რატომ გაყიდა აბრამოვიჩმა რუსული პირველი არხის აქციების ნაწილი
მილიარდერმა და საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა რუსული პირველი არხის აქციების ნაწილი გაყიდა - 24 % ჰქონდა და 20 % დარჩა.

მან ისრაელის მოქალაქეობა მაისში მიიღო და კანონით, სხვა ქვეყანაში აქტივების 20 %-ზე მეტის ფლობის უფლება არ აქვს.

აბრამოვიჩი რუსი ებრაელია. მას ისრაელის გავითარების პროექტებში მილიონობით დოლარი აქვს ჩადებული.

აბრამოვიჩი 10 წლის მანძილზე გადასახადებისგან გათავისუფლდება. მას არ მოუწევს შემოსავლების წყაროების და ქონების წარმომავლობის ახსნა.

ის ისრაელის ყველაზე მდიდარი მოქალაქე იქნება.

აბრამოვიჩი ლონდონში ინვესტორის ვიზით ცხოვრობდა. მას ვიზა არ გაუგრძელეს - რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო.

აბრამოვიჩი 9 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტ ქონებას ფლობს და კრემლთან მჭიდრო კავშირები აქვს.

ისრაელი მოქალაქეობას ყველა ებრაელს ანიჭებს, ვისაც ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა სურს. ისრაელის პასპორტის მფლობელს დიდ ბრიტანეთში მოკლევადიანი ვიზიტებით ჩასვლა უვიზოდ შეუძლია.

 

ავტორი:
თარიღი: 2018/08/25