ახალი გუბერნატორების ბიოგრაფიები, ქონება და ბიზნესინტერესები
ახალი გუბერნატორების ბიოგრაფიები, ქონება და ბიზნესინტერესები - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

შალვა კერესელიძეს (მცხეთა-მთიანეთი), გიორგი ხოჯევანიშვილს (შიდა ქართლი), ალექსანდრე მოწერელიას (სამეგრელო-ზემო სვანეთი) თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვთ, შალვა კერესელიძეს (მცხეთა-მთიანეთი) და შოთა რეხვიაშვილს (ქვემო ქართლი) ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული. 

შალვა კერესელიძე - მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი იყო. 1996 წლიდან სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობდა. დეკლარაციით, ფლობს სახლს და მიწის 3 ნაკვეთს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, 2 ბინას და ავტოფარეხს თბილისში, სახლს დუშეთში. საჯარო რეესტრის მონაცემებით, არის შპს „შაკოს” მეწილე და დირექტორი - ეს დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. კანონმდებლობით, კომპანიაში დირექტორის პოზიცია დანიშვნიდან 10 დღეში უნდა დატოვოს, წილი კი მინდობით სხვა პირს გადასცეს.

შოთა რეხვიაშვილი - ქვემო ქართლის გუბერნატორი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო. 1995-2013 წლებში პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. დეკლარაციით, ფლობს მიწის 3 ნაკვეთს წავკისსა და ონში, 2 სახლს და 1 მშენებარე სახლს თბილისში. დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ არის შპს “აგროგორის” 50-%-იანი წილის მფლობელი. 

ბესიკ ამირანაშვილი - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. დეკლარაციით, ფლობს მიწის 4 ნაკვეთს და აგარაკს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ბინას და ავტოფარეხს თბილისში.

გიორგი ხოჯევანიშვილი - შიდა ქართლის გუბერნატორი

2011-2013 წლებში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი იყო. „მაგთიკომში” მუშაობდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ჯეო ფრუტის” დირექტორია. ფლობს წილებს კომპანიებში:

• შპს „ფრუტ ექსპორტ კომპანი” - 100 %
• შპს „ჯი ენ კა გრუპი” - 75 %
• შპს „ჯეო ფრუტ პროდაქშენი” - 50 %
• შპს „ვესტს ლოჯისტიკს”- 15 %
• შპს „გაზლენდი” - 100 %
• შპს „დეკერს ჯორჯია” - 20 %
• შპს „მაქსიმუმი” - 50 %

ფლობს ბინას და მიწის ნაკვეთს თბილისში. 

შავლეგო ტაბატაძე - იმერეთის გუბერნატორი

შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი იყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფლობს მშენებარე ბინას თბილისში, დეკლარაციით - ბინას თბილისში, მიწის ნაკვეთს და სახლს ხაშურში, არასაცხოვრებელ ფართს რუსთავში.

ალექსანდრე მოწერელია - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი

"თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე იყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფლობს წილებს კომპანიებში:

• შპს “ქაპ ჯორჯია” - 49 % და დირექტორი
• შპს “ფიმა ჯორჯია” - 50 %
• შპს “აერკომპანი” - 16.34 %

ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10-ზე მეტ მიწის ნაკვეთს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში (საერთო ფართობი 65 000 კვ.მ-მდე).

ზურაბ ნასარაია - გურიის გუბერნატორი

რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე იყო. იყო პარლამენტის წევრი “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” პარტიული სიით. 2016 წელს “ქართულ ოცნებას” 6 000 ლარი შესწირა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფლობს ბინას თბილისში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ხარვეზების გამოსასწორებლად რამდენიმე რეკომენდაცია გასცა: 

• მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ შალვა კერესელიძეს, შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილს და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას - 10 დღის ვადაში დატოვონ სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი პოზიციები;

• მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ შალვა კერესელიძეს, შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილს,
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას, ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილს - სამეწარმეო სუბიექტებში კუთვნილი წილები მინდობით გადასცენ სხვა პირებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ვადით.

• საჯარო სამსახურის ბიუროს - შეისწავლოს შალვა კერესელიძის და შოთა რეხვიაშვილის ქონებრივი დეკლარაციები;  გააკონტროლოს დეკლარაციების დროულად წარდგენის პროცესი და შესაბამისობა სამეწარმეო და ქონებრივ მდგომარეობასთან.

ავტორი:
თარიღი: 2018/08/22