რუხაძე VS სააკაშვილი - ჰოლანდიის სასამართლომ ბიზნესმენის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ჰოლანდიის სასამართლომ "ჰანიველ პარტნერსის" პარტნიორის, ირაკლი რუხაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა - მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო.

რუხაძის ჰოლანდიელმა ადვოკატებმა განცხადება გაავრცელეს:

"ირაკლი რუხაძე იმედგაცრუებული და გაკვირვებულია საქმის წინასწარი განხილვის შედეგებით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააკაშვილი პოლიტიკოსია, რუხაძე კი - საჯარო პირი, რომელმაც უფრო მეტი კრიტიკა უნდა აიტანოს. რუხაძე განიხილავს საქმის არსებითი განხილვის მოთხოვნას და წინასწარი გადაწყვეტილების გასაჩივრებას". 

სასამართლოს გაადწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა:

"ივანიშვილის მთავარმა ოლიგარქიულმა დასაყრდენმა რუხაძემ, მთლიანად წააგო სარჩელი. აი, ასეთია განსხვავება ევროპულ სასამართლოსა და ბიძინას სასამართლოს შორის. ჰოლანდიელ მოსამართლეს დასჭირდა მხოლოდ 1 სხდომა, რათა ყველაფერში გარკვეულიყო. ის აღიარა პოლიტიკაში ჩართულ პირად და უარყო, რომ მხოლოდ ბიზნესშია. დამტკიცდა ქართული პოლიტიკის ოლიგარქიული ხასიათი".

"ივანიშვილი გარიგდა TBC ბანკთან, რომლის 25 % წამოიღო. TBC ბანკთან ერთად ანადგურებს თბილისის ცენტრს, გაანადგურა ლაზიკის პროექტი. რასაც ანაკლიაში აკეთებენ, იმის საწინააღმდეგოა, რაც ჩვენ დავიწყეთ. შექმნეს თავისი ბანკის კანტორა. გარიგებაში შემოყავთ პატარკაციშვილების კარის მოლარე, საერთაშორისო აფერისტი. წამოიღეს "სოსიეტე ჯენერალი", იერთებენ ბანკებს. 3 ბანკი იღებს ყველაფერს, ივანიშვილი და ივანიშვილთან შეკრული მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე. ეს 3 ადამიანია საქართველოს მტერი. არიან მევახშეები და ანადგურებენ ეკონომიკას. შედიან ყველა ბიზნესში, ადებენ ვალს და ყველაფერს იდებენ ჯიბეში. მთელი საქართველო ხდება მთავარი მევახშის და მასთან შეკრული მევახშეების საკუთრება. გვპარავენ მომავალს და საქართველო რჩება პერსპექტივის გარეშე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა აპრილში.

ავტორი:
თარიღი: 2018/09/01