ. უშუალო, მეგობრული და თბილი დამოკიდებულება ყოველთვის იწვევს მათში განსაკუთრებულ, დადებით ემოციებს. ჩვენ მათ როგორც ნამდვილ სტუმრებს ისე ვიღებთ და ვემსახურებით, რათა მათი ვიზიტი არ იყოს შემთხვევითი და ერთჯერადი.  ამას კარგად გრძნობენ და შესაბამისად მოწონებასაც ვიმსახურებთ.

- კიდევ რის შეთავაზებას გეგმავთ სტუმრებისთვის და როგორია მომავლის გეგმები?

- მომავალი წლიდან ვგეგმავთ ჭაჭის წარმოებას, რასაც მოგეხსენებათ, აქციზი სჭირდება და წელს ვერ მოვახერხეთ. ასევე ვაპირებთ, რომ სხვადასხვა ტურში დავამატოთ და ტურისტებისთვის  ჩავატაროთ მასტერკლასები ქართული კერძების მომზადებაში, როგორიცაა  ჩურჩხელის ამოვლება, თონეში პურის გამოცხობა, მწვადის შეწვა , ხინკლის მოხვევა და ა. შ. ამაზე მოთხოვნა არის და მინდა მათ ამის საშუალება მივცე.

ასევე ვგეგმავ აქვე გავაკეთო პატარა რესტორანიც, რადგან სტუმრების რაოდენობა იზრდება და მხოლოდ მარანი ვეღარ იტევს. მინდა აქ თავისუფლად გრძნობდნენ თავს. ჯერ მხოლოდ 1 წლის ვართ და ვცდილობთ  საზოგადოებისთვის მეტად გახდეს ცნობილი ჩვენ შესახებ. წელს დარეგისტრირებული ვართ "ღვინის გზის" ტენდერში და მომავალი წლიდან აბრაც გვექნება, რაც ამაში ძალიან დაგვეხმარება.

 

თარიღი: 2018/08/09